რატომ განაგებს უფლებამოსილება შეჩერებული ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის განვითარების ფონდს?!

რატომ განაგებს უფლებამოსილება შეჩერებული ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის განვითარების ფონდს?!

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 2016 წლის თებერვალში ქონების ეროვნულმა სააგენტომ დააფუძნა. 

სააგენტოს დირექტორის, ეკატერინე სისაურის ბრძანების საფუძველზე, ფეხბურთის განვითარების ფონდის თავმჯდომარედ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მაშინდელი მინისტრი, ტარიელ ხეჩიკაშვილი დაინიშნა, მის მოადგილედ, აკაკი ლოდია, რომელიც ასევე მინისტრის მოადგილე იყო სამინისტროში. გამგეობის წევრებად ლევან კობიაშვილი (სფფ), ილია დარჩიაშვილი (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე) გიორგი კაკაურიძე (საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, გამგეობის წევრი), გიორგი ამაშუკელი ( საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი).

ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობას კი უფლება აქვს დირექტორის პოსტზე დანიშნოს ადამიანი, საკუთარი შეხედულებით. ეს პოზიცია ზაზა დოლიძემ დაიკავა. ის გამგეობის წევრი არაა და შესაბამისად, არც ხმის უფლებით სარგებლობს. 

ყველასთვის ცნობილია, რომ სამთავრობო რესტრუქტურიზაციის შედეგად, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო კულტურისა და განათლების სამინისტროებს შეუერთდა, მინისტრი ხეჩიკაშვილი პოსტის გარეშე დარჩა. 

მინისტრობამდე, ტარიელ ხეჩიკაშვილი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ პრეზიდენტი და ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. მისი მეუღლე 35%-იან წილს ფლობდა კლუბის აქციების, კომპანია „სპორტ ინვესტი“ კი - ასევე 35%. აღნიშნული კომპანია ახლა ტარიელ ხეჩიკაშვილის საკუთრებაა, უფრო სწორედ, ოფიციალურად, მისი მეუღლის, ეკატერინე ინასარიძის. აღნიშნული შპს-ც საბურთალოს 35%-იან წილს ფლობს.

მას შემდეგ, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილი მინისტრის პორტფელის გარეშე დარჩა, საფეხბურთო შეხვედრებსა და განხილვებში ფეხბურთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის სტატუსით ჩნდება. როგორც ეკატერინე სისაურის ბრძანებიდან ჩანს, ხეჩიკაშვილმა ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის სტატუსი მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ის იყო მინისტრი. გადაყენებული ხეჩიკაშვილი კი კვლავ იმ სტრუქტურაში რჩება, რომლის საქმიანობასა და უფლებამოსილებას, ფეხბურთის განვითარების ფონდის წესდებით, ახლა  სპორტისა და კულტურის სამინისტრო ახორციელებს.

გამგეობის წევრებად რჩებიან დღემდე საჯარო რეესტრის მიხედვით (2017 წლის 27 ივნისი განახლების ვადა), სამინისტროდან გაშვებული აკაკი ლოდიაც და გიორგი ამაშუკელიც. სამივე მათგანს, (ხეჩიკაშვილის ჩათვლით) დღეს არანაირი შემხებლობა არ აქვთ იმ სამინისტროებთან, საიდანაც ისინი ფონდის გამგეობაში წარადგინეს.

შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით არაფერი იყოს, მაგრამ ფეხბურთის განვითარების წესდების მიხედვით, ფონდის გამგეობის თავმჯდომარეს, წევრებთან შეთანხმებით, შეუძლია მოახდინოს ფონდის ლიკვიდაცია, განკარგოს თანხები, მიიღოს პროექტები ან შეცვალოს. ამ შემთხვევაში, ტარიელ ხეჩიკაშვილს მოქმედი წევრის სახით მხოლოდ ლევან კობიაშვილი ჰყავს. წესდების თანახმად, ფონდის დირექტორი გადაწყვეტილების მიმღები პირი არ არის. ის ახორციელებს იმ საქმიანობას, რომელსაც გამგეობა უსაზღვრავს და უწესებს.
ფონდის წესდების თანახმად: 

> გამგეობის თავმჯდომარეს ასევე აქვს უფლება დაამტკიცოს ახალი პროგრამები
> შეცვალოს და მოხსნას პოსტიდან ფონდის თავმჯდომარე
> მოახდინოს ფონდის ლიკვიდაცია
> განკარგოს თანხები საკუთარი სურვილის მიხედვით

1 .არის თუ არა ეს ინტერესთა კონფლიქტი? - არის, რადგან კერძო კლუბის მფლობელი, ამ შემთხვევაში ტარიელ ხეჩიკაშვილი, წარმოადგენს გამგეობას თავმჯდომარის სტატუსით.

2. სამინისტროს აქვს მინიჭებული დამფუძნებლის ფუნქცია, თუმცა გამგეობის არც ერთი წევრი სამინისტროდან არ არის, ანუ გამგეობა, რომელიც დღეს არის წარმოდგენილი მიიღებს იმ გადაწყვეტილებას (სავარაუდოდ) რომელიც მისაღებია ტარიელ ხეჩიკაშვილისთვის. თუკი ხმები იქნება თანაბარი, ფონდის გამგეობის თავმჯდომარის ხმა იქნება უპირატესი. თუმცა, აქაც, გამგეობას მხოლოდ ორი ადამიანი ჰყავს ამჟამად, სპორტისა და კულტურის სამინისტრო, ფაქტია, რომ ამ საკითხით არ დაინტერესებულა და არც გამგეობის წევრების ჩანაცვლება მომხდარა.

3. რა ბერკეტით მოხდება ხეჩიკაშვილის მიკერძოებული გადაწყვეტილებების შეჩერება? ფონდის ბიუჯეტი სახელმწიფოდან ივსება.

4. სად არის სპორტის სამინისტრო, რატომ დაიბანა ხელები და თუკი წესდებაში განსაზღვრული არ არის კონკრეტულად, თუ ვინ უნდა იყოს ფონდის გამგეობის თავმჯდომარე (თუმცა, ეს განსაზღვრული აქვს ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს დირექტორს საკუთარ ბრძანებაში), რატომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და არა სხვა ვინმე?

გამგეობას აქვს დამფუძნებლისგან მინიჭებული დიდი უფლება, როგორც აღვნიშნეთ ზემოთ, ლიკვიდაციისაც და ამ უფლებების განუსაზღვრელ არეალში, მისი შემაჩერებელი ვერც სპორტისა და კულტურის სამინისტრო იქნება, რადგან მას გამგეობაში ერთი კაციც კი არ ჰყავს და საერთოდ, სახელმწიფოს/მთავრობას აღნიშნულ ფონდში წარმომადგენელი არ ჰყავს, რომელიც ტარიელ ხეჩიკაშვილის გამაკონტროლებელი იქნება. 

კითხვა, რატომ აქვს და ვინ მისცა ტარიელ ხეჩიკაშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის განკარგვის უფლება და რატომ არ დაინტერესებულა აქამდე სპორტისა და კულტურის მინისტრი, ანდაც, მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი, მარადიულად რჩება. ფეხბურთის განვითარების ფონდს კი წლიურად 37 მილიონი აქვს დასახარჯი, ეს თანხა კი, არსებული გარემოებებით, ტარიელ ხეჩიკაშვილის განსაკარგია.

ფეხბურთის განვითარების ფონდი ტარიელ ხეჩიკაშვილის მემკვიდრეობაა?

„აიპრესის“ ინფორმაციით, უახლოეს ხანებში ტარიელ ხეჩიკაშვილი ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტის პოსტს ჩაიბარებს. ეს ნიშნავს იმას, რომ მას თავად შეუძლია გადააყენოს დოლიძე და საკუთარი თავი წარადგინოს და დანიშნოს ფონდის დირექტორის პოზიციაზე.

ფეხბურთის განვითარების ფონდის საქმიანობასა და უფლებამოსილებას ახორციელებს სპორტის სამინისტრო წესდებით.( ახლა სპორტისა და კულტურის სამინისტრო). ფონდის გამგეობის თავმჯდომარის პოსტზე, დღემდე რჩება ტარიელ ხეჩიკაშვილი, ყოფილი მინისტრი და სპორტის სამინისტროს და არც მთავრობის სხვა წარმომადგენელი გამგეობის წევრი არ არის. რატომ რჩება დღემდე ტარიელ ხეჩიკაშვილი ფონდის გამგეობის თავმჯდომარედ?

როგორ ახორციელებს საკუთარ უფლებამოსილებას სპორტის სამინისტრო, რომელსაც ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობაში წევრიც კი არ ჰყავს ამჟამად?

ვინ არის ტარიელ ხეჩიკაშვილი ამ შემთხვევაში? რატომ ტარიელ ხეჩიკაშვილი და არა სხვა ვინმე?

რა შემაკავებელი მექანიზმი ექნება სპორტის სამინისტროს ტარიელ ხეჩიკაშვილის მხრიდან მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში?

კერძო კლუბის მეპატრონის მიერ, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების განკარგვა არის თუ არა ინტერესთა კონფლიქტი?

ფონდის გამგეობის წევრებიდან 4 დღეს თანამდებობას აღარ იკავებს, რის გამოც თავის დროზე გამგეობის წევრებად დანიშნა ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რატომ არ მოხდა შემადგენლობის განახლება?

როგორც „აიპრესს“ საქართველოს სპორტისა და კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მას შემდეგ, რაც ტარიელ ხეჩიკაშვილს მინისტრის უფლებამოსილება შეუწყდა, მას ავტომატურად შეუწყდა უფლებამოსილება ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობაშიც. სპორტისა და კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამის შემდეგ, ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია, რომ მიეღო, ეს არაკანონიერად შეიცვლებოდა. სამინისტროს ინფორმაციითვე, გამგეობის ახალი შემადგენლობა უახლოეს ხანებში დამტკიცდება.

რაც შეეხება ტარიელ ხეჩიკაშვილს, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროში ამტკიცებენ, ხეჩიკაშვილს უფლებამოსილება ფონდის გამგეობაში შეწყვეტილი აქვს, ფაქტია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გამართულ ღონისძიებებსა და კლუბებთან შეკრებებზე, ტარიელ ხეჩიკაშვილი სწორედ ფეხბურთის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარის სტატუსით ესწრება. სწორედ ამ სტატუსით, ტარიელ ხეჩიკაშვილმა, „ზამთრის თასის“ 2018 წლის გამარჯვებულებიც დააჯილდოვა.

„აიპრესი“ თავად ტარიელ ხეჩიკაშვილსაც დაუკავშირდა, მაგრამ მან „აიპრესს“ განუცხადა, რომ შეკითხვებით ვისაც მივმართეთ, მათ გაგვცენ პასუხიც.





 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517