შალვა გოგოლაძე: სახელმწიფო კერძო კლუბების მენეჯმენტს ხელფასს არ უნდა უხდიდეს

შალვა გოგოლაძე: სახელმწიფო კერძო კლუბების მენეჯმენტს ხელფასს არ უნდა უხდიდეს

საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე, არც ისე დიდი ხნის უკან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ დაინიშნა, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ მასზე და გამგეობის წევრებზე იქნება დამოკიდებული, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქართულ ფეხბურთში როგორი ამინდი შეიქმნება - გაგრძელდება ყველაფერი ისე, როგორც თავიდან დაიგეგმა თუ იქნება ცვლილებები. ბორდის ხელმძღვანელმა, როგორც „აიპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა, ფონდის ხელმძღვანელს უკვე გაუგზავნა წერილი, სადაც ის გასული წლის ანგარიშის ჩაბარებას ითხოვს. შალვა გოგოლაძის განცხადებით, ფონდის ხელმძღვანელი გამგეობას ანგარიშს საჯაროდ აპრილის ბოლოს ჩააბარებს, მანამდე კი გოგოლაძე სტიმულირების კომპონენტის არასრულფასოვნებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი რეფორმირებაა საჭირო. რას უნდა ელოდოს ქართველი გულშემატკივარი ფეხბურთის განვითარების ფონდისგან, რაში და რატომ დაიხარჯება 26 მილიონი წელს საჭადრაკო ოლიმპიადისთვის და უნდა უხდიდეს თუ არა სახელმწიფო კერძო კლუბების მენეჯმენტს ხელფასებს - „აიპრესის“ კითხვებს შალვა გოგოლაძე პასუხობს.

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ ცოტა ხნის უკან დაინიშნეთ. რას ფიქრობთ ფონდის მუშაობაზე, 2021 წელს იქნება ის მდგომარეობა ქართულ ფეხბურთში, რომელიც ყველასთვის მისაღები იქნება და რა იქნება ეს შედეგი?

- პირველ რიგში აღვნიშნავ, რომ ეს მართლაც საპასუხისმგებლოა. საქართველოში, ჩვენს მოსახლეობას ქართული ფეხბურთი ძალიან უყვარს და ეს დასტურდება კიდეც. ის გარკვეული კომენტარები, არაპოზიტიური შეხედულებები, თვალნათლივ აჩენს, რომ ჩვენთვის ფეხბურთი და მისი განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ფონდი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით, რომ ქართულ ფეხბურთს დახმარებოდა. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხანია, რაც დავინიშნე და ჯერ კიდევ გაცნობის პერიოდში ვარ, ამ მიმართულებას არ ვხელმძღვანელობდი, მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ყოფილი მინისტრი კურირებდა. უკვე მქონდა შეხვედრა ფონდის დირექტორთან, ბორდის წევრებთან, ისინიც შეიცვალნენ. მოხდა გარკვეული აზრების გაცვლა. გამგეობის წევრებს მივწერე, რომ აპრილის თვეში წარმომიდგინოს ფონდის ხელძღვანელობამ გასული წლის გაწეული საქმიანობის ანგარიში და არამარტო მე. მინდა საზოგადოებამაც გაიგოს, იმ ხალხმა, ვინც ჩართულია, თვალს ადევნებს და ვისაც იმედი აქვს, რომ ეს ფონდი სწორ გზაზე დგას, სწორად მივალთ მწვერვალამდე, რომელზეც გვინდა, რომ ქართული ფეხბურთის განვითრება იყოს. აპრილის ბოლოს იქნება ანგარიშის წარდგინება. მაქვს გარკვეული მოსაზრებები გარკვეულ საკითხებზე, როგორ შეიძლება უფრო მეტად დაიხვეწოს მმართველობითი და დაფინანსების კუთხით კომპონენტები. შეხვედრის დროს ჩემგან იქნება ეს ყველაფერი გაჟღერებული და ინიცირებული. დარწმუნებული ვარ, ხელმძღვანელობა და ბორდის წევრები ამყვებიან ამ ყველაფერში, იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანს და ნესბიმიერ გულშემატკივარს ერთი სურვილი აქვს - ამით ქართული ფეხბურთის საქმე გაკეთდეს. რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას, ვფიქრობ, რომ უფრო მეტად განავითრებს ქართულ ფეხბურთს და 4 წლის შემდეგ, როდესაც ეს პროექტი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, საქართველოც იქნება იმ სიძლიერის, იარსებებს ბიზნესი და იქნება უფრო მეტი ფინანსი იმისთვის, რომ ქართულ ფეხბურთში უფრო მეტი კერძო ინვესტიცია შემოვიდეს. ქართული ფეხბურთი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ საქართველოს ბიუჯეტზე. კარგად ვიცით, ქართულ რეალობაში ეს თანხა შესაძლოა დიდია სხვა სახეობებთან შედარებით, მაგრამ ფეხბურთის დონე იმხელაზეა მსოფლიოში და ისეთი დუღილია, რა თქმა უნდა, ეს ფული საკმარისი არ არის, რომ ჩვენი კლუბები, უეფასა და სხვა საერთაშორისო ტურნირებზე წარსდგნენ ისე, როგორც ჩვენზე მაღალი დონის ქვეყნის გუნდები. ვიცით, რამხელა ბიუჯეტია საჭირო, რომ საშუალო ევროპული გუნდი გახადო. რაც ყველაზე ძალიან მსიამოვნებს და მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს, ეს არის ჩვენი ნიჭიერება. ასეთ ქვეყანაში, სადაც ყველა ფეხბურთს თამაშობდა და კარგი ფეხბურთი შეგვიძლია ვითამაშოთ, არ უნდა მოხდეს ამ ნიჭის დაკარგვა. სწორი მენეჯმენტი, სწორი მიდგომა და ერთი ლარის სწორად დახარჯვა გვჭირდება. გვინახავს ადამიანი, რომელიც მაგალითად, ათ ლარს ხარჯავს და არაეფექტურად და ლარის დამხარჯველი ეფექტურად და შედეგი აქვს. ამიტომ, ვფიქრობ, თუ გუნდები ამ გარკვეულ თანხას, რომელსაც იღებენ, ვადასტურებ, არ არის საკმარისი, რომ საშუალო ევროპული გუნდი გახადო. თუ დახარჯავენ ისე და ჩვენი მიდგომაც იქნება სწორი, ვფიქრობ, დიდი ნაბიჯი გვექნება გადადგმული, მაგრამ ამის შემდეგ „ბარსელონას“ და „რეალის“ დონის გუნდები გვეყოლება საქართველოში, ამისგან შორს ვარ.

- კერძო სექტორზე კითხვას გავყოფ ორ ნაწილად. თუ გაქვთ სტატისტიკა, მას შემდეგ, რაც ფეხბურთის განვითარების ფონდი დაარსდა და ყველა კლუბს აძლევს ფულს, კერძო სექტორის მიერ ინვესტიციების წილი რამდენია, გაიზარდა?

- ჩემი ბოლო ინფორმაციით, რაც ყველაზე ძალიან მახარებს, კარგია, რომ გორის გუნდში კერძო ინვესტორები შევიდნენ. ზუსტ თანხებს ვერ გეტყვით, მაგრამ შარშანდელი სეზონის ჩემპიონ „ტორპედოსაც“ კერძო მესაკუთრე ჰყავს, რაღაც გააკეთა. ამას წინათ ბათუმის სავარჯიშო ბაზაზე „ანგისაზე“ ვიყავი, სადაც ერთ-ერთი მეწარმე, რომელიც მსხვილი მშენებლია და გარკვეულწილად, დღესაც ეხმარება ბათუმის გუნდს, მომიწია მასთან საუბარი. ეს ადამიანი იძახდა, რომ სურვილი მაქვს ვიყიდო ბათუმის გუნდი, „ანგისაზე“ დახარჯული თანხაც ავუნაზღაურო სახელმწიფოს. ამბობდა, ავიღებ ვალდებულებას, ამ ორ მინდორს ორს დავუმატებ, 15 სართულიან სასტუმროს ავაშენებ, იმისთვის, რომ ჩემი გუნდს ჰქონდეს შესაძლებლობა ივარჯიშოს, მოვიწვიო სხვადასხვა გუნდები, რომლებიც ჩემს გუნდსაც წაადგება პრაქტიკული თამაშებიდან გამომდინარე და ბიზნესის თვალსაზრისითაც. იძახდა, რომ სახელმწიფოს მოცემული თანხა არაფერი არ არის, მაგრამ გარკვეულწილად მახალისებსო. ამ ეტაპზე ეს შემიძლია გითხრათ, ჩართულობა მეტია გუნდებში, ვიდრე იყო.

- რას გულისხმობთ ჩართულობაში, ფონდი ყოველი წლის ბოლოს აქვეყნებს ინფორმაციას, სტიმულირებისთვის ვინ რა თანხა მიიღო, სახელმწიფო ხარჯავს გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე კერძო ინვესტორები. ამ კითხვის მეორე ნაწილი. გორის „დილა“ ახსენეთ და კერძო ინვესტიცია, ფონდის ბოლო ანგარიშიდან ირკვევა, რომ ამ კერძო გუნდის მხოლოდ მენეჯმენტის ხელფასი სახელმწიფოდან 180 ათას ლარზე მეტია. სახელმწიფომ კერძო კლუბების მენეჯმენტს ხელფასი უნდა უხადოს?

- საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ გარკვეულწილად ახლა ჩავიხედე და წამახალისებელ სტიმულირების თანხასთან გარკვეულწილად შენიშვნები მაქვს. ამიტომ მინდა მოვუსმინო იმ ხალხს, ვინც კარგად ჩახედულია. ამ მიმართულებით რეფორმირება იქნება, ან სტანდარტები იქნება დასადგენი, მეც ვთვლი, რომ მენეჯმენტის თანხა არ უნდა ჩაითვალოს სტიმულირების თანხად.

- სტიმულირების თანხაზე არ გეკითხებით, ეს არის საბაზისო დაფინანსებიდან გაცემული სახელფასო ფული.

- თუ ამ მენეჯმენტის ხელფასს კერძო მესაკუთრე თავისი მოტანილი თანხიდან გადაიხდის, თუ გინდათ, მილიონ 800 ათასი მიუციათ. თუ გარკვეული პროცენტული მაჩვენებლით არის, რომ ფეხბურთელებში ხარჯავს 40%-ს, ხოლო მენეჯმენტში იხარჯება 60%, ამ ნაწილში მეც მექნება შენიშვნები. სტანდარტს იმიტომ ვახსენებ, რომ ეს პროცენტული მაჩვენებელი უნდა შეიცვალოს ან საერთო მთლიანობაში ვიფიქროთ და წარვუდგინოთ ბორდს, ამ ნაწილში ხომ არ გვეფიქრა გამოსვლა.

- როგორც ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, მარტივად რომ აგიხსნათ, ფონდმა პირობითად, ხელფასები რომან ფიფიას, ლექსო თოფურიას და სხვა კერძო მესაკუთრეებს რომ გადაუხადოს, იმიტომ რომ მათ გუნდები ჰყავთ, ეს ნორმალურია?

