ის, რაც ისედაც ნათელი იყო და ამას ქუჩაში თუ საახლობლოში ყველგან გაიგებდით, NDI-მ კიდევ ერთხელ გააშიშვლა. საზოგადოებაში სრული ნიჰილიზმი სუფევს, ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას არ უნდა ხელისუფლება, მაგრამ უნდობლობა აქვს ოპოზიციის მიმართაც. ეს კი დღესდღეობით ის მექანიზმია, რითაც იხანგრძლივებს ქართული ოცნება ხელისუფლებას.

რა უთხრა ამ კვლევამ და რას აკეთებს ოპოზიცია პოლიტიკურ კლასსა და საზოგადოებას შორის ჩატეხილი ხიდის აღსადგენად? - ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესთან“ ინტერვიუში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს: _ ჩანს საზოგადოების რეაქციიდან, რომ საკმაოდ გაუცხოებულია პოლიტიკური კლასი და საზოგადოება, ეს დაადასტურა NDI-ს კვლევებმაც. ეს ეხება არა მხოლოდ ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც. რით ახსნით ამას და რას აკეთებს ოპოზიცია იმისთვის, რომ ეს ჩატეხილი ხიდი როგორღაც გამთელდეს? _ მე ვფიქრობ, ამ კვლევაში საინტერესო გაცილებით სხვა კომპონენტებია - როგორ უჭირს ჩვენ მოსახლეობას. ქართული ოცნება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საზოგადოებაში ფურსტრაციის განცდა გააჩინოს. მე ვფიქრობ, რომ ეს არის ზოგადად უნდობლობა და ეს არის უფრო მოლოდინი, მე ასე დავარქმევდი - საზოგადოება მოლოდინის რეჟიმშია, მათ გაწყვიტეს კონტრაქტი ქართულ ოცნებასთან და ახლა ძიების პროცესშია, ვისთან დადონ და რა ჯგუფთან შეიძლება გააფორმონ შეთანხმება ქვეყნის მართვაზე. ამ პროცესს ვადევნებთ თვალს და ჩემთვის არაფერია გასაკვირი. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ გვაკმაყოფილებს, თუმცა ერთი რაც არის ჩვენი პარტიისთვის საინტერესო, არის ის, რომ ერთ-ერთი პოლიტიკური ძალა ვართ, ვისი მხარდაჭერაც გაიზარდა. სხვათა შორის მესამე ადგილზე ვართ. სხვების მხარდაჭერა კი შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ის ფაზა, რითაც კომუნიკაციის ახალ მექანიზმზე ვმუშაობთ საზოგადოებასთან, სწორია. ახლა ჩვენ გავაფართოვებთ ამ მუშაობას. ოღონდ მარტო არა, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თუ არაპოლიტიკურ ფიგურებთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შედეგზე გავიდეთ. _ გარდა იმისა, რომ ოპოზიციასა და ხალხს შორის არის ხიდჩატეხილობა დღეს, გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს შორისაც ხომ არ გაჩნდა ერთგვარი ხიდჩატეხილობა, განსხვავებით წინა პერიოდისგან, როდესაც უფრო მეტად შეინიშნებოდა ერთიანობა? _ არ მგონია ასე. მაგალითად, ჩვენ პროდასავლური ძალები დღესაც ერთიანები ვართ. მაგალითად ქუთაისში ვიყავით ერთად ჩასულები და არა მხოლოდ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები და ვაპირებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ კოორდინაცია, რამდენიმე დღეში უფრო მეტ დეტალს გავაჟღერებთ. ჩვენი მიზანია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რაც შეიძლება სწრაფად მიღება. ვფიქრობ, რომ ყველა პატრიოტი ადამიანი უნდა გაერთიანდეს.

"ხომ გახსოვთ ბრძნული გამონათქვამი: „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“. ამ ფაზაში ვართ  - ჯერ უნდა გადავხტეთ"

_ თუმცა, თქვენ არ ხართ სამუშაო ჯგუფებში. _ რას მელაპარაკებით?! მთავარ სამუშაო ჯგუფში, რომელმაც დადო პროდუქტი და ხვალ, ან მაქსიმუმ ზეგ გამოქვეყნდება საბოლოო გეგმა და რომელსაც ეთანხმება სრულიად ოპოზიცია და სრულიად სამოქალაქო სექტორი, იქ ჩვენ ვართ. მე სხვა სამუშაო ჯგუფს არ ვიცნობ. ვიცნობ მხოლოდდამხოლოდ თაღლითურ სქემას, რომელსაც „ოცნება“ ქმნის, რათა პროცესის განვითარებას და კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელი შეუშალოს. მე არც ვიცი, ვინ არის იმ სამუშაო ჯგუფებში, არავინ არ არის 1-2 პარტიის გარდა, რომლებსაც ნულოვანი მხარდაჭერა აქვთ ამ კვლევებშიც. ჩვენ სწორ გზაზე რომ ვდგავართ და სიმართლეს ვეუბნებით ხალხს, ჩანს იმაში, რომ ჩვენი მხარდაჭერა შედარებით გაზრდილია. ეს არცერთ შემთხვევაში არ გვაკმაყოფილებს, მაგრამ ის სამუშაო პროცესი, რომელშიც ვართ სწორედ საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული სამუშაო პროცესია.

"19 აპრილის შეთანხმება და ამ შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა იყო ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც დააჩქარა დასავლეთის რეაქცია მათთან მიმართებაში"

რიგგარეშე სესიას ყველა ნორმალურ შეთავაზებას გაუკეთა ქართულმა ოცნებამ. სწორედ აქ გვაქვს პრობლემა, რომ მათი პროპაგანდისტული მანქანა თქვენც კი - ჟურნალისტებს რაღაც მესიჯებს ტვინში გაწვეთებთ. შინაარსზე პროცესს ვეღარ ვაჩვენებთ საზოგადოებას. იმ თაღლითობიდან, რასაც მათი მხრიდან აქვს ადგილი გამოაგდეს ყველა სამოქალაქო თუ ავტორიტეტული  ორგანიზაციის წარმომადგენელი და რა სამუშაო პროცესზე მელაპარაკებით. გაგნიძესთან ერთად რომ პაპუაშვილი და თაღლითობენ?! მე არ ვიცნობ სხვა სამუშაო პროცესს, გარდა იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. _ თქვით, რომ პროპაგანდით ჟურნალისტებსაც რაღაცას გაწვეთებენო, მაგრამ ჟურნალისტის მოვალეობაა დასვას კითხვები და მათ შორის არასასურველიც. _ არა, მე შეურაცხყოფას კი არ გაყენებთ, არამედ მე ვამბობ, რომ პროპაგანდა მუშაობს. იმიტომ, რომ ყველა გამოყარეს იმ სამუშაო სქემიდან. სამოქალაქო სექტორი გამოაგდეს, ოპოზიციური პარტიები ვინ არიან? 1-2 კაცია ნულოვანი მხარდაჭერით და რა ვიცი, რა სამუშაო პროცესში არ ვიღებთ მონაწილეობას?! აქეთ ამხელა სამუშაო პროცესი რომ გვაქვს, ამაზე არაფერს ამბობთ და იმას ეძახით სამუშაო პროცესს. ამ 12 პუნქტზე მთელი საქართველო ვთანხმდებით, ქართული ოცნების გარდა. ერთადერთი ვინც არ გვეთანხმება, პრორუსული ქართული ოცნებაა, იმიტომ, რომ მიზანი გვაქვს სხვადასხვა. ჩვენი მიზანია კანდიდატის სტატუსის მიღება, ხოლო მათი მიზანი რუსეთთან დაახლოებაა. პრორუსული და პროევროპული, ასე იყოფა დღეს საზოგადოება. _ დღევანდელი გადმოსახედიდან ხომ არ თვლით, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის შეწყვეტით შეცდომა დაუშვით? _ არცერთ შემთხვევაში. 19 აპრილის შეთანხმება და ამ შეთანხმებიდან „ოცნების“ გასვლა იყო ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც დააჩქარა დასავლეთის რეაქცია მათთან მიმართებაში. გაგახსენებთ, რომ ივანიშვილის ადვოკატი საჯაროდ აღიარებს, რომ გასული წლის ბოლოს და ამ წლის დასაწყისში დაეწყო ქონებაზე წვდომის პრობლემა ივანიშვილს. იმიტომ, რომ 19 აპრილის შეთანხმება არ იყო მხოლოდ ჩვენსა და მათ შორის. შეთანხმებას ჰყავდა 4 მხარე - ქართული ოცნება, ოპოზიცია, ევროპა და ამერიკა. როდესაც „ოცნებამ“ გადახია ეს, გადაახია სულ ყველას. დღეს რაც ხდება, როდესაც დეოლიგარქიზაციის ამოცანა უდგას საქართველოს, სწორედ აქედან გამომდინარეობს ეს ყველაფერი. ეს პროცესი რაღა თქმა უნდა, დააჩქარა უკრაინის ომმა, ოღონდ არ დაწყებულა უკრაინის ომთან ერთად. ის იოტისოდენა ნაპერწკალიც თუ მოსაზრება, რაც იყო ჩვენ საზოგადოებაში თუ დასავლელ პარტნიორებში, რომ „ოცნებისგან“ რაღაცა გამოდნებოდა, ეს დასრულდა და აღარ არსებობს. შესაბამისად „სტრატეგია აღმაშენებელმა“ შეწყვიტა პრორუსულ ძალასთან თანამშრომლობა. ჩვენ არცერთ ფორმატში მათ არ ვეთანამშრომლებით. მხოლოდ ერთ რამეზე ვართ მზად - ჩვენი ხმებით დავუჭიროთ მხარი იმ კანონებს, რომელიც მიგვიყვანს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსამდე, ოღონდ ვიცით, რომ ქართული ოცნების პირობებში ეს არ მოხდება. [caption id="attachment_774080" align="aligncenter" width="401"] "ჩვენ პროდასავლური ძალები დღესაც ერთიანები ვართ და არა მხოლოდ ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიები, ვაპირებთ კიდევ უფრო გავაძლიეროთ კოორდინაცია"[/caption]   _ ოპოზიციის მხრიდან, მათ შორის თქვენი მხრიდანაც ერთგვარი ანონსი იყო გაჟღერებული შემოდგომიდან ხელისუფლების რყევის თაობაზე. როდისთვის აპირებთ ამას? _ მე სიტყვა „რყევა“ არ გამომიყენებია. _ ტერმინი შესაძლოა არასწორად გამოვთქვი, მაგრამ შინაარსზე გეკითხებით. _ 2 კვირაა ვამბობ და თქვენთანაც გავიმეორებ, რომ ჩვენ გვაქვს მკაფიოდ განსაზღვრული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც ერთდღიანი არ არის. ჩვენი მიზანია პრინციპით მოქმედება, რომ კარგად მოემზადე და მერე გადადი შეტევაზე. ამ პრინციპით უნდა ვიმუშავოთ. თქვენ ალბათ გამოგრჩათ, რომ ქუთაისში ვიყავით ოპოზიციის წარმომადგენლები ერთად, გამოგრჩათ, რომ 12 პუნქტიანი გეგმა შევაჯერეთ სამოქალაქო სექტორთან ერთად. ეს ყველაფერი იმ დიდი სტრატეგიის ნაწილია, რომელმაც ქართული ოცნებისგან უნდა გაათავისუფლოს ჩვენი სამშობლო. ჩვენ ვდგავართ ამ გზაზე და ხვალაც და ზეგაც ნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს და ქმედებებს, საბოლოო ჯამში კი ეს დიდი გამარჯვებით დასრულდება. ცრუ მოლოდინები კი არასწორია. ხომ გახსოვთ ბრძნული გამონათქვამი: „ჯერ გადახტი და ჰოპლა მერე დაიძახეო“. ამ ფაზაში ვართ ჩვენ. ჯერ უნდა გადავხტეთ. _ ლეიბორისტები“ გაკრიტიკებენ ხოლმე მწვავედ და რატომ გაჩნდა დაპირისპირების ასეთი ხაზი ამ ორ პარტიას შორის? _ სად გამაკრიტიკეს? _ ნათელაშვილმა ისიც კი თქვა, ჩხარტიშვილმა შეუქმნა პარტიაო. _ მე არ ვპასუხობ, არ მაინტერესებს და ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ. იმიტომ, რომ ოპოზიციის ოპოზიცინერობა არის ყველაზე დიდი საქმე, რაც ქართულ ოცნებას შეიძლება გაუკეთო. ვწუხვარ, რომ ბატონი შალვა ემოციას ვერ იკავებს თუ ყველაზე განაწყენებულის პოზიციიდან ლაპარაკობს. მაგ ინტერვიუში აბსოლუტურად ყველას და ყველაფერს თავზე გადაუარა, რაც კი საქართველოში არსებობს და მარტო ჩვენ არა. არ ვპასუხობ მას. ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი