ხაშურის მუნიციპალიტეტში საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის შემუშავება მიმდინარეობს. ამ მიზნით მორიგი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. 


დოკუმენტის მომზადებაზე მომუშავე ჯგუფის წევრები მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ლიპარტელიანთან ერთად USAID ძლიერი სოფლის პროგრამის ექსპერტ შოთა მურღულიას და პროგრამის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმსჯელეს დოკუმენტის ძირითად პრიორიტეტებზე, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურისა და მრეწველობის განვითარებას, გარემოს დაცვასა და სოფლის მეურნეობას, განათლებას, კულტურას, ტურიზმს და სპორტს, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფას და სერვისების განვითარებას. 
სამუშაო შეხვედრამ საქმიან ვითარებაში ჩაიარა. 
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სტაბილურ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, რაც პოზიტიურად აისახება მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების ყოველდღიურ ყოფაზე. თანამშრომლობის ფარგლებში, პროგრამა ხაშურის მუნიციპალიტეტს სრულყოფილი მუნიციპალური განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში დაეხმარება და ამით მხარს დაუჭერს რეგიონის გაძლიერებას, ახალი შესაძლებლობების, სამუშაო ადგილების გაჩენასა და არსებულ და სამომავლო რისკებთან გამკლავებაში.
საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტის მომზადების სამუშაო ჯგუფი აერთიანებს მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებს, სკოლების ხელმძღვანელებს, მცირე და საშუალო მეწარმეებს, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.