რა გამოწვევების წინაშეა ქართული მედია? - ინტერვიუ ნათია კუპრაშვილთან

რა გამოწვევების წინაშეა ქართული მედია? - ინტერვიუ ნათია კუპრაშვილთან

დღეს 21 მარტია, ქართული ჟურნალისტიკის დღეა. ამ დღეს საქართველოში 1993 წლიდან აღნიშნავენ, რაც უკავშირდება პირველი ქართული გაზეთის დაარსებას (1819 წელი). იგი საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ერთობლივად დააწესეს.

რა გამოწვევების წინაშეა ქართული მედია და რა არის საჭირო მისი დამოუკიდებლობის განმტკიცებისთვის? - ამ საკითხებზე „აიპრესი“ ჟურნალისტთა რესურსცენტრის თავმჯდომარეს ნათია კუპრაშვილს ესაუბრა, რომელიც თავადაც ჟურნალისტია.

კუპრაშვილის განმარტებით, გამოწვევები მსოფლიო მედიას თანაბარი გვაქვს და საქართველო მისგან განყენებული არ არის. ამბობს, რომ ზოგიერთი პარამეტრით საქართველო ზოგიერთი ევროპული ქვეყნისა და ამერიკის შტატზე წინაა. ქართული მედიისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას მედიაბიზნესის განვითარებაში ხედავს. მიაჩნია, რომ მედიაბიზნესის განვითარებას ხელი ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს, რაც მისთვისვე უკეთესია.

გთავაზობთ ინტერვიუს ნათია კუპრაშვილთან:

 დღეს ქართული ჟურნალისტიკის დღეა. თქვენი აზრით, რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს ქართული ჟურნალისტიკა?

ქართული ჟურნალისტიკა აღარ ვართ განყენებულად და ჩემი აზრით, მსოფლიო მედიას მთავარი გამოწვევები გვაქვს. თუმცა, ნაკლებად ვგრძნობთ და ნაკლებად ვმსჯელობთ საერთო გამოწვევებზე. დღეს მსოფიოში მთავარი თემა Facebook-ია, სოციალური მედია, მისი მომხმარებლების აზრობრივი კონტროლი და ცრუ ინფორმაციები. მთავარი განხილვის თემა დღეს ეს არის. ეს არის დღეს მთავარი თემა, უბრალოდ დღეს ჩვენ ამისთვის არ გვცალია და განვიხილავთ სანდრო ბრეგაძის თავდასხმას ამა თუ იმ მედიაში. მე თუ მკითხავთ, ირაციონალური აღქმა გვაქვს იმ პრობლემების, რაშიც ვიმყოფებით.

მთავარი გამოწვევა არის დრო, რომელშიც ვიმყოფებით, რომელსაც დაარქვეს პოსტ-სიმართლის ეპოქა. როცა ადამიანებს იმდენად ჭარბი ინფორმაცია აქვთ, რომ გაარკვიონ მათთვის საჭირო ინფორმაცია რომელია. ახლა ყველაზე მძლავრია გავლენა საზოგადოებრივ აზრზე. ამიტომ სკეპტიციზმი არსებობს არა მხოლოდ მედიის თავისუფლების მიმართ, არამედ ზოგადად მედიის ტექნოლოგიური თავისუფლების მიმართ. ამიტომ, ძალიან ფართო გამოწვევები გვაქვს. თითქოს თავს ვიიმედებთ, რომ ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყანა გვაქვს და მედია ჩვენი მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით უკეთ გამოიყურება, მაგრამ ის რომ უახლოეს სამეზობლოში გვაქვს ძალიან სერიოზული პრობლემების მედიის შესახებ და არა მარტო აქ, არამედ ადრე რომ მისაბაძი ქვეყნები იყვნენ იქაც ძალიან სერიოზული პრობელემებია. ამიტომ, ეს გადამდები გამოწვევაა და უფრო აღრმავებს პრობლემებს.

თუ ვლოკალიზდებით, მედიებს გააჩნიათ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, რომელიც ჩემი აზრით დღეს გამოიყენება და არსებობს. ეს არის ფინანსური დამოუკიდებლობა და ეს უკავშირდება ყველა დანარჩენ პრობლემას.

რას გულისხმობთ?

რადგან მედიის შემოსავლები არის დამოუკიდებელი წყაროებიდან. არის სუბსიდირებაზე და ამას მოყვება იდეოლოგიური გავლენა. არ აქვს მნიშვნელობა პოლიტიკურია თუ უფრო ფართო. ცხადია, რომ არ გვაქვს როგორც ბიზნესის მიმართულებით მდგრადი მედიაორგანიზაციები და ეს ითარგმნება შინაარსში. ეს კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. აქედან გამომდინარე გვაქვს საინფორმაციო უსაფრთხოების პრობლემა და ნაკლები ფიქრი. ამაზე არავინ ფიქრობს. ამ დროს სხვა ქვეყნებში სახელმწიფოს და მედიაორგანიზაციების ინტერესი ემთხვევა. ყველა სახელმწიფოს უნდა სჭირდებოდეს და ხელს უნდა უწყობდეს მედიის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. მისი საინფორმაციო დაცულობა მხოლოდ ამაზე შეიძლება იდგას. მედია როდესაც გაქვს, ის ყველასგან მოწყვლადია. ეს ასახვას ჰპოვებს ნებისმიერი ძალის ხელში. ეს იქნება შიდა თუ გარე ძალა. როგორც წესი შიგნით მყოფი ძალები არ არიან იმდენად საშიში, საფიქრალია გარე ძალებზე. აქ წინაღობა შეიძლება იყოს მხოლოდ მდგრადობა. აქ ინტერესები თანხვედრადი უნდა იყოს და სისტემურ პრობლემებზე ქვეყანაში ვინმე უნდა ფიქრობდეს.

განსაკუთრებით ბოლო წლებში ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ჩანს ის, რომ გაძლიერებულმა ოპერატიულობამ თითქოს მეორე ადგილზე გადაწია ინფორმაციის სრულფასოვანი გადამოწმება. გვხვდება ხოლმე ე. წ. ფეიქ ნიუსები. თქვენი დაკვირვებით ეს ასეა და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას ჟურნალისტები?

ყველა დაკვირვება აჩვენებს, რომ ქართველი ჟურნალისტები პროფესიულად იზრდებიან. თითქმის ყველა რედაქცია წლიდან წლამდე იზრდება. ჩვენ კი გვაქვს უკმაყოფილება ჩვენი კოლეგების, ან ჩვენივე მუშაობასთან დაკავშირებით, მაგრამ პროფესიული ზრდა სახეზეა. უბრალოდ, გამოწვევები გაიზარდა იმდენად რომ შესაბამისი პასუხების მოძებნა უჭირთ  ჟურნალისტებს სხვადასხვა პრობლემების გამო.

ბოლო მოვლენები რაც მედიაშია აჩვენებს, რომ მედიას ვერ გაურკვევია ზღვარი, როცა საქმე ეხება ადამიანთა შევიწროებას და პირად ცხოვრებას. ასეთი ზღვარის დადგენა ქართულ მედიას ძალიან უჭირს. რა თქმა უნდა, გადამოწმება ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რჩება. როცა ოპერატიულობის ხარჯზე ხდება დავიწყება, ესეც არ არის ახალი მედიაში, მაგრამ კიდევ უფრო მასშტაბური ხდება, როცა მედიაში ჭარბია ინფორმაცია. ანუ როცა ინფორმაცია ბევრია და ის ითხოვს კონკრეტული არჩევანის გაკეთებას - გავაშუქო ახლა, თუ კიდევ გადავამოწმო და უფრო ხარისხიანი ინფორმაცია გავუშვა. მედიაორგანიზაციაც ბევრია, ჟურნალისტიც და ინფორმაციაც, შესაბამისად შეცდომაც ბევრია. იმ ტექნოლოგიურ ეპოქაში, რომელშიც ვიმყოფებით უფრო გავრცელებადი გახადა ტყუილი. ჯერჯერობით სიმართლეს უჭირს კონკურენცია ტყუილთან ამ საინფორმაციო ველში. ეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა და ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის. უბრალოდ ჩვენ გვჭირდება ამ პრობლემების მეტი შეგრძნება და დანახვა თვითონ საზოგადოებაში. მეტი მედიაწიგიერების გავრცელება, რათა საზოგადოებას თვითდაცვის ინსტიქტები ამოძრავებდეს.

ამერიკელმა კონგრესმენებმა „დემოკრატმა“ სეტ მულტონმა და „რესპუბლიკელმა“ ელისე სტეფანიკმა, შეიარაღებული ძალების კომიტეტიდან კონგრესის ქვედა პალატაში წარადგინეს კანონპროექტი მედიის საკითხებზე, რომელიც მედიის მეტ გამჭვირვალობას გულისხმობს. ამ კონტექსტში კონგრესმენები უცხოეთის მთავრობების მეტ გამჭვირვალობაზეც საუბრობენ. არგუმენტად მოაქვთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ხელისუფლების სავარაუდო ჩარევა, ისევე როგორც საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებშიც. მე მგონი, ჩვენთვის კიდევ უფრო აქტუალურია რუსეთის ჩარევა, რადგან საკმაოდ მძლავრად არის რუსული პროპაგანდა ჩვენთანაც. თქვენი აზრით, უნდა გატარდეს თუ არა ამ ტიპის ცვლილებები ჩვენთანაც, ოღონდ ისე, რომ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას არ დაემუქროს რაიმე საფრთხე?

გამჭვირვალობა ეს არის ის ერთადერთი პრევენციული მექანიზმი, რომლითაც თავი უნდა დაიზღვიო და ზუსტად იცოდე საიდან იხარჯება თანხა იმ კონტენტის შექმნაში, რომელიც მოგვეწოდება ინფორმაციის სახით.

უნდა გითხრათ, რომ არის დეტალები, რითაც საქართველო ცოტათი უფრო წინ არის. მაგალითად, მედიის ფინანსური გამჭვირვალობის მიმართულებით საქართველო ერთი ნაბიჯით მაინც არის წინ არაერთ ევროპულ ქვეყანასთან და ამერიკის არაერთ შტატთან შედარებით.

წინსვლაში რა იგულისხმება?

მაუწყებლებში ფინანსური და მფლობელობის გამჭვირვალობა ჩვენ გვაქვს როგორც კატეგორიული მოთხოვნა. ის ინიციატივა, რომელზეც თქვენ საუბრობთ აღარ ეხება მხოლოდ ტრადიციულ მედიასაშუალებებს. ეხება მათ შორის სოციალურ მედიას, დაფინანსებულ წყაროებს და მის შემადგენელ ნაწილს, საიდან მოდის დაფინანსება ზოგადად ტექნოლოგიურ ბაზარზე. ჩვენთან საქართველოში არ არის გავრცელებული ეს თემა ონლაინ მედიაზე, პრესაზე და მით უფრო თუკი რამე ახალ ტექნოლოგიას ვქმნით. აქ არ არის მოთხოვნა ფინანსური გამჭვირვალობის.

ვისაუბროთ იმაზე, რა მოიტანა მაუწყებლებთან ფინანსურმა გამჭვირვალობამ. მოიტანა მეტი სიცხადე, თუმცა ეს არ გაზღვევს და არ გიკრძალავს ცუდ საქმიანობას. არის ევროპულ მედიაში საეჭვო და გავლენების მატარებელი თანხები. როგორც გითხარით სუბსიდირებაზეა ეს სფერო. არ არის თვითკმარი და შესაბამისად ვერ ვისაუბრებთ რომ ისინი შემდგარი ორგანიზაციებია. მაგრამ თუ მომხმარებელი კარგად ერკვევა და არ ეზარება, შეუძლია შევიდეს მარეგულირებლის გვერდზე და გადახედოს დაფინანსების ოდენობას, ასევე დაფინანსების წყაროებს. ვინც 7 000 ლარზე მეტით აფინანსებს მაუწყებელს, ვალდებულია გამჭვირვალე იყოს. ასეთი ტიპის კანონი არ მუშაობს ევროპაში. ამან მაუწყებლებთან გარკვეული დისკომფორტი შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მხრივ მივდიოდეთ იმ გზით, რომ უზრუნველყოფილი იყოს გამჭვირვალობა, ხოლო მეორე მხრივ მივდიოდეთ პარალელურად მედიის მდგრადობის ხელშეწყობისთვის.

ჩვენი მაგალითი გვაჩვენებს, რომ სახელმწიფოს არ აქვს სწორი მიდგომები. ვერცერთ პლატფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ ვსაუბრობთ როგორც ფინანსურად მდგრად ორგანიზაციაზე. ერთ-ერთი ინიციატივა, მაუწყებელთა ალიანსმა წარადგინა (რომლის დირექტორთა საბჭოს წევრი მეც ვარ) დააყენა პარლამენტი და მთავრობის წინაშე და ამას შემდეგ მხარდაჭერა მოჰყვა არასამთავრობოების მხრიდან, არის ის რომ სისტემურად გადავხედოთ საგადასახადო პოლიტიკას მედიასთან მიმართებაში. ვიფიქროთ არა პირდაპირ სუბსიდირებაზე, არამედ მედია ორგანიზაციების მდგრადობაზე. მაგალითად, საქართველოში ბანკიდან ვერცერთი მედიაორგანიზაცია ვერ იღებს სესხს. ბანკები მედიაბიზნესს ბიზნესად არ განიხილავენ, ეს ძალიან სიმპტომატურად აჩვენებს იმ პრობლემებს, რომელიც გვაქვს. ბანკები თვლიან, რომ მოწყვლადი ბიზნესია და არ არის გამართული ორგანიზაცია. მაგრამ ასეთ სარისკო ბიზნესში არის მხარდაჭერა. მაგალითად, აგროც მოწყვლადია, მაგრამ სახელმწიფო მას თვლის პრიორიტეტად და სწორი მიდგომაა, ამიტომ არის შეღავათიანი აგრო-სესხები, რომელიც სუბსიდირდება და ფინანსდება სხვადასხვა პროგრამით. მაგალითად, ევროპელი პარტნიორების მხრიდან. ასევე გვაქვს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამები. მაგალითად, „აწარმოე საქართველოში“.

არსებობს ასეთი მოდელები, რომ როდესაც ქვეყანა დაინახავს რომ სარეკლამო ბაზარი აღარ ყოფნის მედიის მდგრადობას და ამ დროს ძალიან სჭირდება დამოუკიდებელი მედია. ისინი პირდაპირი სუბსიდირების გზით კი არ მიდიან, არამედ მიდიან ამგვარი ინსტრუმენტების ამოქმედების გზით მედიასთან მიმართებაში. ვერ დაასახელებთ ვერცერთ პრაქტიკულ მაგალითს, რომელმაც მოახერხა სესხის აღება, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელსაც გარანტირებული 52 მილიონი აქვს ბიუჯეტიდან და ამ შემთხვევაში რისკი არ არსებობს. ანუ ამის სისტემური განხილვა და ანალიზი გვჭირდება.

აქეთკენ მიგყავთ საუბარი, რომ ამ პროცესში სახელმწიფოს აქვს როლი და მან უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები?

სახელმწიფოს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. სახელმწიფომ უნდა გადახედოს თავის პოლიტიკას. თუ სახელმწიფოს ჰგონია, რომ დასუსტებული მედია მისთვის ხელსაყრელია, ეს იმ ტოტის მოჭრაა, რომელსაც იყენებ. ამიტომ ძლიერი მედიაორგანიზაციები სახელმწიფოს ინტერესებში უნდა შედიოდეს. დამოუკიდებელი შინაარსი დამოუკიდებელი დაფინანსების გარეშე ვერ იქმნება!

დღევანდელ ვითარებაში რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ის, რომ მედია სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული გახდება და მის დამოუკიდებლობას შეუწყობს ხელს? უხეშად რომ ვთქვათ ხელისუფლებები მედიას მტრად აღიქვამენ. რამდენად რეალურია აღნიშნული მოლოდინი ამ ვითარებაში?

ჩვენ ვცდილობთ, რომ ანალიზი მივაწოდოთ და თვითონაც გონება არ აკლიათ იმისთვის რომ გაანალიზონ რა მდგომარეობაშია ინფორმაციის შექმნა ამ ქვეყანაში, მიხვდებიან რომ პირველადი ამოცანა არა მედიისთვის, არამედ მათთვის უნდა იყოს ეს. ვიმეორებ, ვსაუბრობთ საინფორმაციო უსაფრთხოების პრობლემაზე. ბოლო მონაცემებით, მას შემდეგ რაც 2017 წელს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გამოაქვეყნა მონაცემები, აჩვენებს, რომ ქართულმა მაუწყებლებმა დაკარგეს აუდიტორიის 20% და 26%-ით გაიზარდა უცხოური მედიის მოხმარება ქვეყანაში. ეს უკვე ნიშნავს საინფორმაციო ველზე გაყოფილ საზოგადოებას და ჩვენი საინფორმაციო სივრციდან გასულ ჩვენივე მოქალაქეს. ეს ჩვენზე მოქმედებს ამ ჰიბრიდული ომის პირობებში. ბოლო წლებმა აჩვენა ეს, რომელიც 2000-იანი წლებიდან დაიწყო. ამიტომ სწრაფი ნაბიჯებია გადასადგმელი. ამ ქვეყანაში პოლიტიკა და მედიასისტემა შესაცვლელია!

რეფორმები ქალების გათხოვებაში და აღკვეთილი ტრადიციები - ინტერვიუ პანკისელ უხუცესთან

რეფორმები ქალების გათხოვებაში და აღკვეთილი ტრადიციები - ინტერვიუ პანკისელ უხუცესთან

02 აპრილი, 2018

28 წლიანი სტაჟის მქონე პედაგოგი, რომელსაც მინიჭებული აქვს მეთოდისტ-მასწავლებლის წოდება, 5 წიგნის ავტორიცაა. ხასო ხანგოშვილი გვიმხელს, რომ თავისი შემოქმედების საბოლოო ნიმუში მეხუთე წიგნი იყო, რომელიც თავისი ახალგაზრდობის მოგონებებზე დაწერა...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085