ავთანდილ ასათიანი: სჯობს, ყოველთვის ასეთი თავისტკივილი გქონდეს

ავთანდილ ასათიანი: სჯობს, ყოველთვის ასეთი თავისტკივილი გქონდეს

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ინგლისთან ორი ამხანაგური მატჩი დიდი ანგარიშებით - 5:1 და 6:0 მოიგო. ინგლისთან დაპირისპირებამდე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მედიას ორი ბრაზილიელი ფეხბურთელი წარუდგინა, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს და ინგლისთან შეხვედრაში იხილავდა მათ გულშემატკივარი. და მატა ფეიტოსა თალესი სერბეთის ჩემპიონატში თამაშობს, ხოლო სიმი საიოტი რუსულ „სიბირიაკში“. ორივე ფეხბურთელმა ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. და მატა ბურთს შესანიშნავად ანაწილებს, საიოტს კი გოლის განსაკუთრებული ალღო აქვს.  გახდებიან თუ არა ისინი ფუტსალის ეროვნული გუნდის შეუცვლელი წევრები, რას ფიქრობს მათზე ნაკრების თავკაცი, ავთანდილ ასათიანი. ასათიანი იმ „თავისტკივილზე“ საუბრობს, რომელიც მას მომავალში ელის ნაკრების შემადგენლობის დასახელებისას. ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, ნაკრებში კონკურენცია ძალიან დიდი იქნება და შემადგენლობის შერჩევა მწვრთნელებს გაუჭირდებათ.

"აიპრესი" ავთანდილ ასათიანს ესაუბრა.

- ორი ახალი ნატურალიზებული ფეხბურთელი გვყავს. როგორც მატჩებამდე დაანონსდა, ისინი ინგლისთან დაგვეხმარებოდნენ. გახდებიან და მატა და საიოტი ნაკრების შეუცვლელი წევრები?

- შორიდან დავიწყებ. სადღაც 4-5 თვეა, რაც მათ ვაკვირდებით. მუშაობის პროცესში იყო, უცებ დავიმატეთ, ასე არ ყოფილა. დიდი სამუშაო გასწია ფეხბურთის ფედერაციამ იმისთვის, რომ ეს ორი ფეხბურთელი დაგვემატებინა. ჩემი შეხედულებით, რა პოზიციაზეც სჭირდებოდა ნაკრებს გაძლიერება, ეს იყო მცველი და ფორვარდი. ზუსტად ასეთი მოთამაშეები შევარჩიეთ, რომლებმაც, ვფიქრობ, ამ თამაშებში გაამართლეს. არა იმიტომ, რომ სიმი საიოტმა გოლები გაიტანა, თავისი მოქმედებებითაც. ფუტსალის სპეციალისტებისთვის საიოტი ძალიან კარგ ფეხბურთელად მოიაზრება. მისი მწვრთნელი მწერდა "სიბირიაკიდან", დღეს დღეობით ყველაზე კარგი ფორვარდიაო. მეორე უფრო სხვა ფუნქციების ფეხბურთელია, განსაკუთრებით ახასიათებს ბოლო პასი, რომელიც ინგლისთანაც გამოაჩინა. უკნიდან თამაშობს, ჭკვიანი ფეხბურთელია, კარგი გამანაწილებელია. ყველაზე მთავარი, უმნიშვნელოვანესი, რასაც მე ვანიჭებ უპირატესობას არის არა ის, რომ მათ კარგად ითამაშეს, არამედ ჩვენმა ბიჭებმა კარგად მიიღეს. ეს რთული მომენტია, შეიძლება შური გაჩნდეს, მაგრამ იდეალურად შეთავსდნენ ერთმანეთში. რომ გავაცილეთ, შოკირებულები იყვნენ, ასე თბილად სახლში არ გვიღებენო. ეს მახარებს, რომ ჩვენმა ბიჭებმა, რაც ფუტსალში გვაქვს, ოჯახში მიღების ტრადიცია, ვაგრძელებთ და ქართველებს უფრო დიდ მადლობას ვეუბნები ამიტომ მათი კარგად მიღებისთვის. ისინი აუცილებლად გახდებიან ჩვენი ნაკრების წევრები. 2018 წელს უეფას ოთხი ფანჯარა აქვს. ფეხბურთის ფედერაციას ვთხოვე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს და მსოფლიოს შესარჩევისთვის მოვემზადოთ.

- ვიცი, რომ გერმანიასთან უკვე შეათანხმეთ ამხანაგური მატჩი, დანარჩენი მეტოქეები ვინ იქნებიან?

- სექტემბერში არის გერმანიასთან დაგეგმილი. დეკემბერში უნგრეთთან იქნება სახლში. ახლა მიდის მუშაობა დანარჩენ სპარინგებზე.

- გერმანია და ინგლისი კარგია, მაგრამ ჩვენ მათზე გაცილებით ძლიერი ნაკრები გვყავს. ხომ არ ეცდებით, რომ რეიტინგის ათეულის გუნდებთან გააკეთოთ თამაშები?

- დეკემბრის თამაში ავიღოთ, უნგრეთი საკმაოდ ძლიერი ნაკრებია. ევროპის ჩემპიონატის ფლეი ოფში გავიდა. რეიტინგითაც წინ არის, ვიდრე ჩვენ. ამაზე ვმუშაობთ, რომ ტოპნაკრები იყოს. ჩემს კონტაქტებსაც ვიყენებ. ცოტა გავთამამდი. პორტუგალიის ნაკრების მწვრტნელს მივწერე, როდესაც ევროპის ჩემპიონები გახდნენ, ხომ არ გვეთამაშა თბილისში-მეთქი. დრო ითხოვეს. ჩემი დიდი სურვილია, რომ ტოპნაკრები იყოს, იქ ბევრი რამე გამოჩნდება. კარგია, რომ ინგლისთან ვაჩვენეთ, მათზე ორი თავით კი არა, საკმაოდ მაღლა ვართ.

- ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდში იტალიას ვეთამაშეთ. დავამტკიცეთ, რომ მათთან თანაბარი თამაში შეგვიძლია. მაშინ იტალია მსოფლიო რეიტინგის მეორე ნომერი იყო. რეალურად ხომ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი დონის გუნდებთან თამაშს მივეჩვიოთ?

- აბა რა. პირიქით, უბრალოდ, რატომ შევარჩიე ინგლისის ნაკრები მაგალითად, რადგან ბრაზილიელების ნატურალიზება ხდებოდა, მინდოდა პირველი საფეხური შედარებით იოლი ყოფილიყო და ერთად გაგვევლო. ნოლიდან ვიწყებთ ახალი ციკლისთვის მუშაობას. როგორც სახლში ავდივარ მეხუთე სართულზე, მაგრამ უნდა გავიარო წინა სართულები, შესაბამისად, ინგლისიც ძალიან გამოგვადგება ამ ყველაფრისთვის.

- ინგლისელებს ორივე თამაში მოვუგეთ, პირველი სპარინგზე ისინი ცოტა უხეშობდნენ, თითქოს ეუხერხულებოდათ ჩვენთან წაგება. შეიძლება ითქვას, რომ გავაოცეთ?

- კი, გეთანხმებით. ბიჭებს ვუთხარი, განსაკუთრებით ბოლოსკენ, რომ პროვოკაციისა და ტრავმებისკენ მიდიოდნენ, ჩვენ ჩვენი საქმე გვეკეთებინა. უფრო მოვეფეროთ, არ გავაღიზიანოთ. გასაგები იყო, რომ არ ელოდებოდნენ ასეთი ანგარიშით წაგებას. ბუნებრივიც არის, სპორტული ხასიათი გამოავლინეს, ამაში კატასტროფულს ვერაფერს ვხედავ. ისევ ამ ნატურალიზებულ ფეხბურთელებს დავუბრუნდები. სიმი საიოტი დღეს დღეობით ითვლება, რომ ევროპაში საუკეთსო ფორვარდების ათეულშია, თვითონაც რომ ასეთი სურვილი გამოთქვეს, ჩვენ ხომ დაძალებით არ წამოგვიყვანია. ჩვენი შედეგები ნახეს. კუპატაძეს დაურეკეს, მან თავისი აზრი უთხრა, ეს მახარებს, რომ ასეთი დონის ფეხბურთელები დათანხმდნენ ჩვენთან თამაშს. არ გაუჭირდებოდათ, თუნდაც იტალიის ნაკრებში მოხვედრა. მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრებში ბევრი ბრაზილიელია.

- ჩვენი ნაკრების ბევრი ფეხბურთელი ლეგიონერი გახდა. ეს რამდენად მნიშვნელოვანია გუნდისთვის?

- კარგია, იმიტომ, რომ ვინც წასულია, ყველა ნორმალურ და კარგ გუნდში თამაშობს, მეტი გამოცდილება იქნება. ევროპაში ბევრი ლეგიონერია, კარგი ჩემპიონატებია. ის ფეხბურთელები, ვინც ეროვნული ჩემპიონატიდან იყვნენ, კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს. ესეც პლუსია ნაკრებისთვის. ძალიან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავს და როდესაც ისინი ტრავმებს მოიშუშუებენ, კონკურენცია იქნება ძალიან მაღალი. მინდა გამოვყო ჩვენი მალტელი ფეხბურთელები, კაკაბაძე და ნიყვაშვილი, რომლებიც მალტის ჩემპიონები გახდნენ, კარგ ხასიათზე გამოვიდნენ, რაც დაამტკიცეს კიდევაც მეორე თამაშში. ნიყვაშვილს მინდა ვუთხრა, რომ მშვენიერი გოლები გამოვიდა, მისი კარგი მუშაობა დაფასდა. ორი გოლის გატანა ნაკრებში იოლი საქმე არ არის. ეს ლეგიონერებიც, პირიქით, მაღალ დონეზე ითამაშებენ.

- როდის დაგვიბრუნდებიან ტრავმირებული ფეხბურთელები, თოფურია, ლუკავა, ნიშნიანიძე და სხვები?

- დიდი იმედი მაქვს, ნაკრების შემდეგი თამაში როცა იქნება. კარგი გაგებით ვიძახი, ბევრი საფიქარლი მექნება ნაკრების ძირითადი შემადგენლობის 12 ფეხბურთელზე. შემდეგი თამაშისთვის, იმედი მაქვს, მწყობრში იქნებიან ყველანი. ჯვარაშვილი ჩვენი გუნდის წევრია, ჰოლანდიის შემდეგ ტრავმა აქვს. ნიშნიანიძე, რომელმაც ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, ოპერაცია გაიკეთა და თვენახევარში ჯანზე იქნება. დიდი არჩევნის წინაშე დავდგები და დადგებიან მწვრთნელები.

- მოკლედ, თავისტკივილი გექნებათ, ვინ შეარჩიოთ ნაკრებისთვის?

- დიახ, ოღონდ კარგი გაგებით. სჯობს, ყოველთვის ასეთი თავისტკივილი გქონდეს, ვიდრე, იფიქრო, ვაი, ნაკრებში ვის დავუძახო. მე ასე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება.

ფოტო: სფფ
 

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩეპიონატზე პირველი მარცხი განიცადა

9 საათის წინ

მეოთხე შეხვედრა ქართველი ჰოკეისტებისთვის ყველაზე დაძაბული აღმოჩნდა და ყველაფერი მესამე პერიოდში გაირკვა. მეორე პერიოდი 2:2 დასრულდა, მესამეს დასაწყისში მასპინძლები დაწინაურდნენ, შეხვედრის დასრულებამდე 4 წუთით ადრე საქართველოს გათანაბრების...

USD 2.4402
EUR 3.0017
GBP 3.4343
TRY 0.6036