ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები უყურადღებობით ინგრევა

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები უყურადღებობით ინგრევა

ფოთში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები დანგრევის პირასაა. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ისტორიულ ნაგებობეს „სასიკვდილო განაჩენი“ გამოუტანეს და მათი ბოლომდე განადგურება დროს მიანდეს. 

აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საუკუნოვანი შენობა, მეოცე საუკუნის დასაწყისში გერმანელმა არქიტექტორმა ედმონდ ფრიკმა ააგო.მასზე ჯერ კიდევ შემორჩენილია უნიკალური არქიტექტურული ფრაგმენტები. ამ შენობაში წლების მანძილზე მუნიციპალური ტელეკომპანია „ფზისი“იყო განთავსებული.საჯარო რეესტრის მონაცემებით იგი შპს "ქორალ თაუერის“ საკუთრებაა.

ნავსადგრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1901-1910 წლებში მოდერნის სტილში აგებული, წითელი აგურითა და კირქვით ნაშენი არქიტექტურული ობიექტიც, გერმანელ არქიტექტორს, ედმონდ ფრიკს ეკუთვნის. უშიშროების სამსახურის ყოფილი შენობა, კომპანია ,, ვისოლ ჯგუფის“ საკუთრებაა და ნაგებობაზე ზრუნვა მას ეკისრება.

 

ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილი შენობაც, სადაც წლების მანძილზე მრავალდარგოვანი კოლეჯი, მოგვიანებით კი უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა, დღითიდღე ინგრევა, სახურავი და კედლები უკვე ნაწილობრივ ჩამოიშალა. ეკონომიკის სამინისტრომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტს იგი 2006 წელს გადასცა და იმ დღიდან ყოველწლიურად ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ ნაგებობის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად, ბიუჯეტში სათანადო თანხები არ მოიპოვება.

ფოთის „არქიტექტორთა ლიგის“ თავმჯდომარის, გოჩა მინდილაიას განმარტებით, არსებული მდგომარეობა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლების მხრიდან, არაკვალიფიციური და გულგრილი დამოკიდებულების ბრალია:

"ფოთში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე შენობებს არქიტექტურული სტილიზაციის მიხედვით შემდეგნაირად დავყოფდი: კლასიციზმი (ჰიდროტექნიკუმი, რკინიგზის ვაგზალი), გოთიკა (ნიკოლაძის კოშკი), ეკლექტიკა(ყოფილი ტელევიზიის შენობა) და ვიქტორიანული (ფრიკის სახლები) ზოგიერთი შენობები შეიძლება სტალინური ამპირის ნიშნის ქვეშ გავაერთიანოთ. სწორედ ეს არის ფოთის ისტორია და კოლორიტი, ამიტომაც არის ისინი უცხოელი ვიზიტორისათვის საინტერესო.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობები ძირითადად განთავსებულია აღმაშენებლის ქუჩაზე, რუსთაველის რკალზე, რამდენიმე მეტად საინტერესო შენობა არის სხვა ქუჩებზე . შენობათა უმრავლესობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, ზოგი ნახევრად დანგრეულია. მათ შორის ჰიდროტექნიკუმის, უშიშროების და ტელევიზიის ყოფილი შენობები, ასევე სამხედრო ჰოსპიტალის და მრავალი სხვა. სამწუხაროდ ეგრეთ წოდებული რეკონსტრუქციის შედეგად დამახინჯდა რკინიგზის ვაგზალი, ნიკოლაძის ძეგლი, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები.

ამის მიზეზი არქიტექტორთა კოალიციის აზრით არის ფოთის ძეგლთა დაცვის სამსახურის, მერიის არქიტექტურის სამსახურის მოხელეების არაკვალიფიციურობა, გულგრილობა, ზოგ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტოს მხრიდან ინფორმაციის არ ქონა ან უყურადღებობა.

ხშირად ირღვევა ძირითადი პრინციპები საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებისა, რაც მუნიციპალური ტერიტორიების განვითარებას, ქალაქგეგმარებას და ურბანიზაციას ეხება, ამის გამო ქალაქის მოსახლეობა რეალური საფრთხის ქვეშ დგას ვინაიდან არ არის დაცული ადამიანების სიცოცხლე, მათი ჯანმრთელობის უსაფრთხოება.

პრობლემების მოგვარების პროცესში სასწრაფოდ უნდა ჩაერთონ გამოცდილი და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტები, პირველ რიგში ადგილობრივი არქიტექტორები, უპირატესად ის ჯგუფი რომელსაც გულთან მიაქვს პრობლემა და წილი არ მიუძღვის ქალაქის დამახინჯებაში. აუცილებელია ზემოხსენებული სამსახურების რეორგანიზაცია, დავასაქმოთ და მივანდოთ საქმე შესაბამისი განათლების და გამოცდილების მქონე სპეციალისტებს.

