ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი პრიორიტეტებს იცვლის - ინტერვიუ ზაზა დოლიძესთან

მაგდა კლდიაშვილი

უკვე წელიწად ნახევარია, რაც ქართული ფეხბურთის განვითარებისა და გადარჩენისთვის, როგორც ამას სპორტის სამინისტროში, ფეხბურთის ფედერაციაში ამბობენ, ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მუშაობს. ეროვნულმა ნაკრებმა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში აქამდე ერთი თამაშიც ვერ მოიგო, ევროსარბიელზე, ქართული კლუბები ასევე გამარჯვების გარეშე გამოვარდნენ, მაგრამ სამივე უწყება მაინც ამტკიცებს, რომ ქართული ფეხბურთის გადასარჩენად ეს აუცილებელი ნაბიჯი იყო და უახლოეს მომავალში ფონდის მუშაობის შედეგები გამოჩნდება.

"აიპრესმა" ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდში ერთი სამუშაო დღე გაატარა და ადგილზე გაეცნო, თუ როგორ მუშაობს უწყება, რას აკეთებენ და როგორ მიმდინარეობს ქართულ ფეხბურთზე ზრუნვა. გარდა ამისა, "აიპრესმა" ადგილზე კლუბების მიერ წარმოდგენილ ფინანსურ ანგარიშებსაც გადახედა და შეამოწმა, თუ როგორ ხდება მათ მიერ კერძო თანხების დახარჯვა და ამის დადასტურება აუდიტის სამსახურის მიერ.

ამ ეტაპზე, ფონდში სამუშაოების უმეტესობა ფინანსურ საქმიანობას მოიცავს, კლუბების წარმოდგენილი დოკუმენტაციების განხილვას და დამუშავებას, თუმცა ფონდის დირექტორმა, ზაზა დოლიძემ, "აიპრესს" სამუშაო დაფაც აჩვენა, სადაც 2018 წლისთვის განსახორციელებელი ცვლილებებია ჩამოწერილი.

ზაზა დოლიძის განცხადებით, 2018 წლიდან ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი პრიორიტეტს იცვლის და უცვლის კლუბებს და ნაცვლად მხოლოდ სახელფასო თანხებისა, ფონდის მიერ კლუბებისთვის მიცემულ ფულს თავისი პროპორციები ექნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ფეხბურთის განვითარების პროგრამა შეიცვალა, წელსვე, შემცირდა მისი ბიუჯეტი და ამოვარდა ინფრასტრუქტურა, თუმცა ახალ ცვლილებებს დოლიძე ოპტიმისტურად უყურებს.

რა როლი აქვს ფეხბურთის განვითარებაში ფონდს, რა შეიცვალა წელიწად-ნახევრიანი მუშაობის განმავლობაში, რას გულისხმობს ზაზა დოლიძე, როდესაც აცხადებს, რომ შედეგები იქნება უახლოეს მომავალში და რა იქნება წარმატება 2021 წელს, როდესაც 6 წლიანი პროგრამა ამოიწურება - ყველა კითხვა და ყველა პასუხი -  "აიპრესის" ექსკლუზიური ინტერვიუ ზაზა დოლიძესთან.

- ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდს ყველაზე ხშირად იმის გამო აკრიტიკებენ, რომ განვითარებისთვის არაფერი გაკეთებულა და მხოლოდ თანხების გადარიცხვით ხართ დაკავებული. სად არის განვითარება და რა ფუნქცია აქვს ფონდს?

- ნებისმიერი დარგის განვითარებისთვის რამდენიმე კომპონენტია საჭირო. ამ შემთხვევაში, ფეხბურთზე ვისაუბროთ. სპორტის ეს სახეობა რომ განვითარდეს, უნდა იყოს სრული საფეხბურთო ჯაჭვი აწყობილი. ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული ფეხბურთი, რაზეც შემდეგ დგება პროფესიული კლუბი და მწვრთნელთა და ფეხბურთში ჩართული ადამიანების განათლება, მათი გადამზადება და მაღალ პროფესიულ დონეზე ყოფნა და პროფესიული ფეხბურთი. ის ფეხბურთი, რომელიც ამ ჯაჭვის საბოლოო პროდუქტია. სადღაც, ამ გუნდმა, 11 კაცმა, უნდა ითამაშოს რომელიღაც ლიგაში კონკრეტული წარმატებით. თუ რას მოვიცავთ ჩვენ, ამის პრეზენტაცია გვექნება. ამ ჯაჭვის დიდი კომპონენტია მასობრივი ფეხბურთი, ინფრასტრუქტურაა ნაწილი, შიდა ნაწილია კვალიფიკაცია და ფეხბურთში ჩართული პირების კომპეტენციის გაზრდა. ასაკობრივი გუნდები და ბოლოში პროფესიული ფეხბურთი ამ პირამიდის მწვერვალია. აქამდე რომ მივიდეთ, ეს ყველაფერი აწყობილი უნდა გვქონდეს. პირველივე წელს, პროფესიული ფეხბურთისთვის დაფინანსება რომ არ მიგვეცა და დანარჩენისთვის მიგვეხედა, ამ აზრსაც ქონდა საფუძველი, მაგრამ რაც არის, ისიც აღარ იარსებებდა და ძალიან დიდ ქაოსს ვიწვევდით. შესაბამისად, ჩვენი აქცენტი და პრიორიტეტი გაკეთდა სტაბილურობაზე. რას ვგულისხმობ ამაში - გუნდების 100%-ს საბაზისო დაფინანსებას ჩვენ ვაძლევთ, რომ ისულდგმულონ, (ცალკე მათ რა ფული აქვთ და განკარგავენ, ეს სხვა საკითხია) რომ ჰქონდეთ მინიმალური ხელფასები. ზოგს ეს მეტი აქვს, ზოგს - ნაკლები. მივლინების საშუალება ჰქონდეთ, სტადიონი და ბაზა, თუ თავიანთი აქვთ, ამის მოვლის საშუალება ჰქონდეთ, თუ არ აქვთ, იჯარით აიღონ ანუ ფიზიკურად ამის საშუალება იყოს. ეს არის მთავარი. ამის შემდეგ, რომ გავაანალიზეთ და შევისწავლეთ სიტუაცია, ვინ რაში ხარჯავს, ჩვენი ხედვა და მათი რეალობა ცოტა აცდენილია ერთმანეთს. 2018 წლიდან, შემოგვაქვს ინიციატივა, რომ ეს პროპორციები შეიცვალოს. სახელმწიფოს საზრუნავი რაც არის, სტაბილურობას, გამჭვირვალობას მივაღწიეთ. ანგარიშგება გვაქვს და ვიცით, რაში რა იხარჯება. ახლა გვექნება აქცენტები, რაზე უნდა იმუშაოს გუნდმა, მოაწესრიგოს ინფრასტრუქტურა, გადაამზადოს მწვრთნელები, აიყვანოს ბავშვთა გუნდები, გააკეთოს სწორი სელექცია. იმერეთი იმხელა რეგიონია, შეიძლება საფეხბურთო სკოლა ქუთაისს ჰქონდეს წყალტუბოში, ან პირიქით. ვერანაირ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ. სწორი სელექცია აწარმოონ და აქცენტები გაკეთონ განვითარებაზე და არა მხოლოდ არსებულის შენარჩუნებაზე. სტაბილურობას უკვე მივაღიწეთ და ეს განვითარების წინა პირობაა.

- კლუბების უმეტესობა, საბაზისო დაფინანსების 80% ხელფასებისთვის იყენებს, რას მოიტანს ეს?

- საშუალოდ 70% საბაზისო დაფინანსების მოდის ხელფასებზე. ვთქვით, რომ 5 წლის თავზე, არსებულის დაფინანსების პირობებში ესეთი მიდგომა შედეგს არ მოგვცემს. ახლა ვაიძულებთ კლუბებს, რომ პრიორიტეტები შეცვალონ, სახელფასო ფონდი შეამცირონ და აქცენტი სხვა განვითარებაზე გადაიტანონ.

- იღებთ თუ არა კრიტიკას, რომ ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ფეხბურთის განვითარების ფონდი მხოლოდ გადარიცხვებით არის დაკავებული, კლუბები მხოლოდ ხელფასებს ისტუმრებენ და განვითარებისთვის არაფერი კეთდება?

- კრიტიკა მისაღებია, თუ ის სამართლიანია. ჩვენ გავაკეთეთ კვლევა და მივედით ამ დასკვნამდე. მთავარი ამოცანა იყო, იმ 80 სუბიექტის სტაბილურობა შეგვენარჩუნებინა, რომელიც ფეხბურთს თამაშობს. მიზანი არის, 80 გუნდი იყოს მდგრადი, გამართული სტრუქტურა და გააკეთონ პროდუქტი, რომელიც ასაკობრივ და ეროვნულ ნაკრებებს მისცემენ ფეხბურთელებს. გაიზარდოს კონკურენცია თანაბარ პირობებში, გაიმარჯვოს ძლიერმა და ის გუნდი, რომელიც გავა ევროსარბიელზე, ისე არ შერცხვეს, როგორც დღეს ვრცხვებით. ერთ წელში ამ შედეგს რომ ვერ მივიღებთ და ვერც ორ წელში, ამაზე ხომ ვთანხმდებით.

- ფეხბურთის განვითარების პროგრამა დაკორექტირდა და ინფრასტრუქტურული პროექტები ამოვარდა. ამის გარეშე განვითარება როგორ წარმოგიდგენიათ?

- ამაზე შევთანხმდით ჩვენ და მთავრობა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობის ძირითადი ნაწილი დათმობოდა სუფთა საფეხბურთო მიმართულებას, ხოლო ინფრასტრუქტურას მიხედავდა ესაბამისი სტრუქტურები, ამ საქმეს სახელმწიფოში ჰყავს თავისი კომპეტენტური უწყება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რომელიც აქამდეც ახორციელებდა ასეთ პროექტებს. მაგალითად, ბათუმის ბაზა, რომელზეც ითამაშებს კიდევაც ბათუმის „დინამო“, ორი ძალიან მაგარი - ხელოვნურ და ბუნებრივ საფარიანი მოედანი იქნება, მის გახსნას სექტემბერში აპირებენ; ასევე ზუგდიდის ორი სტადიონი, ბათუმის სტადიონის პროექტი კეთდება. ტყიბულს აქვს საკუთრებაში არსებული ბაზა და სტადიონი. ახლა მათთან უნდა ვიმუშაოთ, ისევე როგორც სხვა მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობასთან რომ რაღაც სახსრები გამოინახოს მთავრობისგან, ან მუნიციპალიტეტმა გამოათავისუფლოს საკუთარი ბიუჯეტებიდან და მოაწესრიგოს ადგილობრივი ინფრასტრუქტურა.

- იმავე ტყიბულის „მეშახტეს“, 6 თვეში, შიდა მივლინებებში 42 ათას ლარზე მეტი აქვს დახარჯული. თუ საკუთარი ბაზა და სტადიონი აქვს, კოსმეტიკური რემონტისთვის დაეხარჯათ ეს თანხა, არ აჯობებდა?

- მოდი, ასე ვთქვათ - შიდა მივლინებებისთვის 42 ათასი არა, მაგრამ 21 მაინც დასჭირდებოდათ. დაახლოებით 2000 ლარი უჯდება გუნდს გასვლითი თამაში. ათასი ლარი ტრანსპორტის დაქირავება, ათასი ლარი გუნდის სასტუმროში განთავსება. თუ ფეხბურთი გვინდა, თამაშის დღეს, სამი საათით ადრე ფეხბურთელები თამაშზე არ უნდა ჩაიყვანო. ეს პირობითად, არ იქნებოდა 42 ათასი, მაგრამ იქნებოდა 22 ათასი.

- გუნდი რომ თამაშის დღეს არ უნდა ჩავიდეს სხვა ქალაქში, ამაზე არ ვდაობთ, მაგრამ 20 ათასი ხომ წყალში გადაყრილი გამოდის?

- 42 ათასიდან, 22 ათასი აქვს იანვარში დახარჯული, ორ კვირიანი შეკრება გააკეთეს თბილისში. ტყიბულში საცხოვრებელი არ აქვთ. სასტუმროში მათი ყოფნა, კვება და სტადიონის იჯარა, სადაც თამაშობდნენ, არაა ეს დიდი თანხა.

- შედარებისთვის - ტყიბულის „მეშახტემ“ შიდა მივლინებებში 42 ათასი ლარი დახარჯა და მე-9 ადგილზეა, ხოლო „სიონი“, რომელიც ამ კომპონენტში ყველაზე ნაკლებად მხარჯველია, ლიდერებში. პრიორიტეტების განსაზღვრაში მონაწილეობას რომ არ იღებთ, ეს შეცდომა არაა?

- ამ შემთხვევაში არ ვიღებ კრიტიკას. კლუბები თვითონ არჩევენ პრიორიტეტებს და საბოლოოდ მას ჩვენთან ათანხმებენ. ბოლნისი არის თბილისთან ახლოს. „სიონს“ ფეხბურთელების უმეტესობა ჰყავს, ბოლნისში, რუსთავსა და თბილისში. ტყიბული თბილისიდან 250 კილომეტრშია. იქედან ვერ ივლიდნნე. ბოლნისი შეიძლება თბილისში ემზადება, ფეხბურთელები აქ ჰყავს და თამაშის თუ ვარჯიშის დღეს, ივარჯიშებენ და მიდიან. „მეშახტეს“ დასავლეთის ფეხბუთელები ჰყავს და ვარჯიშის შემდეგ ფიზიკურად თბილისიდან სახლში ვერ მიდიან.

- ამ ყველაფრის ფონზე, კლუბებს ზედმეტ თავისუფლებას ხომ არ აძლევთ პრიორიტეტების შერჩევაში?

- აღარ ვაძლევთ. კლუბი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარმოგვიდგენს მის დანართს, თუ არ წერია მივლინების, კვების, ინფრასტრუქტურის, იჯარის, ფედერაციის და ლიცენზირების ხარჯი, ვაცვლევინებთ, ხელფასებს ვამცირებინებთ. ამის გარეშე კლუბის ადმინისტრირება გამორიცხულია. პირადად მე, ორი წელი ვმართავდი პროფესიონალურ კლუბს, საკმაოდ მაღალბიუჯეტიანს. ზუსტად ვიცი, რაში რა თანხაა საჭირო, დაახლოებით მაინც. იმავე ტყიბულს არ ეწერა ახალგაზრდული გუნდები, რომლებიც ლიცენზირებით მოეთხოვება. მას ლიცენზია აქვს მიღებული და ამ სამი ასაკის საწევრო გადასახადია. საწევროს გარეშე არ დაუშვებდნენ, ლიცენზიას შეუჩერებდნენ. ფონდიდან ფულს ვეღარ მივცემდი, რადგან მონაწილეობას ვერ მიიღებდა. ჩვენ ვაიძულეთ ამის გაკეთება.

- ფონდის დაარსებიდან წელიწად-ნახევრის შემდეგ, რა იყო ხარვეზი, რას დახვეწთ და რა შეიცვლება?

- ძირითადი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ გუნდების მენეჯერებმა, განსაკუთრებით მუნიციპალური კლუბების, ჩვენს მიერ გამოყოფილი თანხიდან გუნდის ადმინისტრირებისთვის განსაზღვრული თანხის პროპორციულ შეცვლაზე გააკეთონ აქცენტი და იმაზე, რომ ჩვენი მიცემული თანხა საფეხბურთო აქტივად აქციონ. არ გასცენ მხოლოდ ხელფასები, მივლინება და ა.შ. ის, რაც მომავალ წელს არაფერს უტოვებს გუნდს. ინვესტიცია გააკეთონ მომავალში. აქტივში რას ვგულისხმობ - დავუშვათ, ჰქონდეთ საწვრთნელი ბაზა, ნორმალური გასახდელები, საშხაპეები. მწვრთნელი, რომელიც მათთან მუშაობს კონტრაქტით, მისცენ უფრო მაღალი კვალიფიკაცია. ერთი საფეხბურთით მაღლა გადაამზადონ. C აქვს, B ლიცენზიაზე გაუშვან, B აქვს, A-ზე და ა.შ. შეიძინონ სამედიცინო აპარატურა. უმეტესობას, ელემენტარული პირობები არ აქვთ. ეს იქნება კატეგორიული მოთხოვნა. კერძო კლუბს, ცოტა რთულია უკარნახო, ან შეიძლება მას ეს ყველაფერი აქვს, თუმცა კერძოებიც ჩვენთან ათანხმებენ ყველაფერს, რაში დაიხარჯონ ჩვენს მიერ მიცემული თანხა. რადგან მათ ჩვენ ვაფინანსებთ, მათთანაც, ნახევარი უნდა მოხმარდეს გუნდის განვითარებას. განვითარებაში ახალგაზრდულ ფეხბურთსა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვგულისხმობ.

- საჩხერის „ჩიხურას“ მწვრთნელმა განაცხადა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი განვითარებისთვის არაფერს აკეთებს. ფონდი კლუბებს დაგროვილი ქულების მიხედვით აძლევს პრემიალურ თანხას, „ჩიხურამ“ კი საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. არც ამ კომპონენტში აპირებთ მიუთითოთ კლუბებს, რომ თუნდაც ტრანსფერებში დახარჯონ ეს თანხები?

- ამ საკითხს გამგეობაზე გავიტან და ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ნებისმიერი თანხა, იქნება ეს საბაზისო, სამოტივაციო თუ პრემიალური, ერთნაირი პროპორციით უნდა გადანაწილდეს გუნდის განვითარებაზე. რაღაც ნაწილი სჭირდება ხელფასებს და პრემიებს, რაღაც ნაწლი კი საფეხბურთო აქტივის შესაქმნელად უნდა დახარჯოს გუნდმა. რაც შეეხება სოსო ფრუიძის განცხადებას, „ჩიხურა“ კერძო კლუბია და საკმაოდ მაღალი ბიუჯეტით ფინანსდებოდა, ჩვენ მილიონ ნახევარი დავუმატეთ, მითხრან, როგორ დავასუსტეთ ეს გუნდი? კონტრ-კითხვას დაგისვამთ. ფეხბურთის განვითარება მოიცავს თუ არა არსებული მენეჯმენტის, ფეხბურთელების შრომის ანაზღაურებას. გუნდის განვითარებისთვის არის თუ არა მნიშვნელოვანი, რომ იქ ხალხი მუშაობდეს და იღებდეს ხელფასებს?

- დიახ, ეს აუცილებელია, მაგრამ კითხვას შემოგიბრუნებთ, არსებული მენეჯერები წლებია მუშაობენ გუნდებში და შედეგი ერთი და იგივეა. ვხედავთ, რომ წლებია მათი მუშაობის სტილი არ იცვლება, არ გადიან შეკრებებს, არ ატარებენ ამხანაგურ მატჩებს, არ ძლიერდებიან, ევროტურნირების წინ გუნდის ნახევარს უშვებენ. ასეთ მენეჯერებს 10 მილიონიც რომ მისცეთ, ამ პირობებში საერთოდ განვითარების პერსპექტივას ხედავთ?

