რატომ დაანება მსაჯობას თავი ლაშა სილაგავამ - ზაზა ზამთარაძემ 12 წლის წინანდელი თამაში შემახსენა

რატომ დაანება მსაჯობას თავი ლაშა სილაგავამ - ზაზა ზამთარაძემ 12 წლის წინანდელი თამაში შემახსენა

ლაშა სილაგავა უკვე რამდენიმე თვეა, რაც ეროვნული ჩემპიონატის თამაშებს აღარ სჯის. ის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაითხოვა და ფიფას კატეგორიის მსაჯი, იმ სიიდანაც ამოიღო, საიდანაც საერთაშორისო დანიშვნები ჰქონდა. ლაშა სილაგავამ მსაჯობა 1998 წელს დაიწყო, 2005 წელს კი ფიფას კატეგორიის არბიტრი გახდა, ასეთი საქართველოს სულ სამი ჰყავდა, ახლა კი მათი რაოდენობა ორია. სფფ-ს მიერ წარდგენილი კანდიდატები, გიორგი კიკაჩეიშვილი და ირაკლი კვირიკაშვილი კი უეფამ დაიწუნა, რის გამოც, სექტემბრამდე საქართველოს საერთაშორისო დანიშვნები არ ექნება. 

რატომ დაანება თავი მსაჯობას და რა მოხდა, რამდენიმე თვის შემდეგ, ლაშა სილაგავა დუმილს „აიპრესთან“ არღვევს. როგორც გამოცდილი მსაჯი „აიპრესთან“ აცხადებს, მას მსაჯობაზე თავის დანებების სანაცვლოდ, მსაჯთა აკადემიის ჩაბარება შესთავაზეს, შემდეგ კი სხვა დანიშნეს, შემდეგ კი სფფ-ს ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარაძემ, მას 12 წლის წინანდელი თამაშიც შეახსენა, რომლის გამოც ის სამსახურიდან დაითხოვეს. გარდა ამისა, ეროვნული ჩემპიონატის ყველაზე გამოცდილ არბიტრს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მისამართით დაწერილი მხარდამჭერი განცხადებაც შეახსენეს.

ლაშა სილაგავა ამბობს, რომ ეს ყველაფერი პირად შურისძიებას უკავშირდება და ფიფაში ადგილის დაკარგვაც არა სფფ-ს მესვეურებს, არამედ ქართულ ფეხბურთს აზიანებს.

მომხდარის დეტალებზე, ქართველი მსაჯი „აიპრესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში საუბრობს.

- რატომ აღარ მსაჯობთ?

- ასეთი გადაწყვეტილება მივიღე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ. კონკრეტულად, ლევან კობიაშვილსა და დავით მუჯირთან.

- ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო?

- მიმანიშნეს ასე ვთქვად, დავფიქრებულიყავი ამ თემაზე. წინადადება იყო ამ თემაზე, რომ ჩვენთან ერთად იქნები, მსაჯთა აკადემიას ვაპირებთ. თუ ასეა, კი ბატონო-მეთქი. ბოლოს აღმოჩნდა, რომ ჩემს ადგილზე სხვა მიიყვანეს, რასაც შემპირდნენ. სხვა სამსახურიც არ შემოუთავაზებიათ. 

- ეს შემოთავაზებაც თქვენი გაშვებისთვის იყო გაკეთებული?

- სიმართლე გითხრათ, შემდეგ გავაანაზილე ეს ყველაფერი. რამდენიმე ადამიანი იყო დაინტერესებული, გამოიკვეთა. ჩემს ადგილზე ჯერ მიიყვანეს კიკაჩეიშვილი, რომლიც მამაც მსაჯთა კომიტეტშია, შემდეგ კი ელიკაშვილი, რომელმაც პირველივე წელს თავისი შვილი მოიყვანა და კიკაჩეიშვილის და ელიკაშვილის ინტერესები დაემთხვა. სურვილი ბევრს ჰქონდა, როგორც ბოლო შეხვედრაზე გამოიკვეთა. რამდენიმე კვირის წინ მუჯირსა და ზამთარაძესთან დაძაბული საუბარო მქონდა. სხვადასხვა კლუბებში მუშაობდნენ ერთად და ანგარიშსწოებისკენ მიმანიშნეს, მიმახვედრეს. კონკრეტული თამაშიც დაასახელა ზამთარაძემ, რომელიც იყო ზუსტად 12 წლის წინ. შენი გულისთვის გამიშვეს სამსახურიდანო. თუ მე ვიყავი დამნაშავე, ზამთარაძე რატომ გაუშვეს სამსახურიდან? ეს კითხვა მაქვს მე პირადად.

- რომელ თამაშზეა საუბარი?

- ამჯერად არ დავკონკრეტდები. 12 წლის წინ იყო. ზამთარაძე იყო მწვრთნელი.

- „ლოკომოტივს“ გულისხმობთ?

- არა, „დინამო თბილისისა“ და „ოლიმპის“ დაპირისპირებას.

- როგორც ვიცი, ერთგვარი გაცილების მატჩიც მოგიწყვეს და კახა კალაძისა და მსოფლიო ვარსკვლავების მხარდამჭერი შეხვედრა განსაჯეთ. ამ გადასახედიდან, როგორ ფიქრობთ, ის შემოთავაზება რეალურად იმისთვის იყო, რომ მსაჯობისთვის თავი დაგენებებინათ და სამსახურის გარეშე დარჩენილიყავით?

- მოლაპარაკებებში მითხრეს, რომ ამ თამაშს ვაპირებთ და განსაჯეთ ჩვენგან პატივისცემის ნიშნად, ჯილდო იქნებაო. ჩვენს გვერდზე იქნებიო. ბოლო საუბარში შევეკითხე, 5 თვე გავიდა და ჩვენ გაბრაზებულები ვართ შენი ფეისბუქაქტიურობითო. რაღაცეები დაწერე ჩვენზეო. მანახეთ-მეთქი და მაჩვენებენ ჩემს ფეისბუქზე საფეხბურთო კლუბ „ზესტაფონის“ მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას. რაშია საქმე, არ მაქვს უფლება ამის მეთქი? შენ ვინ გეკითხებაო. ვინ მეკითხება, ფეხბურთში ვარ მთელი ცხოვრება, დავბერდი, მხარდაჭერა გამოვთქვა რაღაცის მიმართ, ჩრდილოეთ კორეაში ვართ? თავადაც გამოხატა „ზესტაფონის“ მიმართ არჩევნების წინ მხარდაჭერა. ასე აპირებთ მუშაობას , ვიღაცამ რაღაც დაწერა და თქვენ გაბრაზდით-მეთქი? ფააქტი ის არის, რომ გვყავდა ფიფას სამი არბიტრი და დღეს გვყავს ორი. პირადი ანგარიშსწორებით და ძველი ბოღმების გამო, ინტერესები დაემთხვა რამდენიმე ადამიანის, რომელიც დღეს ხელმძღვანელი პირია ფეხბურთის ფედერაციაში, ამას, რა თქმა უნდა, ჩემი შეცდომებიც დაერთო ბოლო პერიოდში, ყველაფერი დაგროვდა. 

- თამაშებში მსაჯობისას დაშვებულ შეცდომებს გულისხმობთ?

- მე ამას ვაღიარებ, პრობლემა არ არის. თუ რამე შეცდომას ვუშვებდი, ვისჯებოდი კიდევაც. შეუცდომელ მსაჯს თუ გამახსენებთ, არ ვიცი. მსოფლიოში არ არსებობს. გარდა იმისა, რომ კიკაჩეიშვილი უეფამ დაიწუნა, ამათი ფავორიტი მსაჯი, შემდეგ ეწერა კვირიკაშვილი, რომლის კანდიდატურაც სექტემბრამდეა შეჩერებული და შესაბამისად, სექტემბრამდე დანიშვნები არ იქნება. არც შეკრებაზე დაიბარეს უეფაში. ინგლისურში გაესაუბრნენ და არადამაკმაყოფილებელი შეფასება მიიღო. ფაქტიურად, ადგილი დავკარგეთ უეფაში. აგრძელებენ ბრძოლას იმ მხრივაც, რომ არ მაძლევენ უფლებას, ვიარო დამკვირვებლად თამაშებზე, როგორც ყოფილმა მსაჯმა მსაჯთა დამკვირვებლად. აქედან გამომდინარე, მომავალშიც კარგავენ ადგილს მსაჯთა დამკვირვებლად სიაში. მე, როგორც უეფასა და ფიფას ყოფილ არბიტრს, პირდაპირ მაქვს უფლება ამ მიმართულებითაც ვიმუშაო, როგორც მუშაობს მაგალითად, ლევან ფანიაშვილი, ფიფას ყოფილი არბიტრი. ამაზეც მიდიან, ასეთი აგრესია აქვთ ჩემს მიმართ, როდემდე იქნებიან არ ვიცი.

- ფიფა/უეფას სიიდან უკვე ამოგიღოთ ფეხბურთის ფედერაციამ?

- დიახ.

- სხვა ქვეყანაში წასვლასა და მუშაობაზე არ გიფიქრიათ?

- სხვა ქვეყანაში სად წავიდე, ოჯახი მივატოვო და დევნილად ვიქცე. ასე გარბის მთელი ქვეყანა და შემდეგ იძახიან, რატომ გარბიანო. ასე თუ გამოყარეს სამსახურებიდან ყველა პირადი ინტერსებით, რა იქნება. ჩვენზე თუ ასე ფიქრობ, ერთად ვერ ვიმუშავებთო. ეს იყო ბოლო წინადადება. რა იქნება, არ ვიცი.

- სამსაჯო სამსახურს კოლეგიალობა არ გამოუჩენია?

- ორი წევრი პირდაპირ იყო გარეული ამაში. რა კოლეგიალობაზეა საუბარი, 8 კაცი მუშაობს ამ სისტემაში, 4 განყოფილებაში, 4 მსაჯთა კომიტეტში. არცერთმა, ელემენტარული ინგლისური არ იცის, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს უეფაში, იმიტომაც მოხდა ის, რაც მოხდა. ადამიანის ჩაწერა რომ გინდა, უნდა იცოდე, ეკუთვნის თუ არ ეკუთვნის მას. მისწერო უეფას წერილი, წინასწარ უნდა მოემზადო. მე რეგულარულად მომდიოდა თამაშები უეფადან და ვმსაჯობდი ჩვეულებრივად. დაკარგეს ერთი ადგილი. არ ადარდებთ, რაზე ფიქრობენ, პირადად მათ არ ეხებათ, მაგრამ ქართულ ფეხბურთს ხომ ეხება. სიის გაგზავნა არის ფედერაციის მსაჯთა კომიტეტის პრეროგატივა. თავიდან მსაჯობაზე ჩემი გადაწყვეტილება იყო. მათ მითხრეს, სიიდან უნდა ამოგიღოთ ყველა ვარიანტში, ჩვენთან იმსაჯებო. არც ფიქრობდნენ, ასეთ რადიკალურ გადაწყვეტილებას თუ მივიღებდი და თავს დავანებებდი. ასე თქვა ბოლო შეხვედრაზეც მუჯირმა. რა მოხდა მერე, ასე რომ წახვედი, აქ გემსაჯაო. ასე რომ მოგექცევიან, იმ ორგანიზაციაში მუშაობა არ ღირს.

- როდის იყო ბოლო საუბარი ამ თემაზე?

- ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, ორი თუ სამი კვირის წინ.

- თუკი ჩვენ ფეხბურთის ფედერაციას ვკითხავთ თქვენი წასვლის მიზეზს, ისინი იტყვიან იმას, რომ ეს თქვენი პირადი გადაწყვეტილება იყო და მათ არ გაუშვიხართ?

- მაგას ვინ გეტყვით, იტყვიან, თვითონ მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, ჩვენ შევთავაზეთო. საუბარი ისეთ დეტალებზე იყო პირველ შეხვედრაზე სექტემბერში, აკადემიას ვაკეთებთ და ა.შ. კმაყოფილი ვიყავი, პირიქით. დაგროვდა შეცდომები, მეც აღარ მომწონდა ჩემი თავი, თუ შემომთავაზებდნენ სამსახურს სხვა მიმართულებით, რატომაც არა მეთქი, ბოლოს აღმოჩნდა, რომ ფანდში მოვყევი.

- ზუსტად რომ მითხრათ, ეს ყველაფერი იქეთ იყო მიმართული, რომ ქართულ ფეხბურთს ჩამოშორებოდით?

