აფბა ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს: მიბაძეთ კახა კალაძეს!

აფბა ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს: მიბაძეთ კახა კალაძეს!

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა"-მ ინფრასტრუქტურის მინისტრს მიმართა და ტენდერების ჩატარების წესში დაუყონებლივი ცვლილებები მოითხოვა. კონკრეტულად რა ტიპის ცვლილებებზეა საუბარი და რა დარღვევები გამოიკვეთა ორგანიზაციის მიერ დაწყებული კვლევის პირველ ეტაპზე, ამ საკითხებთან დაკავშირებით აფბას ვიცე-პრეზიდენტი გიორგი კაპანაძე გვესაუბრა.

- თქვენმა ორგანიზაციამ განცხადება გაავრცელა, სადაც ინფრასტრუქტურისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ზურაბ ალავიძეს მიმართეთ და მოითხოვეთ, რომ დაუყონებლივ შეცვლილიყო ტენდერების ჩატარების წესები, რითი იყო თქვენი ეს განცხადება განპირობებული?

- როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ დავიწყეთ კვლევა, რომლის მიზანიც ავტომაგისტრალების მშენებლობისას შესაძლო დარღვევების გამოვლენა და გამოცხადებული ტენდერებისა და მათი პირობების ჯეროვნად შესრულების საზოგადოებრივი მონიტორინგია. კვლევის პირველივე ეტაპზე გამოიკვეთა სერიოზული დარღვევები და ხარვეზები, რომელთა სრულად შესასწავლად სამართალდამცავი ორგანოების ჩართვაც კი შეიძლება გახდეს საჭირო. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ სამინისტროს და მთლიანად ხელისუფლების მხრიდან სასწრაფოდ უნდა გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომ თაღლითური სქემები, რომელიც გამოყენებულია საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დროს, მაქსიმალურად მოკლე ვადებში აღმოიფხვრას.

უმნიშვნელოვანესია, რომ ტენდერების ჩატარების არსებული მახინჯი პრაქტიკა სასწრაფოდ შეიცვალოს. უნდა გაკონტროლდეს ტენდერის პირობებისა და შემდგომ გამარჯვებულთან დადებული ხელშეკრულებების თანადობა. ხშირ შემთხვევაში, ტენდერის პირობების ძირითადი შემადგენელი ნაწილები არ ხვდება ხელშეკრულებაში, რაც სამუშაოების ხარისხთან დაკავშირებით წარმოქმნის პრობლემებს და კორუფციული გარიგებების სათავეა.

ყველა ცვლილება ტენდერის პირობებიდან, იქნება ეს პროექტის სრული თუ ნაწილობრივი ცვლილება თუ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშიდან გადახრა, უნდა გახდეს საჯარო. რათა არ მივიღოთ ისეთი მძიმე შედეგები, როგორიც თუნდაც სამტრედია-გრიგოლეთის შემოვლითი გზის შემთხვევაშია, როდესაც ყოველგვარი ექსპერტიზის გარეშე შევიდა ცვლილებები პირვანდელ პროექტში და ახლა მშენებარე გზა ფაქტობრივად ჭაობში იძირება.

გარდა ამისა, მსხვილი საგზაო და ინფრასტრუქტურული სამუშაოების პროექტების ცვლილება უნდა დამტკიცდეს მთავრობის მიერ, ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური სამინისტროს წარდგინებით შესაბამისი ექსპერტული დასკვნების საფუძველზე. პროექტების მიმდინარეობა უნდა გახდეს გამჭვირვალე ფინანსური ტრანზაქციების კუთხითაც და ნებისმიერი ახალი ტრანზაქცია უნდა იყოს დადასტურებული წინა ფინანსური ოპერაციების თანმდევი სამუშაოების მიღება-ჩაბარებების აქტების მედიაში გამოქვეყნებით.

- თითოეულ პროექტს, ამავდროულად ჰყავს კონკრეტული ზედამხედველი საერთაშორისო თუ ადგილობრივი კომპანია, არიან თუ არა ისინი დამნაშავენი მიმდინარე პროცესებში და ხომ არ არის საჭირო ამ მიმართულებითაც პოლიტიკის გამკაცრება?

- უამრავი ხარვეზი გვხვდება ზედამხედველი კომპანიების საქმიანობაშიც, სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ გაამკაცროს ზედამხედველ კომპანიებთან ურთიერთობის კონტრაქტები და გაზარდოს მათი პასუხისმგებლობის არეალი და მოთხოვნები.

ვინაიდან ბიუჯეტიდან საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მილიონობით ლარი იხარჯება, აულებელია, რომ ზედამხედველი ორგანიზაციების ყოველთვიური ანგარიშები გამოქვეყნდეს მედიაში, რათა საზოგადოებას ზუსტი და უტყუარი ინფორმაცია ქონდეს პროექტების მიმდინარეობის თაობაზე.

გარდა ამისა, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უნდა გააძლიეროს გზებისა და ინფრასტრუქტურის მშენებელ და ზედამხედველ კომპანიებზე კონტროლი ხარისხის, ვადებისა და ტექნოლოგიების დაცვის კუთხით. სამინისტრომ დროულად უნდა გამოიყენოს კანონმდებლობით დაშვებული უფლებამოსილებები და მოახდინოს დაუყონებლივი რეაგირება ზედამხედველი კომპანიების მოწოდებულ ინფორმაციაზე და აღმოფხვრას ყველა დარღვევაზე.

- თბილისის მერმა, კახა კალაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მუნიციპალური ინფრასტრუქტურული პროექტების სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილებები შედის და ხარისხის კონტროლი სავალდებულო იქნება არა მხოლოდ განხორციელების, არამედ დაპროექტების და სამუშაოების ჩაბარების ეტაპზეც. როგორ შეაფასებდით თბილისის მერის ამ გადაწყვეტილებას?

- კახა კალაძის გადაწყვეტილება მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. როგორც ჩანს, მერიაში მიხვდნენ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები სერიოზული დარღვევებით ხორციელდებოდა და გადადგეს ის მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რაც სიტუაციის გამოსწორებას შეუწყობს ხელს. უბრალოდ გასაკვირია, თუკი მერიაში კარგად ხედავენ პრობლემებს ამ მიმართულებით, რატომ დუმს ინფრასტრუქტურის სამინისტრო და საგზაო დეპარტამენტი. რატომ არ ზრუნავენ ისინი სიტუაციის გამოსწორებაზე.

მინდა მივმართო ინფრასტრუქტურის მინისტრს, ზურაბ ალავიძეს - ბატონო ზურაბ, უბრალოდ მიბაძეთ თბილისის მერს კახა კალაძეს!

- თქვენ ახსენეთ საგზაო დეპარტამენტი... თქვენი კვლევით, რამდენად იკვეთება საგზაო დეპარტამენტის საქმიანობაში სერიოზული ხარვეზები?

-პირდაპირ მინდა ვთქვა, საგზაო დეპარტამენტი დღეს ერთ-ერთი ყველაზე დახურული სტრუქტურაა, რომლის საქმიანობის შესახებ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მათ საზოგადოებისგან განსხვავებული მიზნები ამოძრავებთ. საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მართლზომიერად განხორციელება პირველ რიგში სწორედ საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა. თუმცა, ისინი ცდილობენ, რომ ყოველგვარი პასუხისმგებლობა აირიდონ თავიდან და იგი ან ზედამხედველ ორგანიზაციებს, ან მათ წინამორბედებს გადააკისრონ. არადა, ჩვენი, საზოგადოების წინაშე პირველ რიგში პასუხისმგებელი სწორედ საგზაო დეპარტამენტია და პირველ რიგში მათ უნდა გასცენ პასუხი ყველა კითხვას, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა მილიონობით ლარს იხდის მსხვილი საგზაო-ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობაში, მაგრამ იღებს უხარისხო ინფრასტრუქტურას და გზებს.

"თბილისის პარკინგმა" დღეიდან "სიტი პარკი" ჩაანაცვლა

10 აპრილი, 2018

თბილისის მერმა კახა კალაძემ ცაბაძის ქუჩაზე „თბილისის პარკინგის“ ახალი ცენტრალურ ოფისი სატრანსპორტო კომპანიის დირექტორთან, მამუკა კობახიძესთან ერთად დაათვალიერა. კახა კალაძის განცხადებით, დღეიდან დედაქალაქის პარკირების სისტემის...

USD 2.4787
EUR 3.0243
GBP 3.4568
TRY 0.6085