ქართველობაზე, სიყვარულზე, დედაზე, სოფელზე, ღირსებაზე... - ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

თამარ ლეფსვერიძე

"როდესაც ბიბლიოთეკაში მუშაობა დავიწყე, ჩემი მიზანი განათლების თვალსაზრისით, რბილად რომ ვთქვათ, რაღაცის შეცვლა იყო. შესაბამისად, ჩემი მთავარი პრიორიტეტი, ნებისმიერი ჩემი აქტივობის განმსაზღვრელი ნაწილი სწორედ ეს მიმართულებაა." - აცხადებს ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე „აიპრესისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში.

"ქმედებები, რომელსაც მე და ჩემი გუნდი ვახორციელებთ არ უნდა იყოს ბუტაფორიული და მხოლოდ ერთჯერად შედეგს არ უნდა ეფუძნებოდეს. აქ იგულისხმება, როგორც მოძრაობა ეკვილიბრიუმი, ასევე ჩვენი ძირითადი პროექტები, როგორიც არის „ივერიელი“, ციფრული ფოტომატიანე, საქართველოში ყველაზე დიდი ელექტრონული ბაზა „რუსთაველი“, „ფიროსმანი“. ამავდროულად ისეთ ტიპის აქტივობები, როგორიც არის საბიბლიოთეკო ელექტრონული ლექსიკონები, სასწავლო ლექსიკონები და ა.შ. ეს ყველაფერი საჭირო იქნება ხვალ, ზეგ და მაზეგაც. ამავდროულად, ყველა ნაბიჯი, რასაც ვდგამთ, თავის თავში უნდა გულისხმობდეს განვითარების პოტენციალსაც. ეს არის ჩემი ძირითადი სურვილი და მოვალეობა, რომ სივრცე, რომელშიც ვმოღვაწეობ, ერთი მხრივ, განვითარდეს და მეორე მხრივ შევქმნათ მოცემულობა, რომ მომავალში სხვა დანარჩენ ადამიანებსაც შეეძლოთ იქ უკეთესი საქმეების კეთება. ეს არ არის ჩემი დაწესებულება, ეს არის დაწესებულება, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს, ხალხს, ადამიანებს. ბუნებრივია, აქ ქმედებები უნდა იყოს სწორედ ამ მოტივით ნაკარნახევი და არა ვთქვათ, ირიბი განზრახვებით. ეროვნული ბიბლიოთეკა უნდა მოიცავდეს ყველაფერს, ყველა ფაქტს, რაც მომხდარა და მოხდება ქვეყანაში. ფემინიზმი იქნება ეს თუ სხვა რამე იზმი, რის შესახებაც წიგნი დაწერილა და თუ გაზეთი გამოცემულა." - აცხადებს გიორგი კეკელიძე.
 
არანაკლებ მასშტაბური სამუშაოები ჩატარდა ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, რით დასრულდება ეს ყველაფერი, გევქნება ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო ბიბლიოთეკა?
 
ჩვენი მთავარი გამოწვევა, გარდა წიგნადი ფონდის გაზრდისა და ელექტრონული რესურსების გამდიდრებისა, ინფრასტრუქტურული განვითარებაა. სხვათაშორის სიმბოლური აღსანიშნი თარიღია ციფრული ფოტომატიანის (ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჯეოსელის პროექტი) ჩვენ 100 ათასი ელექტრონული ფოტო გვაქვს უკვე. ეს არის ოჯახ-ოჯახ დაძებნილი ძალიან მნიშვნელოვანი ფოტოები, რომლებიც ნამდვილად განადგურდებოდა ათწლეულების შემდეგ.
აი, ამ ორ მიმართულებას გულისხმობს ეროვნული ბიბლიოთეკა. ერთი მხრივ, წიგნადი ფონდის გამდიდრება, ელექტრონული რესურსების გაძლიერება და მეორე -  ინფრასტრუქტურული გამოწვევა, რაც აუცილებლად დასრულდება ეროვნული ბიბლიოთეკის სრული განახლებით და ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო კულტურულ დაწესებულად ქცევით.
 
მოდი, მივყვეთ კორპუსების მიხედვით, სად რა გაკეთდა...
 
ჩვენ გვაქვს 7 კორპუსი. ამაში შედის ქუთაისის კორპუსიც. პირველ კორპუსში მოხდა ისტორიული გამაგრება.  ეს იყო პირველი ფუნდამენტური გამაგრებითი სამუშაოები. რეალურად გავხსენით პირველი კორპუსი წლების შემდეგ, მაგრამ ბუნებრივია, მას სჭირდება თვისობრივი რეაბილიტაცია.
 
ამ შემთხვევაში ორი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი მიმდინარეობს პირველ კორპუსში და ვფიქრობ, გაზაფხულზე  დასრულდება. ერთი არის კავკასიაში და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი  უდიდესი წიგნის მუზეუმი, რომელიც თავის თავში მოიცავს სამ მიმართულებას. ერთი არის „ვეფხისტყაოსნის“ მუზეუმი, მეორე არის იშვიათ გამოცემათა მუზეუმი და მესამეა ილია ჭავჭავაძის კაბინეტი, სადაც მოცემული იქნება მისი პირადი არქივი.
ამ პროექტს დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდი აფინანსებს
 
რაც შეეხება მეორე მნიშვნელოვან პროექტს, ეს არის ანბანის, დამწერლობისა და შრიფტის მუზეუმი. ამ შემთხვევაში „ქართუ“ გვეხმარება. ეს არის ერთგვარი სივრცის მოწყობა, სადაც ისტორიულად იქნება მოცემული ყველა ის ეტაპი, თუ როგორ განვითარდა ქართული წერილობითი კულტურა, რომელიც გადავიდა წიგნში. ანუ, საწყისი ეტაპი, რომელიც ბუნებრივია გულისხმობს ამოტვიფრულ ნაწერებს, მერე ეტრატებზე გადასული ტექსტები, ხელნაწერ წიგნებზე გადასული ტექსტები, პირველი ბეჭდური წიგნები, შრიფტის ისტორია, სტამბის ისტორია და ა.შ. ეს ორი სივრცე იქნება ერთგვარი შემკვრელი მოცემულობისა, რომელსაც მომავალში გააძლიერებს ის ორი დიდი ლეგენდარული  სამკითხველო დარბაზი, რომელიც ძალიან დიდი ხანია დახურულია. ვფიქრობთ, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო სამკითხველო დარბაზებს გავაკეთებთ. გვინდა ეს სივრცე თანამედროვე იყოს - სამკითხველო დარბაზები იქ, სადაც ადამიანებს შეეძლებათ ჩაის თუ ყავის დალევა და ამავდროულად წიგნის წაკითხვა. ასე რომ, პირველ კორპუსთან დაკავშირებით ძალიან დიდი გეგმები გვაქვს.
 
რაც შეეხება მეორე კორპუსს, რეაბილიტაცია უკვე დავიწყეთ. დიდი ნაწილი აქაც კერძო ბიზნესის შემოწირულობებით შევძელით. მაგალითად, როგორიც არის კონსტანტინე გამსახურდიას კაბინეტი, ჭაბუა ამირეჯიბის კაბინეტი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დარბაზი. დარბაზი, რომელიც ემიგრანტული ლიტერატურითაა გამდიდრებული და რომელსაც  თი-ბი-სი ბანკი აფინანსებს. გავხსენით სარაჯიშვილის დარბაზი, ვახტანგ VI დარბაზი, დედაენის დარბაზიც გავხსენით და რეპრესირებული წიგნების მუზეუმიც. ამავდროულად, ვგეგმავთ, რომ ამავე კორპუსის სამკითხველო დარბაზიც მალე მოდერნიზდეს. უბრალოდ, ველოდებით პირველი კორპუსის გახსნას, რომ მუშაობის მიმართულებით არ შევფერხდეთ.
 
გავხსენით ძალიან დიდი ციფრული ლაბორატორია, რომელიც გულისხმობს სკანირებას, მომზადება, დამუშავება და ა.შ. პოსტსაბჭოთა სივრცეში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წიგნების რესტარვაციის და დამუშავების კაბინეტი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდანაც კი გვაკითხავენ რესტავრაციისთვის.
 
რაც შეეხება მესამე კორპუსს, იქ ჩვენ უკვე შევძელით და გავაკეთეთ რამდენიმე თემატური ბიბლიოთეკა. გარდა იმისა, რომ „სილქნეტის“ მხარდაჭერით განახლდა დიუმას ცენტრი, ამავდროულად ჩვენთან შემოვიდა იტალიის საელჩო და დააფუძნა პაოლინის სახელობის იტალიური ბიბლიოთეკა. ძალიან ეფექტური. გვაქვს ასევე ლიბერთის დარბაზი, რომელიც „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით გაკეთდა და ეს არის ყველაზე დიდი ელექტრონული სამკითხველო დარბაზი დღეს საქართველოში. ამავდროულად გავხსენით ვაზისა და ღვინის ბიბლიოთეკა, რომელიც ძალიან წარმატებულად მუშაობს და რეალურად ქართული კულტურის და არა მხოლოდ ყოველდღიურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ვაზის და ღვინის კვლევას და ამავდროულად პოპულარიზაციას ეფუძნება. გვაქვს აფხაზური ბიბლიოთეკაც.
 
მეოთხე კორპუსი არის საცავი, რომელიც გულისხმობს ძალიან სერიოზულ რეაბილიტაციის საჭიროებას. ამასთან დაკავშირებით გვაქვს მოლაპარაკებები სახელმწიფოსთან და ბიზნესთანაც. მოხდეს სრული განახლება და გვქონდეს ულტრათანამედროვე საცავი.
 
მეხუთე კორპუსში გავხსენით ეკო-დარბაზი. ნოდარ დუმბაძის სახელობის ბაღი, რომელიც ძალიან მალე გაიხსნება. მარო მაყაშვილის ბაღი გვაქვს, რომელიც მესამე კორპუსშია. ბარბარე ჯორჯაძის კაბინეტის გაკეთება გვინდა, რომელიც სხვა აქტიური ქართველი ქალების, მაგალითად ეკატერინე გაბაშვილის და სხვათა მოღვაწეობასაც მოიცავს. შეიქმნება ისეთი ტიპის სივრცეები, რომელიც იგულისხმებს ერთგვარად არა ძალიან ცნობილი, მაგრამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სახელების წინ წამოწევას.
ქუთაისში ვაკეთებთ ნიკო ნიკოლაძის სახელობის ძალიან მნიშვნელოვან წიგნის საცავს, სადაც განთავსებული იქნება ის ცალები, რომელიც ამ შემთხვევაში შეიძლება ზედმეტი იყოს ჩვენს საცავში და მეორე მხრივ, მოგვაწოდებენ ჩვენი სომეხი და აზერბაიჯანელი მეზობლები. ეს იქნება კავკასიაში ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საცავი. ამავდროულად გვექნება ცისფერყანწელთა ბაღი და გვინდა, გავაკეთოთ ერთგვარი უფასო სასტუმრო უცხოელებისთვის. ეს პრაქტიკა მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში არსებობს, განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში. ეს ცხადია, არ იქნება კლასიკური ტიპის სასტუმრო, არამედ იქნება სასტუმრო ოთახი, სადაც მას უფასოდ შეეძლება დარჩენა, ოღონდ მას ჩვენს ქვეყანაზე შემდეგ რომელიმე გამოცემაში, რამე, იმედია კარგი, დაწეროს. ის უნდა იყოს მეცნიერი, ან მწერალი, ცხადია და არა ყოველი მეორე სტუმარი.
 
რაც შეეხება ეკვილიბრიუმს?
 
რაც შეეხება გარე ნაწილს, ჩვენ უკვე 700 სოფელს გადავაჭარბეთ მოძრაობა ეკვილიბრიუმის ფარგლებში, სადაც ან კომპიუტერი ჩავიტანეთ, ან წიგნები, ან განვაახლეთ. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, რადგან დღეს ასეთი კარგი გაგებით, აგრესიული საგანმანათლებლო პოლიტიკაა აუცილებელი. წიგნის ჩატანა არ გულისხმობს მის დატოვებას და უკან გამობრუნებას. ჩვენ ვცდილობთ, იქ შევქმნათ საინფორმაციო ელექტრონული ბაზები, სადისკუისო სივრცე, სასწავლო ცენტრი.
 ეკვილიბრიუმის მეორე ნაწილი არის საზღვარგარეთ ქართული ლიტერატურული კუთხეების და წიგნების კუთხეების გახსნა. ესეც ძალიან გვჭირდება და სულ მალე იგეგმება რომსა და მილანში ასეთი ტიპის ბიბლიოთეკების გახსნა. ძირითადად ეს ხდება სამრევლო სკოლებში, საელჩოებში, ან ადგილობრივ ბიბლიოთეკებში.
 
ამ ყველაფერს მგონია, რომ ის ბიუჯეტი, რაც ბიბლიოთეკას აქვს ვერ გაწვდება. ბიზნესი ჩართულია განათლებაში? არის ეს ბიზნესისთვის პრიორიტეტი?
 
ჩვენ შევეცადეთ და ვაქციეთ ასე. არ ვამბობ, რომ ნებისმიერი ბიზნესმენი თანხმდება ჩვენს წინადადებებს. გვქონია შემთხვევები, როდესაც ვერ მივაღწიეთ შეთანხმებას, მაგრამ მიღწეული შეთანხმებების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი დღეს ჩვენ წინაშეა წარმოდგენილი და მართლა კარგ საქმეს გულისხმობს, რისთვისაც მათ მადლობა ეკუთვნით.
მაგრამ ამავდროულად, ბუნებრივიც არის, რომ ეს არის ბიზნესის ძალიან მცირე ნაწილი და ჩვენი ბიზნეს სამყარო ხშირ შემთხვევაში ძალიან მცდარად ელოდება ერთჯერად მასობრივ შედეგს. ისინი ელოდებიან მყისიერ შედეგებს, ე.წ ფიდბექს, რომელიც შეიძლება გამოიხატოს მასობრივ აღფრთოვანებაში. რეალურად, ბიბლიოთეკასთან დაკავშირებით ეს ასეც არის, მაგრამ ალბათ, ისინი კიდევ უფრო მეტს ხედავენ და ფიქრობენ, რომ მათი სახელი საქართველოს მოსახლეობის ყოველ მეორე წარმომადგენელს უნდა ეკეროს პირზე მეორე დღესვე, თუ  რაღაცას გაიღებენ. ეს ასე არ არის. ეს რეალურად ინვესტიციაა მომავალში. ამ ინვესტიციას მათი შვილები და შვილიშვილები უნდა ღებულობდნენ როგორც უკვე შედეგად ქცეულ მოცემულობას და არა მაინცდამაინც თვითონ. ამიტომ, ამ თვალსაზრისით ხშირად გვაქვს გაუგებრობები. ვერ ვთანხმდებით ამ მიმართულებებზე. მით უმეტეს, ჩვენი პოლიტიკა არის ძალიან ზუსტი და გამჭვირვალე. კერძო კომპანიებს ვეუბნებით, რომ ეს საქმე არის გასაკეთებელი. ჩვენ მათგან ერთი თეთრი არ გვჭირდება. ყველა თვითონ აკეთებს, რაც გააკეთა. ჩვენ ანგარიშზე ერთი თეთრიც არ შემოდის. ასე რომ ჩვენი სანდოობის ხარისხი ძალიან მაღალია. მათი უარი ძირითადად გამოწვეულია სწორედ ამ წამიერი შედეგის მიღებასთან დაკავშირებული დაეჭვებით.
ამიტომაც, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ ეგებ უფრო ღრმად დაფიქრდნენ ამ საკითხზე. ეს ნამდვილად ინვესტიციაა და არა შემოწირულობა, ან ქველმოქმედება. ამას ვერც ერთ შემთხვევაში ქველმოქმედებას ვერ დავარქმევ. 
 
რაც შეეხება ზოგადად განათლებასა და მწიგნობრობას. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად ამბობენ, რომ საქართველოს ამ მხრივ ძალიან ბევრი პრობლემა აქვს. მწიგნობრობაში ვგულისხმობ წიგნის კითხვას, წიგნიერებას... რასთან გვაქვს საქმე? რატომ შეიცვალა ეს სიტუაცია? ან საერთოდ შეიცვალა?
 
არავინ იცის, შეიცვალა, თუ არა საერთოდ. ჩვენ, სამწუხაროდ, არ გვაქვს კარგი ანალიზის საშუალება, მაგალითად ახლო საბჭოთა წარსულის. რომ ზუსტად გავიგოთ მართლა არსებობდა თუ არა ასე მკითხველი საზოგადოება, როგორადაც ჩვენ ამ შემთხვევაში გვაწოდებენ ხოლმე. მე, სამწუხაროდ, შემხვედრის ძალიან ბევრი ოჯახი, სადაც ძალიან ბევრი წიგნი იყო დაწყობილი თაროებზე. ამიტომ მხოლოდ იმით თავის მოტყუება, რომ ჩვენს ოჯახებში უამრავი წიგნი იდო, არ გულისხმობს იმას, რომ უამრავი ნაკითხი ადამიანი არსებობდა, მით უფრო განათლებული.
 
წარსულთან დაკავშირებული ცოტა ბუნდოვანება არაფრით არ გამორიცხავს და ამსუბუქებს დღეს მოცემულ სირთულეებს. დღეს მათ სხვა სირთულეებიც დაერთო, სხვა პრობლემები, თუ ამას პრობლემა ჰქვია. ადამიანის ძალიან გააქტიურებული სოციალიზაცია, რომელიც ინტერნეტის დამსახურებაა. თანამედროვე ადამიანი მაინც უფრო ინფორმაციის ადამიანია და წიგნსაც, როგორც ინფორმაციას ისე აღიქვამს. შეიძლება, შევხვდეთ საზოგადოებაში ორ მოლაპარაკე თავს, რომელიც ერთმანეთს ძირითადად ესაუბრება, მაგალითად, ვიკიპედიაში ამოკითხული ფრაზებით და შეგიქმნას შთაბეჭდილება, რომ მას ყველა ეს წიგნი წაკითხული აქვს. თანამედროვე საზოგადოება უფრო ინფორმაციისა და შთაბეჭდილების მოხდენის შთაბეჭდილებაა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტები და მერე მათი გამოხმაურებების მოლოდინი სწორედ მისი ნაწილია. ადამიანი ყოველთვის იყო სახელის მოხვეჭის არსება და ამაში ცუდი არაფერია. ადამიანისთვის ერთ-ერთი მთავარი დამადასტურებელი მისი პოტენციური უკვდავების, სწორედ მისი სახელია. ეს ეგოისტური მოცემულობაა, რასაც ვერაფერს დავუპირისპირებთ.
 
სიღრმისეული თვალსაზრისით ლიტერატურის გაცნობაში ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები გვაქვს. ეს იწყება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი განათლების სისტემის პრობლემების გამო, რომელიც ძირითადად არა უნივერსიტეტებში, არამედ სკოლებშია თავმოყრილი და რეალურად ძალიან ფაქიზი თემაა. ძალიან რთულად გადასალახი იმის გამო, რომ მხოლოდ სისტემასთან არ გვაქვს კავშირი, არამედ ამ სისტემასთან დაკავშირებულ უამრავ ადამიანთან, როგორც არიან მასწავლებელი და ა.შ. იმის თქმა, რომ ეს ხალხი არაფერს წარმოადგენს, ძალიან რთული და არასწორია, მაგრამ მეორე მხრივ, იმაზე უარის თქმა, რომ რაღაც რეფორმები გაატარო იმისთვის, რომ ვიღაც მართლა ძალიან ცუდი მასწავლებელზე თქვა უარი - არ არის სასარგებლო საქციელი.
 
ცუდი მასწავლებელი იგივეა, რაც ცუდი ექიმი. ეს ორი ძირითადი ფუნდამენტური პროფესიაა. თუ მასწავლებლის გადამზადება ვერ მოხერხდება, შანსი უნდა მისცე ახალ ადამიანს იმიტომ, რომ ამ თვალსაზრისით კატასტროფულად გვაქვს საქმე.
 
ეს არის იმით გამოწვეული, რომ დღეს მასწავლებლის პროფესია არ არის პრესტიჟული. პრესტიჟს განსაზღვრავს ერთი მხრივ, საზოგადოების პატივისცემა და მეორე მხრივ, ცხადია ანაზღაურება. ადამიანი მხოლოდ ენთუზიაზმით ვერ ასწვალის. ამ ადამიანებმა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ასწავლეს მართლა ენთუზიაზმზე და ჩემი მასწავლებლები ნამდვილად იყვნენ გმირები - ჩვენ ერთად მიგვქონდა სახლიდან შეშა, რომ გავმთბარიყავით და მათემატიკის ამოცანები ამოგვეხსნა.
მოდი, მოვახერხოთ ისე, რომ ერთი მხრივ, ამ ადამიანებს ცოდნა გავუღრმაოთ, მეტი გამოწვევა დავუსახოთ და მეორე მხრივ, შევქმნათ ახალი ადამიანებისთვის სივრცე.
 
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სკოლა და სკოლის მასწავლებელი ჩვენთვის იქცეს პრესტიჟულ მოცემულობად. ამას ხელი ჩვენ თავად უნდა შევუწყოთ. ნებისმიერი მასწავლებელი, პირველ რიგში, საკუთარი კვალიფიკაციით და მეორე რიგში საკუთარი სამოქალაქო მზაობით ისეთი მნიშვნელოვანი პერსონა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი ხელისუფლება აიძულოს ის კი არ გამოიყენოს ინსტრუმენტად, როგორც საარჩევნო ხმა, არამედ თვითონ იყოს მასწავლებლის მსახური.  90-იანი წლების ძალიან ბუნდოვანმა და არასწორმა მოცემულობებმა სკოლის მასწავლებელი გახადა მეორად ფუნქციად. ენამ უკვე დაამკვიდრა, როგორც შესაბრალისი. ხო იტყვიან ხოლმე, აი, ერთი საწყალი მასწავლებელიაო. შესაბამისად, ასე ღრმად ამ ინსტიტუტის დაცემამ გამოიწვია ის, რომ დღეს პრესტიჟი არის ძალიან დაბალი. უნდა ვიზრუნოთ მასწავლებლების პრესტიჟის ამაღლებაზე. ეს არს ფუნდამენტური გამოწვევა.
 
იმისთვის რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბავშვებმა დაიწყონ წიგნების კითხვა?
 
ეს არის დიდწილად დამოკიდებული სწორედ იმ მასწავლებლებზე, რომლებიც ჩვენ გვჭირდება. ანუ, მიზეზშედეგობრივია ყველაფერი. ბავშვებმა რომ წიგნების კითხვა დაიწყონ, თუნდაც ელექტრონულის, არაფერი პრობლემა არაა, ის ყველა ფორმატში წიგნია, მთავარია წავიკითხოთ, მაგრამ რეალურად საცდურები მოდის სხვა თვალსაზრისით, მაგალითად, ჩვენთან ეშინიათ ბავშვის აღზრდის დროს რადიკალური რეგულაციების შემოღების. არადა, მთელ მსოფლიოში არსებობს რაღაც რეგულაციები. მაგალითად, არის ქვეყნები, სადაც საათობრივად არის დადგენილი მოსწავლის კომპიუტერთან ჯდომა. იმ უბრალო მარტივი მიზეზის გამო, რომ როგორც ფიზიკური, ასევე გონებრივი თვალსაზრისით განვითარებისთვის ეს შეიძლება არ იყოს მთლად მომგებიანი. კომპიუტერი და ინტერნეტი ჩვენს რეალობაში უკიდურესად მნიშვნელოვანი მოცემულობაა, რევოლუციური მოცემულობაა, მაგრამ ვერ გავიკვლევთ ამ ლაბირინთებში გზას, თუ არ გვეცოდინება რაღაც, რაც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გზა გავიკვლიოთ. ეს არის უცხო ენები, სწორი ანალიზის უნარი, რომელიც დაფუძნებულია კონკრეტულ განათლებაზე, როგორც ტექნიკურზე, ასევე ჰუმანიტარულზე. ეს კი მიიღება სწორი საგანმანათლებლო სისტემით. ამიტომ, იმისთვის, რო მოსწავლემ იაზროვნოს ისე, როგორც ჩამოყალიბდება განათლებულ ადამიანად, გვჭირდება ოჯახი, რომელიც ამ საკითხს მიუდგება არა რადიკალურად, არამედ სწორ რბილი რეგულაციებს მოძებნის გზით. ამავდროულად, გვჭირდება განათლების სისტემა, რომელიც რთულად ჩამოსაყალიბებელია და არც ინდივიდუალური ფაქტორი უნდა გამოვრიცხოთ. არიან ადამიანები, რომელთაც წიგნის კითხვა უყვართ და რომელთაც არ შეუყვარდებათ არასდროს.
 
ბოლო პერიოდში ხშირად ვაწყდებით ისეთ უცნაურ ფაქტებს, რომლის შესახებაც ჩვენს ბავშვობაში არ გვესმოდა. დედამ შვილი მოკლა, შვილმა დედა მოკლა, მამამ შვილი მოკლა, რიტუალური მკვლელობა მოხდა... რაღაც ღირებულებები დავკარგეთ? რაღაც დაგვემართა?
 
მე მგონია, რომ ასეთი ამბები, ალბათ, ხდებოდა ყველა დროში. ხდებოდა იმიტომ, რომ ადამიანი არ არის სწორხაზოვანი არსება და მის საზოგადოებაში ყოველთვის შევხვდებით პერსონებს, რომელთაც არანორმატიული ფეტიშები ექნებათ. ეს შეიძლება კრიმინალსაც გულისხმობდეს, შესაბამისად, ვერ ვიტყვით, რომ ასეულობით წლის წინ ეს ამბები არ ხდებოდა.
მაგრამ დღეს ამას შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციას იოლად წვდომა განაპირობებდეს. იღებენ ინფორმაციას ადვილად და რაღაცაზე მიბაძვას ცდილობენ. მაგრამ, ამის რეგულაცია არ მგონია სწორი იმიტომ, რომ უბრალოდ, ვერ მიხვდები, სად გაავლო საზღვარი. ანუ, რა უნდა იყოს ნებადართული და რა არა. ძალიან რთულია, რომ თქვა. მაგალითად, ჰიჩკოკის ფილმები არ იყოს ნებადართული იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც არ გააკეთოს. რთულია, რომ ნებისმიერი ტიპის ლიტერატურა არ იყოს ნებადართული იმიტომ, რომ იქ მოძალადე ადამიანია გამოყვანილი. პოლიტკორექტულობის ასეთი ფორმით გამოყენება, ბუნებრივია, საზოგადოებასაც დააზარალებს.
მეორე მხრივ, ბუნებრივია, ბერკეტი ნაკლებად გვაქვს გარდა სამართლებრივი ბერკეტების გამკაცრებისა, იმიტომ, რომ ნებისმიერი მიმართულება, იქნება ეს ფემიციდი, გაუგებარი ტიპის რიტუალური მკვლელობები, ავარიებით გამოწვეული კატასტროფული მდგომარეობა, აუცილებლად არის კანონის დონეზე გადახედვისა და კიდევ უფრო გამკაცრების სამიზნე
 
ზოგადად, დღეს სოციალურ ქსელში რასაც ვუყურებ და საუბარი მაქვს მწერლებზე, ხელოვანებზე და ა.შ, ხშირად წერენ, რომ ჩვენ დღეს ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც ძალიან შორს დგას მორალისგან და ღირსებისგან. ასეა ჩვენი საქმე?
 
მორალი და ღირსება ინდივიდუალური ცნებაა, მაგრამ არსებობს ამ ცნების ზოგადი გააზრება და ეს ყველაფერი დაფუძნებულია საზოგადოებრივ შეთანხმებაზე რაღაც სტილის წესრიგსა და მათ შორის კანონმდებლობაზე. არსებობს შინაგანი მორალი და სინდისი, რომელიც ადამიანს უნდა გააჩნდეს. თუ ადამიანს არ გააჩნია ეს ყველაფერი, ბუნებრივია ჰიპოთეტურად და ვირტუალურად ვერავინ ვერაფერს წაართმევს. თუ ადამიანი არ არის ქართველი, მისთვის ქართველობა უკვე წართმეულია -  ქართველობაში ვგულისხმობ სახელმწიფოებრივად მოაზროვნეს და არა ეთნიკურად ქართველს. ასეთი ტიპის რიტორიკა რეალურად სუსტი ადამიანების გამოგონილია. არ შეიძლება, საზოგადოება ასე ტოტალურ გავლენას ახდენდეს ადამიანზე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორც არის სინდისი, თავისუფლება, სახელმწიფოებრივი როლი და ადგილი და ა.შ. წარმოუდგენელია. ეს შენ ან გაქვს სწორედ ოჯახით, საგანმანათლებლო სისტემით, თუ შინაგანი ინტელექტით, ან არ გაქვს. ამიტომ, ვიღაცებისკენ ხელის გაშვერა, მათ შორის 21-ე საუკუნისკენ, რომელიც რიცხვითი ფრაზაა და არავითარ მოცემულობას არ ვგულისხმობ, რადგან მოცემულობას ქმნიან ადამიანები, არასწორია. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამ ტიპის პრობლემები დაფუძნებულია საგანმანათლებლო სისტემაზე. ეს სისტემა გულისხმობს ძალიან ბევრ ნიუანსურ პრობლემას, რომელიც მერე იჩენს თავს.
ვფიქრობ, ჩვენ ჩვენი მოძრაობით, ვგულისხმობ ეკვილიბრიუმს, ხელს ვუწყობთ, ამ პრობლემების მცირე დაძლევას მაინც. ჩემი ადგილი არის სწორედ ასეთი ტიპის მოძრაობაში. ვფიქრობ, ეს მოძრაობა ნელ-ნელა უნდა გადაიქცეს სულ მცირე მიბაძვად მაინც ისეთი საქმისა,  როგორიც იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობა. უნდა შევძლოთ გარედან, საზოგადოებრივი აქტიურობით ამ სივრცის შექმნა. ჩემი ადგილი არის აქ, როგორც ადამიანის. აქ ვარ უფრო თავისუფალი და ვაკეთებ მეტს. არასდროს სხვა სახელმწიფო ინსტიტუციაში არანაირ თანამდებობაზე მუშაობას არ ვაპირებ. თავიდანვე ვთქვი, რომ ჩემთვის ეს არის ადგილი, რომელიც გულისხმობს ბევრ გამოწვევას და ბევრ შესაძლებლობას/
 
ანუ, არ გინდა რომ იყოს განათლების მინისტრი...
 
არა, არანაირი მინისტრი. ზუსტად ვიცი, რომ არ გავხდები. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა.
 
რატომ?
 
არ მინდა. ეს არ არის ჩემი სფერო და საქმე ინსტრუმენტალიზაციის თვალსაზრისით. მე სხვა სფეროდან უფრო ადვილად ვმოქმედებ. ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვისაც არ არის მიმზიდველი, რადგანა ახლა გაცილებით თავისუფალი ვარ და გაცილებით ნაკლების დათმობა მიხდება საკუთარი თავის წინაშე, ვიდრე ისეთი ტიპის მოცემულობაში, რომელიც სამინისტროს საქმიანობას მოიცავს.
 
ძალიან ხშირად შევუწუხებივარ ადამიანების ამორალურობას. ჩემ გარშემო ხშირად მომხდარა ძალიან ცუდი ამბები. საზოგადოებაში ასეთი მიდგომაც არის, რომ ამორალური, უღირსი ადამიანები, ნაკლებად წესიერები გაცილებით მეტს აღწევენ ცხოვრებაში, გაცილებით მარტივად ცხოვრობენ...
 
წესიერება და არაწესიერება ძალიან რთულად განსასაზღვრი თემაა, მით უმეტეს, თუ მსოფლიო ლიტერატურას გადავხედავთ. მგონია, რომ ადამიანი არის უწესო, როდესაც სხვა მეორე ადამიანს აყენებს ზიანს თავისი უწესობით. ეს არის ჩემთვის განმსაზღვრელი პრინციპი ხელოვანის შემთხვევაშიც და სხვა დანარჩენი ადამიანების შემთხვევაშიც. არავითარი კითხვის ნიშანი ჩემთან ამ საკითხზე არ არსებობს. არსებობს სხვა ტიპის უწესობები, რომელსაც ადამიანებს ჩვენ თვითონ ვუწესებთ და გვინდა, რომ ისეთივე იყოს, როგორიც ჩვენ ვართ. ეს არასწორია.
ჩემთვის, მაგალითად, ძალიან უინტერესო იქნებოდა მიქელანჯელო რომ იყოს სტერილური ადამიანი, ან სხვა დანარჩენი ხელოვანი. ეს ადამიანი ისეთია, როგორიც არის. თუ ის ჩაიდენს ისეთ მოქმედებას, რომ სხვა ადამიანი დააზიანოს, მას უნდა სჯიდეს კანონი. სხვა შემთხვევაში სხვისკენ ხელის გამშვერი და სხვისთვის მორალის მკითხველი ვერ ვიქნები იმიტომ, რომ ამის კომპეტენცია არ მაქვს. მე მაქვს ჩემი განსაზღვრული მორალური პრინციპები, რომელსაც პირველ რიგში, განვაპირობებ მე. შემდეგ ის ინერცია, რომელიც ჩემი ბებიებიდან და ბაბუებიდან არის ნაკარნახევი და ჩემს წიგნებშიც ხშირად მოცემულია. ამავდროულად, ბუნებრივია, სხვა ადამიანების გათვალისწინებაც.
 
გურია არის შენი ცხოვრების შეუდარებელი ნაწილი...
 
აუცილებლად. იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს არის სივრცე, სადაც პირველად გავეცანი ჩემს თავს, როგორც ადამიანს. სამშობლო მართლა არ არის მარტო მთები, შესახვევები, ქალაქები, ან კონკრეტული სახლი. ეს ყველაფერი მეტ-ნაკლებად შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ სივრცე, სადაც საკუთარ იდენტობას აყალიბებ შეუცვლელია და ამიტომ გიყვარს შემდეგ სახლები, ქუჩები, მდინარეები, ჭალები და მთები და არა იმიტომ, რომ ეს შეიძლება ყველაზე ლამაზი იყოს. ეს ყველაფერი არის განპირობებული იმით, რომ ამ სივრცეში პირველად ნახულობ შენ თავს, როგორც ადამიანს და სხვა ადამიანებსაც. აქედან გამომდინარე, სიცოცხლეს, როგორც ძალიან დიდ და მოულოდნელ საჩუქარს იწყებ. ამიტომ ის ადგილი გიყვარს ყველაზე მეტად.
 
სოფლის მნიშვნელობაზეც რომ ვისაუბროთ...
 
ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეკვილიბრიუმის ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ ეს ბიბლიოთეკები გადაიქცეს სივრცედ, სადაც ადამიანებს ექნებათ მოუწყვეტლობის განცდა. თვითონ სიტყვა ეკვილიბრიუმი ნიშნავს წონასწორობას. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს წონასწორობა. ადამიანი ყველგან ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა არსებობდეს უკვე ძალიან მოძველებული, არასწორად მიმართული ტერმინები, რომ ვიღაც არის სოფლელი, ვიღაც არის ქალაქელი და ა.შ. მეტიც, კიდევ უფრო რადიკალურად მიმართული განცდა, რომ ქალაქი მხოლოდ ერთია და დანარჩენი ქალაქი არ არის. მე, მაგალითად, დავიბადე და გავიზარდე ქალაქ ოზურგეთში და ისიც ქალაქი მგონია. თუმცა სოფელ ნატანებში რომ გავზრდილიყავი, რომელიც დედაჩემის სოფელია, ან მამაჩემის სოფელში, სურებში, აქაც არაფერია პრობლემა. მე ერთხელ დავწერე, მთავარი მოცემულობა ის არის, რომ თუ შენი თავი შენ გახლავს, ცხადია, ღარიბად ვერ მოიხსენიები. აქედან გამომდინარე,  მნიშვნელოვანი ადამიანია და არა სხვა რამ.
 
ხანდახან ჟურნალისტები მეკითხებიან ხოლმე, თქვენ ჩამოხვედით სოფლიდან. ანუ, ნებისმიერი სხვა პატარა ქალაქი არ აღიქმება ქალაქად. ამ კითხვის მეორე და მნიშვნელოვანი პრობლემა ის არის, რომ სოფელი აღიქმება რაღაც ეგზოტიკურ მოცემულობას, რომლიდანაც ადამიანის წამოსვლა არის რთული ამბავი იმ თვალსაზრისით, რომ შენ უკვე რაღაც მძიმე მოცემულობიდან მოდიხარ. ეს ასე არ არის. ეს პრობლემებიც გვაქვს გადასალახი. სოფელიც და ქალაქიც არის სივრცე, სადაც ცხოვრობს ადამიანი. ადამიანი არის სამყაროს ცენტრში და ისინი ამ აზრით არ განსხვავდებიან. სხვა აზრით, ცხადია, კი.

იქნებ იმიტომაა სოფლის ეგეთი აღქმა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, სოფელს უჭირს. არ არის იმ მდგომარეობაში, როგორშიც უნდა იყოს...
 
მგონია, რომ ეკონომიკური გარემო ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ნებისმიერი დეფინიციის განსაზღვრისას. სოფელს ძალიან უჭირს და სერიოზული ძვრებია საჭირო. მაგრამ რეალურად, ეს მაინც საბჭოთა ტიპის ინერციაა, რომელიც 60-70-80-იან წლებში აყალიბებდა ხელოვნურ ელიტებს, რომელიც ძირითადად იმდროინდელი ინტელიგენციის წარმომადგენლებზე იყო დაფუძნებული. ამ ელიტებმა საზოგადოებაში შექმნეს რაღაც სნობური განცდები, რომ არსებობდა სივრცეები, მათ შორის უბნებიც. ესეც არ არის საქმე, რომ მხოლოდ ერთი ქალაქი იყოს ამასთან დაკავშირებული, პირიქით, შეიძლება, რიგ შემთხვევაში ეს გაუგებარი უბნური პატრიოტიზმიც არსებობდეს ნებისმიერ ქართულ ქალაქში. ეს არ წარმოადგენს ამ უბნის ყველა მცხოვრებს. მე ძალიან კარგი ადამიანები შემხვედრია ნებისმიერი უბნიდან, მაგრამ ის, რომ ზოგჯერ ტენდენციას ვხედავთ, შეიძლება, უფრო მეტ პრობლემად გვყავდეს ადამიანი, რომელიც სხვა უბანშია, სხვა სოფელში, სხვა ქალაქში, მაგრამ ცდილობს, გამოვიდეს იმ სივრციდან და გახდეს იმის ნაწილი, რომელიც მას დასცინის, რეალურად ესეც დიდი პრობლემაა. აზროვნების კრიზისის ნაწილიც არის.
 
ახსენე სიტყვა პატრიოტიზმი. გარდა იმისა, რასაც შენი ქვეყნისთვის აკეთებ, კიდევ რის გაკეთება შეგიძლია? გიფიქრია იმაზე, რომ თავისუფლად შეგიძლია გაწირო თავი ამისთვის?
 
ძალიან რთული საკითხია. 
სიცოცხლე არის მთავარი კატეგორია ადამიანისთვის,
მაგრამ სამშობლო არის კატეგორია, რომელიც ასევე არის რაღაც თვალსაზრისით არაპრაგმატულღირებულებებზე დაფუძნებული. 
არის ერთი ძალიან კარგი იაპონური ტანკა:
 
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ _
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო!
 
ისიკავა ტაკუბოკუ
 
ანუ, სამშობლო და პატრიოტიზმის ასე მარტივად გააზრება ძალიან რთულია. შეიძლება დადგეს მოცემულობა, როდესაც მე გავწირავ ჩემს სიცოცხლეს. ადამიანი, რომელიც ზის კაბინეტში და ამას ადვილად იტყვის, ის არ არის გულწრფელი. მაგრამ მე ამის დაშვება ნამდვილად შემიძლია. ამ შემთხვევაში არ იგულისხმება მაინცდამაინც კონკრეტული ტერიტორია და ა.შ. შენ აქ თავს გაწირავ იმ სხვა დანარჩენი ადამიანებისთვის, თუ ეს ძვირფასი ადამიანები ირგვლივ გყავს.
პატრიოტიზმი არის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი. ჩვენ უნდა მივხვდეთ, რომ პატრიოტიზმი არის სწორი მოქალაქეობა. ვთქვათ, ზებრაზე ადამიანისთვის გზის დათმობა, საკუთარი სადარბაზოს მოგვა, სხვა დანარჩენი ადამიანების გათვალისწინება, კარგი განათლების მიღება, სწორი აზროვნება სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, ბევრის და ყოველდღიურის გაკეთება ცხოვრებაში და არა მხოლოდ სადღეგრძელოების ძახილი ყოველ წუთს. მათ შორის იმ სივრცეებში, სადაც სადღეგრძელოს ადგილი სულაც არ არის.
სუფრაზე სადღეგრძელოს თქმის წინააღმდეგი არ ვარ. სუფრა ჩენი ცხოვრების რიტუალური ნაწილია, სადაც ადამიანებს შეძლიათ სადღეგრძელოები თქვან და მეც ვამბობ ხოლმე, მაგრამ სადღეგრძელოს თქმა ბიბლიოთეკის საცავშიც - არ არის სწორი.
 
რით იწყებ სადღეგრძელოს
 
მე გურული ვარ და მშვიდობისა და ღმერთის დიდების სადღეგრძელოთი ვიწყებ, რა თქმა უნდა. რაღაც ტრადიციები არის, რაც მომწონს და მიყვარს და უფრო კომფორტულად ვგრძნობს თავს.
 
იუმორი ტრადიციაა?
 
იუმორი შეიძლება გარკვეულწილად იყოს ტრადიციაც. უფრო ეს გურულების ცხოვრების წესია, რომელიც მათ რთულ ყოფას ამსუბუქებს. ერთგვარი რეფლექსიც არის. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული. ადამიანი მათ შორის გაძლების არსებაც არის და ამაში რაღაც უნდა დაეხმაროს. ამ შემთხვევაში გურულების მიმართულებით, ეს იუმორი აღმოჩნდა.
 
ძალიან საინტერესოდ წერ და გემრიელად მამაზე და დედაზე. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, სადაც შვილებს არ გვცალია მშობლებისთვის, შეიძლება ხშირად ვერ ვახერხებდეთ მათ ნახვას, ან უბრალოდ, არ შეგვიძლია, ისე გამოვხატოთ. დედას შენს ცხოვრებაში ჰქონდა განსაკუთრებული როლი?
 
აქ ჩემ შემთხვევაშიც არსებობს პრობლემა. როდესაც ადამიანები ცოცხლები არიან, ხშირად მათზე საკუთარი ემოციების გამოხატვა გვიჭირს. ეს რაღაცით განპირობებული კომპლექსია და ფაზური სიღრმე აქვს. შესაბამისად, მე მაქვს ძალიან სერიოზული დანაშაულის შეგრძნებაც. რაღაც არასრულფასოვნების განცდაც იმ პერიოდთან დაკავშირებით, როდესაც მამაჩემი ცოცხალი იყო და მე ვერ მოვახერხე მასთან შესაბამისი ურთიერთობა. შეიძლება, ამით ვახდენ ამის კომპენსირებას, რაც ძალიან ცუდია. ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვზრდიდნენ, არიან ჩვენი ნაწილი. ყველა ადამიანი შეიძლება არ იყოს იდეალური ვიღაცას რაღაც მიმართულებით ექნება პრობლემა, მაგრამ ჩვენ ადამიანები  არ ვართ სრულფასოვანი არსებები.
 
ბიბლიაში ძალიან კარგი იგავია, როდესაც იაკობს დააკოჭლებს ღმერთი - ეს  არის მითითება, რომ ყველა ჩვენგანი რაღაცით ვართ კოჭლი. შესაბამისად, ყველას გვაქვს რაღაც სისუსტე, რაღაც ახირება, რითაც ვშორდებით იმ იდეალურ სახეებს, რომელიც შეიძლება წიგნებში, ან მხატვრულ ლიტერატურაში წაკითხული გვქონდეს. ამიტომ, მეზობლებიც, ნათესავებიც და სხვა დანარჩენი ადამიანებიც არა მაინცდამაინც კარგად, ცუდად, მაგრამ საინტერესოდ უნდა დავინახოთ. არ უნდა მოვადუნოთ ჩვენი თვალი. რა თქმა უნდა, მზერა მიმართული უნდა იყოს მომავლისკენ, მაგრამ ჩვენი ზურგის თვალი აუცილებლად უნდა დარჩეს წარსულისკენაც. იმის გამო, რომ იქ გავიზარდეთ, იქ ჩამოვყალიბდით ადმიანებად. ძალია ხშირად ვწერ ბებიაზე, ბაბუებზე. მამაჩემზე ნაკლებს ვწერ. დედაჩემზე, რომელიც ერთადერთი ნათესავია ჩემი ასეთი ახლო, რომელიც ცოცხალი დარჩა. ეს შეიძლება იყოს რაღაც კომპლექსის ნაწილი, რომელიც გადასალახია.
 
რამე ახალ წიგნზე მუშაობ?
 
ახლა ვმუშაობ „გურულის დღიურების“ მესამე წიგნზე, რომელიც ვფიქრობთ, შეიძლება პატარა დოკუმენტურ ფილმად იქცეს. თომას ზღაპრების გაგრძელებას ვწერ და ვაგრძელებ სადოქტორო ნამუშევარს, რომელსაც ჰქვია „დაკრძალვებისა და ქორწინებების რიტუალი“. მათ შორის გურიაშიც, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ შემოიფარგლება მხოლოდ გურიით. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაც არის მოცემული.
 
გურიაში, ეს ალბათ, უნიკალური იქნება...
 
გურიაში, რა თქმა უნდა, უნიკალურია, მაგრამ არც ერთ მხარეში არ არის ისეთი, რომ მცირედი მაინც არ მეორდებოდეს სხვაგან. ადამიანი მაინც ადამიანია. 
მსგავსი სიახლეები
უპრეცედენტო კარდიოქირურგიული ოპერაცია საქართველოში

26 მაისი, 2017

2017 წლის 27 აპრილს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრში პროფესორ ზვიად ბახუტაშვილის მიერ უპრეცედენტო ოპერაცია გაკეთდა. 65 წლის თ. ა-ს კარდიოქირურგიული ოპერაცია 6 საათის განმავლობაში 4 სხვადასხვა პათოლოგიის...

მეტი

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

ჭიჭინაძე: ქუთაისში მასშტაბური პროექტი არასდროს გაკეთებულა, პარლამენტი ააშენეს და დამთავრდა

26 მაისი, 2017

"დიდი ქარხანა ან ფაბრიკა რომ გაკეთდეს იგივე ქუთაისში, დენი არ გვაქვს, იცით? ფიზიკურად არ გვაქვს ვერ იმუშავებს ქარხანა. იმას სხვა ძაბვა და პროექტი უნდა ეს ყველაფერი სულ ნულიდან გვაქვს დასაწყები. იმიტომაა, რომ 4 წელიწადში ეს...

მეტი

ქართველობაზე, სიყვარულზე, დედაზე, სოფელზე, ღირსებაზე... - ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან

ქართველობაზე, სიყვარულზე, დედაზე, სოფელზე, ღირსებაზე... - ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან
19:01 | 12 თებერვალი, 2017

ავტორი: თამარ ლეფსვერიძე