ძლიერი წვიმისა და ქარის გამო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ილიაწმინდაში საცხოვრებელი სახლების სახურავები დაზიანდა. 

სტიქიამ საცხოვრებელი სახლების გარდა, შიდა საუბნო გზებიც დააზიანა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, გზები ნაშალი მასალისაგან მძიმე ტექნიკამ უკვე გაწმინდა, ამ ეტაპზე კი მიმდინარეობს სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა მუნიციპალიტეტში მოქმედი ზარალის შემსწავლელი მუდმივ მოქმედი კომისიის მიერ.

ცნობისათვის, სტიქია ჯამში, კახეთის სამი მუნიციპალიტეტი დააზარალა.სიღნაღის პარალელურად, ზარალს ითვლიან ლაგოდეხსა და ყვარელშიც.  დაიტბორა სოფელი გავაზი, სადაც განადგურდა შინაური ფრინველი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ლაგოდეხში ძლიერი ქარის მიერ მოგლეჯილმა ხეებმა კი შენობები და ავტომობილები დააზიანა.