საფრანგეთის განვითარების სააგენტო, უკრაინას, დამატებით 100 მილიონ ევრომდე სესხს გადასცემს. შესაბამის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოაწერეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და საფრანგეთის ეკონომიკის, ფინანსთა, მრეწველობის და ციფრული სუვერენიტეტის მინისტრმა - ბრუნო ლე მერმა. ამ ინფორმაციას, უკრაინის ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თანხა, უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტის გენერალურ ფონდში, პრიორიტეტული ხარჯების დასაფინანსებლად გადაირიცხება, რაშიც არ იგულისხმება თავდაცვა.

"მადლობას ვუხდით საფრანგეთის მთავრობას, უკრაინის მხარდაჭერისთვის და დამატებით 100 მილიონი ევროს გამოყოფისთვის. ეს თანხა დაგვეხმარება სახელმწიფო ადმინისტრაციის ეფექტურობის შენარჩუნებაში, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტული ხარჯების დაფარვაში", - განაცხადა მარჩენკომ.

სამინისტრომ აღნიშნა, რომ სესხი გაცემულია ხელსაყრელი პირობებით: საპროცენტო განაკვეთი არის წლიური 1.04%, ხოლო სესხის საბოლოო დაფარვა,  ხელშეკრულების დადებიდან 15 წლის შემდეგ მოხდება.

გარდა ამისა, მხარეებმა განიხილეს უკრაინაში არსებული ფინანსური მდგომარეობა, დამატებითი დაფინანსების აუცილებლობა და ორივე ქვეყნის მთავრობებს შორის, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები.