საქართველო-ბელგიაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

საქართველო-ბელგიაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია

ხვალ, რაგბი ევროპის პირველ ტურში, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ქუთაისის "აია არენაზე" ბელგიის ნაკრებს დაუპირისპრიდება.

შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გუშინ უკვე გაიყიდა. ასე რომ, ბორჯღალოსნებს სტადიონზე სრული ანშლაგი ელით. 

"აია არენაზე" ბელგიასთან გასამართ მატჩში მოედანზე 11 ისეთი ბორჯღალოსანი გავა, რომელთაც 10-ზე ნაკლები სანაკრებო კეპი აქვთ. მათგან ორი დებიუტანტია - მიხეილ გაჩეჩილაძე და გურამ შენგელია მარქაფაში არიან და თამაშში მოგვიანებით ჩაერთვებიან.

მარქაფაში მყოფ კიდევ ოთხ მოთამაშეს ჯამში 11 კეპი უგროვდება - თორნიკე მატარაძე (5), გიორგი მელიქიძე (3), გიორგი ჭყოიძე (2) და ანზორ სიჭინავა (1):

სიჭინავას სანაკრებო დებიუტი 2016 წლის ნოიემბერში იაპონიასთან ჰქონდა და მას შემდეგ ბორჯღალოსნების კვართით აღარ უთამაშია; ჭყოიძეს დებიუტი შარშან, სწორედ ბელგიასთან ჰქონდა, მერე გერმანიასთან ითამაშა და ნაკრებს 1-წლიანი შესვენების შემდეგ უბრუნდება; ბრიუსელში მესამე კეპი მოიხვეჭა და მას შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშებს გიორგი მელიქიძე; ხოლო თორნიკე მატარაძე ბორჯღალოსნებში შარშან გამოჩნდა და ივნისის ტესტებზეც ითამაშა.

თამაშს გამოცდილი ბურჯები და კვაჭი იწყებს: ზურაბ ჟვანია, შალვა მამუკაშვილი და ლევან ჩილაჩავა. აღსანიშნავია, რომ ჟვანიამ სასტარტოში თამაში ბოლოს 2016 წლის ივნისში დაიწყო, მას შემდეგ ოთხჯერ შეცვლაზე შევიდა და ახლა კვლავ ძირითადში ბრუნდება.

ქუთაისში გუნდს გამოცდილი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე უკაპიტნებს, რომელსაც შედარებით ახალბედა ნოდარ ჭეიშვილი (7 კეპი) შეუწყვილდება. ჭეიშვილმა ნაკრების კვართი ბოლოს შარშან, ივნისში კანადის წინააღმდეგ მოირგო.

მესამე ხაზში გამოცდილ ლაშა ლომიძიესა და კოკი თხაილიშვილთან ერთად ოთარ გიორგაძე (7 კეპი) დადგება. ქუთაისის ‘აიას’ აღზრდილმა, ‘კლერმონის’ მორაგბემ ნოემბრის ტესტები ტრავმის გამო გამოტოვა.

ბორჯღალოსანთა მაისურით სასტარტო შემადგენლობაში თამაშს პირველად იწყებს გელა აფრასიძე, რომელიც აქამდე სამივეჯერ შეცვლაზე შევიდა. მგეზავი ასევე შედარებით გამოუცდელი რეზი ჯინჭველაშვილია.

ცენტრში დავით კაჭარავას კიდევ ერთი ახალგაზრდა გიორგი კვესელაძე შეუწყვილდება, რომელმაც ნაკრების კვართი ნოემბერის ტესტებზე ორჯერ მოირგო.

ფრთებზე ითამაშებენ გამოცდილი სანდრო თოდუა და გიორგი ფრუიძე, რომელიც ნაკრებში ერთწლიანი შესვენების შედეგ ბრუნდება. შარშანდელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ პირველად გამოჩნდა ბექა წიკლაური. სასტარტო შემადგენლობაში მან ბოლოს 2 წლის წინ, გერმანიის წინააღმდეგ ითამაშა.

ნაკრების თავკაცი, მილტონ ჰეიგი ბელგიასთან დამაჯერებელი გამარჯვების მოლოდინშია. 

"2013 წელს ბელგიასთან ბრიუსელში რთული თამაში გვქონდა. ახლა ვფიქრობთ, რომ ასე არ იქნება. ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებულები, შერკინებაში დიდი ბიჭები გვყავს და ამ უპირატესობას კარგად გამოვიყენებთ. ტრავმის გამო მერაბ შარიქაძეს ვასვენებთ, თუმცა ეს პრობლემას არ შეგვიქმნის. ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს გიორგი ნემსაძე, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს და ამ გამოცდილებას კარგად გამოიყენებს. რაც მე საქართველოს მწვრთნელი ვარ, პირველად ვითამაშებთ ქუთაისში, საიდანაც ნაკრებში ძალიან ბევრი მოთამაშე გვყავს. ვფიქრობ, გულშემატკივრისგან დიდი მხარდაჭერა გვექნება", - განაცხადა ჰეიგმა. 

ბორჯღალოსნებს პირველად უკაპიტნებს "ბრისტოლის" მეორეხაზელი, ქუთაისში დაბადებული გიორგი ნემსაძე, რომელიც ჩვენი ნაკრების 30-ე კაპიტანი გახდება.

"მნიშვნელოვანია, რომ სანაკრებო რაგბი რეგიონებში გავიტანოთ. ამჯერად ქუთაისში ვთამაშობთ, მომავალში ბათუმში და სხვა ქალაქებშიც უნდა ვითამაშოთ. ბელგია სულ ცდილობს, რომ ხელდახელ ითამაშოს. ვეცდებით მათ ჩვენი სტილი მოვახვიოთ და ტოლს არც გახსნილ თამაშში დავუდებთ. . ფავორიტები ვართ, თუმცა მაქსიმალური მობილიზებით ვემზადებით და ვეცდებით ის შედეგი დავაფიქსიროთ, რასაც ჩვენგან მაყურებელი ელის. ნაკრებს პირველად ვუკაპიტნებ. ეს დიდი პასუხისმგებლობაა, განსაკუთრებით ისეთი ავტორიტეტული მოთამაშეების შემდეგ, როგორებიც მამუკა გორგოძე და მერაბ შარიქაძე არიან. ბიჭებს ვთხოვე, რომ ყველანაირად დამეხმარონ და ყველანი ერთად ვიყოთ კაპიტნები" , - განაცხადა ნემსაძემ. 

საქართველოსა და ბელგიას შორის დაპირისპირება "აია არენაზე" 14:00 საათზე დაიწყება.


 

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით საქართველოში GMP სტანდარტი ინერგება

16 საათის წინ

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ქვეყანაში წარმოებული და იმპორტირებული მედიკამენტების  ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, იწყებს GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) და GDP (კარგი დისტრიბუციის პრაქტიკის) სტანდარტის...

USD2.4671
EUR3.0375
GBP3.4475
TRY0.6517