ვთხოვე მიხეილ სააკაშვილს, რომ იქნებ რომელიმე სასამართლო პროცესზე წამოვიდეს, რომ შეხედოს საზოგადოებამ და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი სასამართლო სხდომა როცა გამოცხადდება, ის მივიდეს - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილის ლაბორატორიული კვლევის შედეგები გადაცემულია ამერიკაში ერთ-ერთი საუკეთესო ტოქსიკოლოგისთვის, რომელსაც დაესვა კითხვები - ის სამი ნივთიერება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის კვლევის შედეგებშია და ასევე, ფრჩხილებიდან ამოუვიდა მეოთხე ნივთიერება დარიშხანი, რას იწვევს იმიტომ, რომ ფაქტობრივად, მას ბევრი დიაგნოზი ვერ დაესვა, მაგალითად რატომ აქვს სულ 38 გრადუსი სიცხე, წონის კლება და ა.შ. ვეკითხები ექიმებს, ექიმებიც ცდილობენ, გვეუბნებიან - „რა გავაკეთოთ, გვითხარით“. მე ვთხოვე მიხეილ სააკაშვილს, რომ იქნებ რომელიმე სასამართლო პროცესზე წამოვიდეს, რომ შეხედოს საზოგადოებამ და არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი სასამართლო სხდომა როცა გამოცხადდება, ის მოვიდეს. მას გადაადგილება უჭირს. პალატაში, სადაც იმყოფება სულ 3-4 ნაბიჯის გადადგმა შეიძლება და დამხმარე საშუალებით დადის. ან საკაცით უნდა წამოვიდეს პროცესზე, ან ეტლით. მას აქვს რამდენიმე წამყვანი დიაგნოზი, რომლითაც სასჯელის გადავადების სამართლებრივი საფუძველი უკვე შექმნილი გვაქვს. შუამდგომლობაც მზად მაქვს იმისთვის, რომ მივმართო სასამართლოს.

ბრძოლის განწყობაზეც კი, საუბარი ზედმეტია. ეს ადამიანი არის ძლიერი მედიკამენტების ქვეშ. ფაქტობრივად, სასჯელის მიზანი ვერ ხორციელდება, ეს ადამიანი სასჯელს ვერ იხდის, არის კლინიკა „ვივამედში“ ნახევრად გათიშულ მდგომარეობაში“, - განაცხადა ადვოკატმა.