- მეც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, ისევ სჯობს, ეს ფული ფეხბურთელებამდე მივიდეს. გავმჯინოთ. კარგი ფეხბურთის კლუბი და კარგი წარმატებული ევროპული კლუბი არ არის მხოლოდ ფეხბურთელი და მწვრთნელი. უნდა შევთანხმდეთ, რომ თუ გვინდა იყოს ფეხბურთი წარმატებული, მის წარმატებას ბევრი ადამიანი ქმნის. ფიფია, თოფურია და სხვა დირექტორები, რასაკვირველია, სახელმწიფოსგან ფულს არ უნდა იღებდნენ. მწვრთნელი, გუნდის მენეჯერი, მასაჟისტი, გასახდელს ვინც ალაგებს, ფინანსისტი, რომელიც გადაადგილებას უწყობს ხელს, იმისთვის, რომ ავტობუსი დახვდეს და უკან წამოვიდეს, ადამიანი, რომელიც გეგმავს უეფასთან უერთიერთობას, ეს ყველაფერი დიდი მეურნეობაა და ყველას თავისი ადგილი აქვს, ცალკე აგური, ეს ყველაფერი დიდ მეურნეობას ქმნის. როგორ იქნება სახლი საფუძვლიანი, თუ მას საძირკველი ალაგ ალაგ აქვს. ასევე ვერ იქნება კლუბი აწყობილი, თუ მას რომელიმე რგოლი აკლია. როგორც ფეხბურთელს, მწვრთნელს, ყველას თავისი ადგილი აქვს და შესაბამისი ანაზღაურება სჭირდება. სახელმწიფოსგან მიდის ერთი მილიონი, სამი მილიონი ჯდება მთლიანობაში სამი მილიონი ჯდება ამის შენახვა. შესაძლოა, ერთ ყულაბაში ჩადიოდეს ეს თანხები და ყველა იღებდეს ხელფასს, მაგრამ იმის წინააღმდეგი ვარ, რომ მოვედი კერძო მესაკუთრე, ვიყიდე კლუბი, გავხდი დირექტორი, დავინიშნე 100 ათასი ლარი ხელფასი, ვანახე ფონდს, რომ მე მოვიტანე ჩემი მილიონ 200 ათასი ლარი და ხომ გაქვთ 500 ათას ლარიანი სტიმულირება და ჩამირიცხეთ, ამის წინააღმდეგი ვარ. არ შეიძლება ფეხბურთელის ქვემოთ არსებულმა რგოლებმა მიიღონ საერთო თანხის 70% და ფეხბურთელამდე მივიდეს 30%. თუ ეს პროპორცია დაცულია, მაგალითად 70% მიდის ფეხბურთელებთან, ხოლო დანარჩენი იმ ხალხთან, ვინც ფეხბურთელს ემსახურება, რომ კარგად ივარჯიშოს, სტადიონი მოვლილი იყოს და ა.შ. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. თუ მენეჯმენტშია 70% ხელფასი და ფეხბურთელებს ნაკლები აქვთ, კატეგორიულად ამის წინააღმდეგი ვიქნები. ამას ვამბობ, სტანდარტი იქნება დასადგენი. შეიძლება თქვენ დიდი ხანია ამას თვალყურს ადევნებთ, მეტად იცით ფონდის ფინანსები, მინდა ბოლომდე კარგად ჩავიხედო, როგორ არის ეს პროცენტული მაჩვენებელი. მწვრთნელსაც სჭირდება ფული. ვუყურებდი, როგორ უვლიან „რეალს“. იყო პირი, რომელიც მიდიოდა, თითოეულ სპორტსმენს ულაგებდა სპორტულებს, მეორე ბურთის წნევებს სინჯავდა, დიდი მეურნეობაა. 

- „დინამოს“ მაგალითი ავიღოთ. როდესაც კლუბმა „დინამო არენა“ იჯარით აიღო, ამაში რამე გადაიხადა? - ეს იყო უსასყიდლოდ, აიღო გარკვეული ვალდებულებებით, მას სახელმწიფომ გადასცა ქვეყნის ეროვნული სტადიონი უფასოდ, იმისთვის, რომ მოევლო. მაშინ ფიფიამ იცოდა, რომ სტადიონის მომვლელისთვის ფული უნდა გადაეხადა, ფედერაცია ეროვნულ ნაკრების თამაშებისთვის მას ფულს უხდის, თბილისის „დინამოს“ ყველა უხდის სტადიონის ქირავნობისთვის ფულს, სუპერთასისთვის რეაბილიტაციაში სახელმწიფომ დახარჯა 20 მილიონი ლარი. შეიქმნა ფეხბურთის განვითარების ფონდი, ქვეყანამ, პირობითად რომ ვისაუბროთ, რომან ფიფიას მისცა სტადიონი, სრულიად უფასოდ, ფედერაცია, რომლიც ქვეყანას წარმაოდგნს და ეროვნული ნაკრები ომელიც ქვეყნის სახეა, უხდის დინამოს იჯარისთვის ფულს, ქვეყანაა ვალდებული, რომ ყველაფერში ფული უხადოს?

- რეალურად, „დინამო“ „დინამო არენას“ იყენებს მხოლოდ თავისი თამაშებისთვის, როდესაც ოფიციალური თამაშები აქვს, დანარჩენ შემთხვევაში გუნდი ემზადება სხვა ბაზაზე. ჩვენ იმის გამიჯვნა, რომ „დინამო არენა“ სახელმწიფომ მისცა და ფონდიც ბალახის მთესავს უხდის ფულს, ეგრე არ არის. თემა არის ასეთი, რამდენჯერ უწევს თამაში „დინამოს“ სახლში, თვეში საშუალოდ ორჯერ ან სამჯერ. ამ ხნის განმავლობაში, რეალურად, გუნდი „დინამო არენაზე“ არც ვარჯიშობს, თამაშის წინა დღეს შეიძლება გავიდეს და ნახოს ბალახის მდგომარეობა, დანარჩენ შემთხვევაში გუნდი ემზადება ბაზაზე. მახსოვს, რომას ჰქონდა საუბარი, ძვირი უჯდებოდა, რა თქმა უნდა, ვერ ავცდებით, როდესაც ნაკრები თამაში, რაგბის თამაში, კონცერტები, ეს ყველა ორგანიზაცი, მას ფულს უხდის, გააჩნია, რა დონის თამაშია. ესპანეთს თუ შეხვდება, ვინაიდან იციან, რომ 50 ათასი კაცი მივა, ცვეთის ნაწილი უფრო დიდია, როცა იცი. 5 ათასი კაცი მოდის, იმდენი ცვეთა არ შეუძლია 5 ათას კაცს, როგორც 50 ათასს. იქ დამლაგებელი, საპირფარეშო, უფრო მეტი რაოდენობის ხარჯვითი ნაწილი გაქვს.

- არ ფიქრობთ, რომ „დინამო არენა“ ვალდებულია თავად გადაუხადოს ბალახის მომვლელს ფული და ამაში სახელმწიფოსგან მიცემული ფული არ უნდა გადაიხადოს?

- კი.

- სტიმულირების თანხა ახსენეთ. მის გაცემას ფეხბურთის განვითარების ფონდი ახორციელებს გუნდების მიერ წარდგენილი აუდიტის დასკვნის შედეგად. პრაქტიკაში, ყველას ყური გვაქვს მოკრული, რომ აუდიტი დებს იმ დასკვნას, რასაც დამკვეთი ითხოვს. დარწმუნებული ხართ ქართველი მენეჯერების კეთილსინდისიერებაში?

- ჩემი მხრიდან, ძნელია ნებისმიერი მენეჯმენტის კეთილსინდისიერებაზე ვისაუბრო. რა თქმა უნდა, არაკეთილსინდისიერი ადამიანები არიან ქართველებიც და ყველაზე მოწესრიგებულ იაპონიასა და კორეაში. მაგალითად, სამხრეთ კორეას პრეზიდენტი კორუფციულ სკანდალში გაეხვა. თავის დადება ქართულ მენეჯმენტზე არ შემიძლია, პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. არაკეთილსინდისიერები ყველგან არიან, განსაკუთრებით იქ, სადაც მარტივი ფულია. ჩვენი ხელმძღვანელობის როლის იმაშია, რომ სადღაც რაღაც ხარვეზი შეიძლება იყოს და ისე აღმოვხფვრათ, რომ ამ ხალხს არ მივცეთ საშუალება, სპორტსმენების ხარჯზე ფული აკეთონ. ეს არის ჩვენი რეალური მოვალეობა და არა ის, რომ ამის ხელმძღვანელი ვარ და იმის, ეს ვილაპარაკოთ. როდესაც სახელმწიფო გენდობა შენ ამა თუ იმ თანამდებობაზე, უნდა ნახო, რა გამოწვევები გაქვს, ამაში დიდი როლი აქვთ ჟურნალისტებს. ჩვენ ყოველთვის უნდა მოვუსმინოთ საზოგადოებრივ აზრს. იმ ადამიანებს, რომლებიც ამაში ჩართულები არიან და ინფორმაციის გადამოწმება მოხდეს. ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა. ამა თუ იმ ადამიანის, გულშემატკივრის მოსმენის კულტურა გაგვაჩნდეს. გადამოწმების შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე გუნდის მენეჯმენტში პრობლემებია, მივიღოთ შესაბამისი ზომები. თუ მოსაკვლევია, მივმართოთ შესაბამის უწყებებს. გიდასტურებთ, რომ სტიმულირების კომპონენტში გარკვეული ხარვეზებია. ზუსტად ამიტომ, მინდა შევიკრიბოთ, დროულად დავიწყოთ. ამიტომ გვინდა აპრილში გასვლა და თქვენი პოზიციების მოსმენა. თუ თქვენ და ფეხბურთში ჩართული საზოგადოება ხედავთ იმას, რომ არსებობს გარკვეული ხარვეზები, ვიმსჯელოთ, როგორ აღმოვფხვრათ ეს.

- დაპირებასავით მინდა მომცეთ, ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე, შეგიძლიათ პრიორიტეტები დასახოთ, გეგმები გაწეროთ და ა.შ. უნდა ველოდოთ თუ არა ფეხბურთის ფონდის გამგეობისგან ამ პრიორიტეტები გადახალისებას, შეცვლას ან მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომელიც ამ სამი წლის განმავლობაში არ გვინახავს?

- მე გპირდებით, ერთ რამეს, რომ ყოველთვის ვიქნები ღია, ნებისმიერი კითხვისთვის. არასდროს არ ავარიდებ თავს. ნებისმიერ დროს, ჩემი ტელეფონი და ჩემი კაბინეტი ღიაა, მზად ვარ მოვუსმინო ნებისმიერ კრიტიკას. მნიშვნელოვანია კრიტიკული აზრი, ვინ როგორ ხედავს, რომ შემდეგ გავაანალიზოთ, მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება, რაც იმ კონკრეტულ შემთხვევაში გარკვეულ კრიტიკასთან ახლოს იქნება. ის, რომ ყველაფერი იდეალური იქნება, ამის თქმა შეუძლებელია. გპირდებით, ჩემთვის მნიშვნელოვანია და ეს თანამდებობდა გამოწვევაა. არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნები აქ, როგორც ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე და შეიძლება ვერ თქვან, რომ ასიდან ასი პროცენტი გავაკეთე, ეს შეუძლებელი იქნება, მაგრამ მინდა ჩემი მუშაობა იყოს ნაყოფიერი ქართული ფეხბურთისთვის, ქართველი გულშემატკივრისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები კითხვები იყოს გამჭვირვალობასთან, მენეჯმენტსა და დაფინანსებასთან დაკავშირებით. ჩემი მთავარი მოტივაცია იქნება, რაც შეიძლება მეტი ყურადღება მივაქციოთ ფეხბურთელებს და არა დანარჩენ სტაფებს. ჩემთვის მთავარი სამიზნეები იქნებიან ფეხბურთელები, მათი კეთილდღეობა და მათთვის ყველა კომფორტის შექმნა, ამ დაფინანსების ფარგლებში, რის შესაძლებლობასაც გვაძლევს ქართული ფეხბურთი, რომ მათ მხოლოდ ერთი საფიქრალი ჰქონდეთ, კარგად იასპარეზონ, კარგად ივარჯიშონ და სარგებელი მოუტანონ საკუთარ გუნდს. ეს შემიძლია ვთქვა. თქვენი მეშვეობით, მინდა გადავცე ყველა ფეხბურთელს, გაქვთ ჩემი ნომერი და შეგიძლიათ მიუთითოთ სტატიის ბოლოში. თუ რომელიმე ფეხბურთელი ჩათვლის თავის კლუბში, რომ მისი უფლებები შეილახა, მზად ვარ, მოვუსმინო მათ პრობლემებს, ჩავერთო და თუ იქნება შესაძლებლობა, პრობლემების გადაწყვეტაში დავეხმარო.

- ჭადრაკს უნდა შევეხოთ აუცილებლად. ლევან ყიფიანის მინისტრობის დროს ჭადრაკისთვის ძალიან დიდი თანხა გამოიყო, რამაც ხმაური გამოიწვია და შესაბამისად, მედიაც ჩაეძია ამას. წელს, ბათუმი საჭადრაკო ოლიმპიადას მასპინძლობს, ყველა სტუმარ გუნდს ჩვენ ვაბინავებთ, უზრუნველვჰყოფთ გადაადგილებას, კვებას და .შ. ამხელა ფუფუნება აქვს ჩვენს ქვეყანას?

- ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მაშინდელმა მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ყოფილიყო პრეტენდენტი მასპინძლობის. შეიძლება ითქვას, რომ ამხელა რანგის შეჯიბრი არ ჩატარებულა საქართველოში. მეც მქონდა გარკვეული კითხვები, რატომ იხარჯება ამხელა თანხა, როდესაც ამას გარედან ვუყურებდი. ნებისმიერი სახეობის გუნდი საქართველოსი, ინდივიდუალურ, გუნდურ თუ სხვა ტურნირებზე როდესაც მიემგზავრება, სახელმწიფოსგან არის გამოყოფილი თანხები, რომლითაც იხდიან ადგილობრივი მომსახურების თანხებს ფედერაციები. ამაში შედის სასტუმრო, ტრანსპორტირება, მაგრამ სრული თანხა ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. რა განსხვავებაა მსოფლიოს, ევროპისა და სხვა ტურნირებს შორის ოლიმპიადისგან განსხვავებით - როდესაც ჩვენი ქვეყნის დელეგაცია მიემგზავრება ოლიმპიურ თამაშებზე, ვიყავით რიოში, კორეაში, მასპინძელი ქვეყანა ანაზღაურებს ყველაფრის ხარჯს, გარდა ავიაბილეთებისა. თვიმფრინავიდან ოლიმპიურ სოფლამდე, კვება, გადაადგილება და ა.შ. ყველაფერი მასპინძელი მხარის არის. ანალოგიურია საჭადრაკო ოლიმპიადის დროსაც. 15-20 კაციანი დელეგაციები თავად ჩამოფრინდებიან ბათუმამდე, ბათუმის აეროპორტიდან ამ ღონისძიებების განმავლობაში, სასტუმრო, კვება, გადაადგილება, დარბაზით უზრუნველჰყოფა, ამ ყველაფერს ანაზღაურებს მასპინძელი ქვეყანა. ეს არის ოლიმპიური თამაშების დადგენილი სტანდარტი. 

- ჩვენ სად ავაშენეთ ოლიმპიური სოფელი ბათუმში?

- ბათუმში ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა. როდესაც რიო დე ჟანეიროში ვიყავით, მინისტრი ამბობდა, ოლიმპიური სოფელი, თამაშების დასრულების შემდეგ გადაეცემა მოსახლეობას, გაიყიდება. ასევე იყო კორეაშიც, სადაც ოლიმპიურ სოფელში აშენებული კორპუსების 80% უკვე გაყიდულია. აქაც, როდესაც 2015 წელს ოლიმპიური ფესტივალი ჩავატარეთ, ჩინელებმა ააშენეს კორპუსები, ნაწილი სახელმწიფომ გამოისყიდა, ნაწილი გაიყიდა. ბათუმში ოლიმპიური სოფლის აშენების საჭიროება არ იყო. ადგილობრივი სასტუმროები გვაძლევდა იმის საშუალებას, რომ 2500 ნომერი გვქონოდა და ბევრად უფრო იაფი გამოდის, ვიდრე ააშენო, დახარჯო და გაყიდვა სცადო. ეს გადაწყვეტილება თავიდანვე ასე იყო მიღებული, რომ ეს სპორტსმენები იცხოვრებდნენ სასტუმროებში.

- კიკბოქსინგის ფედერაციის ხელმძღვანელობა და სპორტსმენები აპროტესტებენ იმას, რომ მათ გარდა განსაზღვრული დაფინანსებისა, შეჯიბრებეში წარმატებით გამოსვლის შემდეგ, სხვა სახეობებისგან განსხვავებით, მათ პრემიები და ჯილდოები არ აქვთ. შეხვდით მათ?

- შეხვედრა, ფედერაციის პრეზიდენტთან, გოჩა ჯავახიასთან ძალიან ხშირად გვაქვს, კვირაში ორ-სამჯერად კი. პრობლემა რაში მდგომარეობს, ეს ჯილდოები არ არის დამოკიდებული ჩემზე, ან მინისტრზე. ჯილდოების რაოდენობას, სპორტის სახეობებს, ვინ როგორ იგებს, ამას ადგენს მთავრობის განკარგულება, რომელშიც დეტალურად არის გაწერილი ინდივიდუალური, გუნდური თუ ოლიმპიური მოგების შემთხვევაში ვინ რა თანხა მიიღოს. საქართველოში 400 სპორტულ ფედერაციაზე მეტია რეგისტრირებული, მაგრამ 80 მდე ფედერაციაა აღიარებული და ამ განკარგულებაში ყველა ვერ მოხვდება. არსებობს სახელმწიფოს ბიუჯეტი, რომელსაც გააჩნია გარკვეული რესურსი და იმის იქეთ ვერ წვდება. ამ 80 აღიარებული ფედერაციიდან განკარგულებში შესაძლოა იყოს 20-30 ფედერაცია. ეს განკარგულება ღიაა და ყველას შეუძლია ნახოს ჩამონათვალი. კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაერთიანდა, როგორც იცით და შესაძლოა, გარკვეული ცვლილება მოხდეს ამ სამთავრობო განკარგულების. წინასწარ იმის თქმა რთულია, კიკბოქსინგი იქნება თუ სხვა სახეობა. საბოლოოდ, ეს თანხმდება მთავრობის წევრებთან. წლების წინ, ფედერაციებს საერთოდ არ ჰქონდათ დაფინანსება. მე 90-იანი წლების სპორტსმენი ვარ და ჩვენი ოჯახები ყიდდნენ რაღაცეებს, რომ შეკრებაზე და ტურნირებზე წავსულიყავით. ახლა ასე აღარ არის. ფედერაციებს გარკვეული დაფინანსებები აქვთ, რომ საწევრო, ხელფასები და შეჯიბრებებში მონაწილეობის თანხა გადაიხადონ. როგორც კი განვითარდება ჩვენი ქვეყანა და უფრო მეტის საშუალება მოგვეცემა, რომ სპორტში უფრო მეტი ჯილდო გაიცეს, შესაძლოა ეს და სხვა სახეობებიც მოხდეს. ზოგიერთი სახეობა წელიწადში 7 მსოფლიოს და 8 ევროპის ჩემპიონატს ატარებს. ასე ვთქვათ, გარკვეული ფილტრი გვაქვს.

- მოგეხსენებათ, ხშირად ვითხოვთ თქვენი უწყებისგან საჯარო ინფორმაციას და ძალიან საინტერესო ფაქტია სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის შემთხვევაში, რომელსაც სამინისტრო ურიცხავს თანხას იმის გამო, რომ შემდეგ სამინისტროს თანაშრომლების ხელფასები გადაიხადოს. სპორტის სამინისტრო ასოციაციას თანხებს ურიცხავდა სამინისტროს მიერვე ორგანიზებული ღონისძიებებისთვის და ა.შ. რისთვის არის ეს საჭირო. ეს როდის უნდა მოიშალოს.

- მოიშალა უკვე. 2019 წლიდან აღარ იქნება.

- გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა მისცეს სამინისტრომ ფული ასოციაციას იმისთვის, რომ სამინისტროს თანამშრომელს გადაუხადოს ხელფასი? 

- აღარ გვჭირდება და მოიშალა. კულტურისა და სპორტის სამინისტროში ასე აღარ იქნება.
 

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

8 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072