ბორჯღალოსნები პლანეტის მეორე გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ

ბორჯღალოსნები პლანეტის მეორე გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ

  • სპორტი
  • 12 თებერვალი, 2018
  • 13:15
  • მაგდა კლდიაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ინგლისშია და პლანეტის მეორე საუკეთესო გუნდთან, სამდღიან ერთობლივ ვარჯიშს გამართავს. 

რაგბის კავშირის ვებ-გვერდის ინფორმაციით, ამ ინიციატივით ინგლისელთა მთავარი მწვრთნელი ედი ჯონსი გამოვიდა. ჯერ კიდევ ნოემბრის ტესტ-სერიის წინ, მან თქვა, რომ სურდა მის მორკინალებს „მსოფლიოში საუკეთესო, საქართველოს ნაკრების შერკინებასთან ევარჯიშათ“ და მოგვიანებით ეს სიტყვები კიდევ არაერთხელ გაიმეორა.

თავის მხრივ, ქართულ მხარეს სურდა, რომ ამ შეთავაზებიდან სარგებელი თავადაც მიეღო და მოლაპარაკებები რამდენიმე თვე გაიწელა. და აი, ახლა საქართველოს ნაკრების 29-კაციანი შემადგენლობა ინგლისშია და ექვსი ერის ბოლო ორი წლის გამარჯვებულ გუნდთან ერთობლივ ვარჯიშებს ატარებს, რომელიც სამი დღე გაგრძელდება.

"ნოემბრის ტესტების წინასაშეკრებო პერიოდში, ედი ჯონსის მიპატიჟებით მე და ბორჯღალოსნების სხვა მწვრთნელები პორტუგალიაში ჩავედით, სადაც ინგლისის ნაკრები ვარჯიშობდა და მოლაპარაკების პროცესიც მაშინ დაიწყო. ედის სურვილი იყო, ინგლისის შერკინებას ჩვენთან, როგორც თავად ამბობს „მსოფლიოს საუკეთესო შერკინებასთან“ ევარჯიშა. დეტალების დაზუსტებას დიდი დრო დაჭირდა, რადგან გასარკვევი იყო სად ვივარჯიშებდით, რა ფორმის და შინაარსის იქნებოდა ეს პროცესი. მათი სურვილი იყო ჩვენს შერკინებასთან ერთად ვარჯიში, ჩვენ კი გვსურდა, ამ პროცესში მთელი გუნდი ყოფილიყო ჩართული. საქმე იმაშია, რომ როდესაც მსოფლიოს მეორე საუკეთესო გუნდთან თამაშის საშუალება არ გეძლევა, საუკეთესო გამოსავალი მათთან ერთობლივი ვარჯიშია და ეს კარგია როგორც ხაზის მოთამაშეებისთვის, ასევე მთლიანი გუნდისთვის.  ერთობლივი ვარჯიშები ფიჯისა და კანადის ნაკრებებთან გვქონდა, ეს მსოფლიო თასისთვის მომზადებაში დაგვეხმარა, თუმცა ფაქტია, რომ ტიერ1-ის, ინგლისის დონის გუნდთან, ერთობლივი ვარჯიშის შანსი ჯერ არ გვქონია. მსოფლიოს მეორე გუნდთან ერთობლივი წვრთნები იქნება პროდუქტიული არა მხოლოდ ჩვენი მოთამაშეებისთვის, არამედ მწვრთნელებისთვისაც. ვნახავთ იქ ვინ რას და როგორ აკეთებს, დავინახავთ რა შეიძლება გაკეთდეს უკეთ, ერთმანეთს გავუზიარებთ გამოცდილებას. პროცესში ჩართული იქნება სამედიცინო პერსონალი, დავაკვირდებით მათი მენეჯმენტის მუშაობას. ინგლისის ნაკრები ფინანსურად, ლოგისტიკურად და რესურსებით იდეალურად მოწყობილი გუნდია. ორგანიზაციული თვალსაზრისით ჩვენც კარგები ვართ, მაგრამ როდესაც გეძლევა საშუალება დააკვირდე ინგლისის დონის ნაკრებს, ის ყოველმხრივ უნდა გამოიყენო.", - აცხადებს ჰეიგი.

ჰეიგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი წვრთნებით ორივე გუნდი დიდ სარგებელს მიიღებს:

"მოლაპარაკებები იმიტომ გაჭიანურდა, რომ გვსურდა ზუსტად გვცოდნოდა ვინ რა სარგებელს მიიღებდა ერთობლივი ვარჯიშებისგან. ინგლისელებს შერკინების ვარჯიში სურდათ, ჩვენ ბევრად მეტი, ვიდრე მათი შერკინების გავარჯიშება. შესაბამისად, მივიღეთ ერთობლივი გადაწყვეტილება და ჩატარდება როგორც შერკინებისა და ხაზის ცალ-ცალკე, ასევე ერთობლივი ვარჯიში. იმ გუნდების შერკინება, რომლებთანაც აქამდე გვივარჯიშია, ყოველთვის იღებდა რაღაც დადებითს, მათი შერკინების თამაშში ჩნდებოდა ახალი დეტალები. ჩვენ ვნახეთ, რომ ინგლისის შერკინებას უელსთან გაუჭირდა. დარწმუნებული ვარ მათი შერკინების მწვრთნელი მოუთმენლად ელის ამ ვარჯიშს. მას სურს საკუთარი თვალით იხილოს რას აკეთებს საქართველოს ნაკრების შერკინება, როგორია შესვლის კუთხე, ტაქტიკა და ზუსტად ვიცი, რომ "ქართული გაკვეთილები" მათ აუცილებლად გამოადგებათ. ისევე, როგორც ჩვენ წაგვადგება მათთან ვარჯიში", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

თავის მხრივ, ედი ჯონსმა კიდევ ერთხელ ისაუბრა იმ სარგებელზე, რასაც მისი გუნდი ქართველებთან ვარჯისგან მიიღებს: „საქართველოს ნაკრების ორ მწვრთნელს - მილთონ ჰეიგს და რიჩარდ გრეჰემს კარგად ვიცნობთ. ჩვენი სურვილია, რომ მსოფლიოში საუკეთესო შერკინება გვყავდეს, ქართველებს კი ყველაზე მძლავრი, ღონიერი და ფანტასტიკური შერკინება ყავს. მათთან ერთად ვარჯიში იდეალური იქნება არა მხოლოდ ექვსი ერის მოსაგებად, არამედ მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად. ჩვენ შესანიშნავ პრაქტიკას მივიღებთ“.

"ნაყოფიერი ვარჯიშის" მოლოდინშია გუნდის კაპიტანი დილან ჰართლიც:

"მუდამ ვცდილობთ ჩვენი შერკინების გაუმჯობესებას და ვფიქრობ, ერთობლივი ვარჯიშით ბევრ სიახლეს ავითვისებთ. ეს იქნება ნაყოფიერი ვარჯიში, რომელიც ამოცანების უკეთ შესრულებაში დაგვეხმარება. მოუთმენლად ველი ქართველებთან შეხვედრას", - აცხადებს ჰართლიც. 

ინგლისის ნაკრებთან ერთობლივ ვარჯიშებს გამართავენ:

მიხეილ ნარიაშვილი, ზურაბ ჟვანია, ანტონ ფეიქრიშვილი, ლევან ჩილაჩავა, გიორგი მელიქიძე, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, კონსტანტინე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, ლაშა მალაღურაძე, მერაბ შარიქაძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, ალექსანდრე თოდუა, ანზორ სიჭინავა, ბექა წიკლაური, მერაბ კვირიკაშვილი, გიორგი ფრუიძე.
 

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

ტრამვამიღებული ტოჩინოშინი იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდა

2 საათის წინ

ლევანმა დღეს მოტეხილი ხელით იბრძოლა იმპერატორის თასის 4-გზის მფლობელის წინააღმდეგ და დამარცხდა. ამ ბაშოზე დღემდე ორივე სუმოისტი ერთნაირი შედეგით - 12 გამარჯვება ერთადერთი მარცხის წილ, ინაწილებდა პირველ-მეორე ადგილებს. მეტოქეები წელს ორჯერ...

USD 2.4805
EUR 2.9044
GBP 3.3087
TRY 0.5237