რეფორმები ქალების გათხოვებაში და აღკვეთილი ტრადიციები - ინტერვიუ პანკისელ უხუცესთან

რეფორმები ქალების გათხოვებაში და აღკვეთილი ტრადიციები - ინტერვიუ პანკისელ უხუცესთან

„საერთოდ, ჩვენ რომ მოვხუცდებით და უხუცესობის პერიოდში გადავდივართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ წინა დრო სჯობდაო. მე, მაგალითად, ნათესაური გრძნობა მენატრება ბავშვობიდან“, - ამბობს უხუცესთა საბჭოს წევრი, ხასო ხანგოშვილი „აიპრესთან“ ინტერვიუში და ქისტების შორეულ თუ ახლანდელ თავისებურებებთან ერთად, თავის ბავშვობასაც იხსენებს.

28 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი, რომელსაც მინიჭებული აქვს მეთოდისტ-მასწავლებლის წოდება, 5 წიგნის ავტორიცაა.

ხასო ხანგოშვილი გვიმხელს, რომ თავისი შემოქმედების საბოლოო ნიმუში მეხუთე წიგნი იყო, რომელიც თავისი ახალგაზრდობის მოგონებებზე დაწერა. უხუცესი თვლის, რომ ამ წიგნმა, სახელწოდებით „მონადირის მოგონებები“, თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობა დაასრულა.

„ვთქვი, რომ ეს წიგნი ბოლო იქნება-მეთქი. მასში ჩემი მონადირული ეპიზოდები, მოგონებებია თავმოყრილი. „მონადირის მოგონებები“  - ამ წიგნით დავასრულე ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა. აქ, ფაქტობრივად, მთელი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი და შემდგომი პერიოდიც არის მოყვანილი. თან ბუნება მიყვარს ძალიან, ფლორა, ფაუნა, სულ თევზაობასა და ნადირობას ვიყავი გადაყოლილი და შიგა და შიგ შერჩეულია ის ეპიზოდები, რომლებიც ყოველთვის მახსოვდა. ყოველთვის მეხსირებაში მქონდა და საერთოდაც, წესი ასეა, კაცი რომ მოხუცებულობაში შედის, უფრო მოგონებებით ცხოვრობს ხოლმე და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვისაც“.

75 წლის უხუცესი, როგორც თავად ამბობს, უხუცესთა საბჭოს თავისი ცხოვრება "უკვე შეგნებული პერიოდიდან" დაუკავშირა. მას მერე, საბჭომ, პანკისის ხეობაში, ბევრი ცვლილება მოახდინა. აკრძალა და დაამატა ადათ-წესები. შეცვალა ტრადიციები ისე, რომ თანამედროვეობას მოხდენოდა.

უხუცესთა საბჭო და მისი გადაწყვეტილებები

„უხუცესთა საბჭო, პანკისში, უხსოვარი დროიდან არსებობდა. მე რაც თავი მახსოვს. უბრალოდ, ახლა უხუცესთა საბჭოს რეგისტრაცია მოხდა. რეგისტრაცია იმიტომ დაგვჭირდა, რომ ხელისუფლებასთან ურთიერთობაში, გვჭირდებოდა რეგისტრირებული ორგანო, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, რომ ჩვენი მოთხოვნები, პრობლემები გაგვეცნო და ამ უერთიერთკავშირში, უკეთ აგვეწყო საქმიანობა. ჩვენთან ფეოდალური ურთიერთობა არ ყოფილა  ჩეჩნეთიდან დაწყებული აქამდე. არ ყოფილა საზოგადოებრივი დიფერენციაცია, მდიდარი, ღარიბი წარმოშობის, კარგი, ცუდი, ასეთი რამ არ ყოფილა, ყველა თავისუფალი ვიყავით და ვართ კიდეც.

არის უხუცესთა საბჭო შიდა მართვის ორგანო, ოღონდ ისე კი არ წარმოოიდგინოთ, რომ პატარა სახელმწიფო, სახელმწიფოში იყოს, არა, შინაურ პრობლემებს, ყოფა-ცხოვრებით პრობლემებს ვაგვარებთ შიგნითვე. თუ სახელმწიფო ორგანოებამდე და სამართალდამცველებამდე მივიდა საქმე, თუ ვინმე დაიჭირეს, მტრობა გრძელდება ხომ?! აქ კი ჩვენ ვახდენთ შერიგებას, მტყუან-მართალს ვარჩევთ და ვზრუნავთ, რომ არ გაგრძელდეს ეს მტრობა. ჩხუბი მოხდება?! ჩხუბს მოვაგვარებთ, მკვლელობა მოხდება?! მკვლელობას მოვაგვარებთ, ქურდობას მოვაგვარებთ. მოდავე მხარეს შეუძლია თვითონ წარადგინოს მოსამართლე, მეორე მხარემ, მეორე მოსამართლე, ისინი დასხდებიან, ჩვეულებრივად დაკითხავენ, გაეცნობიან საქმის არსს, გაეცნობიან ყველას, დაადებენ რაიმე ეკონომიურ სასჯელს და ასე მიმდინარეობს ეს პროცესი“.  

რაც ჩემი ცხოვრება უკვე შეგნებულ პერიოდში შევიდა, მე ყოველთვის მოხუცებთან ვიყავი, უხუცესებთან, მათგან ვსწავლობდი ძალიან ბევრ რამეს. ბავშვობიდანვე უფროსებთან მქონდა ხოლმე უფრო მეგობრობა. ყველა საჭირბოროტო საკითხებში, ყოველთვის ვიყავი ხოლმე ჩართული და ოფიციალურად როდესაც უკვე დავარეგისტრირეთ ეს ორგანიზაცია, 2012 წელს, ყოველთვის ვიყავი ხოლმე ამ ორგანიზაციაში“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

ცნობილი უხუცესები

უხუცესი გვიყვება, რომ პანკისში შეუპოვრობითა და გონებამახვილობით სახელგანთქმულ ბევრ უხუცესზე შეუძლია საუბარი და რამდენიმე მათგანს გვისახელებს.

„ძალიან ბევრი გამორჩეული უხუცესი მახსოვს. მაგალითად: დუისიდან იყო ასეთი: ეზი ქა. სახელი იყო - ქა, ეზი კი მამის სახელი. ასე იხსენიება -მამა და შვილი. ისეთი პიროვნება იყო, შერიგების პერიოდში, გინდა გერტყა, გინდა გელანძღა, არ მოეშვებოდა, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანდა. დუისიდან იყო ასევე ლაბას გაორგაშვილი, ჯოყოლოში-თათეი ლაზერ თათეს ძე, ბირკიანში, ჩემ კარგ მახსოვრობაში, თოთი ლაბას, ლაბას თოთის ძე. კიდევ ძალიან ბევრი მახსოვს, ძალიან ცნობილი პიროვნებები. ცნობილები იყვნენ თავისი ჭკუით, გონებით და დაუზარელი მუშაობით. რაიმე დანაშაული თუ მოხდებოდა, თხოვნა კი არ სჭირდებოდათ, თვითონ ჩაერთვებოდნენ და სანამ არ მოაგვარებდნენ ამ საქმეს, არ მოეშვებოდნენ. მშვიდობის შენარჩუნების საკითხში დიდ როლს თამაშობდნენ“, - იხსენებს უხუცესი.

მივიწყებული და მკაცრად დაცული ტრადიციები პანკისში

ხასო ხანგოშილი ფიქრობს, რომ უხუცესთა საბჭოს მიერ გატარებული რეფორმები, დღევანდელი პანკისის ხეობის მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანია.

მისი თქმით, ადათ-წესების შეცვლასთან დაკავშირებით, რამდენიმე გადაწყვეტილება სწორედ 2018 წლის ოქტომბერში, ყრილობაზე მიიღეს.

„ტრადიციები, რაც ასე ვთქვათ, ქისტურ ეთნოსს აყალიბებს: სტუმართმოყვარეობა, ნათესაობა, ღირსების გრძნობა, მოსისხლეობა, დაკრძალვა, დაქორწინება, განქორწინება, ეს ტრადიციები ფაქტიურად შენარჩუნებულია, მაგრამ რა თქმა უნდა, თანდათანობით იცვლება, დროისა და ეპოქის მიხედვით. ჩვენ რეფორმებს ვატარებდით, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ რომ ტრადიციები თანამედროვეობასთან შესაბამისობაში მოსულიყო, მაგრამ ბევრი ტრადიცია უარყოფილი იქნა, მაგალითად: მოსისხლეობაში, როდესაც შურისძიების დროს შეეძლოთ რომელიც გნებავს იმ ოჯახში საუკეთესო მოეკლათ, ჩვენ ეს აღვკვეთეთ. მხოლოდ და მხოლოდ, ვინც მკვლელი და დამნაშავეა, ის უნდა დაისაჯოს. შეიცვალა ქორწინების საკითხში, მაგალითად: ადრე ქალის გათხოვება შეეძლო მშობელს, ბიძაშვილს, გარე ბიძაშვილსაც კი. მათაც შეეძლოთ ნიშნნობიდან საჩუქარი აეღოთ. ეს ტრადიციაც უარყოფილი იქნა. ახლა ქალიშვილი და დედ-მამა, ეს სამნი განაგებენ ქალის ბედს. თუ ქალი არ არის თანახმა, თავისთავად, გათხოვება გამორიცხულია. წელსაც, მაგალითად, ოქტომბერში, საერთო ყრილობა ჩატარდა და წელსაც ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ ამ ადათ-წესებში. კონკრეტულად, ქალის სისხლის საფასური გათანაბრდა მამაკაცთან. შემდეგ ურბეთი ქალები ძალიან ჩიოდნენ, რომ 520 ლარია გადასახდელი და ამ ფულით ჩვენ ძალიან იაფად შეგვაფასეთო. ეს ჩვეულებრივი მიზერული თანხა იყო, იმიტომ რომ ეკონომიურმა მდგომარეობამ მოიტანა ასე. ახლა გავზარდეთ და 850 ლარია. შეიძლება სადღაც 1200 ლარშიც მერყეობდეს. ამავე დროს, თუ ქალი უცხოელზე თხოვდება, აქ უკვე დაწესებულია 3000 დოლარი და ამავე დროს, ხელშეკრულება უნდა დაიდოს ქალის უმიზეზოდ მიტოვების შემთხვევაში. აქ გასათვალისწინებელია ქონებრივი სიტუაცია და ა.შ. ძალიან ბევრი ცვლილება შევიტანეთ, რაც დღეს საჭიროა.

ქისტები ძველად და ახლა

ქისტი უხუცესი ამბობს, რომ  ადრინდელთან შედარებით, ხეობაში ეკონომიკური მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა, თუმცა, შეიცვალა მენტალიტეტი და ურთიერთდამოკიდებულებები, რაც მისი აზრით, დროის ბრალია.

ხასო ხანგოშვილი: რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი განსხვავებაა, თუნდაც დავიწყოთ ეკონომიკის თვალსაზრისით. ჩემი ბავშვობის პერიოდი კარგად მახსოვს, 50 -ანი წლები, 1943 წელს ვარ დაბადებული, კოლმეურნეობის პერიოდი იყო, ომის შემდგომი, მძიმე პერიოდი იყო. შრომა დრეზე დამოკიდებული იყო გლეხის შემოსავალი, ესეც მიზერულ თანხას გამოიმუშავებდნენ. რა შედარებაა, ძალიან მძიმე პერიოდი იყო. მახსოვს, გადასახადები, რომლის გადახდის საშუალება ხალხს, მოსახლეობას არ ჰქონდა, ათასი ზანდუკები, ხალიჩები გაჰქონდათ ოჯახიდან. ძალიან კარგად მახსოვს, ჭირდა ჩაცმა-დახურვა, ადგილობრივი წარმოებით გავდიოდით უფრო იოლად. შემდგომში, თანდათანობით, უფრო გაუმჯობესდა მდგომარეობა, მაგრამ ეკონომიკის თვალსაზრისით, ეს სანამ 90 -იანი წლები არ დაიწყებოდა, მანამ გაუმჯობესდა. საქართველოს მოსახლეობამ ერთად განვიცადეთ, გავიარეთ, დღესაც ერთ ტაფაში ვართ, მაგრამ იმ პერიოდში, ძალიან მაღალ დონეზე იდგა ნათესაობა, უფროს-უმცროსობა, ურთიერთდახმარება, უფრო ჰუმანური დამოკიდებულება. ახლა კი შეიცვალა ხალხის როგორც ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, შეიცვალა ფსიქოლოგია. მენტალიტეტიც რაღაცნაირად შეიცვალა.

-როგორ ფიქრობთ, რამ შეცვალა...

-დრომ ალბათ, თვითონ ეპოქამ მოიტანა. თანაც გარედან სხვადასხვა იდეების შემოსვლამაც განაპირობა. ეს ის პერიოდი იყო, როცა ჩვენ იზოლირებულად, კომპაქტურად ვცხოვრობდით. უმთავრესად ქართველებთან გვქონდა ურთიერთობა. მითუმეტეს მთიელ ქართველებთან, არანაირი პრობლემა არ იყო. ჩვენი ადათი, წესი, ერთმანეთს ემთხვეოდა. შემდეგ გავიდნენ გარეთ, არაბეთში, ევროპაში და ამ ახალ, ცივილიზებულ სამყაროს გაეცნენ, რაღაცები შემოიტანეს და გაცივდა ის ძველი ურთიერთობებები. გავლენაა ეს, რასაც ვერ გაექცევი.

ხასო ხანგოშვილის შემოქმედება

ქისტი უხუცესის პირველი წიგნი ისტორიული ჟანრის იყო. მან ამ 600 გვერდიან წიგნში, სახელწოდებით „ქისტები“, ქართველების, ჩეჩნების და მათი ურთიერთობის შესახებ დაწერა.

ხასო ხანგოშვილი ამბობს, რომ წიგნების წერა 1990 წელს, პანკისში არსებულმა კრიზისულმა მოვლენებმა გადააწყვეტინა.

„ პანკისში მიმდინარე მოვლენებმა განაპირობა, რომ ხელი მომეკიდა ამ ისტორიულ თემებზე, უფრო მეცნიერული დონის წიგნებზე. ჩემი ხალხის ისტორია, ქისტებისა და ქართველების ურთიერთობა. აი, ამ კუთხით წამოვიდა იდეა. ეს იყო პანკისის კრიზისის პერიოდი, როდესაც უკვე გაუცხოვება მოხდა ორ მოძმე ხალხს შორის. ეს გარედან შემოტანილი იყო რა თქმა უნდა, ხალხებს შორის არ არსებობდა არანაირი საამისო ნიადაგი ან სხვა, რომ ასეთი გაუცხოვება ყოფილიყო იმდენად, რამდენადაც ქისტური საზოგადოება თითქმის სრულად ინტეგრირებული იყო ქართულ საზოგადოებასთან. აი, ამ პანკისის მოვლენების(კრიზისი 1990 წლებიდან მოყოლებული 2002-2003 წლამდე, სანამ არ აღდგა საქართველოს სახელწიფოს იურისდიქცია. უკონტროლო იყო წლების განმავლობაში ეს ხეობა) პერიოდში წამოვიდა ეს აგიტაცია, პროპაგანდა ქისტების წინააღმდეგ. ისევ მტრის ხატად გამოსახვის წინააღმდეგ, რომ აგერ ქისტები სეპარატისტები არიან, აგერ ისინი სახელმწიფოს წინააღდეგ, ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან და ასე შემდეგ. ვისაც არ ეზარებოდა, მან დაიწყო ლაფის სროლა და მაშინ გადავწყვიტე, რომ დამეწერა ჩემი ხალხის, ქისტების ისტორია, საიდან მოვიდნენ, როგორ მოვიდნენ აქ. ჯერ წინაპრებზე, მერე მიგრაცია როგორ მოხდა, საქართველოში როგორ მოხდა ადაპტაცია, ინტეგრირება ქართულ საზოგადოებასთან, როგორ შეეწყო ქართულ სინამდვილეს და ა.შ. უძველესი დროიდან, პარალელურად ჩეჩნეთის ისტორია, საქართველოს ისტორია, ქისტების ისტორია და ამ კუთხით გამოვიდა დიდი მოცულობის წიგნი, თითქმის 600 გვერდიანი, რომელსაც ვუწოდე "ქისტები".  ეს იყო პირველი წიგნი.

წიგნი - "აბრაგები"

ხასო ხანგოშვილი: შემდეგ თვითონაც მაინტერესებდა ეს თემა და გადავწყვიტე დამეწერა აბრაგებზე. საერთოდ რა არის აბრაგობა და ვინ არიან აბრაგები. დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ხალხის შესახებ. მაგალითად, ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმი, რომ პანკისში შეიქმნა, რომ ქისტები მხარს უჭერდნენ ბრძოლას ქართული ეროვნული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის, შემდეგ ქაქუცას წასვლის შემდეგ, რომ აბრაგებად გავიდნენ ეს ქისტები და როგორ ხდებოდა მათი ცხოვრება, ლიკვიდაცია.

ჩეჩნების და ინგუშების დეპორტაციის შემდეგ, იქ დარჩენილი საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი აბრაგები როგორ მოქმედებენ მთელი 15 წლის განმავლობაში, როგორ ხდებოდა ქართულ საზოგადოებასთან მათი ურთიერთობა ქისტებთან პანკისში და ესეც ისეთი ეპიზოდური ისტორია იყო ქართველი და ქისტი ხალხის უერთიერთობისა, ძმობისა, მეგობრობისა ურთიერდახმარებისა და ა.შ. გამოიცა ეს წიგნი. აქვე მინდა დავსძინო, რომ ამ წიგნის თანაავტორი იყო დავით პანკელი, რომელიც გარდაცვლილია და ძალიან კარგი, ნიჭიერი პოეტი იყო. ერთად დავწერეთ ეს წიგნი. სულ ვარ ხუთი წიგნის ავტორი.

"მესამე წიგნი იყო "საღვთო წიგნები"

"მე, რელიგიის საკითხები ძალიან მაინტერესებდა. ჩემი საკურსო თემა იყო "მუჰამედი და არაბეთი", ამიტომ ძალიან დიდი გამოცდილება გვქონდა ამ კუთხით და ვთვლიდით, რომ საჭირო იყო ერთმანეთის რელიგიის გაცნობა. მარტო ისლამის ცოდნა არ კმარა. უნდა იცოდე ქრისტიანობაც და ქრისტიანობამაც უნდა იცოდეს ეს.  "საღვთო წიგნების" მთავარი თემები იყო: ბიბლია, სახარება, ყურანი.  წიგნში მათი უერთიერთშედარება- შეპირისპირების მიზნით,  მკითხველი მინდოდა მიმეყვანა იმ ლოგიკურ დასკვნამდე, რომ ამ სარწმუნოებებს შორის არ არის განსხვავება. საფუძვლად უდევს ერთი ღმერთი, მონოთეისტური რელიგია, რომ სამივე რელიგია ქადაგებს კაცთმოყვარეობას, სიკეთეს, ზნეობას, მორალს და ა.შ. ეს წიგნიც თითქმის 580 გვერდი გამოვიდა, საკმაოდ დიდი მოცულობის. აქ ასევე საუბარი იყო მოციქულებზე, ტერორიზმზე, რადიკალიზმზე, ტრადიციულ ისლამზე და ა.შ. ყველაზე მეტად, მე ეს წიგნი მიყვარს.

შემდეგ დავწერე წიგნი- "ქისტების ადათ-წესები", რადგან ახალი მიმდინარეობა ცდილობს შემოიტანოს არაბული ადათ-წესები, შემოიტანოს ის ზნე-მორალი რაც ქისტებისათვის და კავკასიისათვის უცხოა, აი ამიტომ საჭირო იყო ახალგაზრდებს და სხვა დაინტერესებულ არაქისტ ახალგაზრდებსაც, გაეგოთ თუ რა ღირებულებას შეიცავს ქისტური ადათ-წესი, რამდენად მისაღებია ის საზოგადოებისთვის, თვით რელიგიისთვის და ასე შემდეგ და სხვათაშორის, დიდი მოწონება დაიმსახურა ამ წიგნმა.

ბოლოს დავწერე, პირადად ჩემთვის და ვთქვი, რომ ეს წიგნი ბოლო იქნება-მეთქი. ამ წიგნში თავმოყრილია ჩემი მონადირული მოგონებები, ეპიზოდები, "მონადირის მოგონებები"  და ამით დავასრულე ჩემი შემოქმედებითი მოღვაწეობა. აქ ფაქტობრივად, მთელი ჩემი ახალგაზრდობისდროინდელი და შემდგომი პერიოდიც არის მოყვანილი. თან ბუნება მიყვარს ძალიან, ფლორა, ფაუნა, სულ თევზაობასა და ნადირობას ვიყავი გადაყოლილი და შიგა და შიგ შერჩეულია ის ეპიზოდები, რომლებიც მე ყოველთვის მახსოვდა. ყოველთვის მეხსირებაში მქონდა და საერთოდაც, წესი ასეა, კაცი რომ მოხუცებულობაში შედის, უფრო მოგონებებით ცხოვრობს ხოლმე და ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა მკითხველისთვისაც“, - გვიყვება უხუცესი.

პროფესია

ხასო ხანგოშვილი პროფესიით პედაგოგია. უხუცესი ამბობს, რომ სკოლაში 7-8 წლის განმავლობაში მეთოდისტ მასწავლებლადაც მუშაობდა.

„პედაგოგად 28 წელიწადი ვიმუშავე, ამიტომ საკმაოდ სტაჟიანად ვითვლები ამ მხრივ. დუმასტურის საშუალო სკოლაში ვმუშაობდი, შემდეგ ახმეტაში, 7-8 წელი ვიმუშავე დაუსწრებელ სკოლაში მეთოდისტად, მონიჭებული მაქვს მეთოდისტი-მასწავლებლის წოდებაც. ქართულ ენა-ლიტერატურას და ისტორიას ვასწავლიდი. ასე რომ, ამ კუთხით, საკმაოდ დიდი სტაჟი მაქვს“.

განათლება

უხუცესმა სწავლა დუისის სკოლაში დაიწყო და დუმასტურის სკოლაში დაამთავრა, შემდეგ ქალაქ გროზნოში გააგრძელა. ბოლოს კი თელავში ჩამოვიდა.

„სწავლა დუისის სკოლაში დავიწყე. მე-10 კლასიდან გადავედი დუმასტურის საშუალო სკოლაში და დავამთავრე დუმასტურის საშუალო სკოლა. მერე დავამთავრე ტექნიკური სასაწავლებელი ქალაქ გროზნოში, იქვე ჩავაბარე პედაგოგიურ ინსტიტუტში. მეორე სემესტრში ჩამოვედი თელავში და იქ დავამთავრე 1967 წელს ქართული ენა, ლიტერატურა და ისტორია. პროფესიით პედაგოგი ვარ“, - ამბობს ხასო ხანგოშვილი.

ბავშვობა

უხუცესმა ბავშვობის დროინდელი პანკისიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად „ნათესაური გრძნობა ენატრება, რაც მაშინ არსებობდა და ძალიან ძლიერი იყო“.

„საერთოდ, ჩვენ რომ მოვხუცდებით და უხუცესობის პერიოდში გადავდივართ, ყოველთვის ვამბობთ, რომ წინა დრო სჯობდაო. კი, მე მენატრება მაგალითად ნათესაური გრძნობა, როდესაც ჩვენ ერთად ვიზრდებოდით, უბანი იქნებოდა თუ შორეული ადგილი, არასოდეს არ იყო საჭირო გეკითხა, შეხვიდოდი, იტყოდი - მშია და იქვე პურს შეჭამდი, დაძინება შეგეძლო. ეს ნათესაური გრძნობა, რაც მაშინ არსებობდა და ძალიან ძლიერი იყო, მე მენატრება ნამდვილად. 

ბათუმის საზღვაო ნავსადგური დირექტორი: ადმინისტრაციის შემცირების შესახებ განცხადება არ ყოფილა

ბათუმის საზღვაო ნავსადგური დირექტორი: ადმინისტრაციის შემცირების შესახებ განცხადება არ ყოფილა

02 აპრილი, 2018

როგორც "ბათუმის საზღვაო ნავსადგური"-ს გენერალური დირექტორი დანიარ მუხამედ-რახიმი ჟურნალისტებთან აცხადებს, არ იგეგმება ადმინისტრაციის თანამშრომლების შემცირება.  "ოფიციალურად ვაცხადებ, რომ ადმინისტრაციის შემცირების შესახებ...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085