„ბავშვები ითხოვენ მშვიდობას“ - ასე ეწოდება პროექტს, რომელიც აჭარის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და რომლის ფარგლებშიც უკრაინიდან ბათუმს 10 დღით 20 ბავშვი სტუმრობს.
პროექტის მიზანია საქართველოსა და უკრაინას შორის სახალხო დიპლომატიის გაღრმავება, უკრაინელი და ქართველი ბავშვების დამეგობრებისა და ომის შედეგად ტრავმირებული ბავშვების ფსიქორეაბილიტაციის მხარდაჭერა.
უკრაინის მხრიდან პროექტი ხორციელდება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უკრაინის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, უკრაინელი ახალგაზრდობის მსოფლიო კონგრესისა და უკრაინის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის დიმიტრი ლუბინცის მხარდაჭერით.
საქართველოში პროექტის ორგანიზატორები და პარტნიორები არიან ასოციაცია „ერთმანეთისთვის“, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის მეუღლე სოფიო ბაკურიძე ხელმძღვანელობს, საქველმოქმედო ფონდი „ალილო 2015“, საქართველოს ვეტერენთა კავშირი, ახალგაზრდების დემოკრატიული განვითარების ცენტრი „სინერგია“, კულტურულ - საგანმანათლებლო ცენტრი „ივერია“.
პროექტის ფარგლებში ბავშვებისთვის გასართობ-შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები გაიმართა, შედგა ბავშვების ქართველ თანატოლებთან შეხვედრები და ურთიერთობა.
პროექტში მონაწილეობას იღებენ ომის ვეტერანთა შვილები და იძულებით გადაადგილებული ბავშვები ანტიტერორისტული მოქმედებების ზონიდან. მათთვის მომზადებული პროგრამა მაქსიმალურად ითვალისწინებს აქტიური დასვენების მრავალაფეროვნებას, რაც მნიშვნელოვან პოზიტიურ გავლენას მოახდენს მათ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის ფონდის და კომპანია „ორბი ჯგუფის“ ფინანსური მხარდაჭერით.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, ხანძარი უკვე ლოკალიზებულია. ბათუმის მერიის ინფორმაციით ხანძრის შედეგად 7 ოჯახია დაზარალებული, ყველა მათგანს მერია დროებით საცხოვრებელ ფართში...