დავით გარეჯი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლს შორის მოხვდა

დავით გარეჯი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლს შორის მოხვდა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა. ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, კულტურული მემკვიდრეობის წამყვანმა ევროპულმა ორგანიზაცია ევროპა ნოსტრამ და ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტმა 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამის ფინალისტები დაასახელა: პოსტ-ბიზანტიური პერიოდის ტაძარი ვოსკოპოია და ვითკუქში, ალბანეთი; ვენის ისტორიული ცენტრი, ავსტრია; ბუზლუჟას მონუმენტი, ბულგარეთი; დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, საქართველო; კონსტანტას კაზინო, რუმინეთი; პრინკიპოს ბერძნული ბავშვთა სახლი, პრინცების კუნძულები, თურქეთი დაგრიმსბის ყინულის ქარხანა, გაერთიანებული სამეფო.

"ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ეს სამკაულები განსაკუთრებულად რთულ მდგომარეობაში არიან - ზოგ შემთხვევაში ადამიანების დაუდევრობისა და არასათანადო მოპყრობის, ხოლო ზოგან კი ექსპერტიზის,რესურსებისა და გამოცდილების ნაკლებობის გამო. მომდევნო თვეების განმავლობაში ევროპა ნოსტრასა და ევროპის საინვესიტიციო ბანკის ინსიტიტუტის ექსპერტები, სხვა პარტნიორებთან და ნომინატორებთან ერთად ესტუმრებიან შერჩეულ 7 ძეგლს და ადგილზე შეხვდებიან მათი გადარჩენისა და განვითარებაში ჩართულ ორგანიზაციებსა და მხარეებს. მულტიდისციპლინარული გუნდი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას, მოახდენს დაფინანსების შესაძლო წყაროების იდენტიფიცირებას და საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას ამ ღირსშესანიშნავი ძეგლების გადასარჩენად, ხოლო სპეციალისტები წლის ბოლომდე ჩამოაყალიბებენ გონივრულ სამოქმედო გეგმებს.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის ახალი სია გამოცხადდა კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელიწადის ფარგლებში, რომელიც აღიარებს ევროპული კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობას ევროპულ, ნაციონალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეებზე და ემსახურებაევროპის მოქალაქეების წახალისებას აღმოაჩინონ და ჩაერთონ კულტურულ მემკვიდრეობის გადარჩენის და განვითარევის საკითხებში. წინა სიები გამოქვეყნებულ იქნა 2013, 2014 და 2016 წლებში", - ნათქვამია განცხადებაში. 

„განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლისეს უახლესი სია შეიცავს ევროპის კულტურული მემკვიდრების იშვიათ საგანძურს, რომელიც დაკარგვის საშიშროების წინაშე დგას. ადგილობრივი თემი მოწადინებულია დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ეს მნიშვნელოვანი ძეგლები, თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო ფართო, ევროპული მხარდაჭერა. შესაბამისად, მე მოვუწოდებ ადგილობრივ, რეგიონალურ, ეროვნულსა და ევროპულ საჯარო თუ კერძო პარტნიორებს, რომ შემოგვიერთდნენ და ერთობლივი ძალებით უზრუნველვყოთ ძეგლების უსაფრთხო მომავალი", - განაცხადა ევროპა ნოსტრას პრეზიდენტმა, მაესტრო პლასიდო დომინგომ.

„მიმდინარე ევროპული კულტურული მემკვიდრეობის წელიწადი ქმნის იდეალურ გარემოს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლების მეოთხე სიის გამოქვეყნებისთვის. წინა პროექტის ფარგლებში შერჩეული ძეგლების შეფასებამ აჩვენა მათი შთამბეჭდავი პროგრესი და, ასევე, ხაზი გაუსვაკულტურულ მემკვიდრეობაში ინვესტიციის საჭიროებას, რაცუზრუნველყოფს მრავალ სარგებელს, განსაკუთრებით სოციალურ-ეკონომიკურ დონეებზე. შესაბამისად, ვიმედოვნებთ, რომ საჯარო და კერძო სექტორების დახმარების მეშვეობით მოხერხდება ახალ სიაში მოხვედრილი ძეგლების შენარჩუნება მომავალი თაობებისთვის“ - აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის დეკანმა ფრანცისკო დე პაულა კოელიომ.

უწყების ინფორმაციით, 2018 წლის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლი შეირჩა ევროპა ნოსტრას საბჭოს მიერ იმ 12 ძეგლიდან, რომლებიც ისტორიკოსების, არქეოლოგების, არქიტექტორების, ძეგლთა დამცველების, პროექტის ანალიტიკოსებისა და ფინანსისტების პანელმა შეარჩია. ნომინაციები წარადგინეს სამოქალაქო საზოგადოებამ და საჯარო დაწესებულებებმა, რომლებიც შეადგენენ ევროპა ნოსტრას წევრებსა და პარტნიორ ორგანიზაციებს ევროპის მასშტაბით.

განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა პირველად ჩატარდა 2013 წლის იანვარში ევროპა ნოსტრას მიერ ევროპის საინვესტიციო ბანკის ინსტიტუტთან, როგორც თანადამაარსებელთან. პროგრამის შთაგონების წყარო იყო ამერიკის შეერთებული შტატების „ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული ტრასტის“ (US National Trust for Historic Preservation) მიერ წარმატებით განხორციელებული მსგავსი პროექტი. განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი 7 ძეგლის პროგრამა არ ემსახურება დაფინანსებას. მისი მიზანია იყოს ქმედების კატალიზატორი და გააძლიეროს „მაგალითის ძალის“ მნიშვნელობა. მას მხარს უჭერს ევროკავშირის შემოქმედებითი ევროპის პროგრამა, როგორც ევროპა ნოსტრას პროექტის „მემკვიდრეობის გაზიარება - ღირებულებების გაზიარება“ ნაწილი.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი ძეგლია. იგი მდებარეობს საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ივრის ზეგანზე, ნახევარ უდაბნოში და შედგება 22 კლდეში ნაკვეთი მონასტრისა და 5 000 ზე მეტი სენაკისაგან. სამონასტრო კომპლექსის ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. მას მინიჭებული აქვს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი, 2007 წელს კომპლექსი შეყვანილია მსოფლიო მემკვიდრეობის ეროვნულ წინასწარ ნუსხაში.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაარსდა VI საუკუნის I ნახევარში ასურელი მამების, დავით გარეჯელისა და მისი მოწაფეების მიერ. შემდგომი საუკუნეების განმავლობაში კომპლექსი ვითარდებოდა, შენდებოდა ახალი მონასტრები. კლდეში ნაკვეთი სამლოცველოების პარალელურად, აღსანიშნავია ერთნავიანი სამლოცველოები და გუმბათოვანი ეკლესიები, როგორიცაა მაგალითად, ლავრა, უდაბნოს მონასტრები და სხვა. უნიკალური არქიტექტურის გარდა, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელობას განსაზღვრავს გამორჩეული კედლის მხატვრობა, რომლის ქრონოლოგიური დიაპაზონი ვრცელდება VIII-დან XVIII საუკუნის ჩათვლით. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი IX–X საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა, სადაც ინდივიდუალური ფერწერული სკოლა ჩამოყალიბდა. გარეჯი ასევე ქრისტიანი პილიგრიმების სამყოფელი იყო, რასაც მონასტრების გამოქვაბულთა კედლებზე ბერძნული, სომხური, სპარსული და არაბული პილიგრიმული მინაწერები ადასტურებს. 

კომპლექსში შემავალი მრავალრიცხოვანი გამოქვაბული, შუა საუკუნეების უნიკალური კედლის მხატვრობა, ბერების საცხოვრებელი სენაკები, კლდეში ნაკვეთი წყლის არხები, ტერიტორიაზე არსებული ადრეული ბრინჯაოს ეპოქის დასახლებები ერთიანობაში ადამიანისა და ბუნების ჰარმონიული ურთიერთქმედების დაკ ულტურული ლანდშაფტის უნიკალურ მაგალითს წარმოადგენენ. კლდეში ნაკვეთი არქიტექტურა, შუა საუკუნეების ფრესკები, პრეისტორიული არქეოლოგია, პალეონტოლოგიური ზონები და უნიკალური ბიო-გეოგრაფიული მახასითებლები ერთიან ანსაბლს ქმნიან და ქართული კულტურის შედევრს წარმოადგენენ.

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დღეისათვის შეუქცევადი დაზიანებების საფრთხის წინაშე დგას, რომლის მთავარ მიზეზს ქანების დაშლის პროცესი წარმოადგენს. ქვიშა ქვაშ გამოკვეთილი კომპლექსი ინტენსიურ ეროზიას განიცდის, რაც ეკლესიებისა და სხვა ნაგებობების სტრუქტურულ დაზიანებებში ვლინდება. საუკუნეების მანძილზე სამონასტრო კომპლექსი ადამიანის მხრიდანაც მნიშვნელოვნად დაზარალდა - თავდაპირველად XIII საუკუნეში მონღოლების შემოსევის დროს, ხოლო უახლოეს წარსულში - 1980-იანწლებში. დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორია საბჭოთა არმიის საწვრთნელ პოლიგონად იყო ქცეული და აფეთქებებით გამოწვეული ვიბრაცია ხელს უწყობდა კომპლექსში შემავალი ძეგლების სტრუქტურულ რღვევას, რაც თავის მხრივ კედლის მხატვრობის შეუქცევადი დაზიანების მიზეზიც ხდებოდა. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ კომპლექსის ნაწილი მდებარეობს მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, რაც კიდევ უფრო კომპლექსურს ხდის ძეგლის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.

დღესდღეობით დავით გარეჯის მოქმედი მონასტერია და საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილებაშია. მონასტერში ყოველდღიურად ტარდება წირვა, რაც ხაზს უსვამს მის მნიშვნელობასა და დაცვის საჭიროებას.

ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის ძეგლის ნომინატორის თანახმად, გენერალური გეგმის ან ძეგლის შენარჩუნების (კონსერვაციის) სტრატეგიის არარსებობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა და ის აფერხებს ძეგლის სწორად მართვას. ტურიზმის განვითარების შესაძლებლობა არსებობს, თუმცა აუცილებელია შევინარჩუნოთ მისი მდგრადობა. ამ ეტაპზე ტურისტული ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ნიშნულები, მოაჯირები და ა.შ.ნაკლებად გამართულია. შედეგად, დამთვალიერებლებს აქვთ შეუზღუდავი წვდომა არქიტექტურულ ძეგლებსა და კედლის მხატვრობაზე, რაც ძეგლისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს.

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ლონდონელმა მსახიობმა ფოთის თეატრების საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

22 ივლისი, 2018

ფოთის რეგიონული თეტრების მე-4 საერთაშორისო ფესტივალი სპექტაკლით "მედეა, გაძევებული" უნდა გახსნილიყო, თუმცა ორგანიზატორების ინფორმაციით, ლონდონელმა მსახიობმა დაუდგენელი მიზეზით, გამგზავრებამდე რამდენიმე საათით ადრე, ფესტივალში...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080