ყველა დროში არქიტექტურა იყო ქალაქისა თუ ქვეყნის სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური სიძლიერის გამომხატველი. ფოთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები საჭიროებს შველას, დავფიქრდეთ როგორ ქალაქს დავუტოვებთ ჩვენს მომავალ თაობებს“.

ადგილობრივ ხელისუფლებაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობების სავალალო მდგომარეობას აღიარებენ, მაგრამ სურათს ვერ ცვლიან. თუმცა როგორც მერის მოადგილემ გიორგი ფარეშიშვილმა „აიპრესთან“ განაცხადა, მერია ყველანაირად ცდილობს ეს უნიკალური შენობები ქალაქს შეუნარჩუნდეს: „უშიშროების და ტელევიზიის ყოფილი შენობები არის კერძო საკუთრება, მაგრამ როგორც ვიცით არიან ძალიან რთულ მდგომარეობაში. ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე ყოველდღიურად ზიანდებიან. ჩვენ მ გვქონდა კომუნიკაცია მეპატრნეებთან, რომ დროულად მოახდინონ შენობების რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ეს კულტურის სამინისტროსთან კოორდინაციით მოხდა, რადგანაც როგორც მოგეხსენებათ ძეგლის სტატუსი გააჩნია ამ შენობებს, აქედან გამომდინარე, რაიმე სახის თვითნებური ჩარევა დაუშვებელია და კანონის წინააღმდეგ მიმართული საქმე გახლავთ. მე მქონდა ასევე პირადად კომუნიკაცია კულტურის მინისტრის მოადგილესთან ამ საკითხზე. როგორც მან მითხრა კერძო მეპატრონეები დაჯარიმდნენ. ახლა როგორც ვიცი მიმდინარეობს გარკვეული მოლაპარაკების პოცესი,რომ დროულად მოხდეს ამ შენობებეზე აღდგენითი სამუშაოების დაწყება. რაც შეეხება ჰიდრომელიორაციული სასწავლებლის ყოფილ შენობას, რომელიც ქალაქის საკუთრებაშია, ასევე სავალალო მდგომარეობაშია. წელს მიმდებარე ტერიტორია გაიწმინდა ნარჩენებისგან, რომელიც გატყიურებული იყო და ჩვენმა შესაბამისმა სერვისების ჯგუფმა მაქსიმალურად ორგანიზებულად მოახდინა ობიექტის სრულად დასუფთავება, რადგან ზაფხულის მოსვლასთან ერთად საფრთხის შემცველი იყო. რაც შეეხება უშუალოდ რეაბილიტაციას, სამწუხაროდ ეს რთულია ამ ეტაპზე, რადგან არ გააჩნია ქალაქს საკმარისი ბიუჯეტი. ნაგებობის რეაბილიტაცია - რეკონსტრუქცია რამოდენიმე მილიონ ლარს მოითხოვს, ის ძალიან დიდ ფართობეზეა გადაჭიმული და ფინანსურადაც დიდ თანხებს ითხოვს. რა თქმა უნდა განვიხილავთ რამოდენიმე ვარიანტს, ეს უნიკალური შენობა არ იყოს სავალალო მდგომარეობამდე მიყვანილი და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში შევძლოთ, მაქსიმალურად მოკლე პერიოდში დადებითი გადაწყვეტილება მივიღოთ და ეს უნიკალური ნაგებობა ქალაქს შეუნარჩუნდეს“.

ფოთში არქიტექტურული ძეგლებიდან მხოლოდ ერთს, ნიკოლაძის კოშკს ჩაუტარდა რეკონსტრუქცია, რომელიც თბილისის საპროექტო ჯგუფის მიერ შედგენილი პროექტით განხორციელდა. ქალაქის „არქიტექტორთა ლიგა“ მიიჩნევს, რომ ძეგლმა თავისი არქიტექტურულ-ესთეტიური ფასეულობები დაკარგა .

დღეს, კასპის ყოფილი გამგებლის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა

დღეს, კასპის ყოფილი გამგებლის, ტარიელ შარიფაშვილის გარდაცვალების დღეა

8 წუთის წინ

პოლკოვნიკის ბიუსტთან და საფლავთან, რომელიც 1993 წლის 25 სექტემბერს სოხუმის დაცვისათვის აფხაზეთში გმირულად დაიღუპა თანამებრძოლები, ყოფილი გვარდიელები, სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის თანამშრომლები, მუნიციპალიტეტის...

USD 2.6226
EUR 3.0868
GBP 3.4416
TRY 0.4228