- თავიდან მასე არ იყო, შემდეგ უკვე კუდები მოაბეს.

- ანუ შემდეგ გაახსენდა ზაზა ზამთარაძეს ის თამაში, რომელიც შეგახსენათ?

- ბოლო საუბრისას გაბრაზებულები იყვნენ, ფეისბუქზე ამას წერ, ჩვენზე რა გითქვამსო. თავი რომ დავანებე მსაჯობას და სამსახური შემომთავაზეს, ის ხალხი, ვინც ახლა მუშაობს სამსაჯო განყოფილებაში, იფიქრეს, ეს თუ აქ მოიყვანეს, ჩვენგან უნდა გააგდგონ ვინმე, 50 კაცი ხომ არ იმუშავებს. დაიწყეს ენების მიტან-მოტანა. ჭორიკნების მთელი სისტემა მუშაობს, ისეთი, შეშურდება FBI-ს. ერთმანეთის ჭორიკნობის მთელი სისტემაა აწყობილი, ასე რომ მუშაობდნენ ყველგან, წარმატებული იქნებოდა ყველაფერი. 

- აპირებთ თუ არა დავას?

- სიმართლე გითხრათ, ჩვენ კონტრაქტებით ვმუშაობთ, რომელიც ისეა შედგენილი, იურისტებთანაც მქონდა საუბარი, ვერაფერს შეედავები. სათავისოდ უწერიათ ყველაფერი. მოაწერ ხელს, მოაწერ თუ არადა კარგად იყავი. ასე გრძელდება წლები. რა ვქნათ ჩვენ? გეუბნება, არ მაკმაყოფილებს შენი მსაჯობის დონე. ასე ფიქრობენ, სანამ ჩვენ ვიქნებით, ასე იქნებაო.

- ეს ნიშნავს იმას, რომ ლაშა სილაგავამ დაასრულა ქართულ ფეხბურთში საქმიანობა?

- მაინც და მაინც ფეხბურთის ფედერაციაში უნდა იმუშაო? რამდენიმე კლუბიდან მაქვს შემოთავაზება, განვიხილავ ამ საკითხს. კლუბებმა გამოთქვეს სურვილი, ფიქრობენ, ჩემი გამოცდილება გამოადგებათ. მხოლოდ წესების ცოდნა არაა, ათასი ნიუანსია. კლუბები, რომლებიც წინ იყურებიან და იმედოვნებენ, უეფას ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას და სურთ, მზად იყვნენ ამ ყველაფრისთვის. მაქვს სატელევიზიო გადაცემის იდეა, რომელიც ადრეც მქონდა, მაგრამ შეჩერდა იმის გამო, რომ მოქმედი მსაჯი ვიყავი და კონკრეტული მოლაპარაკებები ვერ შედგა. ეს შეეხებოდა მსაჯობას, ფეხბურთის წესებს და ა.შ. მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნებოდა. ამ იდეას ახლა წინ ვეღარაფერი დაუდგება. მოლაპარაკებების პროცესში ვარ. არ არის აუცილებელი ფედერაციაში იმუშაო, რომ ფეხბურთში იყო.

- ცალსახად მითხარით, აქტიური მსაჯობიდან წასვლა, არის თუ არა სფფ-ს ხელძღვანელი პირების პირადი შურისძიება?

- არ ვიცი. რაც მოვყევი, დაწერეთ და დანარჩენი, მკითხველმა გამოიტანოს დასკვნა. რაც მოვყევი, ეს არის სიმართლე და ამას ვერ უარყოფენ. კონკრეტულ თამაშს მისახელებს და სხვადასხვა გუნდებში მუშაობდა მუჯირთან ერთად. მაგათი დრო მოვიდა ახლა, მიმანიშნეს, ახლა ასეაო, სხვა რა დასკვნა გამომეტანა.


 

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

არგენტინა განადგურდა, ხორვატია მერვედფინალშია

3 საათის წინ

მატჩის პირველი ტაიმი ძალიან დაძაბულად წარიმართა. მოედნის თითოეულ მონაკვეთზე ბრძოლა გაიმართა. იყო რამდენიმე უხეშობაც. გუნდებს გოლის გატანაც შეეძლოთ. ხორვატები განსაკუთრებულად მეურვეობდნენ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს ლეო მესის...

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167