- ჩვენ ამას ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ საფეხბურთო მენეჯმენტის კუთხით ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს კლუბებში. ვგულისხმობ, როგორც კლუბის ხელმძღვანელობის კვალიფიკაციას, ასევე სპორტული მენეჯმენტისას. მოვიძიე და ბოლო 20 წლის განმავლობაში, არცერთ სახელმწიფო კლუბს ოფიციალური ტრანსფერი არ განუხორციელებია. საიდან უნდა იშოვოს კლუბმა ფული? მოამზადოს და გაყიდოს ფეხბურთელი, ან გაზარდოს და გაყიდოს, ან თავისი ტელეტრანსლაციებიდან მიიღოს შემოსავალი, ან უეფადან მიიღოს რაღაც ეტაპების გასვლის შემდეგ. არცერთ სახელმწიფო კლუბს ფეხბურთელის გაყიდვიდან ფული არ მიუღია. თუ რამე მაგალითი გაქვთ, ძალიან გთხოვთ, მომაწოდეთ და ამას პირველი მე ვიტყვი. აქედან გამომდინარე, პრობლემა გვაქვს, როგორც იურიდიულ გამართულობასთან, ხელშეკრულებებთან, ასევე სპორტული მიმართულებით. მწვრთნელები ვერ ან არ არჩევენ შესაბამის ფეხბურთელებს, სპორტული დირექტორები ვერ აკეთებენ გრძელვადიან გათვლებს, ამის მაგალითები მრავლადაა, რომ კლუბისთვის პოტენციურად წარმატებული ფეხბურთელი ტოვებს გუნდს ყოველგვარი სარგებლის გარეშე. ეს არის კატასტროფა და უნდა აღმოიფხვრას. წლის ბოლოს უფრო დეტალური ანალიზი გვექნება. ჩვენს მიერ მიცემული ფული პრიორიტეტებად დაიყოფა. ვგულისხმო პრემიებსა და მოტივაციებს. 2018 წლიდან პროგრამულ დაფინანსებას ექნება მიზანი. შესაბამისად, ნაწილი იქნება კლუბის გამართულად ფუნქციონირებისთვის. ძალზე მიზერული თანხები იხარჯება ინფრასტრუქტურასა და ბავშვთა აკადემიებში, ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებისთვის. ჩვენგან იქნება იმპერატიული მოთხოვნა, რომ თანხის ნახევარი დაიხარჯოს კლუბის ადმინისტრირებაში, სადაც შევა ხელფასები, მეორე ნახევარი კი ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებაში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, კლუბისთვის სარგებლის მომტანი მიმართულებების დახვეწაში. ვგულისხმობ განათლებას, სამედიცინო აპარატურის შეძენას, კლუბში მომუშავე პერსონალის გადამზადებას. თქვენც დაწერეთ სტატიაში, რომ არანაირი მარკეტინგული აქტივობა არ აქვთ კლუბებს და დახარჯულია მიზერული თანხები, რომელმა აქტივობამაც გუნდს შეიძლება დამატებითი შემოსავალი მოუტანოს. როგორც მინიმუმ, თვეში ათი ათს ლარიანი შემოსავალი ნებისმიერმა გუნდმა შეიძლება მიიღოს. საქართველოში, ან რეგიონში ნუთუ არ არის ბიზნესი, რომელიც პირობითდ ათასი ლარით დაეხმარება თავის ქალაქის გუნდს? უნდა ვაღიაროთ, რომ ბათუმის „დინამო“ ერთ-ერთი წარმატებულია ამ მხრივ, სახელმწიფო კლუბია და სპონსორებისგან თანხების მოძიებაში მათი აქტიურობა მინდა მოვიწონო. ამ კუთხით, ყველაზე გამორჩეულად მუშაობენ მუნიციპალურ კლუბებთან შედარებით.

- რადგან სახელმწიფო აფინანსებს მუნიციპალურ და კერძო კლუბებს დაფინანსებას და ეს ადგილობრივ დონეზე აღარ წყდება, მაშინ რატომ უნდა გადაწყვიტონ გამგებლებმა და მერებმა, ვინ იქნება საფეხბუთო კლუბის მმართველი ქობულეთში, ზუგდიდში, რუსთავში და ა.შ. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ 5 წელიწადში ისევ ვისაუბრებთ იმაზე, რომ მენეჯერები არ გვყავს?

- წლის ბოლოს, ყველა გუნდზე, მენეჯერზე და ფინანსურ მიმართულებებზე პასუხისმგებელ პირებზე, სპორტულზეც, რეკომენდაციები და კონსულტაციები გვექნება მუნიციპალიტეტებთან ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ეს კლუბები მუნიციპალიტეტების საკუთრებებშია. ვერ ვეტყვით მათ, რომ კანონი დაარღვიეს, არასწორედ მართეს ან მიითვიეს. რა თქმა უნდა, ვალდებულები ვართ, პირველებმა ჩვენ განვაცხადოთ, მაგრამ რეკომენდაციები იქნება ის, რაც გამოსასწორებელია, რომ მიიღონ მხედველობაში. ასევე ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, არ გამოვრიცხავ, ურჩმა ხელმძღვანელმა პირები, რომლებიც არ ითვალისწინებენ ჩვენს მითითებებს, მიიღონ ძალიან სერიოზული საუბარი და რამდენიმე მათგანმა, დატოვოს კიდეც თანამდებობა. ეს, რა თქმა უნდა, არაა ჩვენი კომპეტენცია, კლუბის ხელმძღვანელს გაუშვებს თუ არა, ეს გამგებლის ან მერის გადასაწყვეტია, რომელიც მუნიციპალიტეტს მართავს. ყველაფერს ნათლად აჩვენებს სპორტული შედეგი. თანაბარ პირობებში, ძლიერი იმარჯვებს, სუსტი მარცხდება. ესაა ჭეშმარიტება. თუ გუნდი დაქვეითდება ან ცუდი შედეგები ექნება, უნდა დაიბაროს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა და მოითხოვოს ახსნა-განმარტება. ამას თან დაერთვება ჩვენი წერილობითი ანალიტიკა. მიცემული თანხები რაში დახარჯა, რაზე ვაკეთებდით აქცენტს და რა არ გაითვალისწინა. აქამდე კლუბები თავად ირჩევდნენ პრიორიტეტებს ჩვენთან კონსულტაციით. კი ბატონო, აქცენტს აკეთებენ მოკლევადიან შედეგზე, მაგალითად იმისთვის, რომ ადგილი შეინარჩუნებინათ ლიგაში, ეს არის შეცდომა, გიფიქსირებთ. თერჯოლამ აქცენტი გააკეთა და წინასწარ აიღო თანხა, დახარჯა ხელფასებში და შედეგები არ აქვთ. ბოლო ადგილზე არიან. აქედან გამომდინარე, გამგებელმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაიბაროს დირექტორი და მოსთხოვოს პასუხი. სპორტული პრინციპი ააშკარავებს კლუბის წარმატებულ თუ წარუმატებელ მენეჯმენტს. ყველა გუნდის მართვაში ჩვენ ვერ შევალთ, ვერც ფეხბურთის ფედერაცია და სპორტის სამინისტრო.

- რამდენიმე დღის წინ, სადაც სტუმრად ლევან კობიაშვილი და ტარიელ ხეჩიკაშვილი იყვნენ, ჟურნალისტმა გააჟღერა ინფორმაცია, რომ დღესაც, ფეხბურთის ფონდიდან კლუბებში ჩარიცხული თანხებს გარკვეული მენეჯრები ჯიბეში იდებენ. თქვით, რომ ამის შემოწმება ხდება, როგორ ხდება შემოწმება, კლუბების მიერ ჩაბარებული ანგარიში ეჭვი არ გაგჩენიათ, რომ ვიღაც სადღაც იტყუება?

- როდესაც ხელშეკრულებას ვდებთ, მას აქვს დანართი. კლუბები მუხლობრივად ითხოვენ მაგალითად 500 ათას ლარიან სახელფასო ფონდს, ზოგს 10 თვიანი ხელშეკრულებები აქვთ. მაქვს მათი შრომითი ხელშეკრულებები, უბრალოდ ხელფასები ძალიან რთული დასარეგულირებელია. შესაძლოა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდეს, თანხა გაიზარდოს, ან შემცირდეს. ჩემთან, ამის დეკლარირება ონლაინ რეჟიმში არ ხდება. ვიღაცას რომ 500 ლარს აძლევდნენ და შემდეგ ითხოვენ 1500 ლარს, ამით ვინტერესდები. შესაძლოა ვიღაც შვებულებაში მიდის, ხელფასს წინასწარ ვაძლევთ ან დამატებით გაფორმდა ბონუსი. ხელფასების კუთხით, სრული ინფორმაცია მაქვს. დავუშვათ, კლუბმა მომთხოვა სამივლინებო ხარჯები, ჩემთან აქვს სასტუმროს ხელშეკრულება. დავადგინეთ ტარიფები - 80 ლარი თბილისსა და ბათუმში, დანარჩენ საქართველოში - 60 ლარი. სამჯერადი კვებით ერთ ადამიანზე და საღამოს ფეხბურთელბს სჭირდებათ ყავა, ჩაი, ორცხობილა და ა.შ. ამის დამადასტურებელი ხელშეკრულება, ხშირ შემთხვევაში ინვოისი, გადარიცხვის დამადასტურებელი საბუთები გვაქვს. ეს ტარიფები დავადგინეთ ბაზრის კვლევის საშუალებით. ხელფასებში ვერ დავადგენ, პირობითად ფეხბუთელი 500 ლარს იმსახურებს თუ 1000. ამის დადგენა შეუძლებელია. ყოველთვიურად მოაქვთ ჩვენთან, თუ რაში ხარჯავენ ჩვენს მიერ მიცემულ თანხას.

- სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დასკვნაში დაწერა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდში კანონთან შეუსაბამო ხელფასებია. თუმცა კანონი ითვალისწინებს გამონაკლისს, რომლის გამოყენებასაც ახლა აპირებთ, აქამდე რატომ არ გააკეთეთ ეს? ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელსაა და მის თანაშრომლებს შეიძლება ფეხბურთელებზე მაღალი ხელფასი ჰქონდეს?

- ძალიან პირობითია ეს შეფასება და ვიღაცაზე თქმა, ვინ რამდენს იმსახურებს. ერთს ვიტყვი, ჩვენთან ეს შეუსაბამობა კანონდარღვევა არ არის, მაგრამ ნორმასთან შეუსაბამოა. გვქონდა ჩვენი პოზიცია, რომელიც მოყვანილია ბიუჯეტის კანონში, რომ ეს ნორმა არ ეხებოდა იმ ფორმის ორგანიზაციას, სადაც ჩვენ ვმუშაობთ და ჩვენი ხელფასები შეთანხმებული იყო გამგეობასთან, მაგრამ რადგან აუდიტის სამსახურმა ეს დასკვნა დადო, მიგვითითეს, რომ კანონში გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობა არსებობს და ეს გამოგვეყენებინა, ამას გამოვიყენებთ.

- აქამდე რატომ არ გამოიყენეთ ეს გამონაკლისის წესი?

- გვქონდა ჩვენი აზრი, რომ ეს არ არის შეუსაბამობა და შეგვიძლია ამ ხელფასებით მუშაობა. ვიმეორებ, ეს გამგეობასთან და ზემდგომ ორგანოებთან შეთანხმებული იყო და ასე ვმუშაობთ წელიწად-ნახევარია. რადგან აუდიტის სამსახურმა ეს არ გაითვალისწინა, ჩვენივე ნებითა და სურვილით ამას გამოვასწორებთ და მოვიყვანთ ნორმაში. რაც შეეხება ფონდის ხელმძღვანელის ხელფასს, ის არ შერჩეულა არანაირი სუბიექტური გარემოებების გამო. მაქვს ჩემი განათლება და კვალიფიკაცია, ასევე, შესაბამისი სამუშაო გამოცდილება და რეპუტაცია. ვფიქრობ, მეც და ჩემი თანაშრომლებიც ამ პოსტებზე ვმუშაობთ ადეკვატური კომპენტეციით, კვალიფიკაციითა და რეპუტაციით. ამიტომ, ამაზე არ ღირს პოლემიკაში ჩართვა, ვის მეტი ჰქონდეს და ვის ნაკლები.

- ცოტა არაკორექტული ხომ არ იყო თქვენი სატელევიზიო განცხადება, რომ თუკი ხელფასები შემცირდება, მუშაობას აღარ გააგრძელებთ ფონდში?

- არა, ასე არ იყო. ცოტა სხვანაირად გაიგო ჟურნალსიტმა. მე მას ვუთხარი, რომ ამ რეკომენდაციას მოვიყვანთ იმ ნორმასთან შესაბამისობაში, რაც არსებობს. ან მთავრობის განკარგულებით მოხდება გამონაკლისის დაშვება, რაზეც აუდიტის სამსახურმა მიუთითა ან ხელფასები დარეგულირდება ნორმასთან შესაბამისობაში. თუ ამას არ გაითვალისწინებს მთავრობა, ჩვენი გადასაწყვეტია, გავაგრძელებთ მუშაობას თუ არა.

- თუ არ დაუშვებს გამონაკლისს მთავრობა, გააგრძელებთ მუშაობას?

- ეს ჩემი გადასაწყვეტია. ათი წელია, ყველგან, სადაც ვმუშაობ, ვარ უმაღლესი მენეჯერი. შეგიძლიათ ჩემი რეზიუმე შეამოწმოთ, 2016 წლის პირველ მარტს რა ანაზღაურებაც მქონდა, ასეთი მაქვს რვა წელია. ამაზე ვიმუშავებ თუ არა, ეს უკვე ჩემი გადასაწყვეტია. ვიმეორებ, ჩვენ გვქონდა ჩვენი პოზიცია, მაგრამ აუდიტის სამსახურმა ეს რეკომენდაცია მოგვცა, რომელსაც ჩვენივე სურვილით შევასრულებთ. აქეთ ვითხოვთ კლუბებისგან, რომ ნორმასთან შესაბამისობაში იყოს რაღაც და ვიღაცამ მომთხოვოს და მე არ მოვიყვანო შესაბამისობაში? მოვიყანთ ნორმაში, ხოლო ეს იქნება ჩვენი ხელფასების დამტკიცება იმ ფორმით, როგორითაც არის თუ მათი შემცირება ამას უახლოეს მომავალში გაიგებთ. ადამიანი თავად ირჩევს სამუშაო ადგილს. ადამიანი არ არის ფოტოსინთეზზე, რომ ოჯახი არჩინოს მხოლოდ ფეხბურთის სიყვარულით. რა თქმა უნდა, ამ პოზიციაზე მოვედი ფეხბურთის სიყვარულის გამო, თორემ ძალიან კარგ ადგილზე ვიყავი, უსერიოზულესი სამსახურის უფროსი ვიყავი და ძალიან მაღალი პოსტიც მეკავა, მაგრამ გადმოვედი ფეხბურთის გამო და დარწმუნებული ვარ, იმ საქმეს, რასაც ხელი მოვკიდე, ბოლომდე მივიყვან. ადამიანს სჭირდება ხელფასი და მოტივაცია. ეს ზოგისთვის 1000 ლარია ზოგისთვის - 5000 ლარი.

- კერძო კლუბებიც მუნიციპალურების მსგავსად, უკვე მეორე წელია ფეხბურთის განვითარების ფონდიდან იღებენ დაფინანსებას. „საბურთალოს“ მაგალითი რომ განვიხლიოთ, ამ გუნდმა 6 თვეში, სტადიონის იჯარაში, ყველაზე მეტი - 86 ათასი ლარი გადაიხადა. „საბურთალომ“ გასულ წელს ფონდისგან 1 800 000 ლარი მიიღო. მაშინ როდესაც „მიხეილ მესხის“ მეორე სტადიონის აშენება ყველაფრით დაჯდა 1 მილიონ 650 ათასი ლარი, რა მოგებას იღებს ამით სახელმწიფო?

- ნებისმიერი ხარჯი, რომელიც კლუბის ადმინისტრირებისთვის არის გაწეული, ეს იქნება იჯარა თუ სხვა რამ, კლუბი თვითონ ირჩევს. თუნდაც გერმანიაში, მხოლოდ ორი გუნდია, რომელსაც საკუთარი სტადიონი აქვს. ძალიან ბევრი გუნდი მუნიციპალურ სტადიონს იყენებს და შესაბამისად, იხდის იჯარას. რა მნიშნვნელობა აქვს ახლა იმას, „საბურთალო“ ამ თანხას მუნიციპალური სტადიონის იჯარაში გადაიხდის თუ არა. თუნდაც თბილისის „დინამო“ ავიღოთ. მას „დინამო არენა“ აქვს გრძელვადიანი იჯარით, რომლის შენახვა, პირობითად, თვეში უჯდება 50 ათასი ლარი. ინფრასტრუქტურის კუთხით, გეთანხმებით, პრობლემებია. უფრო მეტი სტადიონი გვჭირდება, ვიდრე გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში, კერძო კლუბს ვუთხრა, რომ ჩემი მიცემული ფულიდან მთლიანად სტადიონში მიმართოს, არ შემიძლია.

- სახელმწიფოს რომ აეშენებინა სტადიონი და ის მიეცა იჯარით „საბურთალოსთვის“, ხომ შეიძლებოდა?

- ამას გეუბნებით. გადაუდებელი იყო ამ ფონდის შექმნა იმ წუთისთვის, ფეხბურთისთვის. ეს რომ არ მომხდარიყო, „საბურთალო“ არ ვიცი, მაგრამ „გაგრა“, „ლოკომოტივი“, „ვიტ ჯორჯია“, „მერანი“ აღარ აპირებდნენ ფუნქციონირებას. ეს ვიცი მათი დამფუძნებლებისა და პრეზიდენტებისგან. „ზესტაფონი“ რატომაც დაიხურა, კარგად იცით. ანალოგიური პროტესტის გამო, რომ სახელმწიფო დაფინანსება და ხელშეწყობა არ ჰქონდა. ძალიან ბევრი კერძო კლუბი აპირებდა ფუნქციონირების შეწყვეტას. გვექნებოდა მარტო მუნიციპალური კლუბების ჩემპიონატი, როგორც იხარჯებოდა თანხები აქამდე, უსისტემოდ და უკონტროლოდ, ასე გაგრძელდებოდა. საბოლოო ჯამში, რასაც აძლევდნენ კლუბებს კი უკონტროლებდა, მაგრამ დეტალურად არ ჯდებოდნენ ბიუჯეტში და ეს ძალიან პრობლემატური იყო.

- საერთოდ, სადმე გაგიგიათ, რომ კერძო სექტორს ასე პირდაპირ აფინანსებდეს სახელმწიფო?

- სახელმწიფოს ვალია ქვეყანაში ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას.

- და არა პირდაპირ დააფინანსოს...

- პირდაპირ დააფინანსოს, რას გულისხმობთ, საგადასახადო შეღავათს დაუწესებ თუ ამ ფულს პირადად მისცემ, ერთი და იგივეა.

- სახელმწიფოს არ შეუძლია კერძო სექტორს პირდაპირ მისცეს ფული, ეს კანონით დაუშვებელია.

- სად წერია, რას ლაპარაკობთ. ახლა ჩვენ კრიმინალს ჩავდივართ და მთავრობამ კრიმინალური გადაწყვეტილება მიიღო, ამ ფულს პირდაპირ რომ ვაძლევთ?

- საგადასახადო შეღავათის დაწესება იქნება ადეკვატური და არა პირდაპირ ფულის მიცემა.

- სახელმწიფოს კერძო სექტორისთვის გრანტის მიცემა შეუძლია. სოფლის მეურნეობაში, საგანმანათლებლო პროექტებში, სპორტში და ა.შ. გრანტის სახით აფინანსებს.

- თქვენ რომ გადაწყვიტოთ ფეხბურთის გუნდის ჩამოყალიბება, რა ვადიან გეგმას გათვლით?

- როგორც მინიმუმ ,7-8 წლიანი გეგმა უნდა გაკეთდეს.

- და მერე ფიქრობთ, რომ სახელმწიფოს უნდა მოსთხოვოთ დოტაცია ან გრანტი ან შეწყვეტთ ფუნქციონირებას? საქართველოში ხომ არ არის ტენდენცია, რომ ყველა კერძო მეპატრონემ გადაწყვიტა სახელმწიფოს ჩამოეკიდოს კისერზე, ან წასვლით იმუქრება, ხომ არ ჰგავს ეს შანტაჟს?

- აგიხსნით. სახელმწიფო თუ რომელიმე დარგს რაღაცაში ეხმარება, ეს არ უნდა დაიყოს კეთროვნებად და ჯანმრთელებად, მუნიციპალურად და კერძოდ. სახელმწიფო თუ დარგს ეხმარება, ამ დახმარების მიმღები, ბენეფიციარი რა წარმომავლობის არის, რა კანის ფერი აქვს, რა შეხედულება და ორიენტაცია, ამაზე დამოკიდებული არ უნდა იყოს. თუ დარგს ეხმარები და გარკვეულ კონტრიბუციაში შედიხარ, ეს რესურსი უნდა მიიღოს ყველამ, მიუხედავად იმისა, კერძო იქნება თუ მუნიციპალური. თუ რაღაც შეგვიძლია ქართულ ფეხბურთს დღეს წარმატებად ჩავუთვალოთ, 19-წლამდელთა ნაკრებია. დათვალეთ, რამდენი იყო 18 ფეხბუთელიდან კერძო კლუბის წარმომადგენელი, გაზრდილი, სელექციაჩატარებული და ნაკრებზე მიწოდებული და რამდენი მუნიციპალური. რა შრომაა ჩადებული ამაში და იმაში. მუნიციპალურ და კერძო კლუბს ვერ განვასხვავებ მე და ვერ ვაიძულებ ჩვენი მიცემული ფულით სტადიონი ააშენოს. თუმცა, ესეც დავაანონსეთ, რომ 2018 წლიდან ჩვენს მიერ მიცემული ფულის პროპორციები შეიცვლება და სავალდებულო წესით იქნება. გუნდებმა, თანხის უდიდესი ნაწილი უნდა დახარჯოს განვითარებაში, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაში, იმ ნორმებთან მოყვანაში, რასაც ევროპული სტანდარტი ითვალისწინებს. ბავშვთა აკადემიების მოწესრიგებაში, სელექციის ჩატარებაში, კვალიფიკაციის ამაღლებასა და სპორტული კუთხით, სწორი ადამიანების შერჩევაში, რომ ამ ადამიანებმა სწორად დაგეგმონ გუნდის მომავალი. ამას მოხმარდება ჩვენს მიერ მიცემული ფულის უდიდესი ნაწილი.

- ევროტურნირები ავიღოთ, ვერცერთ კერძო კლუბი ვერ გავიდა ევროსარბიელზე, თუმცა მათ ყველაზე მეტი თანხა მიიღეს ფონდისგან. როგორ ამოწმებთ მათ ხარჯვას და როგორ უსაზღვრავთ მოტივაციის თანხის ოდენობას?

- კლუბის ფინანსურ აქტივობას და წელს აჯამებს ლიცენზირებული აუდიტორული კომპანიები. პარლამენტთან არსებული ბიურო გასცემს ნებართვებს აუდიტორული საქმიანობსი შესახებ. 2016 წლამდე ფედერაციას ჰქონდა 10 აუდიტორული კომპანიის სია, რომელთაც მაღალი რეიტინგი და რეპუტაცია ჰქონდათ. კლუბებს მათით უნდა ესარგებლად და წარედგინათ ფინანსური აუდიტის ანგარიში ფედერაციისთვის. ჩვენც შორს არ წავედით და მოვითხოვეთ ის აუდიტორული კომპანიები, რომლებიც ფედერაციის ლიცენზირებისთვის აკეთებენ აუდიტს. გუნდებმა წარმოადგინეს, გადავხედეთ, რაში იყო დახარჯული ეს თანხა. ვიღაცამ სესხი აიღო, ან კერძო პირისგან ისესხა, ამას არ ვთვლით. სპონსორობით მოტანილი თანხა, დამფუძნებლის მიერ შეტანილი თანხა, შემოწირულობით მიღებული, რომელიც დაიხარჯა კლუბის ადმინისტრირებაში, ვგულისხმობ ხელფასებს, მივლინებას, ტრანსპორტირებას, ბაზის, სტადიონის იჯარას, საზღვარგარეთ შეკრებას. ამ კუთხით თუ რამე დაიხარჯა, ეს ჩაითვლება კლუბის ადმინისტრირებაში მოზიდულ თანხა და აღნიშნული წაახალისა სახელმწიფომ პროგრამის შესაბამისად.

- ვთანხმდებით, რომ პიარის გარეშე დღეს თანამედროვე ფეხბუთი წარმოუდგენელია. კლუბებს აქვთ ერთ-ერთ კომპონენტად, რომ თანხა შეუძლიათ მოითხოვონ პიარისთვის, თუმცა ეს მხოლოდ სამმა კლუბმა გააკეთა. კლუბების მსგავსად, თვთონ ფეხბურთის განვითარების ფონდი რატომ არ ცდილობს პიარზე, მარკეტინგზე დ არ ფიქრობთ, რომ ეს კლუბებისთვის ერთ-ერთი აუცილებელი მოთხოვნა უნდა იყოს?

- ფეხბურთის განვითარების ფონდი კლუბების პიარისა და მარკეტინგისთვის აქედან ვერ იმუშავებს. იმაში გეთანხმებით, რომ პრიორიტეტები იცვლება. ერთად ვიძახით ჩვენ, თქვენც და ფედერაციაც, რომ კლუბს სჭირდება დამატებითი აქტივობა, მარკეტინგული და საზოგადოებასთან ურთიერთობის, რომ ის პლუსები და პოზიტიცი, რაც აქვს, სამწუხაროდ, დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ბევრი არც არის, მაგრამ ვიმუშაოთ და კარგად წარმოვაჩინოთ ეს პოზიტივი. უარყოფითი დადებითად გარდავქმნათ და საზოგადოებას სწორად მივაწოდოთ. ფონდს საკუთარი თავის პიარი ევალება და ეს გასაკეთებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ამის ბიუჯეტი არ გვაქვს, რომ ჩვენი თავის პიარისთვის რაღაც თანხები ვხარჯოთ. შევეცდებით, ჩვენივე აქტიურობით, რადგან ეს საჭიროა და საზოგადოება არაა საქმის კურსში, რას საქმიანობს ფონდი, ჩვენივე წამოწყებული ინიციატივებით, საზოგადოებისთვის სრული ანგარიში გავაკეთოთ. კლუბებს ფედერაციის ლიცენზირებით ისედაც მოეთხოვებათ ჰყავდეთ პიარ-მენეჯერი, მაგრამ ეს პოსტი კლუბების უმეტესობაში ფიქტიური პოზიციაა. მათ შეიძლება ლიცენზირებისთვის გააკეთონ ეს, მაგრამ პიარი და გაყიდვები საჭიროა. უნდა მივცეთ კლუბებს ბიძგი და მიმართულება, რომ არ აიყვანონ შემთხვევითი კადრი, კვალიფიციური მოიზიდონ. სამწუხაროდ, კლუბების დიდი ნაწილი უყურებს მხოლოდ დღევანდელ დღეს, როგორ შევინარჩუნოთ ადგილი ლიგაში და როგორ გავიდეთ ევროსარბიელზე. ესაა მთელი პრობლემა. სახელმწიფოს არ აინტერესებს თერჯოლა და ტყიბული რომელ ლიგაში იქნება. სახლემწიფოსთვის მნიშნველოვანია კლუბები განვითარდნენ ინსტიტუციონალურად, რომ სპორტული შედეგები უფრო მაღალი იყოს. მე ვერ ვეტყვი კლუბს, რომ შენ 700 ათას ლარიანი დაფინანსება იმიტომ გაქვს, რომ აუცილებლად ადგილი შეინარჩუნო, ან პირიქით - დაწინაურდე ზედა ლიგაში. ჩვენი ამოცანაა ეს ფული სწორად დახარჯონ, განვითარდნენ, კლუბი მდგრადი იყოს და შენი გავარდნა ან ადგილის შენარჩუნება დამანგრეველი არ იყოს გუნდისთვის. დარჩეს აქტივი. აქტივი არის ხელშეკრულებები ფეხბურთელებთან, ტალანტებთა, პოტენციურად რეალიზებად ფეხბურთელებთან, რომ მათ კლუბსა და საკუთარ თავს შემოსავალი მოუტანონ. დარწმუნებული ვარ, ჩვენი რეალობა და ქართული სპორტული ნიჭი იძლევა იმის საშუალებას, რომ ყველა ფეხბურთელს ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელზე მაღალი ხელფასი ჰქონდეს. მეუხერხულება უკვე ამაზე საუბარი. მთავარი ამოცანა არაა დღევანდელი დღე. იმედია, ის მენეჯერები შეიგნებენ ამას, რომ ხვალინდელია მთავარი. სახელმწიფოს ფული არაა დღევანდელი დღისთვის. არის შედეგისთვის, 6 წლის თავზე, რომ სახელმწიფომ თქვას, რომ ფეხბურთის ადმინისტრირებისთვის ფულს აღარ გამოყოფს და განვავითარებს ინფრასტრუქტურას, ავაშენებთ 20 სტადიონს და ა.შ. ვინც იქნება პრიორიტეტის განმსაზღვრელი, ის გადაწყვეტს. სანამ გვაქვს 5 წლიანი პროგრამა, 2021 წლამდე, ვაიძულებთ მუნიციპალური და კერძო კლუბების ხელმძღვანელობას, რომლებიც ჩვენგან გრანტებს იღებენ, რომ ეს თანხა დახარჯონ იმაში, რასაც სახელმწიფო თვლის პრიორიტეტად.

- ბავშვთა ფეხბურთი არის ის ამოსავალი, საიდანაც განვითარება უნდა დაიწყოს, თუმცა ფონდი ამ მიმართულებით აქტიურად არ მუშაობს. სად ხედავს თავისი ფუნქციას ფონდი ბავშვათა ფეხბურთის მიმართულებაში?

- ხინჯად მაქვს, რომ იმ მოცულობით ახალგაზრდულ და ბავშვთა ფეხბურთში არ ვართ, უფრო მეტი მინდა რომ იყოს. ეროვნულ ლიგა 1 და ეროვნულ ლიგა 2-ს სავალდებულოდ აქვთ სამი ასაკობრივი გუნდის ყოლა. არიან კერძო კლუბები, რომლებიც ამ ინდუსტრიაც აშენებენ, ზოგი ფასიანია, ზოგი - უფასო. ყველაფერი უფასო ვერ იქნება. ბავშვთა ფეხბურთის კუთხით ქვეყანაში არაფერი კეთდება, ასე არ არის. ჩავატარეთ კვლევა, სადაც, თბილისის გარდა, წლიურად, 7 500 ბავშვზე 4 მილიონ ნახევარი იხარჯება მუნიციპალიტეტების მიერ. ვერ ვიტყვი, რომ იდეალურად აწყობილი სქემაა, თუმცა მუნიციპალიტეტები ხარჯავენ. ჩვენი სურვილია, ის სტანდარტები, რომელიც ფედერაციას, სპორტის სამინისტროს მიაჩნია ამ ბავშვების სწორად განვითრებისთვის, მივიტანოთ მუნიციპალიტეტებთან, შპს-თან, სასპორტო სკოლებთან, რომ ეს დახვეწონ. აუცილებელი პირობაა, რომ ბავშვებს ჰქონდეთ სათამაშო პრაქტიკა, ჩატარდეს რეგიონთაშორისი ტურნირები. ამ პროექტზე ვმუშაობთ, დიდი რესურსი და ენერგია მიდის ამაზე. გვინდა 2018 წლიდან ეს თემა დავარეგულიროთ, ოღონდ ამას ისე ნუ გაიგებთ, რომ ვიღაცის ბიუჯეტის მართვაში ჩავერევით.

- განაცხადეთ, რომ ფონდის მუშაობის შედეგი უახლოეს მომავალში გამოჩნდება რა დრო იგულისხმება ამ მომავალში და რა ჩაითვლება წარმატებად 5 წლის თავზე?

- 5 წელი მალეა ნამდვილად. ჩემი აზრით, ხუთი წლის თავზე, ამ რადიკალური ცვლილებების შედეგად შედეგი იქნება. ბანალურია, მაგრამ გეტყვით, შედეგის გაზომვის ერთადერთი კრიტერიუმი ფეხბურთი ეროვნული ნაკრების შედეგებია. თუნდაც „ჩიხურამ“ „იუვენტუსში“ რომ გაყიდოს ფეხბურთელი, ეს შედეგი არ იქნება გლობალურად წარმატებული, შედეგის საზომია ეროვნული ნაკრები და ის პირამიდის თავია.

პირობითად, კუპერს და ტოპმიოლერს რამდენი ჰქონდა ხელფასი? რამოდენიმე მილიონს რომ ხარჯავ და შედეგი არაფერია ასეთი მიდგომა სწორია? აქედან არაფერი გამოვა თუ ფეხბურთელები არ გყავს შესაბამისი, თუმცა მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელის გარეშეც არ შეიძლება, ჩვენ არ ვართ შვეიცარია, რომ ყველაფერი დააფინანსოთ, მაგრამ სწორი პრიორიტეტები უნდა განვსაზღვროთ.

- თუმცა, ალბათ, არც ამხანაგური თამაშის მოგების გამო უნდა აჩუქო მწვრთნელს 128 ათასი დოლარი, როდესაც არცერთი ოფიციალური შეხვედრა არ აქვს მოგებული...

- ვის გულისხმობთ?

- ვლადიმირ ვაისს, ესპანეთს რომ მოუგო.

- ესპანეთს რომ მოუგეო, უნდა აჩუქონ, მეტი ვის უნდა მოუგონ, რომ აჩუქო. არის ისეთი საკითხები, რომელზეც მე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს ჩემი კომპეტენცია არ არის.
 
მსგავსი სიახლეები
ასაკით პენსიონერების პენსიაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველთვიურად დაახლოებით 131 მილიონი ლარი გაიცემა

17 აგვისტო, 2017

2017 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ასაკით პენსიის მიმღები 725 963 პირია, მათ შორის 514 647 ქალი, 211 316 კი მამაკაცი. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური...

მეტი

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია განცხადებას ავრცელებს

17 აგვისტო, 2017

18 აგვისტოს 11:00 საათიდან 18:00 საათამდე ქალაქ ქუთაისის ავტომშენებლის, ბუკიას, ზ. ჭავჭავაძის, ტოლსტოის, ლეჟავას, მუსხელიშვილის, ვოლგოგრადის, ც. დადიანის, კ. მესხის, ჩხობაძისა და ბელინსკის ქუჩის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება,-...

მეტი

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი პრიორიტეტებს იცვლის - ინტერვიუ ზაზა დოლიძესთან

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი პრიორიტეტებს იცვლის - ინტერვიუ ზაზა დოლიძესთან
12:49 | 2 აგვისტო, 2017

ავტორი: მაგდა კლდიაშვილი