"თბილისის ყველა მთავრობამ თავისებურად მოკლა ქალაქი", - ინტერვიუ ირმა ინაშვილთან

იაგო ნაცვლიშვილი

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი და თბილისის მერობის კანდიდატი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებზე კენჭს მხოლოდ ინფრასტრუქტურული პროექტების მისაღებად არ იყრის და პოლიტიკური პროცესია გადასარჩენი.

ინაშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ ოპოზიციური მერი ქვეყნისთვის კარგი იქნება, მაგრამ საქართველო პარქტიკულად ჩრდილოეთ კორეაა, სადაც ყოველთვის ერთი პარტია იმარჯვებს.

მერობის შემთხვევაში გულშემატკივართა საბჭოს შექმნასაც გეგმავს, რა დროსაც გადაწყვეტილებების მიღება სპეციალისტების მაქსიმალური ჩართულობით მოხდება.

რას გააკეთებს მერობის შემთხვევაში, რატომ აკეთებს მისი პარტია აქცენტს რუსეთზე, რატომ ფიქრობს კვირიკაშვილისა და ბოკერიას გარიგებაზე და რატომ დაუპირისპირდა ნინო ბურჯანაძეს? ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესი“ მერობის კანდიდატ ირმა ინაშვილს ესაუბრა:

ბოლო პერიოდში დაუპირისპირდით ნინო ბურჯანაძეს თუ ის დაგიპირისპირდათ. ყოველ შემთხვევაში მწვავე პოლემიკა წარიმართა თქვენს შორის. გიწოდათ ხელისუფლების სატელიტი პარტია. იყავით თუ არა ჩართული მოლაპარაკების პროცესში, რომელიც ოპოზიციური ბლოკის შექმნას შეეხებოდა. რატომ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამომრჩევლის წინაშე დამოუკიდებლად წარმსდგარიყავით?

არავითარი სერიოზული საუბარი საერთო კანდიდატურის დაყენებასთან დაკავშირებით არ ყოფილა ჩვენსა და სხვა ოპოზიციურ პარტიებს შორის. ქალბატონი ბურჯანაძე შეცდომაშია შეყვანილი.

თვითონ არ ესწრებოდა შეხვედრას?

არა. ასეთი შეხვედრა გაიმართა ერთადერთხელ, ამ ოფისში, როდესაც ბატონი კუკავა მობრძანდა და ასეთი გაერთიანება შემოგვთავაზა იდეის დონეზე. სხვა შეხვედრები არ ყოფილა. თუ ბურჯანაძისთვის ეს ერთი შეხვედრა და ინფორმაციის მოწოდება ნიშნავს ეს შეთანხმებას, ჩემთვის ეს ასე არაა.

ეს იყო ძალიან ნედლი ინიციატივა და ასეც შევაფასეთ მაშინ. ასეთ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ ოპოზიციის მთელი სპექტრი ასახელებს ერთ კანდიდატს, რომ გადაწონოს ხელისუფლების კანდიდატი. ყველა ოპოზიციური პარტია არ ერთიანდებოდა.

ყველა ოპოზიციური პარტია ვერ გაერთიანდებოდა, თუნდაც იმიტომ რომ არც თქვენ და ალბათ არც ბურჯანაძე არ გაერთიანდებოდა ენმ-თან, ან „ევროპულ საქართველოსთან“...

კი ბატონო, მაგრამ ორი პარტიისგან დასახელებულ კანდიდატს არავითარი გადამწყვეტი როლი არ ექნებოდა.

თუმცა, თუ თქვენც იქნებოდით გაერთიანებაში მეტი შესაძლებლობა არ იყო?

ჩვენ ვერ ვხედავდით მეტ შესაძლებლობას. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი პარტია, რომელსაც ჩვენი გეზი და სტრატეგია გვაქვს. მე არ ვეწევი ბურჯანაძის პარტიის რევიზიას და არ ვუკრიტიკებ პარტიულ გადაწყვეტილებებს. არ ვარ დაკავებული, რომ რეცენზიები ვწერო ქალბატონი ბურჯანაძის პარტიულ გადაწყვეტილებებზე. ეს მისი საქმეა. მე მას ვურჩევ, რომ ასევე არ ჩაერიოს ჩვენი პარტიის სტრატეგიაში.

ბურჯანაძემ რამდენიმე დღის წინ „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პატივს გცემთ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებს, თუმცა ბოლო პერიოდში მათ სიტყვა გაექცათო. რას იტყვით ამაზე?

მე არაფერი არ გამქცევია და არაფერი არ გამირბის სხვებისგან განსხვავებით. ძალიან ზუსტად მესმის, რას და რატომ ვლაპარაკობ. სამწუხაროდ ბურჯანაძე ყოველთვის თვითონ გვეხება. წლების წინ დაიწყო ეს პროცესი. გაუგებარია რატომ.

ქალბატონი ბურჯანაძე მაკრიტიკებდა ხან საგარეჯოს არჩევნების დროს. მაკრიტიკებდა შიმშილობის დროსაც და ეჭვი შეჰქონდა ნამდვილად ვშიმშილობდით თუ არა. ახლაც გამოვიდა და განაცხადა, რომ თურმე მოშიმშილეები უცნაურად შიმშილობდნენ. მეც გავახსენებ მას, რომ როდესაც 2007 წელს მისი კოლეგები პარლამენტში შიმშილობდნენ გადასაფერებელი არ შეატანინა ხალხს. საერთოდ მიმაჩნია, რომ ბურაჯანაძის სტანდარტი ძალიან დაეშვა დაბლა.

რას გულისხმობთ?

როგორც პოლიტიკოსი დისკვალიფიცირებულია და ამას ვგულისხმობ.

ვინ მიანიჭა დისკვალიფიკაცია?

თავის თავს თვითონ.

მისი რეიტინგი დაეცა და მაგას გულიხმობთ?

არა მხოლოდ. მისი განცხადებები პოლიტიკოსის განცხადებები არ არის. ეს არის გაბრაზებული დეიდას განცხადებები. არ მინდა ბურაჯანაძეზე მეტი კომენტარის კეთება. ისევევ როგორც ლევან ბერძენიშვილი და მისი ძმა აღარ არიან ჩემთვის საინტერესო პერსონები, ისეა ბურჯანაძეც.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკის სახით გამოხვედით. რა შეიცვალა მას შემდეგ? იმედგაცრუება ხომ არ იყო პარტნიორებში?

არა, ბლოკები იქმნება არჩევნების წინ და იშლება. არ არის სავალდებულო, რომ მარადიულად მოქმედებდეს ეს ბლოკი. საქართველოში ბლოკები იმიტომ იქმნება, რომ ერთობლივად გაუწიონ წინააღმდეგობა სახელისუფლებო რესურსს, ძალოვანი სტრუქტურების ჩართულობას არჩევნებში და ა.შ. ამიტომ შევქმენით ჩვენც. ჩვენი ბლოკის ყველა წევრს კაკო ასათიანს, კონსტანტინე გამსახურდიას და სხვებს პატივს ვცემ და დადებითი დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთთან, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე ჩვენ გადავწყვიტეთ დამოუკიდებლად გამოვსულიყავით არჩევნებზე და ეს ჩვენი არჩევანია.

მაშინ პირველი ექვსეული მხოლოდ თქვენი პარტიიდან დაკომპლექტდა...

როდესაც დომინანტი პარტიის გარშემო იქმნება ბლოკი, მას უფლება აქვს სია ისე დააკომპლექტოს პარტნიორებთან შეთანხმებით როგორც ის თვლის საჭიროდ. ასეც შეიძლებოდა სიის შედგენა და სხვანაირადაც. მას არავითარი პრობლემა არ მოჰყოლია.

რუსეთში თქვენი პარტიის ვიზიტებსაც უნდა შევეხოთ...

ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა როგორც შიდა პოლიტიკაზე, ისე საგარეო პოლიტიკის ნაწილშიც. ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებელია დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და რუსულ მხარესთან. ჩვენი დეპუტატები უკვე მეორედ იყვნენ რუსეთში და დუმის დეპუტატებს შეხვდნენ. ჩვენი მხრიდან პირველ რიგში საუბარია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებზე. შეხვედრებზე ითქვა, რომ თუ ჩვენ დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან და ოსეთთან რუსეთი არ ჩაერევა ამაში.

ვის მიერ ითქვა ეს?

რუსი დეპუტატების მხრიდან.

კონკრეტულად?

იგივე ბატონი კალაშნიკოვის და სხვების მიერ. ყველგან დევს ეს ინფორმაცია. კონსპირაციული შეხვედრები არავისთან გვაქვს. საჯარო პოლიტიკოსები ვართ. ამ შეხვედრების სტენოგრამა, ანუ დეტალური საუბრის ტექსტი გაეგზავნა საქართველოში აკრედიტებულ ყველა საელჩოს. ეს სხვათა შორის პირველად ხდება. ბევრი პარტია ჩადის ვაშინგტონში, ბევრიც მოსკოვში. ზოგი ღიად, ზოგი ჩუმად, მაგრამ არავინ სტენოგრამას არ უგზავნის საელჩოების წარმომადგენლებს.

ოპოზიციურ პარტიას შეუძლია, რომ ეს როლი ითამაშოს რაზეც თქვენ საუბრობთ, სახელმწიფოებრივი თანამშრომლობის როლი?

ოპოზიციურ პარტიას არ შეუძლია გადაწყვეტილებები მიიღოს. ჩვენ იმას კი არ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიწყებთ პირდაპირ დიალოგს და ჩვენ გვაქვს ეს ფუნქცია, რომ გადაწყვეტილებები მივიღოთ. მინდა ყურადღება მიაქციოთ იმას, რომ ხელისუფლებას მოვუწოდეთ, რომ დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან და ცხინვალთან და რუსულ მხარესთან. რუსეთს ველაპარაკებით, რომ აღდგეს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა.

რუსეთის რეაქცია როგორია? ამისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ?

ის, რომ 25 წლის მანძილზე პირველად ითქვა, რომ ჩვენ არ ჩავერევით, თუ თქვენ დაიწყებთ პირდაპირ დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთანო, ეს დიდი მიღწევაა.

გჯერათ, რომ ეს პირობა შესრულებული იქნება?

პოლიტიკაში ასეთი ტერმინები არ არსებობს და არ უნდა მიება ასეთ ტერმინებს. რა მნიშვნელობა აქვს მჯერა თუ არა, ეს არის მოცემულობა. ჩვენ არ უნდა ვისარგებლოთ ამით?!

ეს გარკვეული წინაპირობების ხარჯზე ხომ არ არის? მაგალითად, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატს ხომ არ ემუქრება გარკვეული საფრთხე?

არა, არანაირი წინაპირობის ხარჯზე არ ხდება. ჟენევის მოლაპარაკებას აქვს თავისი დატვირთვა, ის ვერ გაუქმდება. ასევე თავისი დატვირთვა აქვს აბაშიძე-კარასინის ფორმატს. 20-22 წელია რაც ჟენევის ფორმატი არსებობს, მაგრამ მე ვერ ვიხსენებ რაიმე ნაყოფიერ გადაწყვეტილებას, რაც ამ ფორმატმა მოიტანა. თუმცა, უნდა არსებობდეს და გააგრძელოს ფუნქციონირება. მაგრამ, ახალი ფორმატები უნდა შეიქმნას. მაგალითად ახალია საქართველო-ნატო-რუსეთი. რუსი დეპუტატების მხრიდან ამ ფორმატს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ეს ფორმატი უსაფრთხოების გარანტიებზე შეჯერებას ითვალისწინებს. რუსეთი მუდმივად ამბობს, რომ თუ საქართველო ალიანსში გაწევრიანდება ჩემთვის ეს არის საფრთხე, ახლა ჩვენმა დეპუტატებმა რუს დეპუტატებთან საუბარი ამაზე დაიწყეს, რომ ჩვენ უარს არ ვამბობთ ნატო-ში გაწევრიანებაზე და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაზე. ამის მიუხედავად, რუსული მხარე გვეუბნება, რომ ვცადოთ რა გამოვა. შესაძლებელია ურთიერთთავდაუსხმელობის პაქტის შემუშავება.

საქართველოს ხელისუფლებასთან თუ გქონდათ პირადად თქვენ ამ თემაზე საუბარი?

არ დაგიმალავთ, პირადადაც ველაპარაკე. საჯარო განცხადებებიც ნიშნავს იმას, რომ ველაპარაკები ხელისუფლებას. სამწუხაროდ ხელისუფლებას ეშინია ბოკერიების. ეშინია, რომ ბოკერიები მას დასავლეთში პრორუსულ ხელისუფლებად გამოაცხადებენ.

მოსკოვში ვიზიტისთვის დრო ცუდად ხომ არ იყო შერჩეული თქვენი მხრიდან? ვგულისხმობ იმას, რომ არჩევნების წინ ოპოზიციური პარტია ჩადის ოკუპანტ სახელმწიფოში. ხომ არ არის ეს ცუდი სიგნალი ქვეყნისთვის?

არა მგონია. ჩავედით მაშინ, როდესაც საჭირო იყო და როცა მათი მხრიდან იყო გამოხმაურება. ეს არჩევნებთან კავშირში არ არის. არჩევნების დასრულდება და ჩვენ განვაგრძობთ საუბარს რუსულ მხარესთან. ცუდია, რომ ამას ლეგიტიმაცია არ აქვს საქართველოს პარლამენტის მხრიდან. მოვუწოდებ პარლამენტის თავმჯდომარეს, როგორც ვიცე-სპიკერს ოფიციალურად დამავალოს კურირება ამ მიმართულების და ამ მოლაპარაკებების გაძღოლა. თუ ქვეყნის მთლიანობის აღდგენა არ გვინდა, მაშინ ესეც უნდა ვთქვათ. მოდით პირდაპირ გკითხავთ, არის თუ არა „პატრიოტთა ალიანსი“ პრორუსული პარტია?

არავითარ შემთხვევაში. ეს არის იარლიყი, რომელსაც ჯერ სააკაშვილის რეჟიმი აკერებდა ოპონენტებს. ამ იარლიყს ოპონენტები ქართული პარტიების, ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი პარტიების წინააღმდეგ იყენებენ. ჩვენ რუსული ფული, თუნდაც რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენის ფული არასოდეს არ მიგვიღია.

თვლით თუ არა, რომ რუსეთი ოკუპანტი ქვეყანაა და ამბობთ თუ არა ამას, იმ შეხვედრებზეც?

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დიპლომატიაში პოლიტიკური მხარეები ერთმანეთს შეხვდნენ, ოკუპანტი ხარ შენ და დავიწყოთ საუბარი, დამიბრუნეთ სოხუმი და ცხინვალიო?! ჩვენ არ ვთამაშობთ, დიდ პოლიტიკაზე ვლაპარაკობთ.

თუ ჩემი აზრი გაინტერესებთ, მე ვარ აფხაზეთის ომის მონაწილე და დიახ, რუსეთი ოკუპანტია. მაგრამ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მას, რომ არ გავუშვათ არცერთი შანსი ხელიდან.

ერთ-ერთ საარჩევნო რგოლში საუბრობთ, რომ სოხუმს და ცხინვალს რუსეთთან დალაპარაკების გარეშე ვერასდროს დავიბრუნებთო. რას ნიშნავს ეს, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების საარჩევნო რგოლში საუბრობთ ამას?

ადგილობრივი არჩევნები მარტო ლამპიონებთან არ არის კავშირში. პოლიტიკური პროცესი მიდის. მე როგორც კანდიდატი, ამ არჩევნებში მარტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სასაუბროდ არ შემოვსულვარ. თავიდანვე ვთქვი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება გარდასატეხია. არის უსამართლო საარჩევნო გარემო, კონსტიტუცია უზურპირებულია „ქართული ოცნების“ მიერ. კანდიდატურა პირველ რიგში იმისთვის დავაყენე, რომ ეს უსამართლო გარემო გარდავტეხოთ. ამ გარდატეხაში საგარეო საკითხებიც შედის. არ შეიძლება ხელისუფლება ბოკერიას იდეოლოგიის მძევლად დარჩეს.

