"ნაცმოძრაობა" იყო მიუღებელი და რჩება მიუღებელ პარტიად - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან

იაგო ნაცვლიშვილი

თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ მისთვის დეზინფორმაციის გავრცელების ნაწილი გამოხატვის თავისუფლებაა, ნაწილი კი საარჩევნო კამპანიის აშკარა ხელის შეშლას შეიცავს. ელისაშვილი გეგმავს, რომ საქმის შესწავლის თხოვნით აუდიტის სამსახურს მიმართოს და უწყებამ გამოითხოვოს ოფიციალური დოკუმენტაცია Facebook-ის ადმინისტრაციისგან და გაარკვიოს ვინ იხდიდა ფულს მის წინააღმდეგ. ელისაშვილი ეჭვობს, რომ კვალი „ქართულ ოცნებამდე“ მივა. ამბობს, რომ მას ამის შესახებ ფაქტები ვერ ექნება, თუმცა გარკვეულ ინფორმაციას ფლობს.

თბილისის მერობის კანდიდატი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მისთვის მიუღებელი პარტია იყო და ისევ მიუღებელ პარტიად რჩება, ამიტომ უთხრა ენმ-ს ხმების შეგროვებაზე უარი. ამასთანავე აღნიშნავს, რომ მისმა შტაბმა დამოუკიდებლად მოაგროვა ხმები და არ სჭირდებოდა არავის დახმარება.

რას ფიქრობს თბილისის გენგეგმაზე, როგორ მოაგვარებს დედაქალაქში ტრანსპორტის, პარკირების, კულტურული მემკვიდრეობის, გაუთავებელი მშნებლობებისა და ხეების ჩეხვის პრობლემებს, ამ და სხვა საკითხებზე „აიპრესი“ ალეკო ელისაშვილს ესაუბრა.

რას ფიქრობთ თბილისის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით? რომელიც „სითი ინსტუტის“ მიერაა შემუშავებული. რამდენად სწორადაა შემუშავებული პროექტი? ხომ არ ფიქრობთ, რომ რაღაც ცვლილებები უნდა შევიდეს პროექტში, ან ხომ არ თვლით, რომ მთლიანად უნდა შეიცვალოს?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ თითოეულმა თანამშრომლმა უზარმაზარი სამუშაო გასწია, რისთვისაც მადლობა მათ. მე ვიტყოდი რომ ისტორიული შრომა შეასრულეს. 1975 წლის გეგმა გვქონდა, რომელიც მერე განახლდა. მას შემდეგ საერთოდ აღარფაერი გვქონია.

პრობლემა იყო ვადები და გენგეგმის შედგენის ფორმა. ჩემი გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ასე არ გავაკეთებდი. გეტყვით როგორ გააკეთეს სხვაგან, რაც ძალიან მომწონს და ახალი ევროპული ტენდენციაა ეს.

მაგალითად, ჰელსინკის გენგეგმა გაკეთდა ასე, რომ 5 წლის განმავლობაში ქალაქის მერიამ ატვირთა ქალაქის ინტერაქტიული რუკა. ყველა მოსახლეს უთხრა, მოდით არ დაიზაროთ და დაწერეთ რისი გაკეთება გინდათ თქვენს ეზოში, უბანში, ქუჩაზე, ქალაქშიო. 5 წელი ხალხი ამ ინფორმაციას წერდა. რა თქმა უნდა ზოგი სისულელე იყო, ფანტასტიურ რაღაცებსაც წერდნენ, კოსმოდრომები ავაშენოთ და რაღაცები... თუმცა, ჩვენ ასეთები არ გვიკვირს, პარლამენტში დეპუტატი გვყავდა, რომელსაც ქუთაისში პორტის აშენება სრული სერიოზულობით უნდოდა.

5 წლის მერე 2 წელი ამ მონაცემებს აჯამებდნენ. შემდეგ შეუსაბამეს რესურსები, ერთია სურვილები, მეორე შესაძლებლობები, უახლოეს პერსპექტივაში რა შემოსავლების შეიძლება ჰქონდეს ქალაქს. შეჯამებაში და ამ სურვილების გეგმად გადაქცევაში უკვე პროფესიონალები იყვნენ ჩართულები. ასე გაკეთდა ჰელსინკის გეგმა და ეს მომწონს მე ძალიან. ესაა ახალი ევროპული ტენდენცია, რომ ადამიანებს ვკითხოთ როგორ ქალაქში უნდათ ცხოვრება.

ჩვენ შემთხვევაში როგორ მოხდა?

ჩვენ შემთხვევაში მოსახლეობის მონაწილეობა მინიმალური იყო. ჩვენ მზა გეგმა გაგვაცნეს, რაც მერიის ბრალია, თორემ „სითი ინსტიტუტი“ იხვეწებოდა, რომ მაგალითად საბურთალოზე მოსახლეობასთან შეხვედრის ორგანიზება გამეკეთებინა. მაგარამ მე ვერ მოვახერხე ამის ორგანიზება, ამ სამი წლის განმავლობაში მხოლოდ საბურთალოს მაჟორიტარი არ ვყოფილვარ, ყველას მაჟორიტარი ვიყავი და ვერ ავუდიოდი მიმდინარე საკითხებსაც კი.

სხვადასხვა ტენდერებთან, კონკურსებთან თუ პროექტებთან დაკავშირებით გქონდათ ხოლმე კითხვის ნიშნები. გენგეგმის კონკურსთან დაკავშირებითაც ხომ არ გქონიათ?

არა, ამასთან დაკავშირებით არ მქონია. ერთ-ერთი საუკეთესო ხედვა იყო. მე უბრალოდ ასე გავაკეთებდი, მთლიანად პროფესიონალებს კი არ დავაწერინებდი, არამედ პროფესიონალებს შევაჯამებინებდი ხალხის ნააზრევს.

რიშელიეს ფრაზა იყო, ბიუროკრატიამ იცის, რა უნდა ხალხს. სტალინიზმიც ეს იყო და ზოგადად ბელოდამანია ასეა მოწყობილი, რომ ხალხმა თვითონ არ იცის რა უნდა მას. გეტყვით, როგორ მარტივად იცის ხალხმა რა უნდა თვითონ. აქედან რომ გახვალთ ალექსანდროვის ბაღში ჩაიარეთ (ინტერვიუ ჩაწერილია თბილისის საკრებულოში ავტ:), ან ნებისმიერ პარკში და ნახეთ როგორ არის ბილიკები გაკეთებული. ყველა პარკში ქალაქის მთავრობას თვითონ გაჰყავს ბილიკები, ქვაფენილების სახით. ყველა ძალიან მოუხერხებელია, იქვე აუცილებლად ნახავთ ბალახზე ხალხის მიერ გათელილ ბილიკს. ეს რომ ევროპაში დაინახეს, ამიტომ ევროპაში ახალი პარკი ან სკვერი რომ კეთდება, იქ ბილიკებს არ აკეთებენ. ხალხი რომ გათელავს ბალახებს, იმაზე აკეთებენ ქვაფენილს.

ჩვენთან პარკებში ხშირად აკრძალულია ბალახზე გადასვლა, არის წარწერები, რომ გაზონზე გადასვლა აკრძალულია. იგივე ევროპაში კი პირიქითაა, ხალხი ჩვეულებრივად გადადის ბალახზე...

დიახ, ევროპაში პირიქითაა. რატომ არ უნდა გადავიდე გაზონზე?! ჩემთვის არ არის?! თანაც გაზონების სივრცე სულ უფრო ნაკლები რჩება პარკებში, სულ ქვაფენილებია. ბავშვი არ ჰყავთ ამ შობელძაღლებს, ვინმე არ ჰყავთ?! ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ სულ ცხვირ-პირი ჰქონდათ დამტვრეული. პირიქით რაც მეტი მიწა და ბუნებაა, უკეთესია. სხვადასხვა ფუნქცია აქვს მას. აი ეს მიდგომაა შემოსატანი ქალაქის მმართველობაში, რომ ხალხი მაქსიმალურად იყოს ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

კაბინეტებში შეკეტილი ვიღაც გაუგებარი ბიუროკრატები კი არ უნდა იღებდნენ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ხალხის ეშინიათ და იმიტომ დადიან უზარმაზარი ჯიპებით, არამედ ხალხში უნდა დადიოდნენ და ეკითხებოდნენ, რა უნდათ, როგორ უნდათ. ამის გამო მეძახიან პოპულისტს, მაგრამ ამას ევროპაში ახალი ტენდენცია ჰქვია. ჩვენთან რატომღაც პოპულიზმად ითვლება. მაგრამ მე არ მაშინებს ჩემზე მოკერებული იარლიყები.

ამას ვაპირებ მე, ამას ვაკეთებდი საკრებულოშიც და სულ ვცდილობდი რომ ხალხი შემოსულიყო, ან არასამთავრობო ორგანიზაციები, რათა ხალხს ენახა როგორ მუშაობს საკრებულო. სალექციო კურსს ვაწყობდი „ურბანულ ლაბორატორიასთან“ ერთად, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. საკრებულო და მერია ქალაქის სახლი უნდა იყოს და არა საშვი და ჩაკეტვა.

ადამიანს მერიაში და საკრებულოში შესასვლელად საშვი არ უნდა სჭირდებოდეს. არის დაცვა და დამონტაჟებულია ვიდეოთვალები, რატომ უნდა იყოს საშვი?! ვინმემ ამიხსნას! იმისთვის, რომ დეპუტატებს ხალხმა კონიაკის წრუპვაში ან კინოების ყურებაში ხელი არ შეუშალონ?! რითაც არიან ხოლმე ძირითადად დაკავებული დეპუტატები.

თუმცა, სრულიად არაფერს ძალიან ბევრად სჯობია ის, რაც გენგეგმის ჯგუფმა გააკეთა. საკრებულოში მსჯელობა იყო აბსოლუტურად ფორმლაური. პროექტის თანაავტორმა მერაბ ბოლქვაძემ დაახლოებით 2.5 საათიანი მოხსენება გააკეთა, რომელიც უზარმაზარი დოკუმენტია. შემდეგ დავსვით კითხვები და ამით დამთავრდა. არადა თემატურად უნდა გავყოლოდით, ამას ვიხვეწებოდი. შეგიძლიათ ოქმი ამოიღოთ, ან შეიძლება ესწრებოდით. ვითხოვდი რომ ტრანსპორტზე ვილაპარაკოთ ერთი დღე, მტკვარზე მეორე დღეს, ეკოლოგიაზე მესამე დღეს, შემდეგ მშენებლობებზე და კოეფიციენტზე და ა.შ. ალბათ დიდი ზარზეიმით მივიღებთ ამ დოკუმენტს სექტემბერში, ისე რომ წაკითხული არ აქვს არავის.

გენგეგმის პრობლემა არის ის, რომ ალბათ გენგეგმა მივიღებთ, მაგრამ ამას თუ არ მოჰყვა კონტროლის მექანიზმები წყალში გადაყრილი ძალისხმევა და წყალში გადაყრილი 2 მილიონი იქნება. მაგალითად 2015 წელს მივიღეთ თბილისის გარემოს დაცვის 5 წლიანი სტრატეგია, რომელიც ძალიან კარგი დოკუმენტია, მაგრამ არაფერი არ გაკეთებულა. ასევე იქნება ეს გენგეგმა „ქართული ოცნების“ ხელში.

ვადები არ არის გაწერილი, რომ კონკრეტული საკითხი რა პერიოდში უნდა განხორიცელდეს?

იქ წერია, მაგრამ ვინ გააკონტროლებს? წერია, რომ მტკვარი უნდა გაიწმინდოს და არ შეიძლება ქალაქში მოდიოდეს დაბინძურებული, ღია საკანალიზაციო კოლექტორი. ვადები სურვილის დონეზეა. გენგეგმის ჯგუფი ვერ დაწერს ხარჯთააღრიცხვას, როგორ და რა ვადებში უნდა გაიწმინდოს. იქ ასეთი სიტყვებია გამოყენებული, რომ სასურველია მტკვარი გაიწმინდოს, არა მარტო მტკვარი, არამედ სხვა უამრავი შენაკადიც.

ბიუჯეტი რომ დამტკიცდება, თბილისის მერიის ბიუჯეტი უნდა ასახავდეს გენგეგმაში დასახულ მიზნებს. აღსრულება უნდა გააკეთოს თბილისის მერიამ და კიდევ ერთი მაკონტროლებელი სტრუქტურაა საჭირო, რათა გაკონტროლდეს, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგებოდეს გენგეგმის ჩამოწერილ მიზნებს.

დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ე.წ. ელიავას ბაზრობის გადატანის საკითხმა. რას ფიქრობთ, ამასთან დაკავშირებით უნდა იყოს თუ არა გადატანილი?

თუ გენგეგმის ჯგუფს 2 მილიონი იმიტომ გადავუხადეთ, რომ მათი რეკომენდაციები უბრალოდ რეკომენდაციები კი არ იყოს, არამედ ანგარიშგასაწევი და საყურადღებო იყოს. მაშინ უნდა დავუჯეროთ! თუ ჯგუფი ამბობს, რომ სასურველია ელიავას ბაზრობის რამდენიმე ლოკაციაზე გადატანა, უნდა გადაიტანო!

გენგეგმის ჯგუფი იმასაც ამბობს, რომ თბილისის ზღვას მხოლოდ სარეკრეაციო ფუნქცია უნდა ჰქონდეს. ამ დროს მერიამ შეუკვეთა კვლევა ერთ-ერთ აუდიტორულ კომპანიას, რომელსაც ნახევარი მილიონი ლარი გადაუხადა. ამ კომპანიამ დაწერა, რომ თბილისის ზღვის გარშემო მშენებლობები უნდა დაიწყოს. ჯერ რატომ შეუკვეთეს კვლევა გაუგებარია. მაშინ როცა გენგეგმის ჯგუფს ევალება თბილისის საზღვრებში ყველაფრის კვლევა, ამ დროს თბილისის ზღვა ცალკე ამოგლიჯეს. ეს ქმნის შთაბეჭდილებას, რომ გენგეგმა არ არის მერიის ამ შემადგენლობისთვის სახელმძღვანელო.

ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაკეთდება თუ არა რეკრეაციული ზონა?

ნარმანიას მერობის პირობებში ვერაფერი ვერ გაკეთდება.

ნარმანია მერიაში რამდენიმე თვის შემდეგ აღარ იქნება...

ელიავას ბაზრობა გადავა თუ არა, ამის შესახებ სავარაუდოდ მეორე კვირის შემდეგ მობრძანდით და მერე გეტყვით პასუხს. ჩემი პასუხია, რომ გენგეგმა უნდა შესრულდეს.

თქვენი მეორბის შემთხვევაში როგორ გადაწყდება ეს საკითხი?

ჩემი ხედვაა, რომ თუ გენგეგმის ჯგუფს 2 მილიონი გადაუხადეთ მათი ნააზრევი უნდა იყოს იყოს არა მხოლოდ რეკომენდაცია, არამედ სახელმძღვანელო.

პარკირების პრობლემა თბილისისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. როგორია თქვენი ხედვა, როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა? „სითი პარკის“ როლს სად ხედავთ?

„სითი პარკის“ როლს საერთოდ არ ვხედავ. პირველი გადაწყვეტილება, რასაც ხელს მოვაწერ იქნება ის, რომ „სითი პარკი“ გაშვებული კი არა გაძევებული იქნება.

თუმცა, როგორც ცნობილია მერიას მისთვის სოლიდური კომპენსაციის გადახდა მოუწევს...

ხელშეკრულებაში წერია ასეთი რამე, კონტრაქტის გაწყვეტის შემთხვევაში წინა სამ თვეში ამოღებული თანხა გამრავლებული 12-ზე და გამრავლებული 8-ზე. 25 მილიონი გამოდის ამ ფორმულით, მაგრამ საკითხს შევხედოთ სხვანაირად. ბოლო სამ თვეში რომ არავინ არაფერი გადაუხადოს, სიტუაცია სხვანაირი იქნება. ან მაგალითად ჯამში ამოიღონ, 10 000 ლარი, ეს რიცხვი რომ გავამრავლოთ 12-ზე და გავამრავლოთ 8-ზე არის ძალიან ცოტა და არანიარად 25 მილიონი. ასე შეიძლება გაშვება. ამას ვურჩევდი ნარმანიას. მექანიზმი არსებობს და მისი გაშვება ძალიან იაფად შეიძლება.

თუმცა, „სითი პარკის“ გაშვება ავტომატურად პარკინგის მოგვარებას არ ნიშნავს. უნდა მოხდეს პარკინგის მოწესრიგება. შემოსაყვანია ადეკვატური კომპანია, რომელიც პარკინგის მოგვარებაზე იზრუნებს. 2007 წელს, როდესაც ტენდერი გამოცხადდა, ბოლო ეტაპზე გასული იყვნენ გერმანული და ეს ებრაული კომპანია. გერმანული კომპანიისთვის რომ მიენიჭებინათ უპირატესობა დარწმუნებული ვარ, ქალაქში პარკინგი მოწესრიგებული იქნებოდა. იმიტომ რომ ის იყო ევროპული პასუხისმგებლობის მქონე, სახელიანი ორგანიზაცია და არ იყო „ჩალიჩმაისტერების დუქანი“, როგორიც აღმოჩნდა „სითი პარკი“.

მაშინ რატომ არ გაკეთდა არჩევანი მასზე?

გერმანელებს თვალის ჩაპაჭუნება და ჯიბეში ფულის ჩაკუჭვა არ ესმით საერთოდ და მაგიტომ.

კორუფციული გარიგება მოხდა?

„სითი პარკთან“ კორუფციული გარიგება მოხდა, აბა რა მოხდა?! ძალიან უცნაურია, რომ პროკურატურამ ეს მუხლი მოუხსნა. ერთ-ერთი მუხლი, რითიც უგულავა დაჭერილი იყო, „სითი პარკთან“ გაფორმებული ხელშეკრულება იყო, რომელიც შემდეგ მოუხსნეს.

თქვენი მერობის შემთხვევაში ხომ არ აპირებთ, რომ მასალები გამოძიებას ხელახლა გადაუგზავნოთ და მოითხოვოთ ამ საქმის გამოძიება?

ყველა მასალა აქვს პროკურატურას. მე შემიძლია მოვუწოდო, რომ იქნება და გამოიძიონ. თორემ, იმაზე მეტი მასალა აქვს გადაგზავნილი, რაც საჭიროა.

სატრანსპორტო პრობლემების მოგვარების კუთხით რა გეგმები გაქვთ? რამდენად რეალისტურია ტრამვაის შემოყვანა ან მეტროპოლიტენის განვითარება?

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. მეტროს განვითარებაზე არათუ მიფიქირია, მეტროს განვითარების სტრატეგია გავაკეთეთ, უზარმაზარი დოკუმენტია. თბილისის სატრანსპორტო სქემა აბსოლუტურად შესაცვლელია. ინფრასტრუქტურა უნდა დაგეგმარდეს ევროპული და ყველაზე თანამედროვე პრინციპით. დააკვირდით კანდიდატებს, ამბობენ რომ ააშენებენ ამდენ გზას და იმდენ ესტაკატას. ეს არის მეოცე საუკუნის შუა წლების ურბანული აზროვნება და ფილოსოფია. ქალაქს ახალი ესტაკადები კი არ სჭირდება, არამედ გადაგეგმარება და სატრანსპორტო სისტემის ადეკვატურად აწყობა. ინფრასტრუქტურის დაგეგმარებისას პირველი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ფეხით მოსიარულეს, მეორე - ველოსიპედისტს, მესამე - ეკოლოგიურად სუფთა საზოგადოებრივი ტრანსპორტს და მეოთხე - ავტომობილებს. ჩვენთან არის ასე - მანქანა, მანქანა და მანქანა. დანარჩენი ყველაფერი მეასე ხარისხოვანია.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, მთავრი პრობლემაა რომ სატრანსპორტო სქემა ძალიან არეულ-დარეულია. ხშირ შემთხვევაში ეს სქემა არის არა ურთიერთშემავსებელი, არამედ მადუბლირებელი. მაგალითად მეტროს თავზე 2 და სამი ავტობუსისა და სამარშრუტო ტაქსების ხაზებია. გვაქვს ცოტა სატრანსპორტო საშუალებები და ამიტომ იმის ნაცვლად რომ გეგმა სხვანაირად აეწყოს და ერთმანეთის შევსება მოხდეს. ამ დროს პირიქით გადაფარვები ხდება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს მეტროპოლიტენი. მეტრპოლიტენს 80-იან წლებში გადაჰყავდა 700 000 მგზავრი დღეში. დღეს გადაჰყავს 250 000.

თუმცა, მეტროპოლიტენი საკმაოდ გადატვირთულია დღესაც, განსაკუთრებით პიკი საათებში...

გადატვირთულია იმიტომ რომ შემადგენლობებია ცოტა. აბა დავამატოთ შემადგენლობები და ინტერვალი შევამციროთ. ტექნიკურად თბილისის მეტროს აქვს შესაძლებლობა, რომ ინტერვალი იყოს არა 3 და 3.5 წუთი პიკი საათებში, არამედ 1.2 წუთი. დღეს მეტრო მგზავრების გადაყვანის თვალსაზრისით მესამე ადგილზეა. პირველ ადგილზე ჩვენდა სამარცხვინოდ სამარშრუტო ტაქსებია. „მარშრუტკები“ საერთოდ ანომალიაა. 21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რომელსაც არ აქვს ფიქსირებული გაჩერებები.

მეტროს სქემაზე უნდა მოხდეს დანარჩენი სატრანსპორტო სქემების დაშენება. მეტროს ხაზების გაგრძელება გამორიცხულია, იმდენად ძვირი ჯდება. საქართველო დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო თავისი რესუსრსებით ალბათ ვერასოდეს ვერ შეძლებდა აშენებას. დაახლოებით 80-დან 120 მილიონამდე ჯდება 1 კილომეტრიანი გვირაბის გაყვანა და მისი აღჭურვა შესაბამისი ინფრასტრუქტურით. ახლა უნდა გაიხსნას, ახალი სადგური „უნივერსიტეტი“, რომელიც 95%-ით დასრულებული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში, მაგრამ მის დამთავრებას დასჭირდა 84 მილიონი ლარი. ახლის აშენება ზღაპარია. ჩვენთან არის რესუსრსი, რომ რამდენიმე ამოსასვლელი დაემატოს. მაგალითად, „მარჯაშვილს“ მეორე ამოსასვლელი დაემატოს. გაყვანილია ამოსასვლელი, ეზოში ამოდის მარჯანიშვილის თეატრის გადაღმა. შესაძლებელია „ახმეტელის“ მეორე ამოსასვლელის გაკეთება, ასევე ამოსულია ეს შახტა. აუცილებელია „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის გაკეთება, მიწისქვეშა გადასასვლელი რომ არის „კოლმეურნეობაზე“ ეგ მეტროსთვის იყო საჭირო. ამის გაჭრაც არ იქნება განსაკუთრებით რთული, ეს რომ გაკეთდეს ახალი სადგურის ტოლფასი იქნება. ასევე ვაზისუბანშიც შეიძლება ე.წ. ქანქარისებური მოძრაობის გაკეთება. ეს არის მაქსიმუმი, რაც შეიძლება გაკეთდეს მეტროპოლიტენის თვალსაზრისით.

ტრამვაის რაც შეეხება, ეს არის ჩემი საყვარელი ტრანსპორტი. გვაქვს 2 ქარხანა - ვაგონმშენებელი და ვაგონშემკეთებელი, რომლებიც სულს ღაფავენ, მაგრამ რაღაცა დონის საწარმოო ბაზა შემორჩენილია. მე გამარჯვების შემთხვევაში გამოვაცხადებ ინტერესთა გამოხატვას, რათა რომელიმე უცხოურმა კომპანიამ ჩადოს ინვესტიცია და მათი სახელით აეწყოს ადგილზე თანამედროვე ვაგონები. ხალხიც დასაქმდება და ტრანსპორტიც გვეყოლება. მთლიანად რომ დაფარო ქალაქი ტრამვაის ქსელებით ძალიან ძვირია, ამიტომ პირველ რიგში აუცილებელია მეტროსადგურებს მოწყვეტილი უბნების დაკავშირება მეტროებთან. ასეთია დიდი დიღომი, ორთაჭალა და იქით უკვე დირსიჭალა და სხვა ადგილები, სადაც ახალი მშენებლობებია. პირველი ეტაპი ეს იქნება, შემდეგ მთელი ქალაქი თუ დაიქსელება ამაზე კარგი რა იქნება?!

რა გეგმები გაქვთ ხეების ჩეხვასთან და გაუთავებელ მშენებლობებთან დაკავშირებით? ხომ არ გეგმავთ მშენებლობების გაჩერებას?

მავნებლობებს შევაჩერებ. გავაკეთებ რევიზიას და ყველა მშენებლობა რომელიც არ შეესაბამება ქალაქის ინტერესებს ყველაფერს გავაჩერებ. მაგალითად, თუ არ არის დაცული სატრანსპორტო მოთხოვნები, საპარკინგე სისტემა, არ არის დაცული სახნაძრო უსაფრთხოების ნორმები... ყველას გავაუქმებ ისე რომ ხელი არ ამიკანკალდება. ამის გამოცდილება მაქვს, ამ ოთახიდან გამიძევებია არაერთი დეველოპმენტი, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს მოთაფვლას. ხარისხზეც უნდა გამკაცრდეს მოთხოვნები. რა მასალით შენდება ესა თუ ის ნაგებობა, ამას არავინ არ აკონტროლებს. ეს მოთხოვნა თავის დროზე ბენდუქიძემ გააუქმა, მორჩა და გათავდა. ხდება ვიზუალური კონტროლი ზედამხედველობის სამსახურის მიერ.

სამშენებლო ქაოსი უნდა გაჩერდეს და დეველოპერები უნდა გადავიდნენ წესებსა და კანონებზე. უნდა იყოს ძალიან გასაგები და მკაფიო წესები და კანონები. რასაც ვამბობ, ვიცი რომ დეველეპერებს გული უსკდებათ. მე რომ გავიმარჯვო რამდენიმე მსხვილი კომპანიის დირექტორს ინფარქტი ექნებათ. მაგრამ, მე კი არ გავაჩერებ მშენებლობებს, წავახალისებ. ოღონდ ქალაქის ინტერესების შესაბამის მშენებლობებს.

როგორ?

მაგალითად, ჩვენთან არის ავარიული საცხოვრებელი სახლები. მთელ ავლაბარში ერთ სახლს ვერ ნახავთ ავარიული რომ არ იყოს, ან ე.წ. ხრუშოვკები. დგას ავარიული კორპუსი, ინგრევა, მერია ყოველწლიურად ამაგრებს, ხარჯავს სულ მცირე ნახევარ მილიონს. ეს წყალში გადაყრილი ფულია, ერთ წელში ისევ გასამაგრებელია. მისი გამაგრება შეუძლებელია. ვთქვათ, დგას 4 სართულიანი სახლი, მიიყვანე დეველოპერი, სკვერს კი ნუ გააჩეხინებ და სტადიონზე ნუ ააშენებინებ, არამედ ეს ჩაანაცვლებინე. ხელშეწყობა იქნება ის, რომ მოსახლეობის გამოყვანის ხარჯი მერიამ აანაზღაუროს. სამაგიეროდ 10 სართულის აშენების უფლებას არ მისცემ და მისცემ 8 სართულს. კიდევ სხვა მოდელების გაკეთებაც შეიძლება, მაგრამ ამას უნდა სურვილი და ნება. ამას ვეჩალიჩებოდი ნარმანიას, მაგრამ ის ხომ ამქვეყნად არ არის.

ქალაქის ისტორიული სახის შენარჩუნებასთან დაკავშირებით რა გეგმები გაქვთ?

ისტორიული სახის შენარჩუნება ეს არ არის უბრალოდ სენტიმენტალური რამე. რა თქმა უნდა, ძველი თბილისი არის იდენტობის სახე. მაგრამ სიძველის შენარჩუნება და განვითარება, ეს არის ეკონომიკურად ძალიან მნიშვნელოვანი. ისტორიულ მემკვიდრეობას მხოლოდ სენტიმენტებით კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ ეკონომიკური შემადგენელი ყველაზე მნიშვნელოვანია.

ტურიზმს გულისხმობთ?

რა თქმა უნდა. მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი არის სხვადასხვა ტურიზმი, კულინარიული, სექსტურიზმი და ა.შ. ყველაზე შემოსავლიანი არის კულტურული მემკვიდრეობის ტურიზმი. რა არის პირამიდები? უდაბნოში დიდი ქვები ერთმანეთზეა დაწყობილი და მთელი მსოფლიო თავს იკლავს ამ ერთმანეთზე დაწყობილი ქვების სანახავად. ვინმემ ის რომ დაანგრიოს და ბეტონის ბლოკები დააწყოს, წავლენ იქ?! მთელი ეშხი უძველეს პერიოდში ერთმანეთზე დაწყობილ ქვებზეა, რომელიც არაჩვეულებრივ კონსტრუქციას ქმნის. ამის გამო შეიძლება ვიღაცამ მთელი სტატუსები გამომიცხოს, მაგრამ არა უშავს.

ამიტომ უნდა გავუფრთხილდეთ ისტორიულ მემკვიდრეობას. ვარკეთილში, ან საბურთალოზე დადიან ტურისტები?! იმიტომ რომ ტურისტისთვის მიმზიდველი არის სიძველე. დღეს ქაოტურად მიდის სასტუმროების მშენებლობები თუ კაფეების გაკეთება. ეს რომ კარგად მიდიოდეს მათ თავზე სახლები კი არ უნდა ენგრეოდეთ, არამედ ძალიან შეძლებული ადამიანები უნდა იყვნენ.

ისტორიულ უბნებში ძალიან ძველი სახლებია. როგორ უნდა მოხდეს მათი შენარჩუნება? თან ამბობთ, რომ გამაგრებით სამუშაოებში დახარჯული ფული წყალშია გადაყრილი და რომ მომავალ წელს ისევ გასამაგრებელი იქნება. როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემა?

სხვადასხვანაირად. არსებობს თბილისის განვითარების ფონდი, რომელიც რას აკეთებს კაცმა არ იცის.

არის ასეთი მაგალითი, რომელსაც ედინბურგის მაგალითი ჰქვია. შოტლანდიის დედაქალაქს უზარმაზარი ისტორიული მემკვიდრეობა აქვს. ზოგადად ასეა, რომ ქალაქის ისტორიულ ნაწილში შედარებით ღარიბი მოსახლეობა ცხოვრობს. თვითონ არ აქვთ იმის ფული რომ ამ ისტორიულ მემკვიდრეობას ჯეროვნად მოუარონ. ქალაქსაც არ აქვს იმდენი ფული არცერთ ქვეყანაში, რომ მიხედოს ისტორიულ მემკვიდრეობას. ამ პრობლემის წინაშე იდგა ედინბურგიც. მოიფიქრეს ასეთი რამე, რომ მოდით ცოტა კომერციული ელფერი მივცეთ გარკვეულ საკითხებსო.

მოგეხსენებათ მერიამ პასტაც რომ იყიდოს ტენდერი უნდა გამოაცხადოს, ამიტომ შექმნეს ე.წ. მბრუნავი ფონდი, სადაც ერთჯერადად ჩადეს ფული. მან მოახდინა კონკრეტული არეალის რეაბილიტაცია. რა დროსაც ფართის ნაწილი გამოისყიდა, ნაწილი დაიტოვა საკუთრებაში. შემდეგ ამ ფართების გაქირავებით გაკეთდა მეორე ქუჩა, რომელიც ასევე კომერციულად საინტერესო გახადეს. აი მაგალითად, ერეკლეს ქუჩა რომ გაკეთდა და იხეთქა ბიზნესმა, შემდეგ იყო შარდენის ქუჩა... ეს არის მოდელი. თბილისის განვითარების ფონდს ასეთი 20 წლიანი გეგმა რომ გაეკეთებინა და გაჰყოლოდა მთელ ძველ თბილისს ასე, ჩაებრუნებინა შემოსული ფული დღეს აბსოლუტურად რეაბილიტირებული იქნებოდა და სხვა ქუჩებზე მცხოვრები ადამიანებიც ისეთივე შეძლებულები იქნებოდნენ როგორც ერეკლე მეორის ქუჩაზე არიან, რომლის ნაწილს ფართი აქვს გაქირავებული, ნაწილს კი თავისი ბიზნესი აქვს. ამ მიმართულებით ვაპირებ გეგმის შეთავაზებას მოსახლეობისთვის.

თბილისის მოქმედ მერს დავით ნარმანიას ხშირად აკრიტიკებთ. ახლაც ამ ინტერვიუში არაერთხელ გააკრიტიკეთ. როგორ ფიქრობთ მერობის პერიოდში არაფერი ღირებული არ შეუქმნია დედაქალაქისთვის? და რაშია მისი ყველაზე დიდი პრობლემა?

ნარმანია ბუნებით მოადგილეა. ის ინფრასტრუქტურის კარგი მინისტრი იყო მაშინ, როდესაც პრემიერი იყო ბიძინა ივანიშვილი. ყველა სერიოზულ გადაწყვეტილებას იღებდა ივანიშვილი. იქ თუ რაიმე კორუფციული ან სხვა საფრთხე იყო ნარმანია ამ ყველაფერს ეუბნებოდა და უთანხმებდა ივანიშვილს და ისიც ძალიან მარტივად უგვარებდა და გზას უხსნიდა. ანუ სინამდვილეში იყო მოადგილე.

ივანიშვილმა რატომღაც გადაწყვიტა, რომ იგივე მოხდებოდა მისი მერობის შემთხვევაშიც. თბილისის მერის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა, იქ უნდა მიიღო გადაწყვეტილებები. ივანიშვილმა დატოვა თანამდებობა და გაეცალა, ნარმანია კი ამ ორომტრიალში დატოვა. ნარმანია დაიბნა ბრინჯივით და ვინც შეძლო ყველამ გადაუარა. ნარმანია არაა ბუნებით ლიდერი, ამიტომაა რომ მის გარდა ყველა გადაწყვეტილებებს იღებს და მერია კორუფციითაა გახრწნილი.

თბილისის მერიის მართვას სჭირდება გუნდი, ვინ იქნებიან თქვენს გუნდში? პრეზენტაციაზე გამოჩნდა ნატა ფერაძეც. ხომ არ შესთავაზებთ მას რაიმე თანამდებობას?

ნატა ფერაძეს არანაირ თანამდებობას არ შევთავაზებ. მას არ სჭირდება არანაიარი თანამდებობა. ნატე ფერაძეს აქვს სამსახური, სადაც თავს მშვენივრად გრძნობს.

რაც შეეხება ჩემს გუნდს, უახლოეს პერიოდში წარვადგენ. უბრალოდ ხელისუფლება არ მაძლევს საშუალებას, რომ გუნდის წარდგენაზე ვიფიქრო. მყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი, რომელსაც მალე წარვადგენ.

გამიმხილეთ ერთი ექსკლუზივი, მაგალითად ვინ იქნება თქვენი მოადგილე?

მოადგილეს ჯერ ვერ გეტყვით, მაგრამ წარდგენის დროს გეტყვით. არ გავასწრებ მოვლენებს. არ იქნება არცერთი ისეთი სახელი და გვარი, რომ არიქა ყველამ იცოდეს. თავის სფეროში იცნობენ ამ ხალხს. ყველა მომღერალს, მსახიობსა და სპორტსმენს გაუმარჯოს, მაგრამ ასეთი ხალხი ჩემს გუნდში ძალიან ცოტა იქნება. ამ კვირაში უკვე ვაპირებდი წარდგენას, მაგრამ ახლა ხელმოწერებზე დავრბივარ (ინტერვიუ ჩაწერილია ოთხშაბათს 30 აგვისტოს ავტ:).

ამბობთ, რომ ხელისუფლება Facebook-ის ე.წ. ფეიქ გვერდებიდან დეზინფორმაციას გივრცელებთ. ერთ-ერთი პრობლემა ჩვენც შეგვემთხვა და აპირებდით ეთიკის ქარტიისთვის მიმართვას. თუმცა, ჩვენი ჟურნალისტის შეტყობინებებსა და ზარებს არ უპასუხეთ, რომელიც ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობდა...

არაფერ შუაში არ იყო ინფორმაციის გადამოწმება.

არ იყო მარტივი „ფეიქისა“ და ნამდვილის გარჩევა, თუმცა როდესაც ჩვენთვის ცნობილი გახდა სიყალბის შესახებ გავავრცელეთ ინფორმაცია...

ჟურნალისტი „ფეიქსა“ და რეალობას ერთმანეთისგან უნდა ანსხვავებდეს.

ძალიან რთული იყო, ნამდვილად თქვენ გეკუთვნოდათ პოსტი თუ ყალბ გვერდზე გავრცელდა. შეცდომა კი ყველას შეიძლება მოუვიდეს... თუმცა, გამოუსწორებელი შეცდომა არ ყოფილა ეს...

არ ყოფილა რთული გასარკვევი. უდუმაშვილმა შემომთავაზა ხელმოწერების შეგროვება, მე მას გადავუხადე მადლობა და ვუთხარი უარი.

მაგრამ გასაგებია, მივიღე თქვენი ბოდიში. შეცდომისგან კი არავინაა დაზღვეული. მე ძალიან ბევრი შეცდომა მომსვლია ჟურნალისტად ყოფნის დროს, მაგრამ წინასაარჩევნო პერიოდში დიდი სიფრთხილეა საჭირო.

თუ გაქვთ მტკიცებულება, რომ ამ „ფეიქ ნიუსებს“ ხელისუფლება გივრცელებთ და აპირებთ თუ არა სასამართლოსადმი მიმართვას?

სასამართლოს არა, მაგრამ აუდიტის სამსახურისთვის მიმართვას ვაპირებ. ზოგიერთი გვერდი რაღაცა დონეზე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება. ინფორმაცია სადაც ეწერა, რომ უდუმაშვილს ხელი ჩავკიდე, ან ნატა ფერაძეს ბაღების დირექტორად ვნიშნავ გამოხატვის თავისუფლებაა. თუმცა, თუ მიადევნებთ თვალს ყველა ასეთი სისულელე დასპონსორებულია.

მაქვს ინფორმაცია, რომ ხელისუფლება დგას ამ ყველაფრის უკან. ზოგიერთი გვერდი აშკარად წინასაარჩევნოდ ხელშეშლას ემსახურება. მაგალითად გვერდი „ალექსანდრე ელისაშვილის მხარდამჭერები“, არ არის ჩემი გვერდი და პირდაპირ საარჩევნო ხელის შეშლაა. ეს წესით აუდიტის სამსახურისთვის საინტერესო უნდა იყოს.

გაქვთ რაიმე ხელჩასაჭიდი მტკიცებულება?

გაარკვიოს აუდიტის სამსახურმა. მე ოპერატიული ფუნქცია არ მაქვს და Facebook არ მეტყვის ვინ დგას ამის უკან. ძალიან მარტივია გარკვევა, რომელი ანგარიშიდან ხდება დასპონსორება. გაარკვიოს ვინ არის ის გიჟი, ვინც ჩემს წინააღმდეგ ინფორმაციის გავრცელებაში იხდის ფულს. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს ის ანგარიშები? „ქართული ოცნების“ შტაბამდე ხომ არ მიგვიყვანს?! აუდიტის სამსახურს აქვს უფლება Facebook-იდან ოფიციალური დოკუმენტაცია გამოითხოვოს.

გეთანხმებით, რომ ეს არის ძალიან სერიოზული პრობლემა, მითუმეტეს წინასაარჩევნოდ, თუმცა გაგახსენებთ, რომ ეკა ბესელია და მანანა კობახიძე თქვენ გადანაშაულებდათ დეზინფორმაციის გავრცელებაში... ეკა ბესელიამ სასამართლოშიც შეიტანა სარჩელი და საქალაქოში მოგიგოთ პროცესი. გაასაჩივრეთ თუ არა ზემდგომ ინსტანციაში და წახვალთ თუ არა საერთაშორისო სასამართლოში?

რა თქმა უნდა გავასაჩივრე. სასამართლო რომლის ერთი მოსამართლე თავად მანანა კობახიძეა, მეორე ლევან მურუსიძე, ხოლო მესამე ადეიშვილის დამტერორებელი მიხეილ ჩინჩალაძე ის სასამართლო სხვა გადაწყვეტილებას არც გამოიტანდა.

მართალია, რომ თქვენი დირექტორი ლეფსვერიძე მანანა კობახიძის დაქალია?

არ ვიცი, გამოიკვლიეთ. თუმცა, მერწმუნეთ ინტერვიუს დროს კითხვებს არავის ვუთანხმებ. თუნდაც იმიტომ, რომ იმხელა ხელფასი არ მაქვს რომ ვინმეს ჩარევის შემთხვევაში სამსახურიდან წამოსვლის შემეშინდეს.

გავასაჩივრე სააპელაციოში, სადაც განხილვა ჯერ არ ყოფილა. კარგს არაფერს ველოდები, თუმცა მივყვები ბოლომდე.

როდესაც ზაალ უდუმაშვილის შემოთავაზებაზე უარი თქვით, არასასიამოვნო შეფასებები გააკეთეს გიგი უგულავამ და ნიკა გვარამიამ. რას უპასუხებთ მათ?

უგულავას რა უნდა ვუპასუხო?! თავისი გასჭირვებია! გვარამიას აღშფოთებაც გასაგებია, მისი მეგობარია ზაალ უდუმაშვილი.

რატომ უთხარით უარი „ნაცმოძრაობას“ ხელმოწერების შეგროვებაზე? ხომ არ შეგეშინდათ იარლიყების მოკერების?

არაფრის არ შემეშინდა. ჩემი რესუსრსით შევაგროვე ეს ხელმოწერები. როდესაც შემიძლია რაღაცა გავაკეთო თვითონ რატომ უნდა დავიხმარო სხვა, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობა“. ჩემს საარჩევნო კამპანიის წარმართვაში არცერთი პარტიის დახმარება არ მჭირდება. მითუმეტეს „ნაცმოძრაობა“, რომელიც იყო მიუღებელი პოლიტიკური ძალა და არის მიუღებელი ძალა.

თუ მეორე ტურში ვერ გახვედით და გავიდა სხვა ოპოზიციური კანდიდატი, დაუჭერთ თუ არა მას მხარს და ამისკენ თქვენს ამომრჩეველსაც თუ მოუწოდებთ?

მე ვიბრძვი გამარჯვებისთვის, დანარჩენ რაღაცებზე ნაკლებად ვფიქრობ.

კი თუ არა?

მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი, თქვენ დამარცხების თემას მთავაზობთ და იმაზე პასუხს მთხოვთ.

არა, დამარცხებას არ გთავაზობთ, მაგრამ ამის შესაძლებლობაც არსებობს...

შესაძლებლობებზე მერე ვილაპარაკოთ. მე გამარჯვებისთვის ვიბრძვი და დარწმუნებული ვარ ჩემს გამარჯვებაში. 

მსგავსი სიახლეები
ხონის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა სრულდება

20 ნოემბერი, 2017

ქვეყნის მასშტაბით 40-ზე მეტი ახალი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე დასრულდება 16 ობიექტის მშენებლობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი 2018 წელს შევა ექსპლუატაციაში. ერთ-ერთი...

მეტი

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს

20 ნოემბერი, 2017

ქუთაისის მეექვსე მოწვევის საკრებულო ამ წუთებში პირველ სხდომას მართავს. სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ალექსანდრე ახალაძე უძღვება. ახალაძემ მადლობა გადაუხადა მერს შოთა მურღულიას გაწეული მუშაობისათვის და ახლადარჩეულ...

მეტი

"ნაცმოძრაობა" იყო მიუღებელი და რჩება მიუღებელ პარტიად - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან

"ნაცმოძრაობა" იყო მიუღებელი და რჩება მიუღებელ პარტიად - ინტერვიუ ალეკო ელისაშვილთან
00:00 | 5 სექტემბერი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი