დარწმუნებული ვარ, სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ხაბეიშვილის შეცვლა უნდათ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მამუკა გუგეშაშვილმა აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.

მამუკა გუგეშაშვილის განმარტებით, ვანო მერაბიშვილი მიხვდა, რომ ხაბეიშვილი პარტიას ვერ მართავს.

„რასაც ვთხოვთ „ქართულ ოცნებას“, იგივე არ უნდა მოხდეს „ნაციონალურ მოძრაობაში“. 11 წელი ისე მოვიტანეთ, რომ ცუდი იყო, თუ კარგი იყო, არავის ეჭვი არ შეჰპარვია, რომ ვიღაცა არაფორმალურად გვმართავდა. ახლა ფაქტობრივად მართავენ, აბა ხაბეიშვილი წყვეტს რამეს? დარწმუნებული ვარ, სადღაც სექტემბერ-ოქტომბერში ხაბეიშვილი აღარ იქნება თავმჯდომარე. ახალი თავმჯდომარე არ ვიცი, ვინ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ხაბეიშვილის შეცვლა უნდათ. ვინც მართავს დღეს პარტიას, ერთ-ერთი ვანო მერაბიშვილია. ის უკვე მიხვდა, რომ ხაბეიშვილი ვერ მართავს პარტიას. ფაქტობრივად, დაყო, მათ დაუშვეს დიდი შეცდომა. როდესაც გაიმარჯვა, ნიკა მელიამ მიულოცა მას ეს გამარჯვება. ხუთ დღეში დანიშნეს პოლიტსაბჭო, რადგან შიში ჰქონდათ, პოლიტსაბჭოს ახალი არჩევნები რომ ჩატარდებოდა, ნიკა მელიას მხარეს ვინც დარჩა, საღად მოაზროვნე ხალხი, მოუგებდა, რადგან ცოცხალი ძალა იყო მელიას მხარეს. უბრალოდ, იქ რა მოხდა, როგორ მოხდა, ესენი „ფეისბუქის“ ლომები არიან, „ფეისბუქით“ მოიგო, მიულოცა ნიკა მელიამ, ხუთ დღეში ჩაატარეს, რადგან პოლიტსაბჭოსი ეშინოდათ. ეს ძველი პოლიტსაბჭო ფაქტობრივად  უსამართლოდ გაუშვეს. ახლა სასწრაფო წესით ჩაატარეს არჩევნები, რადგან ზუსტად ამ თავმჯდომარეებით უნდათ აირჩიონ  ახალი, მომავალი თავმჯდომარე. ჩემი ვარაუდით, მომავალი თავმჯდომარე იქნება დავით კირკიტაძე ან ლევან ბეჟაშვილი. ყოველ შემთხვევაში, უნდათ და გახდებიან თუ არა, ამას, ამას ვერ ვიტყვი“, – აღნიშნა მამუკა გუგეშაშვილმა.