არაერთხელ დაგიდანაშაულებიათ პრემიერი კვირიკაშვილი ბოკერიასთან გარიგებაში. თქვენ ხართ სერიოზული პოლიტიკოსი და ბუნებრივია ამ განცხადებებისთვის საჭიროა მყარი არგუმენტები. რა მტკიცებულებებს ემყარება თქვენი ასეთი ტიპის განცხადებები?

მყარი მტკიცებულება რომ არ მქონოდა ამ განცხადებას ნამდვილად არ გავაკეთებდი. ბოლო წლებში ვაკვირდებით პროცესებს, როგორ აცოცხლებს კვირიკაშვილის მთავრობა ბოკერიას ჯგუფს. ჯერ ამაყობდნენ იმით, რომ „ნაცმოძრაობა“ ორ ფრთად დაშალეს და ეს იყო კვირიკაშვილის გენერალური მიღწევა.

ვინ ამაყობდა ამით?

„ოცნების“ არაერთი წარმომადგენელი და მასთან დაკავშირებული არაერთი ექსპერტი. კი არ დაშალეს, ორივე ფრთა გამალებით ურტყამს ბიძინა ივანიშვილსა და „ოცნებას“ დასავლეთში. ის, რომ კვირიკაშვილის მთავრობა უნისონში ცდილობს ბოკერიას ჯგუფის გაძლიერებას, ეს ჩანს იმ საკანონმდებლო ცვლილებებიდანაც რაც ბოკერიას გუნდის სასარგებლოდ მიიღეს.

რა?

მაგალითად, საარჩევნო კოდექსში უცბად შეიტანეს ცვლილება და პარტიას მიენიჭა საარჩევნო ნომერი. პერსონალურად ამ პარტიისთვის განხორციელებული ცვლილება იყო. ჩვენ რომ საარჩევნო ნომერი მოგვნიჭებოდა წლების ბრძოლა დაგვჭირდა.

არ უნდა მიენიჭებინათ ნომერი?

კი, უნდა მიენიჭებინათ, მაგრამ ჩვენ რატომ გვიპირისპირდებოდნენ?!

ჩვენ ვხვედავთ პოლემიკას ბოკერიას პარტიასთან, სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში. ესეც კვირიკაშვილის გეგმის ნაწილია. ჩვენ ვერ ვხედავთ ირმა ინაშვილს მის ეთერში.

იქნებ ამ გადაწყვეტილებას თავად ტელეკომპანია იღებს?

კარგით რა, პატარა ბავშვს ვგავარ ან მე ან თქვენ?! ამას არც კი ვუშვებ, რომ ტელევიზია თავად წყვეტს. ამას სწყვეტენ ის პიარ-მრჩევლები, რომელბიც მიბმული არიან კვირიკაშვილზე, ბიგვავები და სხვები. ეს ხალხი ცდილობს ბოკერიას პარტიის გაცოცხლებას და როგორმე გაიტანონ მესამე ადგილზე „ნაცმოძრაობის“ შემდეგ. გარწმუნებთ, რომ ბოკერიას პარტიას „პატრიოტთა ალიანსზე“ მაღალი რეიტინგი არ აქვს. ამ ჯგუფს ქუჩაში 500 კაცზე მეტის გამოყვანა არ შეუძლია. აქციაც ერთგარი სოციოლოგიური კვლევაა. ჩვენ აქციაზე 20 000 კაცი იყო. არ შეიძლება მათ ჩვენზე მაღალი რეიტინგი ჰქონდეთ. ეს არის კვირიკაშვილის გეგმა, რომ ბოკერიას ჯგუფი და ენმ ჩვენზე წინ იყოს. ეს იმიტომ, რომ წინააღმდეგობის გაწევა არ უნდათ დასავლეთისთვის, კონკრეტულად აშშ-ის ელჩისთვის.

ამერიკის ელჩის მიერაა ეს ყველაფერი დაგეგმილი?

არა. მას უმქნიან განწყობას, რომ აი ის პარტიები, რომელბიც თქვენ მოგწონთ, ლიბერალური პარტიები მათ ჩვენ გაძლიერებაში ვეხმარებითო.

თუმცა, აშშ-ის ახლანდელ პრეზიდენტზე ვერ ვიტყვით რომ ლიბერალური ლიდერია...

ახლა ტენდენცია შეიცვლება. მსოფლიოში უკვე კონსერვატორები იმარჯვებენ. ურთულესი პროცესი მიდის, მაგრამ მოდის კონერვატორების ეპოქა. ეს ჯერ არ მოსულა საქართველოში, ჩვენ ჯერ ბრძოლაში ვართ. იგივე „ნაცმოძრაობამ“ გუშინდელ აქციაზე 3500 კაცზე მეტი ვერ მოაგროვა, ეს არის მაგათი პიკი.

ენმ-ის აქცია ახსენეთ და რა თემაზეც მართავს აქციას, ეს ნორმალური პროცესი გგონიათ? ივანიშვილისთვის ლარად გადაცემულ ქონებას ვგულისხმობ...

არ მგონია, მაგრამ მათთან ერთად არ გავაპროტესტებ.

ცალკე?

ცალკე თავისუფლად შემიძლია ვისაუბრო პროექტის მინუსებსა და პლუსებზე. ამაში პლუსებსაც ვხედავ. ძალიან საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტებს ვხედავ, იგივე თაბორის მთაზე. არის რაღაცა რაც მომწონს და არის რაღაცა რაც არ მომწონს.

თქვენ თანაგუნდელებზეც უნდა გკითხოთ. არაერთხელ გამხდარან ადა მარშანია და ემზარ კვიციანი სოციალურ ქსელებშიც, ისეც განხილვის თემა. ე.წ. ქუბები გაკეთებულა მათ გამონათქვამებზე თუ ქმედებებზე. გაგახსენებთ, მათ მუშტების ბრახუნს პარლამენტში. ემზარ კვიციანმა ეროვნული ბანკის რეზერვების მაგივრად ახსენა რეზერვუარები. ადა მარშანიამ ეროვნულ ბანკს მშობლიური ბანკი უწოდა და ა.შ. ასეთი ტიპის ბევრი ქმედება თუ განცხადება მოიპოვება თქვენს თანაგუნდელებზე გუგლში. არ გიქმნით ეს გარკვეულ უხერხულობას?

არანაირად არ მიქმნის უხერხულობას. იმიტომ, რომ იმდენ სისულელეს ვისმენ პარლამენტში სხვა დეპუტატების მხრიდან, მაგრამ მათ წარმოთქმულ სისულელეებზე არასოდეს არ გამიკეთებია კომენტარი. სამწუხაროდ სწორედ ჩვენ ვართ ეპიცენტრში და ჩვენი 6-კაციანი ჯგუფის გამონათქვამები პიარდება „შავი პიარის“ კუთხით. ჩემზეც ყოფილა. მთელი 5 წელია ვცეკვავ და „მოდი აქა“-ს ვამბობ. ეს ფრაქცია მიზანშია ამოღებული ყველას მხრიდან. თქვენ ერთხელ მაინც რომ დაესწროთ პარლამენტის სხდომას დილიდან საღამომდე სიცილით მოკვდებით, ისეთ განცხადებებს აკეთებენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც და ოპოზიციის წევრებიც.

მე ეს არ მიქმნის დისკომფორტს, ვიდრე საკითხი პირად შეურაცხყოფას არ შეეხება. სხვა მხრივ გვაქვს თმენის ვალდებულება და უნდა ავიტანოთ. თუ პირად შეურაცხყოფას ეხება, მეტი დაფიქრება მართებს მედიასაც და პოლიტიკურ ოპონენტებსაც.

გადავიდეთ, თემატურ ნაწილზე. თბილისის გენერალურ გეგმას თუ გაეცანით. იწონებთ თუ იწუნებთ პროექტს, რომელიც საკრებულოს ჯერ არ დაუმტკიცებია და როგორ ფიქრობთ, რამდენად სამართლიანად შეირჩა კონკურსის შედეგად „სითი ინსტიტუტის“ პროექტი?

ბევრი კითხვა არსებობს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით. ეს არის თბილისის განვითარების სტრატეგია და დედაქალაქის კონსტიტუცია. მაგრამ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც უცხოელ სპეციალისტებთან ერთად მომზადდა. გერმანელები იყვნენ ჩართული მის მომზადებაში. სამწუხაროდ, მათ არ გაუვლიათ კონსულტაცია ქართველ სპეციალისტებთან - ურბანისტებთან, არქეოლოგებთან, არქიტექტორებთან, გეოლოგებთან. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ დოკუმენტი, რომელიც არაერთ კრიტიკულ შენიშვნას იმსახურებს სწორედ პროფესიონალების მხრიდან. თავის დროზე XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში როდესაც თბილისის ისტორიული სტილი იქმნებოდა და მას აკეთებდნენ ევროპელი არქიტექტორები, ისინი ხდებოდნენ თბილისის ნაწილი.  ცხოვრობდნენ თბილისში, ეცნობოდნენ ქართულ სუფრას, ტრადიციებს, ზნე-ჩვეულებებს და აქედან გამომდინარე გვთავაზობდნენ ჩვენ სტილს. დღეს ასე არაა.

სპეციალისტების კრიტიკაში რას გულისხმობთ?

დღეს გერმანელმა სპეციალისტებმა გერმანული გეგმა შეგვიქმნეს. ამაში ვგულისხმობ მაგალითად, საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემას, რომ 2030 წლისთვის ძირითადად ფეხით მოსიარულეების ქალაქი უნდა იყოს და აქცენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გაკეთდეს. ეს კარგია, მაგრამ როგორ უნდა გაფართოვდეს თბილისის ქუჩები, არის თუ არა ამის რეზერვი? ეს ქუჩები დღემდე ეტლისთვის და ურმისთვის გათვალისწინებულია. არ წერია განვითარების რა სტრატეგიას ირჩევს გენგეგმა. ის არ არის მორგებული თბილისის ლანდშაფტსა და რეალობას. 1000 გვერდიანი დოკუმენტიდან დაახლოებით 800 გვერდის წაკითხვა მოვასწარი. მე არ ვარ სპეციალისტი, მაგრამ სპეციალიეტბს ვესაუბრე და ისინიც ამბობენ, რომ აუცილებელია ის მოერგოს თბილისს. ამიტომ საკრებულოს მოვუწოდებ, რომ არ იჩქაროს ამ გეგმის მიღება. ყველას ვინც შეიძლება გახდეს მერი, მოუწევს მისი გადამუშავება.

არაერთი შეკითხვაა კორუფციის ნაწილში. ისე მოხდა ამ კომპანიის გამარჯვება კონკურსში, რომ მერე დაფუძნდა კომპანია. დაახლოებით 2.8 მილიონი იყო პროექტზე გამოყოფილი. დაემატა სხვა ხარჯებიც და 3 მილიონს გასცდა. გვაქვს დოკუმენტი, რომელიც 3 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა, სინამდვილეში კი მომავალ მერს მოუწევს ამ გეგმის შეცვლა.

კონკურსთან დაკავშირებით ეს კითხვები და ეჭვები ჩანს. თუნდაც იმიტომ, რომ კომპანიამ გაიმარჯვა კონკურსში და მერე გატარდა რეგისტრაციაში და კომპანიად მერე დაფუძნდა. რატომ მაინც და მაინც ეს კომპანია?! რატომ მაინც და მაინც გერმანელი სპეციალისტები? მე მათ ჩრდილს კი არ ვაყენებ, მაგრამ როდესაც გყავს მაგალითად გიგა ბათიაშვილი, რატომ არ უნდა ყოფილიყო ის ჩართული გენგეგმის მომზადებაში?! გვაქვს დოკუმენტი, რომელიც 3 მილიონზე მეტი უკვე დაჯდა. მას ვერ გადავაგდებთ, უნდა დამუშავდეს და მოერგოს თბილისს.

წესით კალაძემ და სხვა კანდიდატებმაც უნდა მოუწოდონ საკრებულოს, რომ არ მოხდეს დოკუმენტის მიღება არჩევნებამდე და არც მერე, თუ მისი გადამუშავება არ მოხდება. თუ მერი გავხდები მას აუცილებლად გადავამუშავებ სპეციალისტებთან ერთად.

თუ მერი გახდებით რას აპირებთ „სითი პარკთან“ დაკავშირებით? ზოგიერთი კანდიდატი მისი გაშვებით იმუქრება, თქვენ რას აპირებთ?

ისინი იმუქრებიან, რომელთა პარტიამაც დაუშვა თავის დროზე „სითი პარკის“ არსებობა. პირველ რიგში უნდა დაიწყოს გამოძიება. როგორ აღმოჩნდა „სითი პარკი“ გამარჯვებული და რა პირობებით, რა კორუფციულ გარიგებას ჰქონდა ადგილი...

გამოძიება პროკურატურის მიერ?

დიახ.

მერს რა ბერკეტი აქვს გამოძიების დაწყების, გარდა იმისა რომ მოუწოდოს პროკურატურას გამოძიება?

მერს შეიძლება არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, მაგრამ მოწოდების დონეზე მერს ამისი გაკეთება შეუძლია. ეს გამოძიება ბევრ ფაქტს დადებს, „სითი პარკის“ საქმიანობა უნდა შეჩერდეს. არა მარტო შეჩერდეს, არამედ უნდა დაისაჯონ ის ადამიანები, ვინც მილიონები აკეთა თბილისელების ხარჯზე.

როგორც კომპანიას, ასევე ქალაქის მაშინდელ ხელმძღვანელობასაც გულისხმობთ?

რა თქმა უნდა.

პარკინგის მოწესრიგების მხრივ რა გეგმები გაქვთ?

ყველა კანდიდატი საუბრობს ავტოსადგომების თემაზე, მაგრამ ნოუ-ჰაუს ვერავინ ვერ ვიტყვით. ის ტენდენციები რაც სახეზეა პარიზში, ბრიუსელსა თუ ნიუ იორკში პირდაპირ უნდა გადმოვიტანოთ. ახალს ვერაფერს მოვიგონებთ. ეს არის მიწისქვეშა ავტოსადგომების განვითარების ინდუსტრია.

ამასთანავე ყველა ახალი მშენებლობა, რომელიც ქალაქში დაიგეგმება უნდა ითვალისწინებდეს მიწისქვეშა სადგომს. არა მარტო მოსახლეობისთვის, არამედ საზოგადოებრივი ავტოსადგომიც უნდა იყოს გათვალისწინებული. საცობებს ქმნის ბევრი რამ, მათ შორის ვიწრო ქუჩებიც. მისი გაფართოების ერთ-ერთ გზად თაღოვანი ტროტუარების მოწყობა მიმაჩნია. უნდა აღიწეროს თბილისში, ცენტრალურ ქუჩებზე სად არის შესაძლებლობა პირველი სართულების გამოთავისუფლების და შეიქმნას ე.წ. თაღოვანი ტროტუარების სავალი ნაწილი. ასევე აუცილებელია, რომ ცალკე ზოლი იყო ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსებისთვის და ცალკე ზოლი კერძო ავტომობილებისთვის.

ასევე არსად არ ხდება ისე, როგორც ჩვენთან როდესაც პიკის საათებში დადიან დასუფთავების სამსახურისა და დისტრიბუციის მანქანები. მსოფლიოში ეს იწყება ღამის 12 საათზე და მთავრდება დილის 7 საათზე. ეს საკითხიც გადასახედია.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების მიმართულებით რა გეგმები გაქვთ?

ქალაქში ავტოპარკი მოძველებულია. აქაც დიდი ფული იჭრებოდა ყოველთვის. ყიდულობდნენ ჩამოწერილ ავტობუსებს. არ არის კონდიცირება და მგზავრობისთვის ნორმალური პირობები. ანუ თბილისელების დიდი ნაწილი, რომელიც ავტობუსით მგზავრობს იტანჯება. ამასთანავე ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე უნდა გადავიდეთ. ელექტრომობილებსა და ჰიბრიდებზე გადასვლა ძვირია, მაგრამ გეზი ამ მიმართულებით უნდა იყოს. გარემო ძალიან დაბინძურებულია, ამიტომ პლუს ბუნებრივ და თხევად გაზზე მომუშავე ტრანსპორტს უნდა მივანიჭოთ უპირატესობა, რადგან გაზის გამონაბოლქვი უფრო ნაკლებად საზიანოა, ვიდრე ბენზინის და დიზელის. ყველა მანქანა ვერ გადავა უცბად გაზზე, მაგრამ ჰაერის დაბინძურება შესამჩნევად შემცირდება. იმიტომ, რომ გაზი ნაკლებად ტოქსიკურია და ტყვიას არ შეიცავს.

ზოგი კანდიდატი ველოსიპედებზე საუბრობს, მაგრამ თბილისს არ აქვს ის ლანდშაფტი, რომ ველოსიპედების ქალაქად იქცეს.

თუ ხელშეკრულებაში დევს პუნქტი მარავალმილიონიან კომპენსაციაზე, მაშინ როგორ მოხდება ხელშეკრულების გაწყვეტა?

თუ გამოიკვეთება კორუფციის ნიშნები და სს დანაშაული, ასევე ნეპოტიზმის ნიშნები კომპანიაში და დარღვევების მოცულობა, მაშინ აქეთ ექნება კომპანიას კომპენსაცია გადასახდელი.

თუმცა, ეს „ქართული ოცნების“ ნებაზეა, რომ პროკურატურამ გადახედოს მას. ამისთვის ჰქონდა 4 წელი...

ეს რომ ნორმალური ქვეყანა იყოს, თავისუფლად შეიძლება გახდეს ოპოზიციური კანდიდატი, მაგრამ ჩვენ არანორმალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ყოველთვის ერთი პარტია იმარჯვებს. პრაქტიკულად ჩრდილოეთ კორეაში ვართ. ეს არჩევნებიც პოლიტიკური სპექტაკლია. ამ უთანასწორო პირობებში ძალიან ძნელი წარმოსადგენია ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვება.

თქვენ დაუჭერდით თუ არა მხარს ოპოზიციურ კანდიდატს, თუ თქვენ მეორე ტურში ვერ გახვედით?

გააჩნია კანდიდატს. მე ვერ ვხედავ კანდიდატს, რომელსაც მხარს დავუჭერდი. წარმოდგენილი კანდიდატებიდან მხოლოდ კუკავა არ არის „ნაცმოძრაობასთან“ დაკავშირებული კანდიდატი ოპოზიციიდან.

ელისაშვილი ან შერგელაშვილი არიან?

ელისაშვილი არის. შერგელაშვილი არ არის ის მთავარი მოთამაშე, რომელზეც შეიძლება ღიად ვილაპარაკოთ. ამას მისდამი პატივისცემით ვამბობ და არავითარ შემთხვევაში არ ვაკნინებ მას. ძირითადი კანდიდატები დაკავშირებული არიან ენმ-თან, იმ იდეოლოგიასთან და მსოფლმხედველობასთან დაკავშირებული. შეიძლება პირდაპირი წევრი არ იყოს.

ხეების ჩეხვა და მშენებლობები უმნიშვნელოვანესი პრობლემაა თბილისისთვის. აღნიშნეთ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის საგანგაშო კვლევის შესახებ. როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა ისე, რომ არც სამშენებლო ბიზნესი დაზარალდეს და ეს პრობლემაც გადაიჭრას?

ეს პრობლემა კომპლექსურია. მაგალითად, ძველ თბილისში მშენებლობები უნდა შეჩერდეს. რაც დაწყებულია ის უნდა დასრულდეს. დემონტაჟი უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ახლის აშენება. როდესაც კანდიდატები ამაზე საუბრობენ, ეს დემაგოგიაა! თბილისი-რუსთავის 25 კილომეტრიან გზაზე შეიძლება ახალი განაშენიანების დაწყება. თუნდაც მუნიციპალური ბინათმშენებლობები. ეს მოხსნის უსახლკარობის პრობლემას.

ხომ არ არის ეს პოპულისტური განცხადება?

არა. ბსოლუტურად რეალისტურია. შეიძლება თბილისის ბიუჯეტიდან 2%-მდე გამოყოფა, დაახლოებით 16 მილიონი ლარი. ამაში ჩადებული იქნება სამშენებლო კომპანიების წილიც, რაზეც არც კომპანიები იქნებიან წინააღმდეგები, რომ 30-40 წლიანი განავდებით მიიღონ ჩვენმა მოქალაქეებმა ბინები, ვისაც თვეში მინიმალური გადასახადის 100-120 დოლარის გადახდა შეუძლია. იმ ადამიანებმა კი, ვინც ღამეს გარეთ ათევს, საჩუქრად მიიღოს 50-70 კვადრატულის ფართის ბინები. ბევრი სამშენებლო კომპანია უკვე გამოეხმაურა ამ იდეას.

რაც შეეხება ხეების ჭრას. ხან მილიონი ხის დარგვაზე საუბრობენ, ხან სანიტარულად დაავადებული ხეების ჭრაზე. ყველაფერში საჭიროა კომპეტენცია. სამწუხაროდ დღეს მერიას ეს აკლია. თბილისის ყველა მთავრობამ, შევარდნაძის ეპოქიდან დაწყებული ყველამ თავისებურად მოკლა ქალაქი. ის, რომ სკვერები და პარკები აღარ გვაქვს და ჩადგმულია ყველგან ეს უსახური ცათამბჯენები, ეს თბილისის გენოციდია. სპეიცლაიტებმა უნდა მოგვცენ რჩევები რა და როგორ გავაკეთოთ.

სპეციალური ჯგუფის შექმნას ხომ არ გეგმავთ?

აუცილებელია ეს. მერს უნდა ჰყავდეს ეფექტური საკონსულტაციო ჯგუფი. ამას მე დავარქვი გულშემატკივართა საბჭო, სადაც უხუცესი თბილისელებიც იქნებიან, ახალგაზრდა არქიტექტორები და ურბანისტებიც. ყველა, ვისაც უყვარს და სტკივა თბილისი და ვინც იცნობს თბილისს პროფესიონალურად.

მტკვრის სანაპირო შეიძლება გამოყენებული იყოს რეკრეაციული ზონების მოსაწყობად. არის ადგილები, სადაც შესაძლებელია დასვენების პატარა ოაზისების მოწყობა. ცხადია, იქ ვერ იცურავებთ როგორც ზღვაზე, მაგრამ დაისვენებთ და იქნება ეკოლოგიურად სუფთა გარემო.

იყო დრო თბილისის ზღვაზე წყლის დაბინძურება მუდმივად მოწმდებოდა. ახლაც პრობლემაა. აუცილებელია მისი მოწყობა, მაგრამ საჭიროა არა მარტო მერიის ინიციატივები, არამედ კერძო ინვესტორების დაინტერესებაც.

ე.წ. ელიავაზე უნდა გაკეთდეს რეკრეაციული ზონა?

მე მომხრე ვარ რეკრეაციული ზონების მოწყობის. ასეთი ინდუსტრიული ცენტრები ყველგან ქალაქგარეთაა. პარიზის ან რომის შუაგულში ვერ ნახავთ ასეთ სავაჭრო სივრცეს. ძირითადად ასეთი სივრცეები ქალაქგარეთაა. ჩვენც გეზი ამ მიმართულებით უნდა ავიღოთ და ქალაქში ბევრი სიმწვანე უნდა იყოს.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მხრივ რა გეგმები გაქვთ?

უნდა აღიწეროს ეს ყველაფერი. უნდა გვქონდეს სრულყოფილი მონაცემები კულტურული შენობა-ნაგებობების შესახებ. უნდა მოვუაროთ, შევინარჩუნოთ. აქაც საჭიროა პროფესიონალების ჩართვა. თბილისის მერი არის მენეჯმენტის წარმმართველი.

მერი უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერი?

ეს არის პოლიტიკური თანამდებობა. მერი პირველ რიგში არის დირიჟორი, რომელსაც ჰყავს თავისი ორკესტრი ვიცემერების და სამსახურების სახით. როგორ და პარტიტურით უკრავს, ამას მერი დებს.

ნარმანიას უმთავრდება უფლებამოსილება. მას თბილისისთვის ღირებული არ შეუქმნია?

არ მინდა ასე მწვავე ვიყო. მით უმეტეს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ტოვებს თანამდებობას. რაღაცა შექმნა ალბათ, მაგრამ ვერ ვიხსენებ რა არის ასეთი მკაფიო. ვთქვათ პეკინის გამზირი. ეს მახსოვს. სხვა ისეთი შთამბეჭდავი არ მახსოვს.

მისი მთავარი პრობლემა რა არის?

ჩაკეტილობა. ეს საერთოდ „ქართული ოცნებისთვისაა“ დამახასიათებელი. სხვების არმოსმენა და არგათვალისწინება. მე ჟურნალისტი როდესაც ვიყავი სტატიას როდესაც ვწერდი, ან გადაცემის სცენარს, ყოველთვის ვაკითხებდი სტაჟიორს. ვიღებდი რჩევებს და უკეთესი გამოდიოდა. „ქართული ოცნების“ მინისტრები, გამგებლები თუ გამგებელი არავის არაფერს ეკითხება. ეს ქვეყანა საკუთრება ჰგონიათ და ასეთი ცალმხრივობა ცუდად მთავრდება ხოლმე.

მსგავსი სიახლეები
სამედიცინო ცენტრის ’’მრჩეველი-ლიმბახის ევროპული ჯგუფი’’ ახალი ფილიალი გლდანში

21 ნოემბერი, 2017

სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“ ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის წევრი, მისი საერთაშორისო პარტნიორი და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. 2017 წელს სამედიცინო ცენტრის „მრჩეველი“ ფილიალები გაფართოვდა:  სულ ცოტა...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

21 ნოემბერი, 2017

22 ნოემბერს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ქალაქ გორის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდება,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს.  წყალმომარაგების შეზღუდვა...

მეტი

"თბილისის ყველა მთავრობამ თავისებურად მოკლა ქალაქი", - ინტერვიუ ირმა ინაშვილთან

"თბილისის ყველა მთავრობამ თავისებურად მოკლა ქალაქი", - ინტერვიუ ირმა ინაშვილთან
23:35 | 18 ოქტომბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი