„ჩვენ არ ვეძებთ იოლ გზებს და პრივილეგიებს ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით. კარგად ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება მხოლოდ გრძელი გზის დასაწყისია და მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მიზანს მივაღწიოთ და ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდეთ,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ევროკავშირი - საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-12 სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში გაიმართა.

სხდომაში საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციებმა, ასევე, საქართველოს აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეთა და კომიტეტის სხდომაზე გამომსვლელთა შორის იყვნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე და მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. კომიტეტის სხდომის ფარგლებში, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, განხილული იქნა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების, მათ შორის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელების მიმდინარეობა.

მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის ერთგულია და ახორციელებს რეფორმების ფართო სპექტრს, რომელთა მიზანი არა მხოლოდ ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება, არამედ სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების ხელშეწყობაა. მისი თქმით, საქართველომ, ევროკავშირთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად, მთელ რიგ წარმატებას მიაღწია - 2022 წელს ევროკავშირთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 29%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 20,5% შეადგინა, ამავე პერიოდში საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 20%-ით გაიზარდა და 863 მლნ. აშშ დოლარი იყო.

გენადი არველაძემ გაამახვილა ყურადღება უკვე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე სურსათის უვნებლობის, ხარისხის ინფრასტრუქტურის, სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტების, მეტროლოგიის, ბაზრის ზედამხედველობის, აკრედიტაციისა და სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით. მინისტრის მოადგილე ასევე ხაზი გაუსვა მიღებულ წარმატებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ევროკავშირის ბაზარი გაიხსნა საქართველოში წარმოებული ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის (თაფლი, შავი ზღვის თევზი, მატყლი, დამუშავებული ტყავი და ცხოველის საკვები. მან იმედი გამოთქვა, რომ მალე ამ სიას სხვა პროდუქტები შეემატება. „საქართველოს წარმატების უფრო მეტი მაგალითი სჭირდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც DCFTA-ს, ასევე ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის წარმოსაჩენად,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის საპარლამენტო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა. მისი მთავარი მიზანია ასოცირების შეთანხმების შესრულების ზედამხედველობა და საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.