"სისტემა, რომელიც დამპალია უნდა არყიო და ანჯღრიო", - ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

იაგო ნაცვლიშვილი

ახალი პოლიტიკური ცენტრის „გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ რამდენიმე თვითმმართველი ქალაქისთვის სტატუსის გაუქმება არც წინგადადგმული ნაბიჯია და არც უკან. მისი თქმით, რეალურად საქართველოში თვითმმართველობა არ არსებობს. ჯაფარიძის თქმით, იმისათვის, რომ რეალური თვითმმართველობა მივიღოთ, სამი ფუნდამენტური ცვლილების განხორციელებაა საჭირო.

ზურაბ ჯაფარიძე „აიპრესთან“ ინტერვიუში ეკონომიკის განვითარების სამ პუნქტსაც ასახელებს, რაც მისი აზრით დღეს საქართველოს ეკონომიკას ამუხრუჭებს. ერთ-ერთ ყველაზე მთავარ პრობლემად გაზრდილ ბიუროკრატიას ასახელებს.

ამასთან, პოლიტიკოსი  აცხადებს, რომ ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა თავისუფალი ეკონომიკის პრინციპები, მათ შორის ის მონეტარული პოლიტიკის წინააღმდეგიც არის. ხელფასებისა და გადასახედების გადახდა მისი აზრით, დოლარში უნდა მოხდეს.

„გირჩის“ სამომავლო გეგმებზე, საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე „აიპრესი“ ზურაბ ჯაფარიძეს ესაუბრა:

„გირჩი“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს?

დიახ, ჩვენ ვაპირებთ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას. არ გვინდა, რომ კიდევ ერთი არჩევნები გამოვტოვოთ, თუმცა თვითონ ფორმაზე - რა ფორმით მივიღებთ არჩევნებში მონაწილეობას, ამაზე ჩემოყალიბებულები არ ვართ. ამ თემაზე მიმდინარეობს შიდა დისკუსიები. რომელ რეგიონებში, ქალაქებში რამდენი კანდიდატი გვეყოლება, როგორ მოხდება კანდიდატების შერჩევა და ა.შ. არის ასევე ტექნიკური ხასიათის საკითხები, რაც მოსაგვარებელი გვაქვს. განხილვის სტადიაში ვართ, ზუსტად რა ფორმით და როგორ მივიღებთ მონაწილეობას.

თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებთ? ვინ იქნება მერობის კანდიდატი?

ცხადია ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული თბილისის მერის არჩევნები იქნება, თუმცა კონკრეტულად, არც ამ თემაზე ვართ ჩამოყალიბებულები.

სხვა პარტიებთანაც ხომ არ მიმდინარეობს კონსულტაციები?

ამ მხრივ ცუდი გამოცდილება გვაქვს კოალიციებში და ბლოკებში მონაწილეობის. აქედან გამომდინარე პრინციპული გადაწყვეტილება გვაქვს მიღებული, რომ ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ, შესაბამისად ამაზე კონსულტაციები არ მიმდინარეობს. გადაწყვეტილება მიღებულია, რომ დამოუკიდებლად მივიღოთ მონაწილეობა. ეს იქნება ერთგვარი ტესტი, გავზომოთ საკუთარი მუშაობის შედეგი. ცხადია პოპულისტური დაპირებები არ გვექნება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს იქნება განსხვავებული ფორმით და ეს არ იქნება ტრადიციული ფორმით. პრინციპში „გირჩს“ თავისი არსებობის განმავლობაში ეს არასოდეს გაუკეთებია, რომ გავზომოთ მოსახლეობის განწყობები. ვეცდებით სხვა გზები გამოვიყენოთ. ამას თავისი მიზეზებიც აქვს. ერთი ესაა ის, რომ არ მოგვწონს ის გზები, რასაც ქართველი პოლიტიკოსები იყენებენ. მეორე მხრივ არ გვაქვს იმხელა ფინანსური შესაძლებლობა, რომ ეს გამოვიყენოთ.

ახალი სტანდარტის დამკვიდრება გინდათ?

დიახ, მათ შორის ახალი სტანდარტის დამკვიდრება გვინდა, რათა ვაჩვენოთ ყველას, რომ დიდი ფინანსური შესაძლებლობების გარეშეც შეიძლება რაღაცების კეთება. მაგალითად, ჩვენ არ გვეყოლება პარტიული სტრუქტურები თავისი კოორდინატორებით. მოსახლეობამდე ჩვენი გზავნილების მიტანის გზაც განსხვავებული იქნება.

გამორიცხეთ ბლოკების შექმნა. ისე ხომ არ გეგმავთ სხვა პარტიებთან თანამშრომლობას?

კონკრეტულ თემებზე პრობლემა არ გვაქვს. ერთადერთი რა პრინციპსაც ვიცავთ არის ის, რომ არ ვითანამშრომლებთ პრორუსულ და ფაშისტური იდეოლოგიის ძალებთან.

რომლებია ასეთი პარტიები?

მკვეთრად გამოხატული ფაშისტური ხედვები „პატრიოტთა ალიანსს“ აქვს. ერთხელ ვთქვი და ეწყინათ. ჰგონიათ, რომ გაიგივება არის ჰიტლერთან და მუსოლინთან. ასეთი ხედვების მქონე პარტიები ევროპაშიც არსებობს. ეს იდეოლოგია არ ნიშნავს მაინცდამაინც იმას, რომ კონცლაგერები უნდა მოაწყო, სადაც ადამიანებს დაწვავ. ასეთ პარტიებთან არ გვინდა თანამშრომლობა, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანების თავისუფლების მნიშვნელოვან ღირებულებას.

სხვა მხრივ ცალკეულ საკითხზებზე არცერთ პარტიასთან არ გვაქვს პრობლემა. თუ რომელიმე პარტია გამოვა და იტყვის, რომ ხარჯების შემცირებას მხარს უჭერს ჩვენ ცხადია მას დავეთანხმებით. მათ შორის საპარლამენტო არჩევნების წინ ყველა პარტია „ქართული ოცნების“ ჩათვლით იმეორებდა ჩვენს ინიციატივას, რომ ბიუროკრატიული ხარჯები შესამცირებელია.

რას ფიქრობთ, თბილისის მერობის კანდიდატების შესახებ? განსაკუთრებული რეზონანსი მოჰყვა ზაალ უდუმაშვილისა და კახა კალაძის შესაძლო კანდიდატობას...

სხვა კანდიდატებზე საუბარი ჩემი საქმე არაა. ჩანს, რომ პარტიებს აღებული აქვთ სტანდარტული წინასაარჩევნო ბრძოლის გზა, რომელიც რაღაც ეტაპებისგან შედგება. არჩევენ ცნობად სახეებს, ზაალ უდუმაშვილს აქვს 100%-იანი ცნობადობა ქვეყნის მასშტაბით. ის არის ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეპროგრამის წამყვანი. უნდათ დატესტვა, რითიც საქართველოს მოსახლეობას „წამოიკიდებენ“. შემდეგ დახარჯავენ ბევრ ფულს, აიყვანენ კოორდინატორებს, რომლებიც ამომრჩევლამდე რაღაც გზავნილების მიტანას შეეცდებიან და ხმების მობილიზებას. შემდეგ ჩვენ ვნახავთ სტანდარტულ კამპანიას. კანდიდატები ხეებს დარგავენ, ნაგვისგან დაასუფთავებენ რაღაც ადგილებს, ვნახავთ კადრებს გაჭირვებულ ადამიანებთან რომ მიდიან მწუხარე სახით... ეს გამოჩნდა მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის დროს, როდესაც ისინი ადამიანებს 1000 ლარიან ვაუჩერებს ჰპირდებიან ყოველ ახალშობილზე თუ რაღაც. „ევროპული საქართველო“ კი პენსიის 50 ლარით გაზრდას. ეს ის თემებია, რომლის დაბლოკვასაც „ნაცმოძრაობაში“ ყოფნის დროს ვცდილობდი, იმიტომ რომ პოპულისტური რაღაცები არ მიყვარს. ასეთ რაღაცებს გავიგებთ ბევრს. „გირჩი“ ასეთ კამპანიაში ჩართვას არ აპირებს.

ცალკეულ კანდიდატებზე არ ვისაუბრებ. ერთმანეთის დედის გინება უნდა დამთავრდეს! „ქართული ოცნებისგან“ კანდიდატი კალაძე იქნება თუ ნებისმიერი სხვა, ყველას ესმის, რომ ეს ისევ ივანიშვილისთვის ხმის მიცემა იქნება.

როგორ ფიქრობთ, ოპოზიციას აქვს შესაძლებლობა, რომ მმართველ პარტიას სერიოზული კონკურენცია გაუწიოს?

ძალიან რთული იქნება. ეს ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსურ რესურსებთან. მიუხედავად იმისა, რომ ფული აქვს ენმ-ს, ევროპულ საქართველოს, პატრიოტთა ალიანსსა და კიდევ ვიღაცებს, ივანიშვილს მაინც გაცილებით მეტის დახრჯვა შეუძლია. მეორეა ადმინისტრაციული რესუსრსი. საქართველოს ბიუჯეტის ხარჯვითი წილი რომ ვნახოთ, დავრწმუნდებით რომ მისი დიდი ნაწილი იხარჯება იმაზე, რომ არჩევნებზე ხმები მოიტანოს. ნაწილი იხარჯება სოციალურ ხარჯებში, ანუ სოციალურად დაუცველ ფენას მისცენ ფული და მათაგნ მიიღონ ხმები. ეს არის ფული, რომელიც ვითომ კულტურის შენარჩუნების მიზნით იხარჯება, სინამდვილეში კი ეს არის კულტურის მუშაკების მოსყიდვა. ყველა პარტიას ჰყავს ასეთი სახეები, რომლებიც არჩევნების წინ გამოდიან და მხარს უჭერენ პარტიებს. ასევე სპორტსმენებზე დახარჯული ფული, რომლებიც ბიუჯეტის ფულზე ზიან და შემდეგ მხარს უჭერენ მმართველ პარტიას. ასევე სსიპ-ებში, აიპ-ებში და საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები, რომლებიც რეალურად არაფერს აკეთებენ.

რამდენიმე ქალაქს თვითმმართველი ქალაქის სტატუსი გაუუქმდა. თვითმმართველობებს არ ჰქონდა საკუთარი ბიუჯეტები და ცენტრიდან იგეგმებოდა ყველაფერი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით არის თუ არა ეს უკან გადადგმული ნაბიჯი?

არა მგონია, რომ უკან გადადგმული ნაბიჯი იყოს. ეს აჩვენებს იმას რამდენად არათანმიმდევრულია ეს ხელისუფლება. ამ ხელისუფლების დროს შევიდა კანონში აღნიშნული ცვლილება, ახლა კი ისევ უკან აბრუნებს. ასეთი რეგულაცია არაერთი გაუკეთებიათ. მაგალითად, სავიზო რეგულაცია, დაუბეგრავი მინიმუმის დაბრუნება და ა.შ. ეს აჩვენებს, რომ გონზე არ არიან რას აკეთებენ. მაგრამ ორივე შემთხვევაში ამართლებენ ამას. გვახსოვს რამხელა ამბავი ატეხეს თვითმმართველი ქალაქების შემოღებით. საერთაშორისო ორგანიზაციებში ანგარიშებს წერდნენ, რომ აი ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიის თვალსაზრისით. სინამდვილეში არც მაშინ მომხდარა გაძლიერება და არც ახლა ხდება დასუსტება. საქართველოში თვითმმართველობა არ არსებობს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა ის, რომ თვითმმართველობას არ აქვს საკუთრება. მაგალითად ტყეების საკითხი დედაქალაქიდან იმართება, როცა შეიძლება, რომ ეს ადგილობრივმა თვითმმართველობამ გადაწყვიტოს. მათ შორის იქ მაცხოვრებელ ადამიანებს მიწა არ აქვთ საკუთრებაში, რაც ასევე პრობლემაა. მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ დაფინანსება ხდება ცენტრიდან და ცენტრზე არიან დამოკიდებულები. სანამ ასე ხდება ბუნებრივია ისინი დამოუკიდებლები ვერ იქნებიან.

თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე ბიუჯეტი როგორ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივ თვითმმართველობას?

ერთი ფუნდამენტური პრობლემა, რომელიც სწრაფად ვერ მოგვარდება არის ის, რომ რეგიონებში ეკონომიკური აქტივობა ძალიან დაბალია, ეს აჩენს სერიოზულ პრობლემას. მაგრამ რაღაცების გაკეთება სწრაფად შეიძლება. მაგალითად, გუბერნატორის ინსტიტუტის გაუქმება შეიძლება ძალიან მოკლე დროში. რეალურად იქ ყველაფერს ისინი მართავენ, რაც არასწორია. მეორე არის საკუთრებისა და აქტივების საკითხები. ბუნებრივია დიდი ნაწილის პრივატიზება უნდა მოხდეს. რაღაც ნაწილი შეიძლება თვითმმართველობებს გადაეცეს. ამას რაღაცა აზრი ექნება იმ ვითარებაში როცა ცენტრიდან არ იმართება. მესამე არის დაფინანსების წესი. ახლა რა წესიც არის ის შესაცვლელია და გარანტირებული დაფინანსება უნდა ჰქონდეთ. ჩვენ მაგალითად, გვინდოდა, რომ მომხდარიყო გადასახადების გაუქმება, მხოლოდ დღგ-ს გადასახადს ვტოვებდით. კონკრეტულ პროცენტს მოსახელების რაოდენობის მიხედვით ვანაწილებდით რეგიონებზე, რაც საშუალებას მოგვცემდა, რომ მათ ჰქონოდათ შესამოსავალი და იმაზე არ ყოფილიყვნენ დამოკიდებულები თუ ვინ იქნებოდა ხელისუფლებაში, ან ინფრასტრუქტურის კეთილ ნებაზე არ ყოფილიყო დამოკიდებული. დღეს რაც გვაქვს ეს არის თამაში, თითქოს თვითმმართველობა გვაქვს.

როგორ ფიქრობთ, გადასახედია თუ არა სსიპ-ებისა და აიპ-ების საკითხი? თქვენ საარჩევნო პროგრამაში სამინისტროების 7-მდე შემცირება გეწერათ. როგორ უნდა გაკეთდეს ეს შედარებით უმტკივნეულოდ, რომ არ იფეთქოს პროტესტმა და რევოლუციური სცენარები არ მივიღოთ?

არანაირი რევოლუციური სცენარი არ იქნება. სამინისტროების რაოდენობა შესამცირებელია. სსიპ-ებისა და აიპ-ების პრივატიზებაა გასაკეთებელი. რაც შეეხება დროს, ჩვენ პროგრამაში გვეწერა, რომ ეს უნდა გაკეთებულიყო ერთი წლის განმავლობაში. ყოველ 3 ადამიანიდან ერთი საჯარო სექტორშია დასაქმებული. კერძო სექტორი იმიტომ არ ვითარდება, რომ მათ შექმნილ დოვლათს ჭამს საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანები. ჩვენ როდესაც მათ გავუშვებდით სამსახურიდან 1 წლის განმავლობაში ვუტოვებდით ხელფასებს და ამ ერთ წელში ექნებოდათ შესაძლებლობა კერძო სექტორში დასაქმებულიყვნენ. მაგრამ მნიშვნელოვანი დანაზოგი იქნებოდა, ვინაიდან ისინი იყენებნ საოფისე ფართებს, რომლებიც შეგიძლია გაყიდო. ფულები იხარჯება გათბობაზე, კონდიცირებაზე, ჩიპებზე და ა.შ. ამ თანხის დაზოგვით.

საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც ხომ არ გაქვთ ინიციატივა?

საზოგადოებრივი მაუწყებელი გასაყიდია. საზოგადოებრივ მაუწყებელში ვხარჯავთ 47 მილიონს. მგონი შარშან 45 მილიონი იყო მისი ბიუჯეტი. გვინდა, რომ BBC-ის მაგვარი მაუწყებელი შევქმნათ, მაგრამ ეს რეალურად მითია. სინამდვილეში რომ დავითვალოთ რამდენია დახარჯული საზოგადოებრივ მაუწყებელში ნახევარ მილიარდამდე გამოვა წლების განმავლობაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი წლების განმავლობაში იყო დაბალი. წლებია ასეა. ტელევიზია უნდა იყოს კერძო. არანაირი აუცილებლობა არ არსებობს, რომ სახელმწიფოს ხელში რაიმე ტელევიზია არსებობდეს. ყველა შემთხვევაში ასე უნდა იყოს როგორი დაფინანსების წესი და როგორი დამოუკიდებლობაც არ უნდა მოვიფიქროთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პრაქტიკამ აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში ეს ტელევიზია კონტროლდება ხელისუფლებაში მყოფი ძალის მიერ. ასეა დღეს, ასე იყო ადრე, ასე იყო იმის წინაც. უნდა მოხდეს მისი პრივატიზება, ფანსტასტიკური შენობა აქვს თბილისის ცენტრში, რომელიც საკმაოდ ძვირად გაიყიდება. ეს თანხა შეიძლება ბევრ კარგ რაღაცას მოვახმაროთ.

პოპულიზმი ახსენეთ და ერთ-ერთი ყველაზე მწვავე საკითხი არის შრომის კოდექსი, რომელზეც პოლიტიკური პარტიებისგან მუდმივად გვესმის განცხადებები. თუმცა, რეალურად საქართველოს არათუ თანამედროვე სტანდარტების შრომის კოდექსი არ აქვს, არამედ კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ქვეყნებში და ეს გაწერულია საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულებითაც. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს?

ევროკავშირთან დაახლოება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ მოგვიწევს რაღაცა ტიპის რეგულაციების გადმოღება. მაგრამ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს რეგულაციები კარგია. „გირჩს“ მიაჩნია, რომ შრომითი რეგულაციების არსებობა საჭირო არ არის. ჩვენ გვჯერა, რომ შრომითი რეგულაციები კერძო კონტრაქტებით უნდა რეგულირდებოდეს.

მაგრამ, დღეს როდესაც საქართველოში ასეთი რეალობაა, რომ კერძო კომპანიები დაქირავებულ თანამშრომლებს ხშირად ხელშეკრულებასაც არ უფორმებს. სხვა რითი შეიძლება იყოს მათი უფლებები დაცული?

ეს უკვე დაქირავებულისა და დამქირავებლის გადასაწყვეტია, იმუშავოს ზეპირი ხელშეკრულებით და წერილობითი კონტრაქტით. საქართველოში პრობლემაა ის, რომ სამუშაო ადგილები ცოტაა. იმის გამო, რომ სამუშაო ადგილები ცოტაა დამქირავებელი უფრო ძლიერ პოზიციაზეა. მაგრამ, აქედან გამოსავალი არ არის რეგულაციები. რეგულაციები ნიშნავს, რომ კიდევ უფრო ნაკლები სამუშაო ადგილები შეიქმნება. გამოსავალი არის რაც შეიძლება ნაკლები რეგულაციები, მეტი თავისუფალი ეკონომიკა, რომ რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნას. პირობითად მე თუ ვეძებ სამუშაოს და დამქირავებელი მთავაზობს 150 ლარს და არ მიფორმებს წერილობით ხელშეკრულებას, მე წავალ და ვიმუშავებ, რადგან შვილები მყავს გამოსაკვები. თუ გვინდა, რომ ეს რეალობა შეიცვალოს უნდა გვქონდეს ალტერნატიული ადგილი. გამოსავალი არის ერთადერთი - ეკონომიკის განვითარება. ეს ნიშნავს დამატებითი სამუშაო ადგილების გაჩენას და რაც ნიშნავს ალტერნატივის გაჩენას. სხვა შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ბევრი რეგულაცია შემოვიღოთ, მაგრამ მას ექნება საწინააღმდეგო ეფექტი.

„გირჩი“ ევროპულ რეგულაციებს სკეპტიკურად უყურებს?

ცხადია. ჩვენ არ მოგვწონს ევროპული რეგულაციების უმრავლესობა, მაგრამ ჩვენ მივდივართ ევროკავშირისკენ, რაც ჩვენი გეოპოლიტიკური არჩევანია. ამიტომ ჩვენ მოგვიწევს ევროპული რეგულაციების გადმოღება, მაგრამ ეს უნდა გავაკეთოთ ჭკვიანურად. არ უნდა ვიჩქაროთ და სწრაფად არ უნდა გადმოვაკოპიროთ ყველაფერი. სხვადასხვა სფეროებთან მიმართებაში ევროპაშიც არ არის ერთიანი მიდგომა. ჩვენ ისეთი რეგულაციები უნდა გადმოვიღოთ, რომელიც ჩვენი ეკონომიკისათვის მომგებიანი იქნება.

როდესაც საუბარია შრომით რეგულაციებზე, ჩვენზე უფრო ლიბერალური აქვს მაგალითად დანიას. ნუ მივბაძავთ მაინც და მაინც საფრანგეთს და მივბაძოთ დანიას. უნდა ამოვარჩიოთ საუკეთესო, თორემ ჩვენი ეკონომიკა გაჩერდება. ისე, როგორც ევროკავშირის ეკონომიკაა გაჩერებული. მათი წლიური ზრდა 1%-1.5%-ია. ჩვენი ეკონომიკური ზრდაც ასეთი რომ იყოს ევროპის განვითარებულ დონეს 2 საუკუნის შემდეგ დავეწევით.

ვის უნდა მივბაძოთ? რომელია თქვენთვის იდეალური ქვეყანა ამ მხრივ?

მაგალითად ჰონკონგს (ჩინეთის ნაწილია, მაგრამ მაინც) აქვს ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი ეკონომიკა და წლებია ერთ-ერთი მდიდარი სახელმწიფოა. სინგაპურია ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ამ საკითხებში, თუმცა სხვა სისულელეები აქვს. ევროკავშირის მასშტაბით ალბათ ირლანდიაა ყველაზე კარგი მაგალითი. მათ შორის დაბალი გადასახადებითა და ეკონომიკური ზრდის ტემპით. ჩვენ გვჭირდება სწრაფი გამდიდრება, შემდეგ შეიძლება ვიკამათოთ საჭიროა თუ არა რეგულაციები.

ამერიკულ რეგულაციებსაც სკეპტიკურად უყურებთ?

ამერიკას გაცილებით უფრო თავისუფალი ეკონომიკა აქვს. ამერიკის ეკონომიკა და ეკონომიკის წესები გაცილებით უფრო მისაღებია, ვიდრე ევროკავშირის. ამერიკა შორსაა, ამიტომ ჩვენს სტრატეგიულ არჩევნად ევროკავშირი რჩება. ამერიკა რომ ჩვენი მეზობელი იყოს ცალსახად ამერიკისკენ წავალთ.

მაგ ლოგიკით რუსეთიც მეზობელია...

რუსეთის ეკონომიკა, ეკონომიკა არ არის. ის მავთულზეა ჩამოკიდებული, რაც დარწმუნებული ვარ, ჩამოიშლება. უბრალოდ დროის ამბავია ეს.

თქვენი აზრით, რა არის საქართველოს ეკონომიკაში მთავარი პრობლემა? რა არის თქვენთვის ყველაზე მიუღებელი?

კარგი კითხვაა. უბრალოდ პასუხი გამოვა ძალიან გრძელი. პირველ რიგში არის ის რომ ჩვენი ეკონომიკიდან ვიღებთ ძალიან ბევრ ფულს, ვაძლევთ მთავრობას და მთავრობა ამ ფულს ფლანგავს. პირველი არის ის, რომ გაცილებით ნაკლები ფული დახარჯოს მთავრობამ. ეს მხოლოდ ბიუროკრატიულ ხარჯებს არ ეხება, ეს ასევე ეხება სხვადასხვა პროექტებს და ა.შ. თუ ახლა ვხარჯავთ ეკონომიკის მთლიანი მოცულობის 30-35%-მდე, დაახლოებით მთელი ეკონომიკის 1/3-ს ხარჯავს, ეს რიცხვი მინიმუმ 20%-მდე უნდა შემცირდეს, კარგ შემთხვევაში კი 15%-მდე, თუ გვინდა რომ ჩვენი ეკონომიკა სწრაფად განვითარდეს. არის კიდევ ბევრი სხვა კომპონენტები, რათა ბიუჯეტში დეფიციტი არ გვქონდეს.

მეორე პრინციპული საკითხია ფული. ჩვენ გვაქვს ჩვენი მონეტარული პოლიტიკა და გვაქვს ეროვნული ვალუტა - ლარი. „გირჩი“ ერთადერთი პარტიაა, რომელიც იძახის, რომ ჩვენ არ გვჭირდება მონეტარული პოლიტიკა. ლარი არ არის სანდო ვალუტა, მათ შორის მას საქართველოს მოქალაქეებიც არ ენდობიან. ამიტომ ჩვენ გვჭირდება, რომ ეკონომიკაში სანდო ფული ტრიალებდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ, რომ იყოს თავისუფალი სავალუტო რეჟიმი. საქართველოს მოქალაქეები იქნებიან თუ პოტენციური ინვესტორი მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ეკონომიკური ოპერაციებში გამოიყენონ ის ვალუტა, რა ვალუტასაც ის ენდობა. იქნება ეს დოლარი, ევრო, თურქული ლირა, აზერბაიჯანული მანათი თუ რუსული რუბლი. ეს დააჩქარებს ეკონომიკის წინსვლას.

მათ შორის ხელფასების გაცემის დროსაც ასე უნდა იყოს?

ეს ის საკითხია თუ რა ვალუტაში უნდა მოხდეს გადასახადების აკრეფა და შემდეგ რა ვალუტაში უნდა გაწიოს ხარჯები სახელმწიფომ. იმის გამო, რომ ჩვენი ეკონომიკა დღეს დოლარიზებულია, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უნდა მოხდეს დოლარში. ეს ამ რეალობაში, თორემ სამომავლოდ თუ ჩვენ გავხდებით ევროკავშირისა და მათ შორის ევროზონის წევრები, მაშინ შეიძლება ეს გადავიდეთ ევროზე. მონტენეგროს აქვს ასე გაკეთებული, რომელიც ცალმხრივად გადავიდა ევროს გამოყენებაზე.

მესამე საკითხია ის, რომ მოხდეს სახელმწიფოს ხელში არსებული აქტივების პრივატიზება. უამრავი რესუსრსია, რომელსაც სახელმწიფო არავის არ აძლევს, რომელიც ეკონომიკური აქტივობიდან გამოთიშულია. ეს პირველ რიგში ეხება მიწას, თუმცა არის სხვა აქტივობებიც. ამის სხვადასხვა ფორმები არსებობს, მაგრამ ეს არის საქართველოს მოქალაქეების საკუთრება და ის მათ უნდა დაუბრუნდეს. ეს ასე იყო, სანამ მას საქართველოს მოქალაქეებს ბოლშევიკები წაართმევდნენ. აქედან გამომდინარე ეს სამართლებრივი საკითხიც არის. ჩემი აზრით, ეს სამი მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა ამას ბუნებრივად ებმევა განათლების საკითხიც. უნდა გამოვიდეთ განათლების საბჭოთა სისტემიდან...

ხელისუფლება ამბობს, რომ გადადის გერმანულ მოდელზე...

ეს ზღაპრებია. მინისტრიც ზოგჯერ სწორ რაღაცებსაც ამბობს, მაგრამ ეს არის ჩვეულებრივი პიარი. ფუნდამენტურად განათლების სისტემაში არაფერი შეცვლილა არც ამ ხელისუფლების და არც წინა ხელისუფლების დროს. წინა მმართველობის დროს მხოლოდ ის მოხდა, რომ კორუფცია აღმოიფხვრა ერთიანი ეროვნული გამოცდების შემოღებით და აქ გაჩერდა პროცესი.  დღეს რა პრობლემებიც არის ეს იმით არის გამოწვეული, რომ ჩვენ 15-20 წლის წინ არაფერი შევცვალეთ. თუ ის სისტემა რაც გვაქვს, არ დავანგრიეთ და ახალი არ შევქმენით ისევ აქ ვიქნებით. საჭიროა, რომ კონკურენციის სისტემა შემოვიტანოთ, მათ შორის პრივატიზება მოხდეს. თუ ეს არ მოხდა 10 და 15 წლის შემდეგ ისევ იმავეს ვიტყვით, რომ წლების წინ არაფერი შევცვალეთ. ჩვენ გვჭირდება კონკურენციის სისტემაზე დაფუძნებული განათლების სისტემა.

დღეს თუ არსებობს გარკვეული ტიპის სამუშაო ადგილები 15 წლის შემდეგ აღარ იარსებებს. თუ დღეს ადამიანს შეუძლია გორიდან და მცხეთიდან ჩამოვიდეს თბილისში და იტაქსავოს და ამით ინახოს ოჯახი 10 და 20 წლის შემდეგ ამის შესაძლებლობაც აღარ იარსებებს, ვინაიდან მანქანები ივლიან მძღოლების გარეშე. ასეთ მანქანებს ტესტავენ და მასობრივ წარმოებაში უშვებენ. მძღოლების პროფესია განა იმის გამო აღარ იარსებებს, რომ მათ ვინმე გაყრის, არამედ იმიტომ რომ კომპიუტერზე დაფუძნებული მანქანები იქნება და გაცილებით ნაკლები ავარიები და შესაბამისად ნაკლები მსხვერპლი იქნება. ან 20 წლის მერე სამყარო სრულიად განსხვავებული იქნება და ბევრი პროფესია, მათ შორის ისეთი პროფესიები უფასო ფაკულტეტები რომ გვაქვს გაკეთებული უბრალოდ აღარ იარსებებს. შეიძლება აღარ არსებობდეს ქირურგის პროფესია რადგან ოპერაციას გააკეთებს კომპიუტერი და რობოტი, რომელიც გაცილებით უფრო ზუსტად გააკეთებს. ანუ ბევრი პროფესიის ავტომატიზაცია ხდება. არის ორგანიზაციები, რომლებიც ამას ითვლიან, მაგალითად დავოსში გამართულ ერთ-ერთ ფორუმზე ითქვა, რომ აშშ-ში არსებული სამუშაო ადგილების 45% გაქრება. ეს აშშ-ზეა ლაპარაკი, სადაც ადამიანებს თანამედროვე გამოწვევების გაცილებით მაღალი უნარები აქვთ, ვიდრე საქართველოში. რაღაც შიშების გამო, რომ აი „ქართველობას დავკარგავთ“ და ა.შ. საკუთარ შვილებს ვწირავთ იმისთვის, რომ ისეთივე წარუმატებლები იყვნენ, როგორც ჩვენი ან ჩვენი უფროსი თაობა იყვნენ.

ჩვენ რეალურად კრიტიკულ აზროვნებასა და უნარების გამომუშავებას პირველივე კლასებშივე ვახშობთ და ვაზეპირებინებთ რაღაცებს, რომ მერე გამოცდაზე ნიშანი მიიღოს, რისი აუცილებლობაც არ არსებობს თანამედროვე პირობებში, როდესაც არსებობს გუგლი.

ანუ ამ ნაწილში განათლების მინისტრს ეთანხმებით?

განათლების მინისტრისგან ბევრი არასწორი განცხადება მომისმენია, თუმცა ბევრი ძალიან სწორი განცხადებაც მომისმენია. მაგრამ პრაქტიკაში განხორციელებული არაფერი მინახავს. განათლების სამინისტრო დასაშლელია. უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ განათლების სამინისტრო გასაუმქბელია. ჩვენ გვაქვს ერთი დიდი სკოლა, რომელსაც ჰყავს დირექტორი - განათლების მინისტრი და იმედი გვაქვს, რომ ავირჩევთ სკოლის კარგ დირექტორს, რომელიც კარგ რაღაცებს ასწავლის ჩვენს შვილებს, რაც შეუძლებელია. სწორი ნაბიჯი იქნება თქვას, რომ ეს სისტემა დასაშლელია.

„გირჩს“ არაერთი საინტერესო იდეა გქონიათ. იგივე ნარკოპოლიტიკასთან თუ სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით. ხომ არ უნდა ველოდოთ უახლოეს პერიოდში კიდევ რომელიმე ასეთ იდეას? გაგვიმხილეთ ერთი ექსკლუზივი და გვითხარით რა იქნება?

რაღაც იდეები გვაქვს. ჩვენ ბრძოლის გზას ვეძახით ჰიბრიდული ომის პრაქტიკას. ჩვენ ვუპირისპირდებით ადმინისტრაციულ რესუსრსს და ფულად რესუსრსს, რაც ჩვენ არ გვაქვს. ამიტომ, ჩვენ გვიწევს არაორდინალური გზების მოძებნა. ნაკლებად გვჯერა იმის, რომ კანონში რაღაცის ჩაწერით ვითარებას გამოასწორებ. ჩვენ რისიც გვჯერა არის ის, რომ საბოლოო ჯამში ამ ქვეყანაში ადამიანების აზროვნება შეიცვალოს. ჩვენ რისიც გვჯერ არის ის, რომ სისტემა, რომელიც დამპალია უნდა არყიო და ანჯღრიო, რათა დაიშალოს და იქიდან რაღაც კარგი გამოვიდეს.

იდეას წინასწარ არ დავაანონსებ. მისი ეფექტი სწორედ სიურპრიზებშია. რაღაცები გვაქვს, მაგრამ არის მიმართულებები, სადაც ასეთი იდეების მოფიქრება გვიჭირს და აქამდე ვერ მოგვიფიქრებია. ეს იყოს ექსკლუზივი. მაგალითად, ეკონომიკაში რთულია მოძებნო ეგეთი გზა, რომელიც ამ სისტემას შეანჯღრევს და ადამიანებს მარტივად დაანახვბებს არსებულ პრობლემას. ეკონომიკასთან მიმართებაში თვეებია ვფიქრობთ, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით ვერაფერი მოგვიფიქრებია. იმედი მაქვს, რომ მოვიფიქრებთ.

საკმაოდ თამამი და რისკიანი ნაბიჯი გადადგით მარიხუანას დათესვით. ელოდით, რომ დაგაკავებდნენ. შსს-მ მოგვიანებით განმარტა, რომ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა იმიტომ რომ ეს არ შეიცავდა საკმარის შემცველობას, რომ საქმე აღძრულიყო. რას ნიშნავს ეს?

სისხლის სამართლის საკითხი არ დააყენეს. საბოლოო ჯამში თქვეს, რომ შემცველობა არ იყო საკმარისი საქმის აღსაძვრელად. ამიტომ სისხლის სამართლის საქმე დახურეს და გახსნეს ადმინისტრაციული საქმე. ცხადია ეს იყო სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი და ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი. ეს ქმედება ნებისმიერ შემთხვევაში ისჯებოდა სს კოდექსის 265 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით, რაც გულისხმობდა პირდაპირ ციხეს. კოდექსში მის შემცველობაზე არსად არაფერი წერია.

არ მინდა ვთქვა, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა ჩვენი დაჭერა. პირიქით, მინდა მოვუწონო და ვთქვა, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა. ეს ქვეყნის იმიჯსაც მნიშვნელოვნად დააზარალებდა. რაღაც მიზეზების მოშველიებით სს საქმე დახურეს და ადმინისტრაციულში გადაიტანეს. საბოლოოდ, როგორც ორგანიზატორი მე დამაჯარიმეს 500 ლარით.

ჩვენ მზად ვიყავით, რომ ან დაგვაპატიმრებდნენ და სასამართლოსთვის მზად ვიყავით. ვფიქრობდით, რომ კარგი სასამართლო პროცესები იქნებოდა. კარგი პრეცენდენტი იქნებოდა. ან განვიხილავდით მეორე ვარიანტსაც, რომ ხელისუფლება გაწელავდა ამ საქმეს. ჩვენ არ ჩაგვსვამდა ციხეში, მაგრამ არც საქმეს არ დახურავდა.

თუ კანონმდებლობას შევხვედავთ გამოტანილი სასჯელი ადეკვატური არ ყოფილა. იმის გამო, რომ ხელისუფლებამ ქვეყნის იმიჯის დამაზიანებელი ნაბიჯი ვერ გადადგა, დაიდო კონკრეტული პრეცენდენტი იმის, რომ კანაფის დათესვისთვის ადამიანებს ციხეში ვეღარ ჩასვამენ. ეს არ ეხება კულტივაციას. თუ დიდ მცენარეს გაზრდიან, შესაძლოა მაინც ჩასვან ციხეში, მაგრამ თუნდაც ის, რომ მიწაში თესლის ჩაგდებისთვის და მორწყვისთვის ადამიანს ციხეში ვერ ჩასვამენ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. ამას რომ თავი დავანებოთ, ჩვენ მოვახერხეთ საზოგადოებრივი დისკუსიის დაწყება. იყო დრო, როდესაც პოლიტიკისგან შორს ვიყავი და საერთაშორისო პროექტებში ვმუშაობდი, 2005-იან წლებში, როდესაც ერთი ნარკოლოგის პოვნაც კი ჭირდა, რომელიც ჩვენს პოზიციებს დაიცავდა. დღეს საქართველოში ძალიან რთულია საღად მოაზროვნე ადამიანი ნახო, ვინც იტყვის, რომ ადამიანი ციხეში ნარკოტიკების მოხმარების გამო უნდა ჩასვა. დარწმუნებული ვარ, წლების შემდეგ მარიხუანას ლეგალიზაციასთან დაკავშირებით მიდგომები მნიშვნელოვნად შეიცვლება. ადამიანები გააცნობიერებენ, რომ ჯანდაცვის თვალსაზრისით მარიხუანას მოხმარება გაცილებით ნაკლებად მავნეა, ვიდრე იგივე ალკოჰოლი. ეკონომიკური თვალსაზრისით კი მომგებიანი.

მას შემდეგ რაც „ნაცმოძრაობა“ დატოვეთ არაერთხელ დაგიკავშირეს „ქართულ ოცნებას“, რომ ივანიშვილის პროექტი ხართ და ა.შ. მათ შორის ამ დაუმორჩილებლობის აქციის შემდეგაც გაისმა. ორი აზრი ისმოდა: ერთი ის, რომ ხელისუფლებამ ვერ გაბედა კანონის შესაბამისი ქმედების განხორიცილება და მეორე, რომ „გირჩი“ და ხელისუფლება გარიგებულები იყვნენ. რას ეტყვით საზოგადოების ამ ნაწილს?

ჩვენ ჯერ კიდევ 2015 წელს გვაქვს მიღებული პრინციპული გადაწყვეტილება, რომ ასეთ შეფასებებს პასუხი არ გავცეთ. იარსებებენ ადამიანები, რომლებიც მუდმივად ილაპარაკებენ, რომ ჩვენ ან „ოცნების“ და „ნაცმოძრაობის“ პროექტი ვართ. მაგრამ ჩვენი ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რომ ჩვენ ფეხზე გვკიდია ერთიც და მეორეც. არა მგონია ვინმეს აწყობდეს „გირჩის“ გაძლიერება. თუნდაც, წინა არჩევნებზეც გამოჩნდა, რომ „ოცნებასაც“ და ენმ-საც აწყობს, რომ პოლიტიკურ ასპარეზზე მხოლოდ ისინი იყვნენ. ერთის რიტორიკაა, რომ თუ ჩვენ არ მოვალთ ხელისუფლებაში ქვეყნის მართვას გააგრძელებს რუსი ოლიგარქი და ეს ქვეყანა დაიქცევა, ხოლო მეორე სტრატეგიაა, რომ თუ ჩვენ არ დავრჩებით, მაშინ ისევ სისხლიანი ხელისუფლება მოვა. არცერთს არ აწყობს, რომ ვიღაც შუაში იყოს და გაძლიერდეს.

ამაზე აბსურდული შეფასებებიც მომისმენია, რომ „გირჩი“ რაღაც რელიგიების მიერ გამოყენებულია სხვადასხვა კონტექსტში. რომის პაპის კვერთხზე, თავზე გირჩია გამოსახული, ბუდას ქუდი გირჩია, ვატიკანში დგას გირჩის ქანდაკება. მათ შორის გირჩი ასოცირდება გირჩისებრ ჯირკვალთან, რომელიც მეექვსე გრძნობასთან ასოცირდება. რაღაც პერიოდი You tube-ს ლინკებს გვიყრიდნენ ხოლმე და სჯეროდათ, რომ მასონების წარმომადგენლები ვიყავით. შემდეგ რელიგიური ორგანიზაცია, რომ გავაკეთეთ კიდევ გაძლიერდა ეგეთი რაღაცები.

სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით კანონს ცვლიან. ეს არ იმოქმედებს თქვენს რელიგიურ ორგანიზაცია „ბიბლიურ თავისუფლებაზე“, რომ ვეღარ დაეხმაროთ წვევამდელებს ჯარიდან გათავისუფლებაში? ხომ არ გეგმავთ ამ ან სხვა მიმართულებით დაუმორჩილებლობის აქციას?

ის ცვლილებები რაც ვნახეთ, იმ რეალობას რაც დღეს არის არ ცვლის. ვერაფერს ვერ იზამენ. მანდ ორი გზაა, რომლითაც ხელისუფლება შეიძლება წავიდეს. ერთი ეს არის, რომ გააუქმოს პრეფერენციები სასულიერო პირებისთვის, რაც ნიშნავს რომ ყველას მიმართ გაუქმდება და მგონია, რომ ამ ნაბიჯს ვერ გადადგამენ. ან დაიწყონ იმის მტკიცება, რომ „ბიბლიური თავისუფლება“ რელიგია არაა. ამას ვერანიარად ვერ დაამტკიცებენ, რადგან ადამიანის რწმენას ვერავინ განსაზღვრავს. თუ ამას საქართველოში ვერ წააგებენ, სტრასბურგში წააგებენ.

ასე, რომ არც ამ და არც სხვა საკითხებზე დაუმორჩილებლობი აქცია გეგმაში აღარ გვაქვს.

როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ისე, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული პარტიები ენმ-ის კრიტიკის ობიექტები ხდებიან? ასე იყო თქვენ შემთხვევაიც, ვაშაძის წამოსვლის დროსაც და „ევროპული საქართველოს“ შემთხვევაშიც...

პოლიტიკა არის სფერო, სადაც ყველაზე მეტად არის ზედაპირზე ამოწეული ადამიანის ცხოველური ინსტინქტები. ამიტომ ამბობენ ხოლმე, რომ პოლიტიკა ბინძური სფეროა. ბინძური კი არაა, ცხოველური ინსტინქტები ყველაზე მძაფრად არის გამოვლენილი. ეს პოლიტიკაში ჯოგური პრინციპი მუშაობს. ერთი ვინმე თუ გავიდა შენი ჯოგიდან, ის უნდა ჩაქოლო მაქსიმლაურად, რომ ჯოგის სხვა წევრებს არ გაუჩნდეთ იგივე სურვილი.

პოლიტიკა ჯოგია?

დიახ პოლიტიკა ჯოგია, სადაც ცხოველური ინსტიქტებია. ის, რაც ხშირ შემთხვევაში ყველაზე მეტად არის წამოწეული. ჯოგიდან თუ ერთი წევრი გავიდა, ის ჯოგის ყველა წევრმა უნდა ჩაქოლოს. ამიტომ იყო, როდესაც ჩვენ წამოვედით „ნაციონალური მოძრაობიდან“ სათითაოდ გამოყავდათ პარტიის წევრები. მათ შორის პირველ რიგში ისინი, ვინც ჩემთან ყველაზე ახლოს იყვნენ. სპეციალურად იმისთვის, რომ მათ არ გასჩენოდათ წამოსვლის სურვილი. მესმის, რომ ეს პრინციპი ასე მუშაობს, ამიტომ არც გამკვირვებია და სიმართლე რომ გითხრათ არც მწყენია. მე ასეთ რაღაცას არ ვაკეთებ და არც არასოდეს გავაკეთებ, მაგრამ მესმის, რომ ისინიც ადამიანები არიან.

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

საკონსტიტუციო ცვლილება როდესაც მოხდა განცხადება იყო ის, რომ ჩვენ უნდა მიგვეღო უკეთესი კონსტიტუცია. გადავედით საპარლამენტო რესპუბლიკაზე და მორგებული უნდა ყოფილიყო ამ მოდელთან. მთავარი საკითხი იყო, რომ საარჩევნო სისტემა უნდა შეცვლილიყო და გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე. გავიდა ბევრი თვე, „ოცნებამ“ შემოგვთავაზა რაღაც მოდელი, რაც არ იყო სამართლიანი. რა განცხადებასაც მოვისმინეთ გუშინ და გუშინწინ მე მგონი ისინი არაფრის შეცვლას აღარ აპირებენ. ხატავენ სურათს, რომ პარლამენტის უმრავლესობა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების წინააღმდეგია და პირველ რიგში მაჟორიტარული წესით არჩეულ დეპუტატებს ალაპარაკებენ. ამ სისტემას არც ცვლიდა არც წინა ხელისუფლება და როგორც ჩანს არც ეს ხელისუფლება არ ცვლის ერთადერთი მიზეზით, რომ ის უპირატესობას აძლევს ხელისუფლებაში მყოფ პარტიას. რაც ხდება არის ის, რომ „ოცნება“ წინა ხელისუფლებისა და იმის წინა ხელისუფლების მსგავსად ირგებს კონსტიტუციას, რათა გაიხანგრძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა. არცერთ ხელისუფლებას გასვლია ეს და გრძელვადიან პერსპექტივაში „ოცნება“ დამარცხდება. ეს საბოლოოდ დააზარალებს ერთი მხრივ ქვეყნის იმიჯს, ხოლო მეორე მხრივ ქვეყნის ეკონომიკას. ბარიერის შემცირება, მათ შორის ჩვენნაირი პატარა პარტიებისთვის იქნებოდა შანსი, რომ მოხვედრილიყავით პარლამენტში და შემდეგ გავძლიერებულიყავით.

ამას გარდა არის ცვლილება, რომელიც ჩემი აზრით მავნებლობაა. საუბარი მაქვს იმაზე, რომ უცხოელებზე მიწის მიყიდვა უნდა აიკრძალოს. ეს პირდაპირ დაარტყამს ეკონომიკას და დაარტყამს ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე ღარიბ ნაწილს. ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებენ რეგიონებში. რეგიონები დაახლოებით 6-7-ჯერ ღარიბია თბილისთან შედარებით. ამით რეალურად მათ არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიწა გაყიდონ ძვირად. თბილისში მცხოვრებლებს მაგის პრობლემა არ ექნებათ. მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ მიწა მიყიდონ გნებავთ უცხოელს, გნებავთ ქართველს. ეს ნიშნავს, რომ თუ ადამიანს დასჭირდა მიწის გაყიდვა, თუ მეზობელი უხდის მას 1000 ლარს, შეიძლება გამოჩნდეს უცხოელი, რომელიც ეუბნება, რომ 1500 დოლარს გადაუხდის. შეიძლება სჭირდებოდეს იმისთვის, რომ შვილის ან შვილიშვილის განათლება დააფინანსოს. შეიძლება დასჭირდეს ოპერაცია და ა.შ. რეალურად სახელმწიფო ეუბნება, რომ აგიკრძალავ მიწის ძვირად გაყიდვას და გაყიდე იაფად. ეს ჩემი აზრით, სრული იდიოტობაა. ისინი ვინც, ვითომ პატრიოტული მოსაზრებების გამო ეწინააღმდეგებიან მიწის უცხოელებისთვის მიყიდვას, სინამდვილეში ქვეყნის ეკონომიკას ასუსტებენ.

რაც შეეხება ქორწინების დეფინიციას, ამაზე რას ფიქრობთ? უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში?

მათ შორის მაგ საკითხსაც წერენ. ჩვენი პოზიცია სხვა პარტიებისგან ამ შემთხვევაშიც განსხვავებულია. ეს კონსტიტუციაში ჩასაწერი თემა არ არის, მაგრამ ჩვენ უფრო შორს მივდივართ. ქორწინების საკითხი სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის, ქორწინება ისტორიულად სახელმწიფოს საქმე არ ყოფილა. ქორწინება არის კონკრეტული რელიგიური ორგანიზაციების საქმე. მათ შორის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც ქორწინება ერთ-ერთი საიდუმლოა. ეკლესიამ უნდა გადაწყვიტოს რა არის ქორწინება და ვისა და ვის შორის შეიძლება იყოს. ეკლესია, როგორც კონსერვატიული ორგანიზაცია, სტრუქტურა, ინსტიტუტი მიიჩნევს, რომ ის უნდა იყოს კაცსა და ქალს შორის.

თუ საუბარია სამოქალაქო რეგისტრაციაზე, მას კავშირი დავარქვათ თუ სიტყვა „ქორწინების“ გამოყენება არ გვინდა. ამ რეგისტრაციის შემდეგ ამ ადამიანებს უფლებებს აძლევს, ამიტომ ამის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას. არ შეიძლება, რომ ერთ ნაწილს ჰქონდეს რაღაც უფლებები და მეორე ნაწილს არ ჰქონდეს. სხვაგვარად ეს იქნება დისკრიმინაცია. ამას შეიძლება დაერქვას სამოქალაქო კავშირი და ამის უფლება უნდა ჰქონდეს ყველას.

ქორწინება რაც არის, ეს ეკლესიის საქმეა და ვერავინ ვერ ეტყვის მას რომ ასე ან ისე უნდა იყოს. ქორწინებას ქართული ეკლესია ან ნებისმიერი სხვა რელიგიური ორგანიზაცია განსაზღვრავს. თუ არსებობს სამოქალაქო რეგისტრაცია, რომლის არსებობის საჭიროება არ არსებობს, მაგრამ თუ ასეთი რამე არსებობს, რომ ამ რეგისტრაციის შემდეგ ადამიანებს რაღაცა უფლებები ენიჭებათ, მაშინ ეს უფლება უნდა ჰქონდეს ყველას. არ შეიძლება გყავდეს პირველი რიგის და მეორე რიგის მოაქლაქეები. ასე ჩვენ ქვეყანას ვერ ავაშენებთ.

მსგავსი სიახლეები
კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია

22 აგვისტო, 2017

C ჰეპატიტის პროგრამის მეორე ტალღა, კამპანია #განიკურნე და რეალური ადამიანების ისტორია, რომლებმაც გამოიყენეს უნიკალური შანსი და მომაკვდინებელი ვირუსი, სწორედ ამ პროგრამის მეშვეობით დაამარცხეს. Jandacvis Saministro   The post კამპანია...

მეტი

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

ჯიმითში სიჩქარის შემაფერხებლების დამონტაჟებას ითხოვენ

22 აგვისტო, 2017

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითის მოსახლეობის თქმით, მას შემდეგ, რაც სოფელში ასფალტი დაიგო, მძღოლები სიჩქარეს აღარ აკონტროლებენ, რის გამოც ავარიული სიტუაციები გახშირდა. სწორედ ამიტომ, ისინი შიდა გზებზე სიჩქარის...

მეტი

"სისტემა, რომელიც დამპალია უნდა არყიო და ანჯღრიო", - ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან

"სისტემა, რომელიც დამპალია უნდა არყიო და ანჯღრიო", - ინტერვიუ ზურაბ ჯაფარიძესთან
23:00 | 12 ივნისი, 2017

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი