"კარგები ვართ თუ ცუდები, ხელისუფლების ალტერნატივა ჩვენ ვართ", - ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

იაგო ნაცვლიშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ მისი მერობის შემთხვევაში დედაქალაქში კაზინოებსა და სლოტკლუბებს გააუქმებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი გაანადგურა. ის ემხრობა იდეას რომ კაზინოები ისეთ ადგილას გადავიდეს, სადაც რიგით მოქალაქეებს ხელმისაწვდომობა არ ექნება.

გიორგი გუგავა „აიპრესთან“ ინტერვიუში იმასაც აცხადებს, რომ ეს არ არის მხოლოდ მერისთვის ბრძოლა და ეს სისტემის ნგრევისთვის ბრძოლაა. ამბობს, რომ ქვეყანაში ბანკირების დიქტატურა უნდა დამთავრდეს. მისი თქმით, საჭიროა, რომ საბოლოო ჯამში რეგულაციები დაწესდეს ბანკებთან მიმართებაშიც და ამასთანავე უნდა გაუქმდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

მერობის შემთხვევაში გუგავა გეგმავს, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდეს, ხოლო იმ დეველოპერებს, რომლებსაც დარღვევები ექნებათ ჯარიმებს დააკისრებს. გუგავა „სითი პარკის“ გაშვებასა და მისთვის ჯარიმის დაკისრებასაც აპირებს. მისი გეგმის მიხედვით, ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა მეტრპოლიტენის განვითარებისა და ტრამვაის შემოყვანის მიმართულებითაც, თუმცა დასძენს, რომ შეუძლებელია 4 წელში ამ ყველა მიმართულებით მუშაობა დასრულდეს.

სად მივა გუგავა, ვინ იქნება მის გუნდში და რას გეგმავს თბილისის განვითარების მიმართულებით? ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესი“ გიორგი გუგავას ესაუბრა:

სანამ თემატურ ნაწილზე გადავალთ, ინტერვიუ პოლიტიკური ნაწილით დავიწყოთ. თქვენი პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა საკმაოდ ორიგინალურად წარგადგინათ მერობის კანდიდატად. გამოხმაურების მხრივ რეკორდები მოხსენით. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე პოპულარული წარდგენა გქონდათ, განსაკუთრებულად ეს სოციალურ ქსელში იგრძნობოდა. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პიარი თუ სპონტანურად ნათქვამი ფრაზები ნათელაშვილის მხრიდან?

არა, ეს იყო სპონტანურად ნათქვამი, მაგრამ საკმაოდ ეფექტური გამოდგა. პარტიები პიარისთვის ხარჯავენ მილიონებს: ბილბორდებს ამზადებენ, პლაკატებს აკრავენ, ბუკლეტებს ბეჭდავენ, სატელევიზიო კლიპებს აკეთებენ, პიარ-მენეჯერებს ქირაობენ და მილიონებს იხდიან ამაში. პიარ-მარკეტინგული თვალსაზრისით ჩემი წარდგენა ძალიან ეფექტური გამოვიდა. გეთანხმებით, რომ ყველა რეკორდი მოხსნა.

ანუ წინასწარ ამ საკითხზე პარტიაში მსჯელობა საერთოდ არ გქონიათ?

წარდგენის ფორმაზე ბუნებრივია გვქონდა მსჯელობა. წარდგენა გავაკეთეთ ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან, რაც შემთხვევით არ ყოფილა შერჩეული. მას თავისი სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა, მაგრამ ფრაზები „გუგავა მოვა“-ს შესახებ სპონტანურად იყო ნათქვამი.

შალვა ნათელაშვილი ნიჭიერი კაცია და მას არ სჭირდება წინასწარ მომზადება. ცნობილია რომ მას არ სჭირდება პიარშიკები, კარგად გრძნობს საზოგადოების გულისთქმას და იმ პრობლემებს რაც ქვეყანაშია. ის წინასწარ არასოდეს ამზადებს ტექსტებს.

ცნობილია, რომ „ლეიბორისტები“ კარგად ხართ იუმორთან, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, როგორ მიიღეთ საზოგადოების გამოხმაურება. პრაქტიკულად ყველას „გუგავა მოვა“-ს შემცველი პოსტები ჰქონდა სოციალურ ქსელში. ძალიან ბევრი „ქუბები“ და ვიდეორგოლები გაკეთდა. როგორ მიიღეთ ეს ყოველივე?

ძალიან ბევრი „ქუბი“ გაკეთდა, ვიდეოები, პოსტერები, სიმღერები... უამრავი რაღაც, მაგრამ ჩვეულებრივად მივიღე. ბევრ რაღაცაზე მეც კარგად გავერთე. ზოგიერთი ცინიკური და არასასიამოვნოც იყო, მაგრამ როდესაც პოლიტიკოსი ხარ, შენ არ გაქვს უფლება გაუბრაზდე ვინმეს, ამომრჩეველს. ასეთი შემთხვევისათვის არსებობს ცივი წყალი. აქედან გამომდინარე კარგად მივიღე.

მართლა ყველასთან მიხვალთ? მაგალითად, არჩევნებზე რომ მოგცეთ ხმა და გამიჭირდეს მართლა მოხვალთ თუ არა ჩემთან და თითოეულ თბილისელთან?

რა თქმა უნდა, მივალ. ყველა გადაწყვეტილება უნდა მივიდეს თითოეულ თბილისელთან. საქართველოში ასეთი სტეროტიპია შექმნილი, რომ ჰგონიათ ბატონი უნდა აირჩიონ. ბატონი რომელიც უნდა ხრავდეს ბიუჯეტს, სარგებლობდეს პრივილეგიებით, იჯდეს შავ ჯიპში, გამოიწეროს პრემია-დანამატები, ჩაერთოს კორუფციულ სქემებში და ნებართვები გასცეს უკანონო მშენებლობებზე, რომელმაც უნდა მოჭრას ხეები და შეგვიზღუდოს სივრცე და ა.შ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენელი დეპუტატი იქნება თუ მერი ვალდებულია იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე. მას ჩვენი ჯიბიდან იმიტომ ვაძლევთ ხელფასს, რომ მოგვაროს ჩვენი პრობლემები.

მართალია ამ გამონათქვამში „გუგავა მოვა“ ცოტა უტრირებული იყო, მაგრამ იდეაში სწორედ ეს არის მერის ფუნქცია. თუ საჭიროა მერი პირადადაც უნდა მივიდეს.

უტრირებულში რას გულისხმობთ?

ზოგიერთმა ეს აღიქვა ისე რომ საყოფაცხოვრებო პრობლემა თუ შეექმნა, ვთქვათ ონკანი თუ აქვს გასამართი იქ უნდა მივიდეს მერი. მაგრამ როდესაც წყლის მიწოდება შეწყვეტილი აქვს უბანს, იქ უნდა მივიდეს. როდესაც ტარიფებს უზრდიან, იქ უნდა იყოს მერი და ამ ბრძოლაში უნდა იყოს ჩართული. როდესაც ხეს ჩეხავს მავანი, დეველოპერი იქნება თუ სხვა, იქ უნდა იყოს მერი. როდესაც ბანკი ოჯახს სახლიდან ასახლებს, აბა სად უნდა იყოს მერი?! აბა რისთვის ირჩევენ მერს, იმისთვის რასაც ნარმანია აკეთებს? ან მისი წინამორბედი თუ იმის წინამორბედი?! დააქციეს ქვეყანა და მილიარდერები გახდნენ! ეს სტერეოტიპები უნდა დავანგრიოთ. სახელმწიფო სამსახურში მსახურები გვჭირდება.

ახსენეთ ნარმანია და მისი წინამორბედი. ასე ფიქრობთ, რომ უგულავა მერიის ხარჯზე მილიარდერი გახდა?

მე კი არ ვამბობ ამას, მან აღიარა ეს.

როდის და სად აღიარა?

ამის გამო ის პასუხისგებაში იყო მიცემული. მან აღიარა, რომ საბიუჯეტო სახსრები პარტიული საჭიროებებისთვის იხარჯებოდა. ნახეთ მათი ქონებრივი დეკლარაციები. ნახეთ, როდესაც თანამდებობიდან მიდიან რა ქოენებებს ფლობენ. საიდან ეს ქონება?! მათი წინაპარის ოქროთი ჩამარხული ქოთანი ხომ არ აღმოაჩინეს? რა თქმა უნდა ბიუჯეტიდან მოიპარეს ფული და იქიდან გახდნენ მილიონერები.

როდესაც მერად წარგადგინათ შალვა ნათელაშვილმა საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა. წაგიკითხავთ ციტატას: „სოციალური გაჭირვება, სიდუხჭირე, შიმშილი, ტარიფების გაძვირება, სწავლის შეზღუდვა ჩვენი მომავალი თაობებისთვის. ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე... ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს გვერდით“. ეს იყო არაპირდაპირ ნათქვამი ფრაზები თუ ამ ყველაფრის გაკეთებას მართლა აპირებთ?

ეს იყო არაპირდაპირადაც და პირდაპირადაც. მერის საქმიანობა აქეთკენ უნდა იყოს მიმართული, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები.

ყველა ამ საკითხის მოგვარებას ადგილზე მისვლით გეგმავთ?

აბა რისთვის ვირჩევთ მერს? ჩავხედოთ თვითმმართველობის კოდექსს, რა უფლება-მოვალეობები აქვს. მას სწორედ ეს აკისრია, რომ ეს ადგილობრივი პრობლემები მოაგვაროს. ჩვენ ვცხოვრობთ ოლიგარქიულ სისტემაში. როდესაც ძალაუფლება ხელში აქვთ აღებული ბანკირებს. ბანკირების დირექტორიატი მართავს ქვეყანას. ეს ქვეყანა ხელში აქვთ მონოპოლისტებს. ამ ძალაუფლებას პოლიტიკურ ძალაუფლებასთან ერთად ფლობენ. ფლობენ ბანკებს, ფინანსებს, ეკონომიკას, ბიზნესს, სასიცოცხლო რესურსს და ამ ძალაუფლებას კვლავ გამდიდრებისთვის იყენებენ.

გასაგებია, რომ სერიოზული პრობლემებია ამ მხრივ, მაგრამ თვითმმართველმა ორგანომ როგორ უნდა მოაგვაროს ეს პრობლემები?

გეტყვით. ჩვენ უფლებრივადაც მონურ მდგომარეობაში ვიმყოფებით. დღეს ხელისუფლებაში თანამედროვე ფეოდალები არიან. თუ მონებად გვინდა ყოფნა, მაშინ გავყიდოთ ჩვენი თავისუფლება. ბუნებრივია როდესაც იყიდიან შენ თავისუფლებას მოგექცევიან ისე, როგორც მონას.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა გადაწყდეს ის პრობლემები რაზეც ვისაუბრეთ. პირველი რევოლუციური გადაწყვეტილებები უნდა მივიღოთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ხელისუფლებას კი არ მოხმარდეს, მათ ფუფუნებას, მათ ავტომობილებს, რბილ ავეჯს, მათ უთავბოლო მოგზაურობას, არამედ მოხმარდეს ხალხის პრობლემების მოგვარებას.

მე გეტყვით მერად მოსვლის შემთხვევაში ერთ თვეში რას გავაკეთებ. 1. დაცვა უნდა მოიხსნას, როგორც მერის კარებიდან, ისე გამგეობებიდან და ყველა სახელმწიფო სტრუქტურიდან. ბუნებრივია თვითმმართველობის ფუნქციებში რაც შედის. არანაირი დაცვა არაა საჭირო, რომ ამომრჩეველი საკუთარ მრჩეველს შეხვდეს. დაცვის ბარიერები არ სჭირდება. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არაა ეს ბარიერები. მეტსაც გეტყვით, „გუგავა მოდისო“ აქედან რომ გამოვიდეთ. სადაც ადმინისტრაციული შენობა არ იქნება იქ მერი უნდა გავიდეს, გაშალოს კარავი და პირდაპირ იმ უბანში უნდა მიიღოს მოქალაქეები თავიანთ საჭირბოროტო საკითხებზე.

მეორე უნდა გაუქმდეს ყველა პერსონალური ავტომობილი. თვითმმართველობის თანამდებობის პირებს არ სჭირდება, არც ბენზინი და არც ძვირადღირებული ავტომობილები. ყველას ჰყავს ავტომობილი, ვისაც არ ჰყავს, ნება იბოძოს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით იაროს. ხალხთან უფრო ახლოს იქნება და უკეთესად გაეცნობა მათ პრობლემებს. ამით დაიზოგება უზარმაზარი თანხები.

თვეში 1000 ლიტრამდე საწვავს იღებენ, ან სად ხარჯავენ, დედამიწას ურტყამენ წრეს?! სად მიაქვთ?! ეს ხომ ძარცვაა. ეს დაზოგილი თანხები უნდა გადავუნაწილოთ მათ, ვინც თბილისს ემსახურება. ესენია: დასუფთავების სამსახურის რიგითი თანამშრომლები, კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები, ტრანსპორტის თანამშრომლები, ბაგა-ბაღების პედაგოგები, ახალგაზრდებზე, რომლის ოჯახს არ აქვს საშუალება, რომ სწავლის საფასური გადაუხადოს. აკადემიური თვალსაზრისით წარჩინებულ სტუდენტებს რა თქმა უნდა დააფინანსებს მერია. საუბარი მაქვს მხოლოდ წარჩინებულ სტუდენტებზე.

უნდა აიკრძალოს ყოველგვარი პრემია-დანამატების გაცემა. სანამ გყავს მშიერი მოქალაქეები და მას საკვებად 1.18 ლარს აძლევ, სანამ გყავს ამდენი უსახლკარო და გყავს ბავშვები, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან, ყოველწლიურად 500 ბავშვი იღუპება, ეს კატასტროფაა. როდესაც ასეთ პირობებში პრემია-დანამატებს იღებ დამნაშავე ხარ. ეს უნდა აიკრძალოს და ეს იქნება პირველი გადაწყვეტილება.

საუბრობთ დაცვის სამსახურის მოხსნაზე და პრემია-დანამატების გაუქმებაზე. საჯარო სამსახურებში თანამშრომლების შემცირებასაც ხომ არ აპირებთ?

უსაქმური სანათესავო და პარტაქტივი უნდა გამოყარო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან. ისინი არ უნდა შეინახო ბიუჯეტის ხარჯზე. 

მეტსაც გეტყვით „სითი პარკს“ გავუშვებ. მე იურისტი ვარ და კარგად ვიცი, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით საჯარო უფლებამოსილების განხორციელება მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს აქვთ. აი მაგალითად, საზღვრის დაცვას პოლიცია ახორციელებს, საფინანსო ადმინისტრირებას - ფინანსთა სამინისტრო... ასევე არ აქვს უფლება კერძო კომპანიამ გამოწეროს ქვითარი და დააჯარიმოს მოქალაქე. ეს ანტიკონსტიტუციურია.

გააუქმებთ „სითი პარკთან“ გაფორმებულ ხელშეკრულებას?

რა თქმა უნდა.

ხელშეკრულებაში დევს, რომ სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს მერიას...

არანაირი კომპენსაციის გადახდა არ მოუწევს. ყველა ხელშეკრულება, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან, ბათილია. ეს კონსტიტუციითაა განსაზღვრული. პირიქით „სითი პარკს“ ბიუჯეტისთვის მოუწევს საურავის გადახდა. ჯარიმის გადახდა ორი მიზეზის გამო მოუწევს.ჯერ იმიტომ რომ ხელშეკრულება არაკონსტიტუციური იყო და მეორე, მას არანაირი პირობა არ შეუსრულებია. დამისახელეთ პარკინგის ერთი ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ კომპანიამ შექმნა თბილისში. გარდა ჯარიმებისა, რომელიც მან ამოიღო. არადა მისი ვალდებულება იყო რომ მიწისქვეშა და მიწისზედა პარკინგის ინფრასტრუქტურა შეექმნა. ასეთ შემთხვევაში მინიმალური გადასახადი უნდა ყოფილიყო და ამავე დროს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას ქალაქის ხელმძღვანელობა უნდა ანხორციელებდეს. თითქოს არაფერი ერთი მძარცველი კომპანია, მაგრამ ამავე დროს დარტყმის ქვეშ ვაყენებთ სახელმწიფოს. შეიძლება მართლმსაჯულება შპს-მ ჩაიბაროს, ან საგადასახადო ადმინისტრირება? ეს ხომ დაუშვებელია? ასევეა ესეც.

ამავე დროს პირდაპირ მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს მშენებლობებზე მჭიდროდ დასახლებულ უბნებში. ცენტრალურ და გარე უბნებად დაყოფაც დისკრიმინაციულია. ქალაქი არის ქალაქი. სიკეთე თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს ყველაზე. შემდეგ უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო, სადაც შევლენ პროფესიონალი არქიტექტორები, ურბანისტები, კულტუროლოგები და ასევე იმ უბნის წარმომადგენლები, სადაც ეს მშენებლობა უნდა დაიგეგმოს და ამავე დროს ეს უნდა იჯდეს ქალაქის განვითარების გენერალურ გეგმაში. ეს თუ არ გავაკეთეთ, ვხედავთ რომ ბეტონის მონსტრებისგან ამ ქალაქში არქიტექტორულ-ისტორიული კვალი იშლება და ამავე დროს არ არსებობს სასიცოცხლო სივრცე, რეკრეაციული ზონები. სად ვაპირებთ ცხოვრებას?! რომელ სიცოცხლის ქალაქზეა ლაპარაკი, როცა მოქალაქეები გვეღუპებიან და ადამიანებს საცხოვრებლები არ აქვთ. გვყავს თანამედროვე ფეოდალური ელიტა, რომელიც პოლიტიკური არენიდან უნდა გავაძევოთ.

ამ არჩევნებს ეს დატვირთვაც აქვს. დავიწყოთ ამ სისტემის ნგრევა. ამ ხელისუფლების ერთადერთი იდეოლოგიური მტერი ჩვენ ვართ. დანარჩენებს ჩანაცვლება უნდათ. ჩვენ სისტემის დანგრევა, ბანკირების დიქტატურის დანგრევა გვინდა. პრაქტიკულად ყველა მოქალაქე ბანკის მძევალია.

რაც მთავარია ეს ქალაქი კაზინოებისა და ყომარბაზების ბუდედ რომ იქცა ნახევარი ქალაქი, ეს მოგწონთ თქვენ?! უნივერსიტეტის წინ, სპორტის სასახლის წინ რომ კაზინოებია და იღუპება ახალგაზრდობა ეს მოგწონთ?!

კაზინოების აკრძალვას აპირებთ?

რა თქმა უნდა, უნდა აიკრძალოს. თბილისში არცერთი კაზინო არ იქნება, არცერთი სლოტკლუბი არ იქნება. ეს საკუთარი მოქალაქეების გაწირვაა.

ასეთი განცხადებები შეიძლება ბიზნესზე რეკეტად ჩაგითვალონ...

რა რეკეტი. ჩვენს სამეზობლოში ეს ბიზნესსაქმიანობა, თუ მას ბიზნესსაქმიანობას დაარქმევთ თქვენ კაზინოებს, ყველაგნ აკრძალულია.

არა მარტო კაზინოებზე, ასევე საუბრობთ ბანკებზეც...

ბანკები მკაცრად რეგულირებადი სფეროა მთელ მსოფლიოში. საქართველოს სინამდვილეში კი მონსტრებად იქცნენ. ისინი არიან ხელისუფლებაში, დაწესებული აქვთ კატასტროფული პროცენტები, საურავები, საკომისოები. ფლობენ აბსოლუტურად ყველა ბიზნესს. თბილისის წყალს „საქართველოს ბანკი“ ფლობს და პირველი რა გაკეთდა იცით? განაცხადი შეიტანა სემეკში ტარიფის მომატების შესახებ. თქვენ გინახავთ, რაიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა გაეუმჯობესებინოს წყალმომარაგებაში. სამშენებლო ბიზნესში არიან, ღვინის წარმოებაში, სამედიცინო ბიზნესში... ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშემწყობი კი არაა ჩვენს რეალობაში, არამედ პირიქით ბანკები ისტორიულ მოგებაზე გადიან. 303 მილიარდზე გავიდა მათი მოგება ერთ წელიწადში.

საუბრობთ, საბანკო რეგულაციებზე, მაგრამ თვითმმართველობამ როგორ უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი?

ცვლილება უნდა დაიწყოს გლობალურად. თვითმმართველობა ამ პრობლემას გლობალურად ვერ გადაწყვიტავს. ამის თქმა მოტყუება იქნება. მაგრამ ხომ არსებობს იმის შესაძლებლობა რომ კაზინოები დაიხუროს.

არ ფიქრობთ, რომ ეს დასავლეთის მხრიდან ბიზნესზე ზეწოლად იქნება აღქმული?

არა, რას ამბობთ. დასავლეთში, დედაქალაქებსა და საუნივერსიტეტო ქალაქებში, სკოლების წინ კაზინოები აკრძალულია. მათთვის გამოყოფილია ცალკე ქალაქი. მაგალითად, როგორც აშშ-ში ლას-ვეგასია.

ემხრობით ამ იდეას, რომ ცალკე ქალაქში იყოს თავმოყრილი კაზინოები?

შეიძლება გადაიტანოს ისეთ ქალაქში, სადაც რიგითი მოქალაქისთვის,რომელიც სოციალურ სიდუხჭირეში ცხოვრობს და იქმნის ილუზიას, რომ შევიდეს კაზინოში და იქ ფულს მოიგებს, არ ექნება შესაძლებლობა.

კაზინოებს სახელმწიფოსთვის არანაირი მოგება არ მოაქვს. ბიუჯეტში მათი შემოსულობები მინიმალურია. 3 მილიარდი მოგება ნახეს და 79 მილიონი შეიტანეს ბიუჯეტში ამ წლებში. სამაგიეროდ დაღუპა, დააქცია 10 000-ბით ჩვენი მოქალაქე.

კი ბატონო გაიტანონ ისეთ ადგილას, სადაც რიგითი მოქალაქეები ვერ მოხვდებიან. ფულიანი ბიზნესმენები და ტურისტები ჩასხდებიან მანქანებში და წავლენ იქ სათამაშოდ.

არანაკლებ პოპულარულია ონლაინ კაზინოები. ისინიც უნდა გაუქმდეს?

მე რომ მკითხოთ, ონლაინკაზინოები საერთოდ ასაკრძალია. იმიტომ რომ ის ხელმისაწვდომია არასრულწლოვანთათვის. ასეთი თამაშები ისეთ ქვეყნებშია განვითარებული, სადაც სოციალური სიდუხჭირეა. მესამე რანგის ქვეყნებშია.

ევროპულ ქვეყნებში ეს ბიზნესი ან მკაცრად რეგულირებულია, ან საერთოდ აკრძალულია. ჩვენ თუ ამ გზას არ დავადექით, დავიღუპებით. ეს ეხება მიკროსაფინანსოებსაც.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც უნდა აიკრძალოს?

რა თქმა უნდა, თვითმმართველობა ვერ შეძლებს ამის დარეგულირებას, მაგრამ თვითმმართველობას შეუძლია ქალაქში სარეკლამო ბილბორდები არ იყოს. მაგრამ საბოლოო ჯამში მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უნდა აიკრძალოს. საქართველოს მოსახლოების 90% მძევალია ბანკის, ან მიკროსაფინანსო ორგანიზაციის.

ახლა ამ ინტერვიუში საკმაოდ ხმაურიანი განცხადებები გააკეთეთ. შესაძლოა, ხალხის დიდი ნაწილი დაგეთანხმოთ ამაში, მაგრამ თქვენი ოპონენტების მხრიდან როგორც ხელისფლების, ისე ოპოზიციისგან გაკეთდება შეფასებები, რომ ეს არის პოპულისტური განცხადებები...

მზად ვარ ნებისმიერს დავუჯდე ამ საკითხებზე და დავასაბუთო ჩემი არგუმენტები სამართლებრივად, პოლიტიკურად, სოციალური ასპექტების გათვალისწინებით და რაც მთავარია, ცივილური დასავლური მაგალითების მოყვანით.

ასე უნდა გავიგოთ, რომ საკითხებზე სასაუბროდ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატებში იწვევთ?

ამ საკითხებთან რასაც მე ვამბობ, ამაში თუ რამე არის არასამართლებრივი და არასწორი, რაიმე ისეთი რაც დარტყმას მიაყენებს ან ბიუჯეტს, ან ბიზნესს, მზად ვარ ეს დავასაბუთო. დამერწმუნეთ, ვერ გაბედავენ დებატებში დაჯდომას. მსხვილი მონოპოლისტები პარლამენტში არიან, პარლამენტში 41 მილიონერი გვყავს, 21 - საკრებულოში.

ეს გზა რომ დაესრულებინათ, ევროპაში სისხლიანი რევოლუციები დასჭირდათ შუა საუკუნეებში და ჩვენ ისევ იქ ვბრუნდებით?! ესენი თანამედროვე ფეოდალები არიან.

მივუბრუნდეთ პროგრამულ ნაწილს. ახსენეთ, რომ მჭიდროდ დასახლებულ უბნებში მშენებლობებზე მორატორიუმი გამოცხადდება. მიმდინარე მშენებლობებსაც გააჩერებთ თუ ახალ ნებრათვებს არ გასცემთ? აქვე გკითხავთ, მათთვისაც ხომ არ გეგმავთ ჯარიმების დაკისრებას?

ვისაც დარღვეული აქვს სამშენებლო ნებართვები და ვისთანაც დაკავშირებულია ხელისუფლება რა თქმა უნდა ისინი დაჯარიმდებიან და სოლიდურადაც დაჯარიმდებიან. ბუნებრივია, მშენებლობების ნგრევას ბევრგან ვერ დაიწყებ, მაგრამ თუ იქ ნებართვა არ არის გაცემული, თუ მას საპარკინგე ადგილი არ აქვს, თუ აშენდა რეკრეაციულ ზონაში და შეზღუდა მოქალაქეების უფლებები და სივრცე წაართვა მათ, რა თქმა უნდა ისინი დაჯარიმდებიან. რევოლუციური გადაწყვეტილებებია მისაღები, თორემ სხვაგვარად გამოსავალი არ არის.

მეტსაც გეტყვით, მომავალში როდესაც საბჭოები შეიქმნება, ნებრათვები შეიძლება იცით რა პირობით გაიცეს? მის მიერ აშენებული ფართის 10% მერიას მისცეს. შევქმნათ კომუნალური საბინაო ფონდი და მისი საშუალებით გადავცეთ ბინები მფლობელობაში ქუჩაში მყოფ ადამიანებს. მფლობელობაში და არა საკუთრებაში რომ არ გაყიდოს ბინა.

ისტორიული სახის შენარჩუნებასა და რეკრეაციული ზონების განვითარების მხრივ რა გეგმები გაქვთ?

ისტორიულ სახეს ამახინჯებს „თბილისი პანორამა“. ამ კაცმა (ბიძინა ივანიშვილმა) დაიწყო სოლოლაკის ისტორიული ქედიდან და რვაფეხასავით გადმოვიდა თავისუფლების მოედნამდე. ის ამ სივრცეს სახეს უკარგავს. ეს მშენებლობები შეწყდება. ეს არ არის მისი ბოსტანი, რომ შემოღობოს. მე გაძლევთ პირობას, რომ ასეთი პროექტები დაიბლოკება. ისტორიული ნაგებობები უნდა დაექვემდებაროს რეაბილიტაციას. არა მარტო იმიტომ, რომ ისტორია შემოვუნახოთ ჩვენს შვილებს, არამედ პრაგმატული თვალსაზრისითაც, ეს ისტორიული ადგილები მიმზიდველია ტურისტული თვალსაზრისითაც. სტრატეგია უნდა იყოს მისი მოვლა-შენარჩუნება, რეაბილიტაცია.

სტრატეგია უნდა იყოს ეს. რასაც ბიუჯეტი ვერ გასწვდება, შეიძლება ინვესტორთან ერთად განვიხილოთ მისი რეაბილიტაცია.

სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების კუთხით რა გეგმები გაქვთ?

უნდა განხორციელდეს კომპლექსური გეგმა. 1. მოსაგვარებელია პარკინგის პრობლემა. რაც შეიძლება მეტი პარკინგია საჭირო, რომ სივრცეები გათავისუფლდეს. 2. აუცილებლად უნდა მოხდეს რკინიგზის აღება, რა თქმა უნდა ის გადატანილი უნდა იყოს. 3. საქალაქო ტრანსპორტის მოწესრიგების საკითხი. მიკროავტობუსებიც მუნიციპალური უნდა იყოს. მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურაა გასამართი. თავის დროზე თბილისის მეტროს 400 000-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა. დღეს 280 000-მდე გადაჰყავს. საბოლოო ჯამში სადგურების დამატებაც უნდა მოხდეს. მეტსაც გეტყვით, თბილისისა და რუსთავის დაკავშირება მეტროთი უნდა მოხდეს.

ეს შესაძლებელია?

რა თქმა უნდა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, მაგრამ მუშაობა უნდა დაიწყოს ამ მიმართულებით. ასევე უნდა დაიწყოს მუშაობა იმ მიმართულებით, რომ მეტროს ინფრასტრუქტურა განვითარდეს დიდი დიღმისა და დიღმის მასივის მიმართულებით.

ტრამვაის შემოყვანასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

ეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი აუცილებელია. ნაცვლად რეაბილიტაციისა და მოდერნიზებისა მისი გაუქმება დანაშაულის ტოლფასი იყო. ვაგონები და ტრამვაის გზა ჯართად ჩააბარეს და ბევრი ფული იშოვეს, შედეგად ვნახეთ ეს კოლაფსი. მერობის შემთხვევაში დავიწყებ ტრამვაის შემოყვანაზე მუშაობას. ვერ ვიტყვი, რომ 4 წელში ეს პრობლემა მოგვარდება. ამაში ცენტრალური ხელისუფლებაც უნდა იყოს ჩართული, მაგრამ დაპირება, რომ ეს 4 წელში მოგვარდება ტყუილი იქნება.  

თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებითაც უნდა გკითხოთ. რას ფიქრობთ მასზე, რამდენად სამართლინად ჩატარდა კონკურსი და ზოგადად რას ფიქრობთ გენგეგმის პროექტზე?

ეს არის გლობალური პროექტი. ჯერ დამტკიცებული არაა. ამას ჩემი კომპეტენცია ვერ ეყოფა. ამისთვის აუცილებელია ცნობილი ურბანისტები, კულტუროლოგები, არქიტექტორები, საგზაო ინფრასტრუქტურის მცოდნეები. მაღალი კვალიფიკაციის გუნდები უნდა ადგენდნენ ამ საკითხებს. გენგეგმის საკითხი მერმა კი არ უნდა გადაწყვიტოს, არამედ მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებმა. მათი წინადადებები უნდა იყოს გათვალისწინებული.

უთხარით ამომრჩეველს თქვენი მოკლე გზავნილი. ერთ წინადადებაში რომ ჩაატიოთ, რის გამო უნდა დაგიჭირონ მხარი? რას ჰპირდებით მათ?

თვითმმართველობა მოემსახუროს ხალხს და არა ბატონებს.

რა ტიპის საარჩევნო კამპანია გექნებათ? იქნება თუ არა გაგრძელება იმის, რაც თქვენი მერად წარდგენისას იყო?

ვაპირებთ აქცენტებიც გაკეთებას, რაც დედაქალაქს აწუხებს. იქნება მიზნობრივი აქციები, ბუნებრივია უბნებში შეხვედრები, მაჟორიტარების წარდგენა და ა.შ. მაგრამ მთავარი აქცენტი იქნება იმ პრობლემებზე რაც აწუხებს და როგორ ვაპირებთ ჩვენ მის მოგვარებას.

ვინ იქნება თქვენს გუნდში მერად არჩევის შემთხვევაში და იქნება თუ არა შალვა ნათელაშვილიც?

შალვა ნათელაშვილის გუნდში მე ვარ. პარტიის თავმჯდომარის ფუნქციები აბსოლუტურად სხვაა.

რაც შეეხება გუნდს, ეს არ უნდა იყოს პარტიული თვალსაზრისით დაკომპლექტებული. მით უმეტეს, არა სანათესაო და სამეგობროს და ბიზნეს-პარტნიორების თვალსაზრისით. გუნდი უნდა განისაზღვროს პატიოსნებით, მაღალი პროფესიონალიზმით და დამსახურებით. ასეთი ხალხი იქნება შერჩეული, რომელ პარტიასაც არ უნდა ეკუთვნოდეს. პარტიულობა არ იქნება განმსაზღვრელი.

ჯერ არ გყავთ შერჩეული?

ბავშვი არ დაბადებულა და აბრაამს არქმევდნენო. თუ თბილისელებმა გადაწყვიტეს, რომ დამიჭირონ მხარი და მხარი დაუჭირონ ჩვენს პარტიას, ღიად მოხდება შეთავაზება ასეთი ტიპის ადამიანებთან.

პარტიაზეც უნდა გკითხოთ. „ლეიბორისტები“ ამბობთ, რომ სახალხო პარტია ხართ, თუმცა უკვე მრავალი წელია ვერ იმარჯვებთ არჩევნებში. რატომ ხდება ასე? რატომ ვერ ახერხებთ გამარჯვებას?

ეს დაკავშირებულია იმ გლობალურ პრობლემასთან, რასაც ოლიგარქია, არჩევანის გაყიდვა და ხმების გაყალბება ჰქვია. ევროპის სივრცეში ერთადერთი პარტია ვართ „ლეიბორისტები“, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ არჩევნების გაყალბების მსხვერპლად ცნო. ეს 2008 წელს იყო, მაგრამ სამწუხაროდ ქვეყანაში ეს მავნე ტრადიცია არ დარღვეულა. დღემდე ამომრჩევლის ტოტალური მოსყიდვა და არჩევნების ტოტალური გაყიდვა გრძელდება.

მე წარდგენისას ვთქვი, რომ ეს არჩევნები არა მხოლოდ მერის პოსტისათვის ბრძოლა იქნება, არამედ ღირსების ბრძოლა. უნდა დავამტკიცოთ რომ არ იყიდება ჩვენი თავისუფლება.

ამბობთ რომ არჩევნები ყალბდებაო, მაგრამ საპარლამენტო არჩევნებზე რომ ვისაუბროთ, თუ მოახერხა პარლამენტში შესვლა „პატრიოტთა ალიანსმა“, რატომ ვერ მოახერხა „ლეიბორისტულმა პარტიამ“?

განა ამაზე კითხვა შეიძლება დაისვას და ეს ღიად არ ჩანს?! რა თქმა უნდა მათ მილიონები ჰქონდათ და რა თქმა უნდა ივანიშვილის სატელიტს წარმოადგენდნენ.

წარმოადგენდნენ? ახლა აღარ წარმოადგენენ?

არ ვიცი. ეს მათთან გაარკვიეთ.

დააკვირიდით 2016 წლის არჩევნებს. ივანიშვილი პირადად ჩაუდგა ჩვენი პარტიის წინააღმდეგ ბრძოლას. დადიოდა რეგიონებში და გვლანძღავდა.

სხვა პარტიების მიმართაც იყო მწვავე კრიტიკა მისი მხრიდან...

არა, შალვა ნათელაშვილის დისკრედიტაციით იყო დაკავებული.

ვერ დაგეთანხმებით. იგივე ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ მისი განცხადებები ყველას კარგად გვახსოვს...

ძირითადად გვეძღვნებოდა ჩვენ. სპეცსამსახურებს კი პირდაპირი დავალება ჰქონდათ ჩვენი კოორდინატორების გადაბირებისა თუ დაშანტაჟების მხრივ. რათა, ჩვენთვის მაქსიმალურად გაეყალბებინათ არჩევნები. იცით რატომ? როგორც ცეცხლი და წყალია შეუთავსებებლი, ისე ვართ ჩვენ და „ოცნება“. ერთმანეთთან პოლიტიკურად მტრულად განწყობილი კლასები ვართ.

საუბრობთ არჩევნების გაყალბებაზე. თუ ჩათვლით, რომ ისევ გაყალბდა არჩევნები რას აპირებთ? ხომ არ დაიწყებთ საპროტესტო აქციებს?

ახლა ჩვენ გვყავს ორი კონკურენტი. ერთი ესაა ოლიგარქიული სისტემა, თავისი რესურსებით, თავისი ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსით და ა.შ. მეორე ეს არის ნიჰილიზმი, რომელიც საზოგადოებაშია. ცნობილი პოლიტიკოსის ნათქვამია, რომ ცუდ ხელისუფლებას ირჩევს ის წესიერი ხალხი, რომელიც არჩევნებზე არ მიდის. ვერავინ გააყალბებს არჩევნებს იმხელა რესურსით თუ ადამიანები მივლენ არჩევნებზე. მოქალაქეებმა უნდა გაითავისონ რომ მისი ბედი უნდა გადაწყვიტოს თავად. არჩევანი უნდა გავაკეთოთ გულით და არა ფულით. თუ გვექნება მხარდაჭერა და დავინახეთ რომ ხმები გაგვიყალბეს, რა თქმა უნდა ხმების დასაცავად ორგანიზებას გავუკეთებთ მასობრივ აქციებს. ამას ვპირდებით საზოგადოებას. 

კანდიდატებიდან ვის მიიჩნევთ მთავარ კონკურენტად და თუ მეორე ტური გაიმართება და თქვენ ვერ გახვალთ, დაუჭერთ თუ არა მხარს ოპოზიციურ კანდიდატს?

მე გითხარით ვინ არის დაპირისპირებული რეჟიმთან. მე ბუკმეიკერი ხომ არ ვარ რომ კოეფიციენტები გავზომო. გითხარით, ვინც არის დაპირისპირებული ამ სისტემასთან. დანარჩენებს ჩანაცვლება უნდათ, რომელიც ისევ აქედან არიან აღმოცენებული. ისინი ვერ შეცვლიან ამ სისტემას. თუ გვინდა ჩვენი ქვეყნის ნათელი მომავალი, ასეთ შემთხვევაში ეს სისტემა უნდა დავანგრიოთ. კარგები ვართ თუ ცუდები, ალტერნატივა ვართ ჩვენ.

მაინც არ მიპასუხეთ, დაუჭერთ თუ არა ოპოზიციურ კანდიდატს მხარს მეორე ტურში?

მე ჩემი დამოკიდებულება გითხარით. ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას და გვეიმედება ხალხის. თუ მათ არ ვჭირდებით თავად გადაწყვიტონ მეორე ტურიც, მესამეც და შედეგებზეც აგონ პასუხი.

ნარმანიას მოღვაწეობაც შეაფასეთ. როგორ ფიქრობთ, ამ ოთხი წლის განმავლობაში მას ღირებული არაფერი შეუქმნია?

არავის დაჭერა არ მინდა, მაგრამ სახელმწიფო ინტერესებიდან აუცილებელია, რომ ნარმანია პასუხისგებაში მიეცეს. ჯგუფთან ერთად, რომელიც მას შესაძლოა ავალებდა, ან თავისი ინტერესებით მოქმედებდა. ეს იყო უკანონო გადაწყვეტილებების მიმღები კორუფციის ბუდე. ის აუცილებლად უნდა მიეცეს პასუხისგებაში თავის ამფსონებთან ერთად. კანონის წინაშე ყველანი თანაბარნი უნდა ვიყოთ, ვიქნები მე, თქვენ, ნარმანია, კალაძე თუ ივანიშვილი. მეტსაც გეტყვით, საქართველოში ფენაა ჩამოყალიბებული, რომელიც ყველა რეჟიმს ემსახურებოდა. იცვლიდნენ მაისურისა და დროშის ფერს და დაკავებულნი იყვნენ არჩევნების გაყალბებით.

ინტერვიუ იუმორით დავიწყეთ და ისევ ამ ნოტაზე დავამთავროთ. „ლეიბორისტები“ გამოირჩევით იმით, რომ ზედმეტ სახელებს არქმევთ ამა თუ იმ პოლიტიკოსს. გვახსოვს პინგვინთუხუცესი და ა.შ. ნარმანიასა და კალაძისთვისაც ხომ არ გაქვთ ასეთი სახელი მოფიქრებული?

მაგ გაგებით, ინტერპრეტირებითა და ფანტაზიით მოქალაქეებიც არ ჩამოგვრჩებიან და უამრავი ზედმეტი სახელი აქვთ შერჩეული. ზოგი ავტოგოლას ეძახის კალაძეს და ზოგი რას. ნარმანიას რაც შეეხება მგონი თავისი უბედურებაც ეყოფა, ჩემი შერქმეული ზედმეტი სახელი  მას არ სჭირდება.

მსგავსი სიახლეები
რადიოლოგიური კვლევების თანამედროვე PACS – სისტემის პრეზენტაცია ბრიტანეთის საელჩოში

19 ოქტომბერი, 2017

ბრიტანეთის საელჩოში ქართული კომპანია „ენ ჯი თი ჯგუფი“-ს (www.next-gt.com) ორგანიზებით გაიმართა PACS-სისტემის ბრიტანული ბრენდის, „Biotonics 3D“-ს პრეზენტაცია. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბრიტანელი დიპლომატები, საქართველოს წამყვანი კლინიკების...

მეტი

ბათუმში

ბათუმში "სასცენო მოძრაობისა და რიტმიკის სწავლება თანამედროვე პრაქტიკაში" მასტერკლასები ჩატარდა

19 ოქტომბერი, 2017

18 ოქტომბერს სსიპ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგებმა დოდო ჩოგოვაძემ და შოთა გეგიაძემ სსიპ ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში ჩაატარეს მასტერკლასები „სასცენო...

მეტი

"კარგები ვართ თუ ცუდები, ხელისუფლების ალტერნატივა ჩვენ ვართ", - ინტერვიუ გიორგი გუგავასთან

"კარგები ვართ თუ ცუდები, ხელისუფლების ალტერნატივა ჩვენ ვართ", - ინტერვიუ გიორგი გუგავასთან
21:00 | 21 სექტემბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი